Menu

რა ინფორმაცია გაუმხილა „ვერსიას“ უცხოეთში მყოფმა პატიმარმა

მიმდინარე საარჩევნო პროცესებისა და ახლადარჩეული პარლამენტის სხდომების ფონზე, ერთი შეხედვით დავიწყებას მიეცა ქართველი კანონიერი ქურდების ბედი საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ. მოგეხსენებათ, საქართველოში კანონიერი ქურდობა დასჯადია და ამიტომ, კრიმინალური სამყაროს ეს კასტა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში არსებობს. ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის ზეწოლის ფონზე, ხელისუფლებამ ,,კანონიერ ქურდებს'' საქართველოში შემოსვლა მთლიანად აუკრძალა, ანუ ქურდები ვერც ახლობლების გასვენებაში ჩამოდიან მალულად და ვერც ქორწილებზე. არადა, თუნდაც შარშან, ეს შესაძლებელი იყო _ ხელისუფლების შესაბამის პირებთან შეთანხმების შემდეგ, ქურდები საზღვარს 2-3 დღით კვეთდნენ და შემდეგ ისევ ქვეყნიდან გადიოდნენ.
ამ ყველაფერმა კი ის მოიტანა, რომ არჩევნებში კრიმინალური სამყაროს ჩართულობა მინიმალური იყო. არსებული ვითარების ფონზე, კანონიერმა ქურდებმა მაყურებლის როლი აირჩიეს და, როგორც ამბობენ, შესაბამის მომენტს ელოდებიან, რათა საკუთარი გავლენა კვლავ აამოქმედონ და სანაცვლოდ მინიმუმ ქვეყანაში ჩუმად გადაადგილების უფლება მიიღონ. ეს სამომავლოდ, მანამდე კი საზღვრებსგარეთ ქართველ ,,ქურდებს'' შორის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შაქრო კალაშოვი დააპატიმრეს, ქურდული სამყაროს შეფობისთვის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს და ამ ბრძოლაში ქართული დაჯგუფებები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მხარეს არიან.
ცნობისათვის, 2013 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც მოსკოვში დედ ჰასანი მოკლეს, რუსეთის დედაქალაქში ,,კანონიერი ქურდი'' აღარ მოუკლავთ. ეს ერთგვარი წყალგამყოფი იყო იმისა, რომ მოსკოვში ქურდებს აღარ ეხებოდნენ და ამიტომ, ბოლო მონაცემებით, რუსთა დედაქალაქში 400-მდე ,,კანონიერი ქურდი'' აფარებს თავს, თუმცა...
,,31 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში სასტიკად ნაცემი მამაკაცი მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მიღებული ტრავმების გამო, მამაკაცი ორი დღის შემდეგ გონს მოუსვლელად გარდაიცვალა'', _ ასეთია რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
გარდაცვლილი ,,კანონიერი ქურდი'', გიორგი შირინოვი აღმოჩნდა. გვარმა არ მოგატყუოთ, გიორგი შირინოვი, იგივე ,,გიო გიურზა'', ტყიბულიდან გახლავთ, საქართველოს მოქალაქეა და ქართველი კანონიერი ქურდების დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ამის მიუხედავად, რუსი სამართალდამცავები დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ თანამემამულეები გაუსწორდნენ ,,გიურზას'' და სამაგალითოდ დასაჯეს. მათივე ცნობით, დაპირისპირება თბილისურ, ქუთაისელ და აფხაზ ,,კანონიერ ქურდებს'' შორის მიმდინარეობს და სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა.
ამის პარალელურად, ქართველ ქურდებს სხვა საფიქრალიც აქვთ. სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბადრი ნათობაძის გარემოცვას უკრაინაში გარდაცვლილის ძმა, გიორგი ჯოხაძე და ვატო ყიფიანი ეძებენ, მათ ხელი რუსეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც მიუწვდებათ. საბერძნეთში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ,,კანონიერი ქურდის'', გიორგი ავალიანის გამო, შურისძიებას აპირებენ იქ მყოფი კანონიერი ქურდები, მაგრამ ჯერჯერობით არ იციან, ვის მიუძღვის ბრალი ბოლო თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქურდის სიკვდილში. უფრო კონკრეტულად კი, ქურდებს ერთი ეჭვმიტანილი ჰყავთ, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი პრაქტიკულად ყველა ,,კანონიერი ქურდი'' ,,აკაჩავებს'', მაგრამ რეალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.
