Menu

ტარიელ კაკაბაძე: „ასლან ბეჟანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ქართული მართლმსაჯულების კრახი იქნება“

დავით ოთხმეზურის მკვლელობის სკანდალური დეტალები და ნასამართლევი ,,ოქროს მოწმეები''
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გახსნილია თბილისში, 2004 წლის 27 ოქტომბერს მომხდარი, დავით ოთხმეზურის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაკავებულია განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ასლან ბეჟანიძე. ამ ფაქტზე გამოძიება 2004 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავებმა დანაშაული ცხელ კვალზე ვერ გახსნეს. გამოძიება გააქტიურდა 2015 წლის მარტში და პროკურატურის მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებების სრულად აღდგენა გახდა შესაძლებელი.
სინამდვილეში, როგორც ირკვევა, გამოძიება, 12 წლის წინანდელი მკვლელობის აღდგენის პროცესში, მხოლოდ სამი ,,ოქროს მოწმის'' ჩვენებას დაეყრდნო, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში რატომღაც დუმდნენ. ზოგადად, ამ საქმეში ბევრი ,,რატომღაც'' იკვეთება და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაც რჩება, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით. მანამდე კი იმაზე მოგახსენებთ, რომ ბრალდების მხარის სამივე მოწმე, მრავალჯერაა ნასამართლევი, მათ შორის, მკვლელობაზეც. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ასლან ბეჟანიძის ბრალეულობას დაადასტურებს, საქმეში არ არსებობს. ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის მტკიცებით, არც დანაშაულის მოტივია დადგენილი. ამ ფონზე, მოსალოდნელია, პროკურატურის მიერ გამოძიებულად მიჩნეული საქმე სასამართლომ გახსნილად სულაც არ გამოაცხადოს და ასლან ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ არ სცნოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი აქვს ტარიელ კაკაბაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ უდანაშაულო ბეჟანიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება, ქართული მართლმსაჯულების კრახი იქნება.
საზარელი მკვლელობა და 2015 წლამდე თაროზე შემოდებული საქმე
2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან, პეკინის #24-ში არსებული სლოტკლუბ ,,გოლიათის'' მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა დავით ოთხმეზური სასიკვდილოდ დაჭრეს. დამნაშავემ მას სამი ჭრილობა მიაყენა, ერთ-ერთი გულმკერდის არეში. მეორე დღეს დაკითხული მოწმეები მომხდარს იხსენებენ. ახლოსმდებარე მაღაზია ,,კიკოსა'' და საცხობის თანამშრომელი ქალბატონები ყვებიან, რომ დავით ოთხმეზურმა, მისთვის უცნობ პირს, ტელეფონზე დარეკვა სთხოვა. ზარის განხორციელების შემდეგ, მან ისევ სცადა დარეკვა. ტელეფონის პატრონს ეგონა, რომ ოთხმეზური მისთვის მობილურის დაბრუნებას არ აპირებდა, რის გამოც, მათ შორის შელაპარაკება მოხდა. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა. მობილურის პატრონმა, დანა დაარტყა ოთხმეზურს, რომელიც ადგილზე ჩაიკეცა. ამის შემდეგ დამნაშავემ კიდევ ორი ჭრილობა მიაყენა ოთხმეზურს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცა. მოწმეების თქმით, დაჭრილმა ოთხმეზურმა წვალებით, მაგრამ დამოუკიდებლად გადაჭრა ქუჩა, შემდეგ მას, გვერდით ამოუდგა ორი ბიჭი, რომლებიც სავარაუდოდ უბნელები იყვნენ, გააჩერეს მანქანა და საავადმყოფოში წაიყვანეს. საინტერესოა ის, რომ დაკითხულებიდან, ზოგი ამბობს, რომ ოთხმეზური და მკვლელი სლოტკლუბიდან ერთად გამოვიდნენ და ისინი, სავარაუდოდ, ,,გოლიათს'' ხშირად სტუმრობდნენ, ზოგი კი მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ.
მანქანის მძღოლი, რომელმაც ოთხმეზური ჩაისვა, ამბობს, რომ მოძრაობდა ძალიან ნელა, რადგან იყო საცობები, როდესაც ქალმა მანქანა გააჩერებინა. დაჭრილი ბიჭი ჩაუსვეს უკანა სავარძელზე, ერთი ბიჭი კი წინ ჩაჯდა: ,,რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაზე ახლოს იყო, ამიტომ იქ წავიყვანე. გზაში, რამდენჯერმე მითხრა, ძალიან ცუდად, ვარ სწრაფად იარე იქნებ გადამარჩინოთო. სხვა არავინ დამინახავს საეჭვო. არც ის მოუყოლიათ, რა მოხდა''.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაჭრილი დავით ოთხმეზური 19:10 სააათზე შეიყვანეს. ამ დროს მან უკვე გონება დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო მომსახურება, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ბიჭის მოკვლის ამბავი, იმ საღამოსვე გახმაურდა. იმ საღამოსვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლული, მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი იყო. დავითს ყველა დადებითად ახასიათებდა. ამბობდნენ, რომ მორწმუნე, დინჯ, ჭკვიან ახალგაზრდას, მტრები არ ჰყოლია. მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე, გამოძიებამ ერთადერთ ვერსიაზე დაიწყო მუშაობა _ ოთხმეზური, ტელეფონის გამო შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს.
პროკურატურის ერთადერთი ვერსია და ,,მკვლელად'' შერაცხული გონებრივად ჩამორჩენილი ატატო
ვინ არის მკვლელი? ეს კითხვა, გამოძიების პროცესში, საწყის ეტაპზე, ყველა იმ ადამიანს დაუსვეს, ვინც იმ პერიოდში ადგილზე იმყოფებოდა და შეიძლებოდა დამნაშავე დაენახა. მოწმეები აღწერენ მას, რომ იყო სუსტი აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, ეცვა ნაჭრის ქურთუკი, ეხურა კეპი. მაგრამ ყველა ამბობს, რომ ეს ახალგაზრდა, მანამდე არ უნახავთ. ამბობენ იმასაც, რომ დარჩათ შთაბეჭდილება, ოთხმეზური და მკვლელი ერთმანეთს არ იცნობდნენ.
2004 წელსვე, ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის კაპიტანი ელოშვილი, გამომძიებლებს ოფიციალურად წერს წერილს, სადაც მიუთითებს, რომ ,,2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი მოქალაქე დავით გიორგის ძე ოთხმეზურის მკვლელობა, შესაძლოა ჩაედინა 1986 წელს დაბადებულ, ქობულეთში მცხოვრებ მოქალაქე ასლან სოლომონის ძე ბეჟანიძეს, ზედმეტსახელად ,,ატატოს''.
