Menu
RSS

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ორი უბედურება სჭირთ _ მათი უმრავლესობა კრიმინალით ირჩენს თავს და ამ უმრავლესობის უმრავლესობა საერთოდ ვერ ერკვევა ანტიკვარიატში. უფრო კონკრეტულად, ქართველმა კრიმინალებმა იციან ოქროს, ვერცხლისა და საათების ფასი, კიდევ რაღაცები, მაგრამ წარმოდგენა არ აქვთ ფერწერაზე, ძველ ნივთებსა და მარკებზე... არადა, ერთი ნახატით ან ერთი მარკით იმდენის შოვნა შეუძლიათ, საქართველოში თამამად რომ დაბრუნდნენ და ბიზნესიც დაიწყონ, მაგრამ რად გინდა?!
ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ და, ზოგმა ისიც არ იცის, რომ მაგალითად მკვლელობა, უპატიებელი საქციელია _ რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წითელი ცირკულარით ძებნილი პირები დააკავა, რომლებსაც გერმანიაში მოხუცი ქალის მკვლელობა ედებათ ბრალად და გერმანიის სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობაც კი მიუსაჯა. ეს კარგია, რადგან ყველამ უნდა იცოდეს, ჩვენებურმაც და გადამთიელმაც, რომ მკვლელობა, სადაც უნდა ჩაიდინო, დასჯადია და არავის ეპატიება...
თუმცა რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ დიტო ტ.-ს მკვლელობასთან საერთო ნამდვილად არაფერი ჰქონდა _ ერთ-ერთი ინტელიგენტი პატიმარი იყო. მუდმივად სუფთად ეცვა, წვერს ყოველდღიურად იპარსავდა, ვარჯიშობდა, ცოტას ჭამდა, მაგრამ ცდილობდა ხარისხიანად ეკვება. დასვენების დღეებში სპორტულებით დადიოდა, დანარჩენ დღეებში კი ნაჭრის შარვალი, თეთრი პერანგი და ხშირად კოსტუმიც ეცვა. ასე ვარ მიჩვეულიო, ამბობდა, არადა, მისი თანაკლასელი ღიმილით ყვებოდა, რომ დიტო ბავშვობიდანვე იპარავდა, მთელ უბანს აზანზარებდა და კაიბიჭის სახელი ჰქონდა.
,,მინისტრის მოადგილესავით გამოწყობილი რომ დადიხარ და დახვეწილ მანერებთან ერთად, ბაზარიც დახვეწილი გაქვს, ამით თავს იმშვიდებ თუ ამათ აგიჟებ?!'' _ ჰკითხა ერთხელ პატიმარმა #0578-მა.
,,რატომ მოადგილესავით და არა მინისტრივით?'' _ დაინტერესდა დიტო.
,,მინისტრს დაცვა ჰყავს ჩემო ძმაო და მაშინ დაცვით უნდა იარო'', _ გაეღიმა #0578-ს.
,,გოიმი ხარ. დაცვა მე რომ მყავს, იმდენი უნდა. შიდა პერიმეტრი, გარეპერიმეტრი. თან მინისტრი ხომ არ ინტერესდება დენის გადასახადი რამდენი აქვს, კომუნალურები და რამე... მეც არ მაინტერესებს'', _ გაეცინა დიტოსაც.
,,კეთილი, მინისტრი იყავი'', _ შეუცვალა რანგი #0578-მა.
,,გარეთაც, ევროპაშიც, ასე დავდიოდი რა. იმიტომ, რომ ვიღაც რომ შემოგხედავს, არ უნდა იფიქროს, ,,პრისტუპნიკიაო''. ფსიქო ლოგიური მომენტია, რა. შენ რომ ქუჩაში მაგარ ,,ზმანზე'' ხედავ ტიპს, უფრო პატივისცემით იმსჭვალები, ჩამოძონძილ ტიპებს კიდევ ერიდები, გგონია, რომ დაუბანელია, სუნი ექნება. მიმიხვდი?'' _ აუხსნა დიტომ.
,,მერე გშველოდა?'' _ ისევ გაეცინა #0578-ს.
,,ძალიან მაგრად. მუზეუმები, აუქციონებზე, სულ მისტერ ჯორჯს მეძახდნენ'', _ სერიოზულად თქვა დიტომ.
,,ჯორჯს რატომ?'' _ გაუკვირდა #0578-ს.
,,ეეე, შენ მართლა გოიმი ყოფილხარ. რატომ და იმას ხომ არ ვეტყოდი, დიმიტრი მქვია, მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში გავიზარდე და ჩემი მეზობელი მეეზოვე ტერეზაა-მეთქი'', _ ხელი აიქნია დიტომ.
,,და მუზეუმებში და აუქციონებზე რაღას აკეთებდი?'' _ არ მოეშვა #0578.
