Menu
RSS

სამინისტროს ინიციატივებს პარლამენტი ახლო მომავალში განიხილავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სამომავლოდ, არაერთი სიახლის დანერგვას გეგმავს. ახალი ინიციატივების შესახებ, ჯერ კიდევ მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, კახა კახიშვილმა, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა. თუმცა გეგმების წარდგენამდე, კახიშვილმა, პარლამენტის წევრებს, სისტემაში უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:
2012 წლის შემდეგ, უწყებაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა. გასული 4 წლის განმავლობაში, სასჯელაღსრულების სფეროს მიმართულებით, საქართველოს პარლამენტმა ძალიან ბევრი რეგულაცია მიიღო. მკაცრი რეგულაციები იყო საჭირო, რათა პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილიყო ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ ამავდროულად, საჭირო იყო სარეჟიმო პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრიც. რიგი ცვლილებები შევიდა დაახლოებით 40-მდე კანონში. სწორედ მათ შესაბამისად, მივიღეთ მოდელი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები ოთხი ტიპის მიხედვით დავყავით. ესენია: დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება'', _ განაცხადა კახა კახიშვილმა და ისიც დასძინა, რომ რესოციალიზაციის მიზნით, საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამები განხორციელდა. მათ შორისაა, პროფესიული განათლებისა და დასაქმების უზრუნველყოფა პატიმართათვის: ,,გვაქვს საშუალება, პატიმრები კონტრაქტის საფუძველზე, 20 ლარის დღიური ანაზღაურებით, მცირე სარემონტო სამუშაოებზე დავასაქმოთ. ამასთან, გავხსენით სპეციალური ონლაინმაღაზია, რათა მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში წარმოებული ნამუშევრების რეალიზაცია მოგვეხდინა. გაყიდული პროდუქციის შედეგად მიღებული თანხები კი, პირდაპირ პატიმართა ანგარიშზე ირიცხება''. სიახლეს უკვე აღარავისთვის წარმოადგენს, რომ პატიმართა დასაქმების მიზნით, სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვა საწარმო გაიხსნა. მაგალითად, უკვე ფუნქციონირებს პურის ხუთი საცხობი. ფუნქციონირებს ავეჯის საამქროც, ქალთა დაწესებულებაში მოქმედი სპეციალური სამკერვალოც, სადაც ქალი მსჯავრდებულები ლეიბებს კერავენ. მინისტრის თქმით, დასრულდა დრო, როცა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მხოლოდ ადამიანის იზოლაციისთვის გამოიყენებოდა. პარალელურად, საჭირო იყო სარეჟიმო უზრუნველყოფაზე ფიქრიც, სწორედ ამიტომ განხორციელდა პატიმრების კლასიფიცირება რისკების მიხედვით. დღეს, რისკი განსაზღვრული აქვს 3639 მსჯავრდებულს, აქედან 3 265 მსჯავრდებულს საშიშროების საშუალო რისკი განესაზღვრა, 203-ს _ საშიშროების მაღალი რისკი, 158 მსჯავრდებულს _ საშიშროების დაბალი რისკი, ხოლო 13 მსჯავრდებულს კი _ საშიშროების მომეტებული რისკი.
არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მიმართულებითაც. მაგალითად, წარმატებით მოქმედებს სუიციდის პრევენციის პროგრამა, სადაც ჩართული არიან სუიციდის მომეტებული რისკის მქონე პატიმრები. დაწესდა დაზიანებათა აღრიცხვის წესი „სტამბოლის პროტოკოლის“ გათვალისწინებით _ მოხდება პატიმართა სხეულზე დაზიანებათა ფოტოგრაფირება, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოძიებას სრულყოფილი მასალა ჰქონდეს. უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ ომბუდსმენსა და მის წარმომადგენელს მიეცათ საშუალება პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელონ მათი ან/და მათი უშუალო განთავსების პირობებისა და ადგილების ფოტოგადაღება. წარმატებით ხორციელდება ასევე ჩ ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაც. 2014 წლიდან დღემდე, პროგრამაში ჩაერთო 1548 პაციენტი. ჩატარდა მასშტაბური სკრინინგი და 603 პაციენტი დაავადებისგან სრულად განიკურნა. 598 ბრალდებული და მსჯავრდებული ასევე გადის მკურნალობას. წარმატებით ხორციელდება ტუბერკულოზის პროგრამაც. პენიტენციურ სისტემაში, დღეის მდგომარეობით, 73 ბენეფიციარია.
