Menu

რატომ ხოცავდა ცემით პატიმრებს ალექსანდრე მუხაძე

ხელისუფლებამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნილად გამოაცხადა _ ალექსანდრე მუხაძის, იგივე ,,ქილერას'' ბრალეულობა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალი უფრო დაუმძიმდა. მუხაძე დღემდე მიმალვაშია და როგორც ამბობენ, თავს ევროპას აფარებს. ვერ გეტყვით, მისი დაკავება რამდენად რეალურია, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მუხაძეს თამამად შეიძლება ,,ოქროს მოწმე'' ეწოდოს _ მინისტრები პირადად ურეკავდნენ და დავალებებს აძლევდნენ, რასაც მუხაძე, პრაქტიკულად, უსიტყვოდ ასრულებდა.
,,ქლიერას ,,სვაბოდიდან'' ვიცნობდი. არ იყო ცუდი ბიჭი. უფრო სწორად, მაგის ძმასთან ვძმაკაცობდი და ,,ქილერაც'' აქედან ვიცოდი. როცა გლდანის ციხის დირექტორად დაინიშნა, დავურეკე და მივულოცე, მაგრამ ისეთი გონორით მიპასუხა, მივხვდი, არავის და არაფერს გაითვალისწინებდა.
მალე წამალზე დამიჭირეს, მაგრამ მიხაროდა, რომ ჩემთან ერთად ,,ქილერას'' ძმაც დაიჭირეს. ძმას სულ იდიოტი ეძახა, მე კი ძალიან, ძალიან მაგრად მცემეს, თითქოს მხოლოდ ჩემი ბრალი იყო. ძმა გაუშვეს, მეც ჯარიმით გამომიშვეს, მაგრამ ზუსტად სამ დღეში, წამალი ,,ჩამიდეს'' და უკან შემაბრუნეს ანუ მაინც არ მაპატიეს, რა. ცოტა ხნის შემდეგ, ,,ქილერას'' ძმაც ისევ დაიჭირეს წამალზე, ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელის ძმასთან ერთად. მაშინ იმ ფეხბურთელმა და ,,ქილერამ'' გადაწყვიტეს, თითო წელი მივცეთ, წამალს გადააგდებენო და ასე მოხვდნენ ისინი გლდანის ციხეში. სასათბურე პირობები კი ჰქონდათ, მაგრამ მაინც წუწუნებდნენ. მე კი ჩვეულებრივ კამერაში ვიყავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კვირაში ორჯერ მაინც გვცემდნენ'', _ ყვება ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც მუხაძის ძმასთან დღემდე მეგობრობს.
,,ქილერა'' მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი გავლენა შეენარჩუნებინა. ვინაიდან სუსტი აღნაგობა აქვს, ცემისას პატიმრებს ვერაფერს აკლებდა და ეს აგიჟებდა. სწორედ ამიტომ, ,,კარანტინის'' დაშლის დროს, პატიმრებს ძირითადად წელსქვემოთ ურტყამდა და შემდეგ, დანარჩენი ოფიცრები მიესეოდნენ ხოლმე. მუხაძის ხელის მოქნევა იმის ნიშანი იყო, რომ პატიმარი უნდა გალახულიყო. თუ მუხაძე პირველი არ ურტყამდა, დანარჩენები ხელს არ წევდნენ.