პროკურატურის მტკიცებით, ასლან ბეჟანიძემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისუფლების აღკვეთა 7-დან 15 წლამდე ემუქრება. ასლან ბეჟანიძე, ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით, რომელიც თურმე სამართალდამცავებს, წლების განმავლობაში ემალებოდა, 2016 წლის 25 მარტს, ჟვანიას ქუჩაზე, თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში (!) დააკავეს.
1986 წელს დაბადებული ალსან ბეჟანიძე, ქობულეთელია. წლების განმავლობაში იმავე უბანში ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. მას ოთხმეზურიცა და მისი მეგობრებიც კარგად იცნობდნენ (?!).
ექსპერტების მტკიცებით, მათ შორის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, ,,ასლან ბეჟანიძეს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა (კოდი, F70,0.), რასაც მოწმობს ანამნეზური მონაცემები: ადრეული ასაკის ფსიქო-ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება, სასკოლო მასალის ათვისების გაძნებელა, სოციალური ადაპტაციის ერთგვარი გაძნელება, ამავეს მიუთითებს საექსპერტო გამოკვლევისას გამოვლენილი ღარიბი, ერთფეროვანი, შენელებული ტემპის ასოციაციები, კონკრეტული ტიპის აზროვნება, სააზროვნო პროცესის შენელება, ინერტულობა, ნაკლებპროდუქტიულობა, ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება, ცოდნის ღარიბი მარაგი. ასლან ბეჟანიძის ფსიქიკურ აშლილობას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა''.
იმას, რომ ატატო გონებრივად ჩამორჩენილია, ადასტურებენ მოწმეებიც. მაგალითად, მისი დედის, თამარ მუქერიას მეგობრები, რომლებიც ამბობენ, რომ ატატო, თავის ასაკის შესაბამისად განვითარებული არ არის, უჭირს თანატოლებთან კონტაქტი, არის გონებაშეზღუდული, დაზიანებული აქვს ცენტრალური ნერვული სისტემა. სკოლის მასწავლებელი ამბობს, რომ მას პროგრამის ათვისება უჭირდა და მე-8 კლასის მერე სკოლიდან გავიდა, რადგან ინკლუზიური სწავლება ეკუთვნოდა, რაც მაშინ არ არსებობდა. მოწმის სახით დაკითხული ერთ-ერთი პედაგოგი კი, რომელსაც თამარ მუქერიამ სთხოვა, ატატოსთვის წერა-კითხვა ესწავლებინა, ადასტურებს, რომ ასლან ბეჟანიძესთან 6 თვე დადიოდა, მაგრამ რადგან მან წერა-კითხვის ათვისება ვერ შეძლო, გაკვეთილების ჩატარება შეწყვიტა.
2016 წელის 30 მაისს დათარიღებულ დასკვნაში, ექსპერტი ფსიქოლოგი წერს, რომ ბრალად შერაცხული ასლან ბეჟანიძის ინტელეაქტუალური განვითარების დონე არ შეესაბამება მის ასაკს. მას აღენიშნება თანდაყოლილი ინტელექტუალური განვითარების შეზღუდვა, რაც კვალიფიცირდება, როგორც მსუბუქი გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობა. სპეციალისტების განმარტებით, მსუბუქ გონებრივ ჩამორჩენილობას შეესაბამება 50-69 დიაპაზონის IQ კოეფიციენტი, რაც მოზრდილებისთვის შეესაბამება 9-12 წლამდე გონებრივ ასაკს.
მოკლედ, გამოძიებას, ოთხმეზურის მკვლელობაზე, ერთადერთი ვერსია აქვს _ მკვლელობა ჩაიდინა ასლან ბეჟანიძემ, რომელსაც 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარება აქვს. მან შეძლო, 3, მათ შორის სასიკვდილო ჭრილობა მიეყენებინა ოთხმეზურისთვის, შემდეგ მიმალულიყო ადგილიდან და თანაც, გამოძიებას 12 წელი დამალვოდა.
სინამდვილეში, ატატოს 12 წელი არც არავინ ეძებდა. ეს საქმე, 2015 წლამდე თაროზე ისე იყო შემოდებული, როგორც სხვა ბევრი. გასულ წელს კი, მთავარი მოწმეები, შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე ალაპარაკდნენ და ხელი ასლან ბეჟანიძისკენ გაიშვირეს, მკვლელი ისაა, დავინახეთ კიდეც, ამაზე ოთხმეზურის პანაშვიდებზეც ლაპარაკობდნენ, უბრალოდ, აქამდე ვდუმდითო.
პანაშვიდებზეც რომ ითქვა, მკვლელი ქობულეთელი ბეჟანიძეაო, ოთხმეზურის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ. თუმცა, ვერ იხსენებენ, ეს ინფორმაცია, პირველად ვისგან გაიგეს. ისიც კი თქვეს, ვიღაცამ დაგვირეკა და გვითხრაო. ეს ამ საქმის კიდევ ერთი საეჭვო პასაჟია, რომელიც ნაციონალების დროინდელ ე.წ. პოლიციურ სტილს ძალიან ჰგავს, რაიმე ინფორმაციის ,,შეგდება'' რომ უნდოდათ და ტელეფონით არეკინებდნენ ვინმეს, ან სწორედაც რომ პანაშვიდებზე შეაგზავნიდნენ ხოლმე თავის კაცს. თუმცა ამით გამოძიება არ დაინტერესებულა.
შანიძე და მორჩილაძე იხსენებენ, 2014 წლის 27 ოქტომბერს, საღამოს 19 საათისთვის, დავინახეთ, როგორ დაჭრა ოთხმეზური ბეჟანიძემ და შემდეგ მას გავეკიდეთ, მაგრამ იგი ხელიდან გაგვისხლტა და მიიმალაო. კითხვაზე, რატომ დუმდნენ 2015 წლამდე და არ თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, ორივეს ერთიდაიგივე პასუხი აქვს: ეს მკვლელობა მოხდა წინა ხელისუფლების პირობებში. გავიგეთ, რომ ბეჟანიძე მკვლელობის მერე დედამ, გავლენიანი მეგობრების დახმარებით, ქვეყნიდან გააპარა და გვეშინოდა, რომ გვეთქვა სიმართლე, ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდაო. შანიძისა და მორჩილაძის ჩვენებები, რომ იტყვიან, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ორივე ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბეჟანიძეს დანების მიმართ ჰქონდა მანიაკალური ინტერესი, აგროვებდა მათ და მუდმივად დანით დადიოდა. ასევე ორივე ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ბეჟანიძემ საქართველო დატოვა. არადა, შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მართვისა და სასაზღვრო ტექნოლოგიების ცენტრის ინფორმაციით, ასლან ბეჟანიძეს იმ პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მკვლელობაზე ნასამართლევი ,,ოქროს მოწმეები''
ასლან ბეჟანიძე, 2016 წელს, მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. ,,ოქროს მოწმეები'' კი, არც მეტი, არც ნაკლები, მრავალგზის, მათ შორის მკვლელობაზე ნასამართლევი შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე არიან.
