Menu
RSS

ვინ არის დავით გერლიანი-ჩაჩიბაია და ვის ინტერესში არ შედიოდა „სროკზე“ მისი გაშვება

,,კანონიერი ქურდი'' _ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტერმინი. ,,კანონიერი ქურდები'' _ დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, ,,კანონიერი ქურდი'' ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს. ,,კანონიერ ქურდებს'' აერთიანებდა ქცევის, ტრადიციებისა და ადათ-წესების გამორჩეული კოდექსი. აქ იგულისხმებოდა საზოგადო ნორმებისა და წესების მიუღებლობა, მათ შორის, ოჯახთან დაკავშირებით (,,კანონიერ ქურდს'' რომელიმე ქალთან მუდმივი კავშირი არ უნდა ჰქონოდა). მნიშვნელოვანი იყო ასევე სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობის სრული აკრძალვა.
ასეა განმარტებული ,,ვიკიპედიაში'' ,,კანონიერი ქურდის'' არსი, მაგრამ დეტალურად არ წერია, რომ ნამდვილ ქურდს არ ჰქონდა სახლი, არ ჰყავდა ოჯახი, არ ჰქონდა ქონება, ეწეოდა ე.წ. ბრადიაგულ (ქურდული ტერმინია) ცხოვრებას. 21-ე საუკუნის ქურდებმა კი დაუწერელ კოდექსში ცვლილებები შეიტანეს. ქურდს აქვს ოჯახის ყოლის უფლებაც, აქვს სახლიც და თუ მისი გავლენა დიდია, პირადი დაცვით დადის, აქვს ბიზნესი, ლობირებს ამ ბიზნესს და აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკოსებთან. შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი დარტყმა ,,კანონიერ ქურდებს'' წინა ხელისუფლების პირობებში მიადგათ, როცა მიიღეს კანონი, რომელიც ამ ტიტულზე სასჯელს ითვალისწინებს. მაშინ ქურდებმა ხელისუფლებასთან დაჯახება გადაწყვიტეს და ყველა, ვინც დაიჭირეს, ღიად აფიქსირებდა, რომ ქურდი იყო, სასჯელსაც იხდიდა, გათავისუფლებული კი ქვეყანას ტოვებდა.
მერე და მერე, როცა ქურდების მასობრივი დაჭერა დაიწყო, დაუწერელ კოდექსში ცვლილება შევიდა _ ქურდებმა საკუთარ თავს უფლება მისცეს, რომ კამერის წინ არ ეღიარებინათ, ქურდები იყვნენ თუ არა და ამით თავისუფლება შეენარჩუნებინათ. ამ ცვლილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ძველი ყაიდის ქურდები და ისინიც, ვინც სწორედ კამერის წინ აღიარების გამო სასჯელი მოიხადა, ახალ წესს არ ეთანხმებოდნენ და ამიტომ, ამ წესმაც ერთგვარი ცვლილება განიცადა _ ქურდებს დუმილის უფლების გამოყენების ნება მიეცათ და როცა მათ ეკითხებიან, ქურდი ხარ? ისინი კითხვას არ პასუხობენ.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ გასულ კვირას ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაია გაათავისუფლა. მის გათავისუფლებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა _ საზოგადოების ნაწილი ამტკიცებს, რომ გერლიანი ,,კანონიერი ქურდია'' და ხელისუფლება ქურდებს მფარველობს. პროკურატურა კი მარტივად იმართლებს თავს, გერლიანმა არ აღიარა, რომ ქურდია და შესაბამისად, ბრალი მოეხსნა. და მაინც, ვინ არის რეალურად დავით გერლიანი, ატარებს თუ არა კანონიერი ქურდის სახელს და რატომ გაათავისუფლეს?!
მაშ ასე, დავით გერლიანი 1972 წლის 25 ივნისს, გულრიფშის რაიონში დაიბადა. ის 44 წლის გახლავთ და 20 წელი სხვადასხვა დანაშაულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აქვს გატარებული. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდა მისი ქურდად მონათვლა გარკვეულ დრომდე, რადგან არსებობდა საშიშროება, რომ ინფორმაცია გაჟონავდა და ქურდობისთვის მას კიდევ 7 წელს დაუმატებდნენ. როგორც კი გერლიანი ბოლო ,,სროკიდან'' გათავისუფლდა, თურქეთს მიაშურა და 2014 წელს სწორედ იქ მიიღო კანონიერი ქურდის წოდება. მის ე.