,,ქილერა'' ახალაიას კაცი იყო _ თავიდან ბოლომდე მას ემორჩილებოდა და მიშას რამე რომც ეთქვა, თუ ახალაია არ ,,გაამწვანებდა'', ხელს არ გაანძრევდა. მე რომ დამიჭირეს, მაგის კაბინეტში ამიყვანეს და იქ დამიწყეს ცემა. ახალაია იყო, ფაცაცია, ყაჭეიშვილი და ბუთლიაშვილი. სუპერმარკეტების ქსელის გადაფორმება სურდათ და ვერ ვაგებინებდი, რომ მოადგილე ვიყავი და არა _ მეწილე. გალაკტიონის ხიდზე წამალი ,,ჩამიდეს'' და ისე დამიჭირეს. წმინდანი არ ვიყავი ამ მხრივ, მაგრამ მაშინ მართლა ,,ჩამიდეს''. მერე, როცა მიხვდნენ, რომ წილი არ მქონდა, დოლიძეზე ბინა გამაყიდინეს, 100 ათასი გადამახდევინეს და 2 წელი პირობითი მომცეს. მაშინ მივხვდი, რომ ურთიერთობა ახალაიასთან უნდა მქონოდა, რადგან ციხეს, მუხაძის ხელით, სწორედ ეგ აკონტროლებდა. ვეცადე გზების პოვნას, მაგრამ ვერ ვიპოვე და ისევ მუხაძეზე ,,გავედი''. მალე ისევ დამიჭირეს, ფული აღარ მქონდა და 4 წელი მომცეს _ მუხაძემ მარტო ვერაფერი გადაწყვიტა, ახალაიამ კი ჩემი გაშვება არ ისურვა. ამიტომ, მუხაძემ ბოდიში მომიხადა, ახალაიას ბრძანებააო და მცემეს'', _ ეს თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ც-ს მონაყოლია.
,,ერთი პატიმარი იყო, გვარად ცხვედიანი, ლეჩხუმელი. მთასავით ბიჭი ჩხუბზე დაიჭირეს. მუხაძემ რომ ხელი დაარტყა, გაეღიმა და იმხელა იყო, თავიც კი არ შეტოკებია. ამან მუხაძე გააცოფა, მოკალით, ამის დედაცო, დაიძახა და ოფიცრები აფთრებივით დაესივნენ. ბოლოს, ელექტროშოკით წააქციეს და გათიშეს. გათიშულზე მივიდა მუხაძე და ფეხებშუა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ფეხი ამოარტყა. ამის მერე ბიჭს ერთი საკვერცხე მოაჭრეს, მერე სიმსივნე განუვითარდა და რამდენიმე თვეში დაიღუპა. მუხაძეზეა მაგის ცოდვა'', _ ეს კი ყოფილი პატიმრის, დავით მ-ს მონაყოლია.
,,შენ ხომ არ გგონია, აქ ვინმე გიპატრონებს. აქ მე ვწყვეტ, ვინ იცოცხლებს და ვინ _ არა. აღიარებითი ჩვენება თუ არ მექნება, შენი ტანსაცმელი მოენატრებათ შენი ოჯახის წევრებს. მოგკლავ და პასუხს არავინ მომთხოვს, თუ არ გჯერა, ახლავე განახებ მკვდრებს. ამის მერე მუხაძემ ე.წ. მორგში ჩააყვანინა ჩემი თავი, თავად არ ჩამოსულა და იქ სამი გარდაცვლილი პატიმარი ვნახე. მორგში ორი საათი დამტოვეს, შემდეგ, ისევ მუხაძის კაბინეტში ამიყვანეს, ხელში დანას ატრიალებდა და ფურცელზე მიმითითა, ან აღიარებას დაწერ, ან შენს ნაწლავებს გაყურებინებო. აღიარება დავწერე, მაგრამ დანის წვერით მაინც მიჩხვლიტა მკლავზე, ცუდი კალიგრაფია გაქვსო და ნაიარევი მკლავზე დღემდე მეტყობა'', _ ეს ყოფილი პატიმრის, ლევან ც-ს მონაყოლია.
ზოგადად, პატიმრები ამბობენ, რომ მუხაძე ჩვეულებრივი პათოლოგი იყო. საკნებში მხოლოდ იმიტომ შედიოდა, რომ ვინმე ეცემა და მხოლოდ მაშინ მშვიდდებოდა, როცა სისხლს დაინახავდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მისი ბრძანებით (ბრძანებებს საიდან იღებდა, უკვე ვთქვით), 18 პატიმარი მოკლეს. ასევე ამბობენ, რომ საკუთარი ინიციატივით ათზე მეტი პატიმარი ცემის დროს შემოაკვდა, მაგრამ რადგან დავალებების კარგი შემსრულებელი იყო, ეს საქმე ეპატია.
ალექსანდრე მუხაძე დღემდე იძებნება.
პატიმარი #0578

back to top