შანიძემ პირველი ჩვენება 2015 წლის 30 აპრილს მისცა. იმ პერიოდში სასჯელს იხდიდა საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე, 236-ე და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ჩვენებაში ამბობს, რომ იცნობდა ოთხმეზურსაც და ბეჟანიძესაც და მკვლელობასაც შეესწრო, რომელსაც ასე იხსენებს: ,,ოთხმეზურმა და ბეჟანიძემ ერთმანეთში დაიწყეს ჩოჩქოლი და ძიძგილაობა. რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება, ამავე დროს, მე დავინახე, რომ ასლან ბეჟანიძემ მოიქნია ხელი და დაარტყა დავით ოთხმეზურს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ჩაიკეცა. მოხრილმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და დაეცა, ასლან ბეჟანიძემ მიირბინა და კიდევ მოუქნია ხელი და დაარტყა დანა. მე მაშინვე მივხვდი, რომ ასლან ბეჟანიძემ დაჭრა დავით ოთხმეზური, რადგან მისი ხელის მოქნევის შემდეგ დავით ოთხმეზური ეგრევე ჩაიკეცა. ამავე დროს მე დავინახე, რომ იმავე ადგილთან მიმდებარედ სადაც მოხდა ეს ფაქტი, იდგა ნიკა გამეზარდაშვილი. მე გავეკიდე ბეჟანიძეს''.
2015 წლის 1 მაისს კი, ჩვენებას აძლევს გიორგი მორჩილაძე, რომელიც დაკავებული იყო საქართველოს სსკ-ოს 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. ისიც აღწერს მკვლელობის ამბავს და იმასაც ამბობს, რომ იქვე იდგა ნიკა გამეზარდაშვილი. სხვათაშორის, ნიკა გამეზარდაშვილის მამა იმ პერიოდში პოლიციის უფროსი იყო და მაშინ ხმაც გავრცელდა, რომ სინამდვილეში, უბნელებს შორის, მოხდა შიდაგარჩევები, სავარაუდოდ, ,,თავანთან'' დაკავშირებით, მკვლელობაც ამ მოტივით მოხდა და ამ საქმის გამოძიება, ყველაზე მეტად, გამეზარდაშვილის მამას არ აწყობდა, ამიტომაც ჩაიფარცხა და რეალურ მკვლელს ცხელ კვალზე ,,ვერ'' მიაგნესო, თუმცა... ეს ინფორმაციაც ინფორმაციად დარჩა და როგორც უკვე ვთქვით, მსგავსი ვერსიებით გამოძიება არც კი დაინტერესებულა.
შოთა შანიძე დღემდე იხდის სასჯელს. მის სახელს არაერთი დანაშაული უკავშირდება. მათ შორის ყველაზე მსუბუქია ძარცვა _ ერთხელ მარტო, ერთხელ კი, თანამზრახველთან ერთად, ოქროს ყელსაბამები ჩამოღლიტა მოქალაქეებს. შოთა შანიძე ფიგურირებს ასევე 2005 წელს მომხდარ მკვლელობაშიც. საქმის მასალებში ვკითხულობთ: ,,შანიძე და ირაკლი გურაბანიძე, განაწყენებულები იყვნენ ნოდარ ჭუმბურიძეზე, მის მიერ ნათქვამი სიტყვების _ ,,ჭკუას ვასწავლი'' გამო. 2005 წელს, 5 პირთან ერთად, შანიძე ამ უკანასკნელის ბინაში მივიდა, სადაც მასპინძლის მეგობრები დახვდნენ. ჩხუბის შედეგად ირაკლი გურაბანიძე გარდაიცვალა''.
ეს არ არის ერთადერთი მკვლელობა, სადაც შანიძის გვარი ფიქსირდება. 2008 წლის 31 აგვისტოს, ფოთის ფსიქიატრიულიდან გაქცეული შანიძე, მეგობრებთან, ირაკლი გოგიტიძესთან და გიორგი მორჩილაძესთან ერთად, სიონში ისვენებდა. საფეხბურთო მოედანზე ის ახალგაცნობილ ქალთან ერთად განმარტოვდა. მას ადგილობრივები მიუახლოვდნენ და ჰკითხეს, სადაური იყო. შეკითხვებს შანიძე აგრესიით შეხვდა. საბოლოოდ, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. შანიძეს იქვე მყოფი მორჩილაძე და გოგიტიძე მიეშველნენ. შანიძე და მორჩილაძე დანებით დაედევნენ ადგილობრივებს. მალე ,,ბირჟასთან'' აღმოჩნდნენ, სადაც ზოგადად, სიონელების მისამართით დაიწყეს ლანძღვა. ადგილობრივებმა მათ სთხოვეს დამშვიდებულიყვნენ. ჩხუბი ბირჟაზე განახლდა. მორჩილაძეს დანა წაართვეს, რაზეც შანიძე გამწარდა, გაიქცა, სახლიდან ირაკლი გოგიტიძის მიერ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში კანონსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,აკმ''-ის მოდელის კალაშნიკოვის კონსტრუქციის იარაღი გამოიტანა და სროლა ატეხა. შედეგად, 2 პირი გარდაიცვალა. შოთა შანიძე, მეგობრებთან ერთად მიიმალა. კიდევ ერთი მკვლელობა, შანიძემ უკვე ციხეში ჩაიდინა. მისი მეგობარი გიორგი მორჩილაძე კი, რომელიც ,,სიონის საქმეში'' მასთან ერთად ფიგურირებს, 2013 წელს, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვისაცაა ნასამართლევი.
საყურადღებოა შოთა შანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. სხვადასხვა დროს, ის სხვადასხვა დიაგნოზით მკურნალობდა. ბავშვობიდან ზედმეტად ემოციური იყო. უყვარდა განმარტოება, თითქოს გაურბოდა ურთიერთობას თანატოლებთან. მრავალჯერ (13-ჯერ) აქვს გადატანილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმები ტვინის შერყევით. ბოლო ტრავმა მიიღო 2002 წელს _ დაეჯახა ბეტონის კედელს. მაგნიტორეზონანსულმა კვლევამ აჩვენა სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები. პოლიკლინიკაში 2005 წლიდანაა აღრიცხვაზე, დიაგნოზით _ ქალა ტვინის დახურული ტრავმა. თავის ტვინის შერყევა-დაჟეჟილობა. ტრავმული ენცეფალოპათია. ფობიური სინდრომი.