,,ქურდული სამყარო ასე არეული არასდროს ყოფილა. ისინი აღარ სჭირდება არცერთ ხელისუფლებას, ამას ემატება შიდადაპირისპირებები და შეიძლება ითქვას, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, ქურდები ერთმანეთს თავად გაანადგურებენ. რუსეთის ციხეებში მეტ-ნაკლებად ქურდების ინსტიტუტი ისევ მუშაობს, მაგრამ ესეც პირობითია _ ადგილობრივი კრიმინალები, რომლებიც ქურდებს სულ უფრო ნაკლებ ანგარიშს უწევენ და არანაირად არ სურთ, რაიმე შეზღუდვები და ჩარჩოები ჰქონდეთ, ქურდებს ციხეებზეც ავიწროვებენ. ადმინისტრაციას ეს აწყობს, ზონებზე ქურდებს ნაკლებ ანგარიშს უწევს და ამიტომ, მათი ძალაუფლება გავლენას ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად კარგავს'', _ ეს სიტყვები სოციალურ ქსელში რუსეთის ერთ-ერთ ციხეში მყოფმა ქართველმა პატიმარმა მოგვწერა, რომელიც თავისუფლებაზე მაისში გამოვა, მანამდე კი ცდილობს თავი გადაირჩინოს.
,,ადამიანის დაჭრა რუსულ ზონაში ჩვეულებრივი ამბავია. თუ ოდნავ მაინც რამეს წარმოადგენ, არც ტელეფონის შოვნაა პრობლემა, გარედან ბოლო მოდელის ტელეფონის შემოტანა 200 დოლარამდე ჯდება. ამიტომ, აქ სოციალური ქსელიც გვაქვს და პრაქტიკულად ყველა ტელევიზიაც. არიან პატიმრები, რომლებსაც პერსონალური კომპიუტერებიც აქვთ და მთელი დღის განმავლობაში კარგად ერთობიან. კომპიუტერთან დრო უმნიშვნელოდ გადის. ზოგი ფილმებს უყურებს, ზოგიც სოციალურ ქსელშია და ახლობლებს ესაუბრება. პრობლემა არ არის ნებისმიერი ,,კანონიერი ქურდის'' მოკითხვა, მაგრამ რად გინდა _ ციხეში მყოფმა პატიმარმა კარგად იცის, რომ იტალიაში, ესპანეთსა თუ სხვა ქვეყანაში მყოფი ქურდი ვერაფერს დააკლებს და ამიტომ, მათი გავლენა სუსტდება. ბოლო ორი კვირაა გამკრიტეს და ასე მირჩევნია. მაისამდე ვეცდები იზოლირებული ვიყო რეჟიმის დარღვევისთვის და ეს ადმინისტრაციამაც კარგად იცის. ამიტომ, შესაძლოა ფული მომთხოვონ და ერთი თვე იზოლირებულად ყოფნა 300 დოლარი დამიჯდეს, მაგრამ გადავიხდი, შემთხვევით ვინმე თავზე ხელაღებულმა დანა რომ არ დამისვას და საპასუხოდ მეც იგივე არ გავაკეთო. ამას სროკის დამატება მოჰყვება. მოკლედ, რუსეთში ცხოვრება აღარ ღირს, ისევ ევროპა და იმის ჯანი, მაგრამ იქაც ქურდებს მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები თუ აღიარებენ, თორემ იგივე ესპანელ და იტალიელ კრიმინალს ქურდი ფეხებზე ჰკიდია. იქ ბარიგები მაგარი ტიპები არიან, ჩვენთან კიდევ ბარიგობა გრეხია. იქ იარაღის გამყიდველი სერიოზული დონეა, ქურდული კარაბადინი კიდევ იარაღით ვაჭრობას უპატიებელ ცოდვად მიიჩნევს. ასე უნდა გავხდეთ ან მაფიოზები, ან კიდევ ქურდული სამყარო ნელ-ნელა არამარტო სამართალდამცავების, არამედ მთლიანად, დანარჩენი კრიმინალური სამყაროს სამიზნე გახდება'', _ მოგვწერა ქართველმა კრიმინალმა.
რეალობა ასეთია _ ქართველი კანონიერი ქურდები ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, სხვა ქვეყნის ქურდები ახალ რელსებზე გადასვლას ცდილობენ, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიდის ლოგიკურ დასასრულამდე _ საბჭოთა სისტემის მიერ შექმნილი ერთ-ერთი უკანასკნელი გადმონაშთი დასამარებისთვის ნელ-ნელა ემზადება.
პატიმარი #0578

back to top