,,ბაცაცობას ხომ არ დავიწყებდი ევროპაში? მუზეუმებში ნახატებს ვათვალიერებდი, არის პატარ-პატარა ქალაქებში ისეთი მუზეუმები, რომლებსაც დიდი დაცვა არ აქვს და იქიდან ნახატის მოპარვა შეიძლება. მერე შეიძლება ის ნახატი 50 ათასად გაყიდო შავ ბაზარზე და ამხელა თანხა რომ იშოვო ბინის ქურდობით, ერთი კორპუსი უნდა გაასუფთავო. აუქციონზე იმ ტიპებს ვიცნობდი და ვაკვირდებოდი, ვინც დიდ ფულს იხდიდა ნივთებში. მაგალითად, კაცი რომ მილიონს გადაიხდის ნახატში, იმას სახლში სხვა რამეებიც ექნება. აი, ასეთ ბინებზე ჩალიჩი მიღირდა'', _ აუხსნა დიტომ.
,,რაღაც არ გამიგია, დიტომ ვან გოგი, პიკასო ან მოდილიანი მოიპარა და გაყიდაო'', _ თვალები მოჭუტა #0578-მა.
,,შენ რომ გაგეგო, მანდ დამერხეოდა სწორედ. ეს ისე უნდა გააკეთო, არავინ გაიგოს, ამიტომ სულ მარტო დავდიოდი. სერიოზული ნახატი მართლა არ მომიპარავს, ორჯერ წამოვიღე ნახატი და თითო 25 ათას ევროდ გავყიდე. აი, ბოლო საქმე რომ გამომსვლოდა, აქ ნაღდად არ ვიქნებოდი. მინიმუმ ბრაზილიაში, სანაპიროზე, აქეთ-იქედან ბრაზილიელი ქალები და მიდი დიტო, იგულავე... მაგრამ ჩემი ბრალია, სარეცხის მანქანა არ უნდა მეყიდა'', _ დანანებით თქვა დიტომ.
,,რაა?!'' _ სულ დაიბნა #0578.
,,ერთ-ერთ აუქციონზე მარკა გაიყიდა. ვიღაც მოხუცმა 400 ათასი გადაიხადა. წავყევი ამ მოხუცს სახლამდე და დავიწყე ფიქრი, როგორ შევმძვრალიყავი მის ბინაში. ყველაფერი გავთვალე და დავთვალე, ევროპაში მოხუცები შვეიცარული საათივით ცხოვრობენ, ჭამა გინდა, სეირნობა, დასვენება პარკში, ყველაფერი გათვლილი აქვთ. ჰოდა, შევისწავლე ამ კაცის გრაფიკი, ორსაათიანი ფანჯარა ვუპოვე და სახლში შევძვერი. მეგონა მარკის ძებნას დიდი დრო დასჭირ
_ დებოდა, მაგრამ ეს მარკა, რომელიც იყიდა, ჩარჩოში ჰქონდა და კედელზე ეკიდა. მშვიდად ჩამოვხსენი, მეტი არც არაფერი მიძებნია და წამოვედი. მივიკითხე, მოვიკითხე და მყიდველი საქართველოში ვიპოვე. ავლაბრელი სომეხი, რომელსაც მერე რუსეთში უნდა წაეღო მარკა. 200 ათასს იხდიდა. მარკის გამოგზავნას აბა რა უნდა, ვიყიდე ნახმარი ,,კურტკა'', გავუჭერი იარლიყი, ჩავდე მარკა და ამოვკერე. ნახმარი იმიტომ, რომ ახალი ,,ზმანი'' თუ ,,დაევასათ'' ჩვენს საბაჟოზე, იპარავენ. იმისთვის, რომ ,,კურტკას'' არ შეხებოდნენ, იღლიასთან გავარღვიე კიდეც. რამდენიმე ძონძთან და ორ ახალ პერანგთან ერთად, ჩავდე ამანათში და გამოვუშვი საქართველოში დედაჩემის სახელზე. მინდოდა დედაჩემს აეღო, რომ არ ეეჭვათ, რამეს აგზავნისო. მერე ,,კურტკას'' ძმაკაცი წაიღებდა, მარკას მიცემდა და ფულს ჩამირიცხავდა. აიღო დედაჩემმა ამანათი და რომ ნახა ნახმარი და დახეული ,,კურტკა'', გაკერა და გარეცხა. ძმაკაცს პატივი სცა რა. არადა, მე ვუყიდე სარეცხი მანქანა რომ არ ეწვალა, მალე რეცხავს და აშრობს-მეთქი. ასე გავატანე 5-ევროიან ,,კურტკას'' 200 ათასი'', _ დაასრულა მოყოლა დიტომ.
,,მარკას რა ეხატა, ის მაინც გახსოვს?''
,,კი, როგორ არ მახსოვს. ცხენი და ცხენში შებმული ორთვალა ეტლი. კეპკიანი მხედარი იჯდა ეტლში'', _ დანანებით თქვა დიტომ.
,,და რაზე დაგიჭირეს?''
,,დედა გარდამეცვალა, გასვენებაზე ჩამოვედი და გასვენების მეორე დღეს ორ აბი ,,სუბუტექსი'' ჩამიდო ჩვენმა პოლიციამ, 9 წელი მოსამართლემ სულ ღიმილიანი სახით მომცა და ახლა აქ ვარ'', _ გაეღიმა დიტოსაც.
,,რატომ არ გააპროტესტე?'' _ დაინტერესდა #0578.
,,შენ თუ გააპროტესტე, იმიტომ ვერ მოგარჭვეს 17 წელი, რა'', _ შეახსენა დიტომ და #0578-საც აღარაფერი უკითხავს.
პატიმარი #0578

back to top