შანიძის ჯანმრთელობის შესახებ, საქმის მასალებში არაერთი ჩანაწერია. მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნის დროინდელიც. 2006 წელს, არასრულწლოვანთა კოლონიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს დიაგნოზით: ჰალუცინატორულ-ბოდვითი მდგომარეობა. ჩანაწერში ვკითხულობთ: ,,ავადმყოფი არის საწოლის კუთხესთან, ცდილობს სახე დამალოს, პერიოდულად გვიყურებს შეშინებული თვალებით, გვთხოვს არაფერი დავუშავოთ. ,,მე დამნაშავე არ ვარ, გეხვეწებით არ მომკლათ'', ამბობს. თან თვალები ევსება ცრემლებით. თანაპალატელების გადმოცემით, არავის ეკონტაქტება, თითქოს რაღაცის ეშინია. საკვებს არ ეკარება და ცუდად უვლის თავს. თანაპალატელის გადმოცემით, შეხსენება ესაჭიროება ტუალეტში გასვლაზეც. რეაქტიული მდგომარეობა, დეპრესიული სინდრომი. ამბობს, რომ მას ვიღაც ,,აზიზიანი'' ელაპარაკება და წამებით სიკვდილით ემუქრება. არ იცის ის ქალია თუ კაცი, მაგრამ ის ხოცავს ყველას. საიდანაც მომიყვანეს, ,,იმან'' ჩემს გვერდით, ერთი ბიჭი მოკლა. უნდა რომ თავი ჩამოვიხრჩო და სულ მეშინოდეს. თუ თავი არ მოვიკალი, ვინმეს დაავალებს ამის გაკეთებას''.
სხვადასხვა დროს, შანიძის დიაგნოზი, იცლებოდა. მათ შორის იყო, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობაც (F60,3 _ ახასიათებს იმპულსურობა, სუბიექტი ანგარიშს არ უწევს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. გუნება-განწყობა გამოუცნობი და კაპრიზულია. სუბიექტს მიდრეკილება აქვს კონფლიქტური სიტუაციებისკენ. ემოციის ამოფეთქებისას უმართავი ხდება. თავს ვერ აკონტროლებს განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ რაიმე დაბრკოლება ეღობება).
2007 წელს, შანიძე ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსდა, მოგვიანებით მკურნალობას გადიოდა ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და იძულებითი მკურნალობის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც 2008 წლის 13 აგვისტოს, გაიპარა.
2008 წელს ჩატარებული კიდევ ერთი ექსპერტიზის დასკვნით, შანიძეს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა (F07,0) ეს დარღვევა ხასიათდება პიროვნების პრემორბიდში დამახასიათებელი ჩვეული ქცევით ფორმების მნიშვნელოვანი ცვლილებებით. ემოციების გამოხატვის, მოთხოვნილებებისა და იმპულსების ჩათვლით. მისი წარმოთქმული გამონათქვამები იზოლირებულია, სტერეოტოპულია, ხელოვნურია, დემონსტრატიულია, მოკლებულია ფსიქიკური დაავადებებისთვის დამახასიათებელ დინამიკას, არ თავსდება ფსიქიკურ აშლილობათა ცნობილი ფორმების კლინიკურ სურათში და უნდა შეფასდეს, როგორც დაყენებითი (სიმულაციური).
სიმულანტი რომაა, შანიძემ, ერთ-ერთი ბოლო გამოკვლევისას თავად აღიარა. განაცხადა, ჯანმრთელი ვარ, უბრალოდ, ექსპერტებს ვატყუებდი, თავს ვიგიჟიანებდიო. ის თვითდაზიანებისკენ მიდრეკილია და არაერთხელ მიუყენებია საკუთარი თავისთვის სხვადასხვა ბლაგვი საგნით ჭრილობები. თუმცა ესეც როგორც ჩანს თამაშისა და სიმულანტობის ნაწილია. სიმულანტი შანიძე კი, გამოძიებას, დღეს მკვლელობის საქმეში ,,ოქროს მოწმედ'' ჰყავს. მეტიც, მას გარკვეული სასათბურე პირობებიც აქვს შექმნილი, ციხეში მყოფი და ისედაც დაცული, მოწმეთა დაცვის პროგრამაშიც ჩაუსვამთ ოჯახის წევრებთან ერთად. ამ ფონზე, უკვე დაირხა ხმა, რომ შანიძეს ზურგს ვიღაც უმაგრებს და პოლიციასთან თანამშრომლობა, მის ინტერესში სწორედ იმ მიზნით შედის, როგორმე ციხეს თავი დააღწიოს. თუმცა ჩვენი მიზანი ჭორებზე აპელირება არაა. სამაგიეროდ, ვაპელირებთ ფაქტებზე, რომლებიც გონივრულ ეჭვებს აჩენს და კითხვებსაც ბადებს. ასეთია, მაგალითად ის, რომ მორჩილაძეს, ასლან ბეჟანიძის საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემიდან მალევე, პირობითი სასჯელი გაუფორმეს, შანიძეს კი, სასჯელი შეუმსუბუქეს. ამ ფაქტებმა, ლოგიკურად გააჩინა კითხვები _ პროკურატურა ნამდვილ მკვლელს აფარებს ხელს თუ ამ რეზონანსული საქმის ,,გამოძიებით'' იმის დამტკიცებას ცდილობს, თითქოს თაროზე შემოდებულ საქმეებს იძიებს და დაპირებული ,,სამართლიანობის აღდგენის'' პროცესი აქტიურად მიმდინარეობს?
ეს კითხვა, ასლან ბეჟანიძის დამცველებსაც უჩნდებათ. მათი მტკიცებით: ,,2015 წლის 7 მარტის შემდეგ ჩატარებული გამოძიების მიერ შეკრებილი ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბეჟანიძისთვის დავით ოთხმეზურის განზრახ მკლველობისთვის ბრალდების წარდგენა მოხდა ისეთი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც საერთოდ არ ფიგურირებდნენ 2015 წლამდე ჩატარებულ გამოძიების მასალებში, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიებას დაკითხული ჰყავდა შემთხვევის თვითმხილველი ყველა მოწმე. გარდა აღნიშნულისა, ახალი გამოძიების ფარგლებში, დაკითხული მოწმეების გულწრფელობა ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ამ პირებმა პირადი სარგებლის, ანუ მათ მიერ სხვა დანაშაულის ჩადენისთვის წარდგენილი ბრალდების და დანაშაულის სასჯელის, შემსუბუქების მიზნით, ითანაშრომლეს გამოძიებასთან და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ამხილეს უდანაშაულო ადამიანი _ ასლან ბეჟანიძე. ამის საფუძველს იძლევა გარემოება, რომ ბრალდების მოწმე, შანიძე დღემდე არაერთხელ ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის, ამჟამადაც იხდის საპყრობილეში სასჯელს. არსებული ინფორმაციით, ბეჟანიძის მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ მიიღო სასჯელის შემსუბუქება. მოწმე გიორგი მორჩილაძე არაერთხელ ნასამართლევია შოთა შანიძესთან ერთად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ბეჟანიძის მამხილებელი ჩვენების მიღების სანაცვლოდ, განთავისუფლდა პატიმრობიდან''.
