Menu
RSS

მძარცველთა ,,ყველაზე თავზეხელაღებულ'' დაჯგუფებას, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ,,კანონიერი ქურდი'' სპარტაკ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა?!

გასული თვის ბოლოს, ესპანეთის დიდ ქალაქებში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ესპანელმა სამართლადმცავებმა 50 ქართველი დააკავეს და როგორც თავად აცხადებენ, ყველა მათგანი კრიმინალია. ესპანეთის პოლიცია არ მალავს, რომ სპეცოპერაცია კვირების განმავლობაში იგეგმებოდა და დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ბინის ქურდია. ბინები კი მადრიდში, ბარსელონაში, სევილიასა თუ სხვა ქალაქებში ხშირად იძარცვება და ამ საქმეში მთავარი ეჭვმიტანილები სწორედ ჩვენი თანამოქალაქეები არიან. მეტიც, იქაურ სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ დაჭერამდე ორი კვირით ადრე, ანუ 14 დღეში ქართველებმა ესპანეთის დედაქალაქში 1000-ზე მეტი ბინა გაქურდეს, რაც დაგვეთანხმებით, რომ ძალიან დიდი ციფრია.
,,ისინი ვერ ჩერდებოდნენ. უფრო ზუსტად, არ ჩერდებოდნენ. ერთი დაჯგუფება დღეში რამდენიმე ბინას ტეხდა და ასუფთავებდა. ეს იყო ყველაზე თავზეხელაღებული სინდიკატი, რომელსაც კი ოდესმე ესპანეთში უმოღვაწია'', _ დაახლოებით ასეთია ესპანელ სამართალდამცავთა განცხადება.
მათივე ინფორმაციით, კრიმინალურ სინდიკატს ქართველი კანონიერი ქურდი, სპარტაკ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. ჯაფარიძეზე ესპანელებმა ძებნა გამოაცხადეს და მასზე ჯილდოც კი დააწესეს, მაგრამ არავინ გამოჩნდა, ვინც მის ადგილსამყოფელს მიანიშნებდა. არადა, ჩვენი ინფორმაციით, ჯაფარიძე ბოლო 2 წელია საბერძნეთში ცხოვრობს და ქვეყანა ერთხელაც არ დაუტოვებია. მეტიც, რამდენიმე მცდელობა, საბერძნეთიდან გასულიყო, უშედეგოდ დასრულდა, რადგან ქართველი ,,კანონიერი ქურდი'' ჯერ სომხეთმა არ მიიღო, შემდეგ კი უკრაინამ. რეალურია ჩვენი ინფორმაცია თუ არა, ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ, მანამდე კი...
2003 წელს, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, კრიმინალურ წრეებში ერთგვარი ზეიმი იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის გუნდის მოსვლაში ,,კანონიერმა ქურდებმა'' სერიოზული როლი შეასრულეს და ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ ჯაფარიძე იყო. სპარტაკი და მომავალი პრეზიდენტი ერთმანეთს უკრაინიდან იცნობდნენ. მიშა იქ სასწავლებლად იყო, ჯაფარიძე კი თავის ძმასთან ერთად, უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქურდად ითვლებოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილი და ჯაფარიძე არამარტო ნაცნობები, არამედ მეგობრებიც იყვნენ, თუმცა ქურდები მალე მიხვდნენ, რომ მეგობრობა არ გამოვიდოდა _ ახალმა ხელისუფლებამ ,,კანონიერ ქურდებთან'' დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა, ჯაფარიძე, სხვების მსგავსად, საქართველოდან გაიქცა, თუმცა 2007 წელს კიევში დააპატიმრეს, საქართველოში მისი ექსტრადირება მოახდინეს და ,,მეგობრის'' მიერ კონტროლირებადმა სასამართლომ მას ჯამში 18 წელი მიუსაჯა. 