Menu
RSS

2012 წელს, იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს მოქალაქე, ქუთაისელი რევაზ ჭურაძე დაქირავებულმა მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს. მაშინ ითქვა, რომ ჭურაძე რიგითი მოქალაქე იყო, რომელიც იტალიაში სამუშაოდ გახლდათ წასული, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილის ერთი შვილი, თემურ ჭურაძე, იგივე „შოშია“ ,,კანონიერი ქურდია'', ხოლო მეორე შვილი, დავით ჭურაძე კრიმინალური ავტორიტეტი, ცხადი ხდება, რომ რევაზ ჭურაძე რიგითი მუშა არ იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ, იმავე ქალაქში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს გარდაცვლილი, რომელსაც ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი. ვარაუდობენ, რომ ესეც ქილერის ნამუშევარია, თუმცა კარაბინიერებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.
ზოგადად, ბარი ქართველების ქალაქად ითვლება. როგორც იტალიელი სამართალდამცავები ამბობენ, სწორედ ამ ქალაქიდან იმართება ის კრიმინალური ბანდები, რომლებიც შემდეგ იტალიის მასშტაბით ბინებს ტეხავენ. ქართული კრიმინალური სინდიკატის შექმნაში, ბარის პოლიციამ ,,კანონიერი ქურდი'', ჯემალ მიქელაძე (უმცროსი) დაადანაშაულა და მას დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაუსწრებლად იმიტომ, რომ მიქელაძე იმ დროისთვის სასჯელს რუსეთის ციხეში იხდიდა.
სასჯელის მოხდის პარალელურად, მიქელაძის იტალიელმა ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს და... თუმცა, მანამდე მიქელაძემ რუსული „სროკი“ მოიხადა, გათავისუფლდა და ციხის კართან ისევ დააკავეს _ მიზეზი იტალიელი სამართალდამცავების მოთხოვნა გახდა, რომლებიც ქართველ ,,კანონიერ ქურდს'' უკვე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, მიქელაძეს რუსეთის მოქალაქეობა ყალბი პასპორტის საფუძველზე ჰქონდა მიღებული, მას მოქალაქეობა ჩამოვართვით და ქვეყნიდან უნდა გაგვეძევებინა, თუმცა გავითვალისწინეთ იტალიელი სამართალდამცავების თხოვნა და მიქელაძეს ექსტრადირებას იტალიაში მოვახდენთ. მას სამუდამოდ აეკრძალა რუსეთის ფედერაციაში შესვლა“, _ ასეთია რუსი სამართალდამცავების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
პარალელურად, მიქელაძის ადვოკატებმა იმდენი მოახერხეს, რომ მისთვის მისჯილი 15 წელი, გასაჩივრების შემდეგ, 2 წელსა და 2 თვემდე ჩამოაყვანინეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიაში ქართველ ,,კანონიერ ქურდს'' დიდხანს არ მოუწევს ყოფნა, თუმცა... იტალიური ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას მორიგი დეპორტი ემუქრება. რუსეთი მიქელაძეს არ მიიღებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა კი უბრალოდ არ აქვს. რჩება ერთადერთი ვარიანტი _ ჯემოს ექსტრადირება საქართველოში უნდა მოხდეს, სადაც მას ,,კანონიერი ქურდობისთვის'' 7-წლიანი სასჯელი ელის. თუ ასე მოხდება, მიქელაძე სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოიხდის სასჯელს.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება საინტერესო კანონპროექტზე მუშაობს. სისხლის სამართლის კოდექსში, კანონიერი ქურდობისთვის არსებული 223-1 მუხლი კოდექსში დარჩება, მაგრამ დიდი ალბათობით, ცვლილება შევა ,,კანონიერი ქურდის'' სტატუსის განსაზღვრისას.