არის კიდევ მესამე ,,ოქროს მოწმე'', ლევან ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მკვლელობას შეესწრო. ბოჭორიშვილი იხსენებს, მკვლელობის მომენტში გაჩერებაზე ვიდექი, სამარშრუტო ტაქსს ველოდებოდი და სლოტკლუბის მხარეს ვიყურებოდიო. დავინახე, როგორ იჩხუბეს ოთხმეზურმა და ბეჟანიძემ, მაგრამ არ გადავსულვარ, რადგან პაემანზე მეჩქარებოდაო (?!). არსებული ინფორმაციით, ბოჭორიშვილიც, შანიძესთან და მორჩილაძესთან ერთად არაერთხელაა ნასამართლევი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ბეჟანიძის მამხილებელი ჩვენების დროს კი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, თუმცა ჩვენების მიცემის შემდეგ მას მოეხსნა პირობითი სასჯელი.
ამ ,,სანდო'' მოწმეთა ჩვენებების გარდა, გამოძიებას, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ასლან ბეჟანიძის მიერ ოთხმეზურის მკვლელობას ადასტურებს არ აქვს. სამაგიეროდ, ბრალდებულის დაცვის მხარე აცხადებს, რომ მათ აქვთ სერიოზული მტკიცებულებები. ,,ვერსიას'' ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, ,,ოთხმეზურის'' საქმის სკანდალურ დეტალებს უმხელს:
_ მოწმეები ყვებიან, პანაშვიდებზევე გავიგეთ, რომ ბეჟანიძემ მოკლა ოთხმეზურიო. თქვენ რა ვერსია გაქვთ?
_ მოწმეები ყვებიან, რომ პანაშვიდიდანვე იცოდნენ კონკრეტულად ვინ მოკლა ოთხმეზური. ასევე, ყვებიან, რომ სავსე იყო ხალხით მკვლელობის ადგილი. თუ ასეა, ვსვამ კითხვას, მთელი 12 წლის განმავლობაში, რატომ არ მოიძებნა ერთი ადამიანი მაინც, ვინც იტყოდა, რომ ასლან ბეჟანიძემ ჩაიდინა დანაშაული? მტკიცებულებიდან ჩანს, რომ 11 წლის მერე, საიდანღაციდან, გამოჩნდა, რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც გაახსენდათ, რომ წლების წინ, კონკრეტულ დღეს, წამს, დაინახეს მკვლელობა. სად იყვნენ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში? ეს იგივეა, ვიღაცამ თქვენ დაგაბრალოთ, რომ 15 წლის უკან მოკალით ვინმე და მოგიყვანოთ ადამიანები, რომლებიც ხელს დაგადებენ. ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში, ამ საქმეზე არ შეიძლება დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ადეკვატურ შეფასებებს მისცემს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მითუმეტეს, თქვენ გაეცანით მხოლოდ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებს, ყველაზე საინტერესო კი, ის ჩვენებებია, რომლებიც მოწმეებმა სასამართლოში მისცეს.
_ სასამართლოში და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები განსხვავებულია?
_ დიახ, ეს ჩვენებები 180 გრადუსით განსხვავდება ერთმანეთისგან. დღეს არსებობს სამი მოწმე, ვინც პირდაპირ ადებს ხელს ბეჟანიძეს, მეგობრები: შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე და ლევან ბოჭორიშვილი. არიან სხვა მოწმეებიც. მათი ნაწილი კატეგორიულად აცხადებენ და ადასტურებენ კონკრეტულ პირთა შემთხვევის დროს შემთხვევის ადგილთან ყოფნის ფაქტს და მოწმეთა ნაწილი კი კატეგორიულად უარყოფენ. შანიძე და მორჩილაძე მიუთითებენ ნიკოლოზ გამეზარდაშვილის მხრიდან დანაშაულის დანახვის და ადგილზე ყოფნის ფაქტს, ხოლო გამეზარდაშვილი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ის აფთიაქში იყო და არ დაუნახავს არაფერი. ბოჭორიშვილი მიუთითებს, რომ როდესაც იდგა გაჩერებასთან, მან დაინახა ოთხმეზურის დაჭრა და ის თუ როგორ კვეთდა ქუჩას და როგორ ჩასვეს ის მანქანაში. თუმცა მას არ დაუნახავს როგორ გადადიოდა და კვეთდნენ ქუჩას ამავდროულად შოთა შანიძე, გიორგი მორჩილაძე, არჩილ ნასრაშვილი და ჯიმი მაჩაბელი. მეტიც, მას არცერთი მათგანი, მიუხედავად გაჩერებასთან 5-წუთიანი დგომისა, არ დაუნახავს!!! შოთა შანიძეს და გიორგი მორჩილაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც თავად განმარტავენ, იდგნენ ,,გოლიათების'' მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც კარგად ჩანს გაჩერების ადგილი, არ დაუნახავთ ლევან ბოჭორიშვილი. შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე ამბობენ რომ დაინახეს ჯიმი მაჩაბელი. ჯიმი მაჩაბელი კი არ ადასტურებს არც გიორგი მორჩილაძის და არც შოთა შანიძის დანახვის ფაქტს. ჯიმი მაჩაბელი და არჩილ ნასრაშვილი არ ადასტურებენ არც შოთა შანიძის მხრიდან და არც გიორგი მორჩილაძის მხრიდან ქუჩის გადაკვეთის დანახვის ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებდნენ ტერიტორიას. ასევე არც შანიძე და მორჩილაძე არ ადასტურებენ მაჩაბელისა და ნასრაშვილის მიერ ქუჩის გადაკვეთის ფაქტს.