2014 წელს, შეკრებითობის პრინციპით, ჯაფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და მეორე დღესვე საქართველოდან წავიდა. მას შემდეგ, ჩვენი ინფორმაციით, საბერძნეთში იმყოფება.
არსებული ინფორმაციისა და ესპანეთის სპეცოპერაციის დეტალების გადასამოწმებლად, ესპანეთში მყოფ ქართველ კრიმინალს შევეხმიანეთ:
_ საშინელება მოხდა. ერთდროულად დაიწყო სპეცოპერაცია ყველა ქალაქში, მხოლოდ რამდენიმემ მოასწრო გაქცევა, მათ, ვინც სახლში არ იყო და 2-3 კაცთან დარეკვა მოესწრო. დანარჩენები დაიჭირეს. ზოგადად, ესპანეთში ბინის ქურდობა მძიმე დანაშაულად არ ითვლება, სასამართლოდან უშვებენ, მაგრამ ჩვენებს პატიმრობა შეუფარდეს, მიმალვის საფრთხე არსებობს, სხვა ქვეყანაში გადავლენო. სავარაუდოდ, უმრავლესობას გასროკავენ.
_ სპარტაკ ჯაფარიძეზე თქვეს, ეგ იყო ხელმძღვანელიო და ძებნაც გამოაცხადეს...
_ ალბათ რომელიმემ დააბრეხვა სპარტაკის სახელი, თორემ ეგ საბერძნეთშია და ესპანეთში კარგა ხანია არ ყოფილა. ის, რომ ნაქურდალიდან ქურდებთან წილი მიდიოდა, არავისთვის არის ახალი ამბავი, მაგრამ ასე შეიძლებოდა ნებისმიერი ქურდი დაესახელებინა ნებისმიერს და სამართალდამცავებიც მეთაურად სხვას იტყოდნენ.
_ სხვათა შორის, საქართველოში იმასაც ამბობენ, სპარტაკ ჯაფარიძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი კანონიერი ქურდის, გიორგი ავალიანის თემას პირადად იძიებს და ვიღაცები დალეწა კიდეცო...
_ სპარტაკა და გიო დიდი ხნის ძმაკაცები არიან, სულ ერთად იყვნენ და გიოს სიკვდილი რომ გაიგო, ბავშვივით ტიროდა სპარტაკა. მერე ვიღაცებს ამბები გამოკითხა, ვიღაცები ცემეს, ვიღაცები ძალიან მაგრად სცემეს, მაგრამ კაცი მკვდარია და რეალურად, მიზეზიც ბოლომდე არავინ იცის. ისე, თუ ვინმეს მიაგნეს, ვინც ავალიანის სიკვდილში ურევია, მარტო სპარტაკა კი არა, აქაური ქურდები ნაკუწებად აქცევენ...
_ ახლა რა ხდება ესპანეთში?
_ პრაქტიკულად, ყველამ შეიცვალა მისამართი, პოლიციელებმა რომ არ დაიჭირონ, ჩვენი გზებით ვცდილობთ ბიჭების დახსნას, ფული აქაც ანათებს ჯოჯოხეთს და იმედი გვაქვს, რომ ყველას თუ არა, უდიდეს ნაწილს მაინც გამოუშვებენ.
_ საქართველოში ბევრს საუბრობენ სააკაშვილისა და ჯაფარიძის მეგობრობაზე და სპარტაკას თუ უხსენებია ეგ თემა ოდესმე?
_ მე მარტო ის ვიცი, რომ მიშას იცნობს და მეგობრობენ თუ არა, ეგ მაგას ჰკითხეთ.
_ და ერთსაც გკითხავ _ რომ ბაქი-ბუქობთ ხოლმე, ,,ქურდული პრიგავორი'' და რამეო... ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანია ევროპაში, რომლებსაც ქურდების გამწარებაში დიდი წილი უდევს და ერთს ვერ გადაეყარეთ სადმე?
_ ეგეც ქურდებს ჰკითხე...
პატიმარი #0578

back to top