Menu
RSS

ბოთლებისგან შეკოწიწებული ნაძვისხე და საახალწლო ფუსფუსი ზონაზე

უხარიათ თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ ახალ წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც ხვდებიან. პატიმრების ნაწილი ამ დღისთვის განსაკუთრებით ემზადება, ნაწილისთვის ჩვეულებრივი დღეა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ოჯახის წევრები სიდუხჭირის გამო სწორედ ახალ წელს აკითხავენ და ასეა თუ ისე, ზონაზე მაინც ერთგვარი ფუსფუსი მიდის. მერე იწყება გადაძახილები, კედლებზე ბრახუნი, მილოცვა, ,,სვაბოდის წელი ყოფილიყოს'' ძახილი და არის ერთი ამბავი.
რაღა თქმა უნდა, გისოსებსმიღმა სასმელი არ არის (თუ რომელიმე პატიმარი ბრაგას არ დაამზადებს და თან იმის იმედი ექნება, რომ არ დაიჭერენ ბრაგაზე და სასჯელს არ დაუმატებენ). სამაგიეროდ, გამაგრილებელი სასმელი და ჩაი იშოვება და პატიმრებიც ძირითადად ჩაით ილოცებიან...
,,სიმონ, ყოველდღე რომ არაკრაკებ ბორჯომს, ცარიელ ბოთლებს რას უშვრები ხოლმე?'' _ დეკემბრის დასაწყისში პატიმარ #0578-ს თავზე ქუთაისელი კოლეგა დაადგა.
,,ჯერ ერთი, არავის საქმე არ არის, მე რას ვარაკრაკებ და ცარიელ ბოთლებს რაც შეეხება, ზედმეტად ცნობისმოყვარეებს უკან ვთხრი ხოლმე'', _ შეუღრინა #0578-მა.
,,რაია სიმონ, ამ ქუთაისური აქცენტის გაგონებაზე ყალყზე რომ დგებით ხოლმე ეს თბილისლები? ქუთეისში რომ ჩამოდიხართ და ბიკენტიას საქაბაბეში ქეიფობთ, გიშლით ვინმე?'' _ არ გაჩერდა ქუთაისელი ციცოვიჩი.
,,არ ვარ ნამყოფი ბიკენტიას საქაბაბეში'', _ ისევ შეუღრინა #0578-მა.
,,არც ინერვიულო, საწებელის გულიზა დადის მანდ ხალხი, თორემ ქაბაბი დიდი არაფერი, ჩვეულებრივია, მაგრამ საწებელი აქვს რაცხანაირი, კოკა კოლას რეცეპტივით საიდუმლოა მაგის რეცეპტი'', _ გააგრძელა ქუთაისელმა.
,,რა გინდა?'' _ ნერვები მოეშალა #0578-ს.
,,შენი კარგად ყოფნა, რა უნდა მინდოდეს? ის ცარიელი ბოთლები რომ გექნება, არ გადაყარო, მომიგროვე აგერ საკნის კუთხეში და ამოვალ, წევიღებ ხოლმე'', _ საქმეზე გადავიდა ციცოვიჩი.
,,ჯერ ერთი, რად გინდა ცარიელი ბოთლები და მეორეც, მეორე სართულზე რომ ამოასკდი მეფის ტოლი კაცი, პირველ სართულზე არ არაკრაკებენ ბორჯომს თუ შიდსი აქვთ და არ ენდობი?! ისე, ხომ გაგიგია, კოცნით არ გადადის შიდსი და უვნებელი იქნება, ვინმეზე თუ ეჭვი გაქვს'', _ აჰყვა #0578.
,,ქვევითაც ვაგროვებ'', _ სრული სერიოზულობით უთხრა ციცოვიჩმა.
,,მერე, რომ შემოხვედი აქ და შორიდან მოუარე, პირდაპირ გეთქვა, ბოთლებს ვიბარებ, ბოთლებსო და ეგ იქნებოდა. ისე, პლასტმასის ბოთლებს სვაბოდაზე არ იბარებენ და შენ აქ რამ გაგამწარა?'' _ ხუმრობის ხასიათზე დადგა #0578.
,,რამ გამამწარა და ახალ წელს ლექსის თქმა რომ მოგინდება ნაძვის ხესთან და ნაძვისხეს ვერ იპოვი, ე, მაშინ მოხვალ ჩემთან და მეტყვი, ლექსი მათქმევინე შენს ნაძვის ხესთანო. ნაძვის ხე უნდა გავაკეთო, რა ვერ გეიგე?'' _ გაუკვირდა ქუთაისელს.
,,გავიგე და ძმურად, ისიც მითხარი, ამხელა კაცს ციცოვიჩს რატომ გეძახიან?'' _ გულწრფელად ჰკითხა #0578-მა.
,,ციცო ჰქვია დედაჩემს'', _ სრული სერიოზულობით უპასუხა ქუთაისელმა.
,,და მერე?'' _ გაოცდა #0578.
,,რაღა მერე? რომ დევიბადე, მეორე დღეს მოკვდა ავარიაში მამაჩემი და დედამ გამზარდა. ჰოდა, ციცოვიჩი ვარ, აბა, რა ვარ. შენ ბოთლები არ დეივიწყო, თორემ დარჩება ზონა ნაძვისხის გარეშე.''