მორჩილაძე ამბობს, რომ შანიძესთან ერთად გაეკიდა ბეჟანიძეს, ხოლო შანიძე ამბობს, რომ ბეჟანიძეს კი არ გამოდევნებია, არამედ სულ სხვა მიმართულებით, მარჯვნივ გაიქცა დაბნეულობისგან. ნასრაშვილიც გაქცევასთან დაკავშირებით მიუთითებს იმავე მიმართულებას, რა მიმართულებაც მიუთითა მორჩილაძემ, მაგრამ ნასრაშვილს საერთოდ არ დაუნახავს სხვა მასთან ერთად, მანამდე ან მას შემდეგ გაქცეული იმ მიმართულებით. არც მორჩილაძეს უნახავს, გარდა, როგორც თავად ამბობს, შოთა შანიძისა. სასამართლოში დაკითხული მოწმე, ჯანელიძე, რომელიც 2004 წელს, შემთხვევიდან მცირე დროში დაკითხა საგამოძიებო ორგანომ და რომლის შემთხვევის ადგილზე არსებობა ეჭვს არ იწვევს, ადასტურებს, რომ ის მოდიოდა ძალიან ნელა, ისე ნელა რომ ადამიანიც კი გაასწრებდა, კარგად უყურებდა და აკონტროლებდა რა ხდებოდა წინ. მოწმე კატეგორიულად უარყოფს ან პეკინის მხრიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ ვინმე პირის გაქცევას ან მიცკევიჩის ქუჩიდან პეკინის ქუჩისკენ ვინმე პირის გაქცევას. მოწმის ჩვენება გამორიცხავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირის ჩვენებას, ვინც ამბობს, თითქოს დაინახა შემთხვევა და გაიქცა გზის მეორე მხარეს. სხვათაშორის, მოწმეები დანის დარტყმის მომენტის ერთნაირად აღწერასაც კი ვერ ახერხებენ.
_ უფრო კონკრეტულად?
_ შანიძისა და მორჩილაძის თქმით, ბეჟანიძემ რომ დაარტყა დანა, ოთხმეზურმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და წაიქცა. აქ მორჩილაძე მიუთითებს რომ წაიქცა, თუმცა შანიძე წაქცევასთან დაკავშირებითაც კი ძალიან ბუნდოვან და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს. სრულიად განსხვავებულად აღწერენ ფაქტს ლევან ბოჭორიშვილი, არჩილ ნასრაშვილი და ჯიმი მაჩაბელი. ამბობენ, რომ ოთხმეზური ძიძგილაობის შედეგად როგორც კი წაიქცა, მას შემდეგ თავდამსხმელი აღარ გამოჩენილა. ბოჭორიშვილი კატეგორიულად უარყოფს თავდამსხმელის მხრიდან მობრუნებისა და დანის კვლავ ჩარტყმის ფაქტს, რაზე საუბარსაც შანიძე და მორჩილაძე დიდ დროს უთმობენ. მოწმეები ასევე სრულიად განსხვავებულად აღწერენ დანის ამოღებისა და დარტყმის მომენტს! არცერთი მოწმე არ ადასტურებს, რომ მკვლელობის ფაქტის დანახვის შესახებ მოუყვნენ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს ან ნაცნობებს, მაშინ როდესაც მიუთითებენ რომ იკრიბებოდნენ პანაშვიდზე და საუბრობდნენ მომხდართან დაკავშირებით.
_ იმის თქმა გინდათ, რომ მოწმეები ცრუობენ?
_ დიახ, მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არის ყველაზე ნათელი დადასტურება, რომ ისინი არიან მატყუარა, გამოგონილი მოწმეები, რომლებსაც ფაქტი არ უნახავთ.
_ თუ ასეა, გამოძიებას რა ინტერესი აქვს, საქმე ამ მოწმეების საშუალებით ,,შეკეროს''?
_ თავის დროზე, სავარაუდოდ, სურდათ რეალური მკვლელისთვის დაეფარებინათ ხელი. ახლა კი, ალბათ, უნდათ აჩვენონ, თითქოს ძველ საქმეებს იძიებენ და პროკურატურა კვალიფიციურად მუშაობს.
_ მაშინ, თქვენი ვერსიით, ვინაა სავარაუდო მკვლელი, ვისაც გამოძიება ხელს აფარებს?
_ პროკურატურისგან განსხვავებით, მე, ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე, ეჭვებისა და ვარაუდის დონეზე არ ვისაუბრებ და ადამიანს ხელს არ დავადებ. თუმცა არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ კონკრეტული პირები ადებენ ხელს ბეჟანიძეს. ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, ვინ არიან ეს ადამიანები: შოთა შანიძე, მრავალგზის ნასამართლევია, მათ შორის, მკვლელობაზე. მან პენიტენციურ დაწესებულებაშიც მოკლა ადამიანი და დღეს ის ბრალდების მხარის მთავარი მოწმეა. გიორგი მორჩილაძეც სხვადასხვა დანაშაულებებშია ნასამართლევი და მას ბოლო სამი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ალბათ ხვდებით, ადამიანს საპროცესო შეთანხმება რომ უფორმდება და შემდგომ მთავარ მოწმედ მიდის, რა გარიგება ხდება პროკურატურასა და პირს შორის. ლევან ბოჭორიშვილი, რომელიც ასევე მრავალგზის ნასამართლევია. თავად განსაჯეთ, რამდენად სანდოა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
_ გასაგებია, მაგრამ ნასამართლეობა არ გამორიცხავს იმას, რომ ადამიანი ფაქტის თვითმხილველი იყოს. ბეჟანიძეს აქვს ალიბი? სად იყო 2004 წლის 27 ოქტომბერს?
_ შეუძლებელია, კონკრეტულად გაიხსენო, 11-12 წლის წინ, სად იყავი და რას აკეთებდი. ის კი, ბრალდების მხარის მსგავსად, ცრუ მოწმეები მოგვეყვანა, არ ვიკადრეთ, რადგან საკუთარ თავსაც პატივს ვცემთ, სასამართლოსაც და ჩვენს სიმართლეშიც დარწმუნებულები ვართ. გარდა ამისა, გულწრფელად გეტყვით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, გარდა მატყუარა მოწმეების ჩვენებებისა, არ ადასტურებს, რომ ასლან ბეჟანიძე იყო შემთხვევის ადგილას. საქმეში დაკითხულ მოწმეთა ნაწილი ამბობს, რომ ასლან ბეჟანიძეს ჰქონდა ტელეფონი და ოთხმეზურს არ ჰქონდა, ზოგი მოწმე კი საპირისპიროს ამტკიცებს. საქმეში არ დევს სატელეფონო ანძების ამონაწერი, საიდანაც დადგინდებოდა, რომელს ჰქონდა ტელეფონი; ასევე დადგინდებოდა ასლან ბეჟანიძე ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა იმ ტერიტორიაზე შემთხვევის დროს; პროკურატურას ასევე შეეძლო, დაეკითხა სხვა არაერთი მოწმე. ბრალდების მხარეს, რომ ჰქონოდა სურვილი ეს დანაშაული ობიექტურად გამოეძიებინა, ამას აუცილებლად შეძლებდა. ეს არ სურდათ და დღეს, ცდილობენ, უდანაშაულო ადამიანს დაუმტკიცონ დანაშაული. თუმცა ჩვენებებშიც კი იმდენი წინააღმდეგობებია, ეს ჩვენებები იმდენად არასარწმუნოა, რომ გამოვრიცხავ, სასამართლომ ბეჟანიძე გაამტყუნოს. ამ საქმეში გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება იქნება ქართული მართლმსაჯულების უდიდესი კრახი.