„ბოლო წლებში ბევრი პატიმარი უსამართლოდ იხდის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-1 მუხლის (ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა) საფუძველზე, რაც გამოწვეულია ნორმის ბუნდოვანებით, მუხლის არასწორი განმარტებით და მასზე დაყრდნობით სამართალწარმოებაში მავნე პრაქტიკის განვითარებით. წარმოებაში არსებული საქმეებიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ გარკვეულ შემთხვევებში, ქმედების კვალიფიკაციის სუბიექტები სისხლის სამართლის კოდექსის 223-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის საკმარისად მიიჩნევენ პირის აღიარებას, რომ იგი არის ქურდული სამყაროს წევრი ან „კანონიერი ქურდი“. ამის გამო არასაკმარისი მტკიცებულებებისა და საქმის ობიექტური გამოკვლევის გარეშე ადამიანებს ბრალად ერაცხებოდათ სსსკ-ს 223-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
ბოლო წლებში ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც საპატიმროებში მყოფ მსჯავრდებულთა სასჯელები უსამართლოდ მძიმდებოდა სსსკ-ს 223-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით. იყო ფაქტები, როცა ბრალდებულთა აღიარება მოპოვებული იყო იძულებით ან ძალადობით. სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათთვის არასასურველი პიროვნებების სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა ანგარიშსწორების საფუძველზე, სსკ-ს 223-1 მუხლის გამოყენებით.
იმისთვის, რომ ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად სწორად დაკვალიფიცირდეს, ქმედებისათვის კვალიფიკაციის მიმცემმა სუბიექტმა სათანადოდ უნდა მოახდინოს გაანალიზება იმ „სპეციალური წესებისა“ და „ქურდული სამყაროსი“, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, მოქმედებდნენ სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს ამ „სპეციალურ წესებსა“ და მის ნუსხას. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ქმედების სწორად კვალიფიცირებისთვის, იცნობენ თუ არა ნორმის დისპოზიციით გათვალისწინებულ „სპეციალურ წესებს“ საგამოძიებო ორგანოები ან სასამართლოები.
იმისთვის, რომ შეწყდეს სსკ-ს 2231 მუხლის ანგარიშსწორების საშუალებად გამოყენება, მიზანშეწონილია აღნიშნულმა მუხლმა შეიძინოს უფრო მეტი სიცხადე და განჭვრეტადობა. აუცილებელია ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისას საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ ყურადღება მიაქციონ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ქურდული სამყაროს მახასიათებელ შემდეგ ნიშნებს: პირთა გაერთიანებას, გაერთიანების მოქმედებას ქურდული სამყაროსათვის დამახასიათებელი სპეციალური წესების შესაბამისად და მათი ქმედების მიზანს მატერიალური სარგებლის და გამორჩენის მიღების სახით.
ქურდული სამყარო არის ორგანიზებული ჯგუფი თანაამსრულებლობის ფორმით. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს სსკ–ის 2231 მუხლის შესაბამისად, საკმარისი არ არის ის, რომ პირმა აღიაროს ქურდული სამყაროს წევრობა და წესები. ამისათვის თავად ქურდულმა სამყარომაც უნდა აღიაროს იგი წევრად. ასევე, პირმა აქტიურად უნდა იმოქმედოს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის საკმარისი არ არის პირის აღიარება, რომ იგი არის ქურდული სამყაროს წევრი ან კანონიერი ქურდი, მისი სტატუსი კონკრეტულ ქმედებებში უნდა იქნას გამოვლენილი“, _ ჩვენი ინფორმაციით, ამ ტიპის განცხადება საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია, რაც საფუძველი გახდა იმისა, რომ კანონმდებლებმა ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყეს.
ერთ-ერთი პრეცედენტი იმისა, რომ კანონიერი ქურდი ვერ თუ არ დაისაჯა, დავით გერლიანის საქმე იყო. მოსამართლე იძულებული გახდა ის გაეთავისუფლებინა მაშინ, როცა პრაქტიკულად მთელმა კრიმინალურმა სამყარომ იცის, რომ ის ქურდია. ამის პარალელურად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მრავლადაა პატიმრები, რომლებიც ქურდებთან სატელეფონო საუბრის გამო იხდიან 223-1 მუხლით სასჯელს.
სავარაუდოდ, ახალი კანონპროექტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდება.
პატიმარი #0578

back to top