მთელი თვე აგროვებდა ბოთლებს პატიმარი #0578 და მთელი თვე ეზიდებოდა თავის საკანში ციცოვიჩი. რაც დრო გადიოდა, ქუთაისელ პატიმარს თითები სულ უფრო უსისხლიანდებოდა. იმდენ ადგილზე ჰქონდა დასერილი, რომ შეხედვის შეგეშინდებოდა.
,,ამათ მიეცათ ჩემი ცოდვა, მოეტანათ ერთი მაკრატელი ცოტა ხნით, ხომ აღარ ვიწვალებდი ბრიტვით?! შენ რა გენაღვლება, ჩაარაკრაკებ ამ ბოთლს და მერე მე ვამუშავებ მთელი საღამო'', _ აწუწუნდა ერთ დღეს ქუთაისელი.
,,როდის მითხარი მომეხმარეო?'' _ გაუკვირდა #0578-ს.
,,აუფ, გითხარი, თორემ სიჩქარეში კიბეებზე არ დაგორებულიყავი რა... ვიცი მე თქვენი ამბები, სირისტიანები ხართ ეს თბილისელები'', _ გააგრძელა ქუთაისელმა.
,,წამოდი, მანახე, რას აკეთებ'', _ დაინტერესდა #0578, მაგრამ ციცოვიჩმა კატეგორიული უარი თქვა, შენ კი არა, თანასაკნელებს არ ვანახებ, ეფექტი რომ არ დაეკარგოსო და ცარიელი ბოთლები გააყოლა ხელს.
31 დეკემბრის დილით, ქუთაისელის საკანში ტევა არ იყო. მის მიერ აწყობილ ნაძვისხეს მთელი ზონა ნახულობდა და ყველა კმაყოფილი აქნევდა თავს. მხოლოდ #0578 არ ჩანდა არსად.
,,საით არის ის კაცი ხომ არ იცით? გაბრაზდა მგონი, ადრე რომ არ ვანახე'', _ თქვა ციცოვიჩმა და #0578-ის საკნისკენ დაიძრა.
პატიმარი #0578 ნარზე იყო წამოწოლილი და კითხულობდა.
,,რაია სიმონ, რეიზა არ კადრულობ ჩემს ნაძვისხეს?'' _ ჰკითხა შესვლისთანავე.
,,ვიყავი ჩამოსული ციცოვიჩ, მაგრამ იმდენი ხალხი იყო, აღარ შემოვედი. ხომ იცი, შედევრს სივრცე სჭირდება და რომ შეცოტავდება, მერე ჩამოვალ, შორიდან შევხედავ'', _ გაუღიმა #0578-მა.
,,იცინე შენ და მართლა შედევრია'', _ გაგულისებულმა თქვა ციცოვიჩმა და კამერიდან გავიდა.
ნაძვისხე მართლაც საინტერესო სანახავი იყო. ციცოვიჩს ბოთლებზე ძირი ჰქონდა მოჭრილი, მერე ეს ბოთლები სიგრძეზე ჰქონდა დასერილი და გადაშლილი ექვს ნაწილად. ის ნაწილები ბრიტვით ისე ჰქონდა კუბიკებად ამოჭრილი, წიწვების შთაბეჭდილებას ტოვებდა. ფიფქებად და თოვლად სარეცხი ღრუბელის ყვითელი ნაწილები ჰქონდა გამოყენებული, სათამაშოებად ჭრელ ქაღალდებში შეხვეული ასანთის კოლოფები ეკიდა და არათუ ზონისთვის, ზოგადად, მშვენიერი ნაძვისხე იყო.
,,ყოჩაღ ციცოვიჩ... გააკეთე ერთი ათი ცალი, რომ გახვალ, გაიტანე, ჩააბარებ ვინმეს და საწყისი კაპიტალი კი გექნება'', _ უთხრა #0578-მა, მაგრამ ქუთაისელი არ გაბრაზებულა, შეატყო, #0578-ს მისი ნახელავი ძალიან მოეწონა.
* * *
,,საით ხარ, რას აკეთებ? კაია ხომ სუფთა ჰაერი?'' _ თავისუფლებაზე მყოფ #0578-ს ციხიდან ორი დღის გამოსული ციცოვიჩი ურეკავდა.
,,ვცოცხლობ ძმაო, გილოცავ სვაბოდას, შენ როგორ ხარ?'' _ მოიკითხა #0578-მა.
,,არა მიშავს. ახლა ვიყავი ბიკენტიეს საქაბაბეში, ვისადილე და... საწებელი გამოვატანე თბილისის მარშუტკას და დახვდი დიდუბეში. მძღოლი ახლობელია, ფულის მიცემა არ უნდა, ჯიგრულად მოაქვს'', _ აყვირდა ციცოვიჩი.
,,რაა?'' _ დაიბნა #0578.
,,ჩემს სანახავად და ქაბაბის საჭმელად აქ ჩამომსვლელი არ ხარ, პარლამენტში შენ არ აგირჩევენ და საწებელა კი უნდა გასინჯო. ჰოდა, დახვდი მარშუტკას და თუ მოგეწონება, გამოგიგზავნი ხოლმე კიდევ... საახალწლოდ გამოგიგზავნი'', _ იცინოდა ტელეფონში ციცოვიჩი.
პატიმარი #0578

back to top