_ თუკი მაინც ასე მოხდა, რას აპირებთ?
_ აუცილებლად გავასაჩივრებთ. იმდენი წინააღმდეგობებია ამ საქმეში, მტკიცებულებები იმდენად მწირია, დარწმუნებული ვარ, უზენაეს სასამართლოში მაინც გავიმარჯვებთ, თუმცა ამაზე ფიქრიც არ მინდა, რადგან მჯერა თბილისის საქალაქო სასამართლოსი და დარწმუნებული ვარ, არ დაუშვებს უდანაშაულო ადამიანის გამტყუნებას. მითუმეტეს, ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ფაქტობრივად, მტკიცებულებაც არ არსებობს.
_ მოწმეების ნასამართლეობას ხაზი უკვე გაუსვით. საქმის მასალებში შანიძის ექსპერტიზის დასკვნებიცაა. როგორ ფიქრობთ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გამოძიება, შანიძის, როგორც მოწმის ჩვენებებს დაეყრდნოს?
_ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, მიუთითებს, რომ ეს პიროვნება არის ფსიქიკურად არამდგრადი. წლების განმავლობაში დაავადებული იყო შიზოფრენიით და იყო შეურაცხადი. ასევე, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ხშირად სიმულანტობდა. თავად განსაზღვრეთ, რამდენად სანდოა მოწმე, რომელიც ექსპერტებს ატყუებდა. გარდა ამისა, შანიძე, დღესაც იღებს 20-ზე მეტ მედიკამენტს, დამამშვიდებელ საშუალებას, რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, პენიტენციურ დაწესებულებაში, მათ შორის სასამართლო პროცესზეც. ასეთი ,,ოქროს მოწმე'' ჰყავს პროკურატურას. ჩემი აზრით, ეს სახელმწიფოს სირცხვილია.
_ ოპერატიული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ოთხმეზური ბეჟანიძემ მოკლა, 2004 წელსვე ჰქონდათ. ფიქრობთ, რომ მაშინვე, ეს ინფორმაცია შანიძისგან მოდიოდა?
_ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, პირველი, ვინც ხელი დაადო ასლან ბეჟანიძეს, არის სერიული მკვლელი შოთა შანიძე, ე.წ. შიტკა. სხვა მოწმეები მისი დაკითხვის შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის, გიორგი მორჩილაძე, რომელიც შანიძესთან ერთად იჯდა საკანში. ვიმეორებ: სამი პირდაპირი მოწმიდან: ლევან ბოჭორიშვილი, გიორგი მორჩილაძე და შოთა შანიძე, სამივე არის მრავალგზის ნასამართლევი! აქედან ორს მრავალჯერ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. აქ რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, გამოვვარდებით სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ასე რომ მოხდეს, გამოვა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაუცველია. ეს წინააღმდეგობაში მოვა ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებასთან, ევროკონვენციასთან და იმედია, ამას ქართული სასამართლო არ დაუშვებს.
_ ერთ-ერთი მოწმე, ჩვენებაში ახსენებს ,,თავანს'', რომელიც შესაძლოა ოთხმეზურს ჰქონდა ჩასაბარებელი. ტელეფონის გამო დაწყებული ჩხუბის გარდა, მკვლელობის სხვა მოტივზე ან სხვა ვერსიაზე თუ იმუშავა ამ წლების განმავლობაში გამოძიებამ?
_ სხვა ვერსია არც განხილულა. დიახ, ერთმა მოწმემ ,,თავანი'' ახსენა, თუმცა განაჩენი უნდა დადგეს, მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებებით. გამოძიებას კი, საერთოდ, მტკიცებულება არ მოუპოვებია, რომლითაც რომელიმე ვერსია დადასტურდება. საქმეში არსებობს 2004 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული მოწმე მარიკა ლომთაძის ჩვენების ადგილზე შემოწმებისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სადაც მოწმე მარიკა ლომთაძე მიუთითებს სავარაუდო შემთხვევის ადგილს. ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხად არ მოუწვევია არც გამომძიებელი ი. ალავიძე, რომელმაც მოახდინა ჩვენების ადგილზე შემოწმება და შემთხვევის ადგილის დათვალიერება და არც თავად მოწმე მარიკა ლომთაძე. ბრალდების მხარეს ასევე არ მოუწვევია დასაკითხად არცერთი სხვა პირი, ვინც ამ ოქმის შედგენაში მონაწილეობდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, ასეთი მტკიცებულება არ შეიძლება იქნეს გაზიარებული. მხარეებს არ დაგვიკითხავს ქალბატონი მარიკა ლომთაძე, რომელიც სასამართლოში დაადასტურებდა იმას, რასაც კონკრეტულ სურათებში აჩვენებს. ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხად არ მოუწვევია ის მოწმეები, რომლებიც დაკითხულ იქნენ შემთხვევის დღესვე ან შემთხვევიდან მცირე დროის განმავლობაში და რომლებსაც ყველაზე ადეკვატური და ზუსტი ჩვენებების მიცემა შეეძლოთ. ნაცვლად სარწმუნო მოწმეებისა, ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხად მოიწვია პირები, რომლებიც გამოჩნდნენ 11-12 წლის შემდეგ და მანამდე არსად, არცერთი მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებაში, არცერთ სხვა მტკიცებულებაში არ ფიგურირებდნენ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ყველა ეს მოწმე ამბობს, რომ მათ არავისთვის მოუყოლიათ რომ ნამდვილად შეესწრნენ მომხდარს და ამის თაობაზე პირველად განუცხადეს გამომძიებელს 12 წლის შემდეგ. ასეთ მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობაზე საუბარიც კი ზედმეტია!
_ თქვენ რა მტკიცებულებები გაქვთ?