წ. ნათლობას გავლენიანი ქურდები, მალხაზ მგალობლიშვილი (მეტსახელად ,,ყურშა''), გია გიორგაძე, თენგიზ ხოფერია (მეტსახელად ,,ჭინკა''), ჩირო შონია (მეტსახელად ,,ჩირო გალსკი''), დავით ჩხიკვიშვილი, მერაბ ბახია (მეტსახელად ,,ბახა-ბახა''), როვშან ჯანიევი (მეტსახელად ,,როვშან ლენქორანსკი'') და ვალიკო ჯეჯია (მეტსახელად ,,ვალტერი'') ესწრებოდნენ. ასეთი გავლენიანი ქურდების მიერ მონათლულ გერლიანს (სხვათა შორის, მისი მეტსახელი ,,დათო სვანია'') სერიოზული გავლენის მოპოვება არ გასჭირვებია. მით უმეტეს, რომ ვალტერ ჯეჯია მისი სიმამრი გახლავთ და სიძე-სიმამრმა თურქეთსა და უკრაინაში, პრაქტიკულად, ყველაფრის კონტროლი დაიწყეს. რაღა თქმა უნდა, ისინი რუსეთშიც აქტიურად მოძრაობდნენ და 2015 წელს, საბუთების არარსებობის გამო, გერლიანი სწორედ მოსკოვში დააკავეს. მაშინ მას იქაურმა სამართალდამცავებმა ვიდეოც გადაუღეს, სადაც ისმის კითხვა _ ხართ თუ არა კანონიერი ქურდი, რაზეც გერლიანი გარკვევით პასუხობს _ დიახ!
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ სწორედ ასეთი ვიდეოაღიარებების გამო საქართველოში არაერთ ,,კანონიერ ქურდს'' მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ არა დათო გერლიანს. რა გამოდის? ხელისუფლებამ ზუსტად იცოდა, რომ გერლიანი ,,კანონიერი'' ქურდი იყო და მაინც გაუშვა?! საამისოდ მათ ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონოდათ და...
როგორც კულუარებში ამბობენ, გერლიანის გაშვება გავლენიანი ,,კანონიერი ქურდების'' მოთხოვნა იყო. გერლიანის თემა გივი თარგამაძემ წამოწია, კაცმა, რომელსაც სხვათა შორის ქურდებთან ცუდი ურთიერთობა ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მათთან კონფლიქტშია და მაქსიმალურად ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ქურდი მოახვედროს ციხეში. ამით ის ორ კურდღელს იჭერს _ ერთი ის, რომ განაწყენებულ ხალხს უსწორდება და მეორე ის, რომ დაპატიმრებული ქურდები ამ ხელისუფლებას გაუნაწყენდებიან. გერლიანი საქართველოს უახლოეს დღეებში დატოვებს (თუ უკვე არ დატოვა) და აქეთ პირს აღარ იზამს, მაგრამ...
,,სასაცილოა ის, რომ გერლიანს ,,კანონიერი ქურდობა'' ვერ დაუმტკიცეს. თუ ასეა, რატომ ჰყავდათ გერლიანი მეშვიდე საპყრობილეში, სადაც სასჯელს ქურდები იხდიან და რატომ არ გადაიყვანეს ჩვეულებრივად გლდანის ციხეში? ეს იმიტომ მოხდა, რომ გლდანის ციხეში გერლიანის მიყვანა ციხეში ქურდის გამოჩენას ნიშნავდა და სურდათ თუ არა, ქურდს თავისი მოთხოვნები ექნებოდა. ქურდის შესვლას ციხეზე ,,პრაგონის'' გატარება მოჰყვებოდა, კაი ბიჭები ხმას ამოიღებდნენ, მისთვის თავი რომ მოეწონებინათ და სწორედ ამიტომ, მეშვიდეში ქურდებთან გამოამწყვდიეს. პროკურატურა რომ ამბობს, გერლიანმა თქვა, ქურდი არ ვარ და იმიტომ გავუშვითო, ყველა დაკავებული ქურდი იტყვის მაგას და გაუშვან მაშინ ყველა'', _ ეს სიტყვები ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა გვითხრა, რომელიც... სხვა ,,კანონიერი ქურდის'' გამოშვებას თავად ჩალიჩობდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
ასეა თუ ისე, დაკავებული ,,კანონიერი'' ქურდი დარბაზიდან გაათავისუფლეს და თუ მისი ,,სტატუსი'' ვინმეს აეჭვებს, თავად ნახონ ვიდეო და მერე იმასაც უყურონ მშვიდად, უცხოეთში, ქურდულ შეკრებებზე, გერლიანი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე რომ იქნება. გამოადგება თუ არა სამომავლოდ გერლიანის მომადლიერება ამ ხელისუფლებას, მომავალი გვიჩვენებს.
პატიმარი #0578

back to top