_ არაერთი. დაკითხული პრაქტიკულად ყველა მოწმე აღნიშნავს, რომ იქ სადაც კონფლიქტი მოხდა, იმ დროს, უამრავი ადამიანი მოძრაობდა, რომ 10-15 წამში ხალხი შეიკრიბა და ა.შ. შეუძლებელია ბრალდების მხარეს ვერ მოეპოვებინა ორი ობიექტური, სარწმუნო მოწმის დამაჯერებელი ჩვენება, რომლებითაც ბრალდების მხარე შემთხვევის დღესვე მიაკვლევდა დანაშაულის ჩამდენ პირს. თუმცა არც ერთი დაკითხული პირი ასლან ბეჟანიძეზე არ მიუთითებს! არცერთი 2004 წელს დაკითხული პირი არ მიუთითებს საქმეში არსებული პირდაპირი მოწმეების: ლევან ბოჭორიშვილის, შოთა შანიძისა და გიორგი მორჩილაძის შემთხვევის ადგილზე ყოფნის არსებობაზე. არც არჩილ ნასრაშვილისა და ჯიმი მაჩაბელის შემთხვევის ადგილზე არსებობაზე მიუთითებს ვინმე... და რაც მთავარია, თავად ეს ახლადდაკითხული მოწმეებიც, რომლებიც ზემოთ ვახსენე, ერთმანეთის შემთხვევის ადგილთან არსებობას ვერ ადასტურებენ. არ არის ამოღებული შემთხვევის იარაღი ასლან ბეჟანიძის სახლიდან. არ არის ამოღებული ასლან ბეჟანიძის ტანსაცმელი. არ არის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზა არც დაქტილოსკოპიური და არანაირი სხვა სახის ექსპერტიზა; არ არის მოპოვებული არანაირი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც ასლან ბეჟანიძის კონკრეტულ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებს. არ არის დაკითხული გამომძიებელი ალავიძე, რომლის დადგენილების საფუძველზე ჩატარდა ექსპერტიზები და რომელმაც ჩაატარა საქმესთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც გამოძიების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა უშლიდა ხელს თავის დროზე გამოეძიებინათ კონკრეტული საქმე და რეალური დამნაშავე მოეძებნათ დანაშაულის ჩადენის დღესვე.
ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მოწმე, რომელიც არ იქნებოდა დაინტერესებული მოწმე და რომელიც იქნებოდა ფაქტის ნამდვილი თვითმხილველი. ასევე აღსანიშნავია შოთა შანიძის პიროვნება და მისი მხრიდან ასლან ბეჟანიძის მიმართ აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც არსებობდა მანამდე, სანამ დავით ოთხმეზურს მოკლავდნენ.
მოწმე გიორგი მორჩილაძე მიუთითებს, რომ ის და შოთა შანიძე იდგნენ კორპუსის პირველ სადარბაზოსთან. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული ვიდეო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ის ადგილი, რომელზეც მიუთითებენ შოთა შანიძე და გიორგი მორჩილაძე, არის მე-5 სადარბაზო და არა 1-ლი სადარბაზო. ტერიტორიის გადაღების დროს დაცვის მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 1-ელ სადარბაზოზე, სადაც ჩანს, რომ 1-ლი სადარბაზო არის სულ სხვა ადგილას, საიდანაც შეუძლებელია შემთხვევის ადგილზე არათუ პირის ამოცნობა, არამედ შემთხვევის ადგილიც კი ძალიან ბუნდოვნად ჩანს.
და მთავარი, არ არის დადგენილი დანაშაულის მოტივი! არ არის წარმოდგენილი ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება, ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა რომ ასლან ბეჟანიძეს ჰქონდა ოთხმეზურის მოკვლის მოტივი.
უპასუხოდ დარჩენილი კითხვები
როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ საქმეში ბევრი ,,რატომღაც'' და კითხვის ნიშანია. თუ ატატო, იგივე ასლან ბეჟანიძე, იმავე უბანში ცხოვრობდა, რატომ ვერავინ იცნო იგი მკვლელობის დღეს? მოწმეთა ნაწილი აცხადებს, რომ მკვლელი და მოკლული სლოტკლუბიდან ერთად გამოვიდნენ. გონებრივად ჩამორჩენილ ბეჟანიძეს, შეეძლო თუ არა სლოტკლუბში თამაში? რატომ დაემთხვა ისე, რომ მაინცდამაინც იმ დღეს არავის ჰქონდა ტელეფონი თან, ან არ ჰქონდა ანგარიშზე? რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, სად ჰქონდა ტელეფონი ოთხმეზურს? მისი დედის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მოკლული, ბოლო რამდენიმე დღე გათიშულ ტელეფონს სახლში ტოვებდა. რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, რა იყო ამის მიზეზით? იქნებ ოთხმეზური ვინმეს ემალებოდა? რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, ვისთან განახორციელა ზარი ბოლოს ოთხმეზურმა? რატომ არ ამოიღეს ანძების ინფორმაცია, ასლან ბეჟანიძის მდებარეობის დასადგენად 2004 წლის 27 სექტემბერს? თუ ატატო წლების განმავლობაში იმალებოდა, რატომ არ გააკეთა იგივე 2016 წელს, როცა საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დააპატიმრეს? რა იყო ბეჟანიძის მიერ ოთხმეზურის მკვლელობის მოტივი? რატომ დუმდნენ ,,ოქროს მოწმეები'' 12 წელი? რამდენად სანდოა იმ პირების ჩვენება, რომლებსაც აქვთ ინტერესი, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ამით კონკრეტული სარგებელი მიიღონ, რომლებიც არიან მრავალგზის, მათ შორის მკვლელობაზე ნასამართლევი? მართებულია თუ არა გამოძიება დაეყრდნოს შოთა შანიძის ჩვენებას, რომელიც თავად აღიარებს, რომ სიმულანტობდა, თავს იგიჟიანებდა და რომელიც, დღემდე, რამდენიმე სახის დამამშვიდებელს იღებს? გამოძიებისთვის საინტერესო არაა, აქვთ თუ არა კავშირი ოთხმეზურის მკვლელობასთან შანიძე-მორჩილაძე-ბოჭორიშვილს, რომლებიც მკვლელის ვინაობას 11 წელი მალავდნენ? და ბოლოს, თუკი ამ ,,ოქროს მოწმეებს'' მკვლელობასთან კავშირი არ აქვთ, 11-წლიანი დუმილი, უნდა ჩაითვალოს თუ არა დანაშაულის დამალვის მცდელობად და უნდა დაეკისროთ თუ არა მათ პასუხისმგებლობა ამის გამო? _ ეს მხოლოდ ნაწილია იმ კითხვებისა, რომლებიც ,,ოთხმეზურის საქმესთან'' დაკავშირებით, დღემდე უპასუხოდ რჩება. ,,ვერსია'' არაფერს ამტკიცებს, გამოძიება და საქმის გახსნა, შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა. უბრალოდ, სანამ საქმეში ამდენი კითხვისნიშანია, სანამ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება ბეჟანიძის წინააღმდეგ და სანამ არსებობს 1% შანსი, რომ ციხეში უდანაშაულო ადამიანი მოხვდეს, ,,ოთხმეზურის საქმის'' დეტალები კიდევ ერთხელ შემოგთავაზეთ და ბრალდებულის ადვოკატის პოზიციაც გაგაცანით. საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის. ახლა, სწორედ ამ უწყების გადასაწყვეტია, როგორ განაჩენს გამოიტანს _ გაამართლებს ბეჟანიძეს თუ მკვლელობაზე ნასამართლევი, აშკარად ინტერესის მქონე მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით მიაკერებს მას ,,მკვლელის'' იარლიყს, რაც ტარიელ კაკაბაძის აზრით, ქართული მართლმსაჯულების კრახი იქნება.
ნინო ლურსმანაშვილი

back to top