რაც შეეხება ნოვაციებს, მინისტრი კახიშვილი აცხადებს, რომ უწყებაში სამომავლოდ, გრანდიოზული გეგმები აქვთ:
არასრულწლოვანი და 21 წლამდე პატიმრებისთვის ცალკე დაწესებულება აშენდება
სასჯელაღსრულების სამინისტრო უპრეცედენტო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულება აშენდება. ,,კარგად გვესმის, რომ ერთი კალენდარული დღე ბუნებაში არაფერს ცვლის. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, პატიმრის სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადაყვანა სწორი არ იქნებოდა. ამიტომ, ევროკავშირის რეკომენდაციით და მათი მხარდაჭერით, 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება შეიქმნება'', _ განაცხადა კახიშვილმა და დასძინა, რომ ამ დაწესებულებაში მსრჯავლდებულები/ბრალდებულები უზრუნველყოფილნი იქნებიან ასაკის შესაბამისი ცალკეული პროგრამებით იმ მიზნით, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრგირება მოხდეს.
მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ექნებათ
ერთ-ერთი გრანდიოზული სიახლეა ისიც, რომ სურვილის შემთხვევაში, პატიმრებს ექნებათ საშუალება, უმაღლესი განათლება დისტანციურად მიიღონ. უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. უმაღლესი განათლების მიღების უფლებით ისარგებლებს გათავისუფლებისთვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული. საუბარია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე _ ბაკალავრიატი. ამ საკითხზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. დღეს, ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს პენტენციურ დაწესებულებაში ზოგადი და პროფესიული განათლება მიიღოს. გარდა ამისა, საშუალება აქვთ მონაწლეობა მიიღონ ეროვნულ გამოცდებში, თუმცა ვერ იღებენ უმაღლეს განათლებას სასჯელის მოხდის პერიოდში. ცვლილებების შედეგად კი, მათ საშუალება ექნებათ უმაღლესი განათლების მიღების უფლებით პატიმრობის პერიოდშიც ისარგებლონ. კახიშვილის განმარტებით: ,,ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლევადიანი სასწავლო კურსები, რომლის დასრულების შემდეგაც მსჯავრდებულები შესაბამის სერტიფიკატებს იღებენ. ამ დროისთვს, საგანმანათლებლო პროგრამებში 1060-ზე მეტი მსჯავრდებულია ჩართული''.
შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ამოქმედდება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, შინაპატიმრობის სისტემა უკვე ამოქმედდა. სამომავლოდ კი, დაგეგმილია, თავისუფლების შეზღუდვის ნაცვლად, არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის დანერგვა. სერვერი, სამაჯურები და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა უკვე შეძენილია. მინისტრ კახიშვილის განმარტებით, სასურველია უფრო მეტად ისეთი ტიპის სასჯელების დანერგვა, რომლებიც ერთი მხრივ, არ იქნება დაკავშირებული პატიმრობასთან, მაგრამ მეორე მხრივ, სამართალდამცავ სისტემას მისცემს საშუალებას, გააკონტროლოს კრიმინოგენული ვითარება.
საინტერესოა ისიც, რომ უწყებაში პრაქტიკის ანალიზი მოახდინეს და დარწმუნდნენ, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ფაქტობრივად აღკვეთის ღონისძიების ორი ეფექტური სახე გვაქვს, რომელსაც სასამართლო იყენებს _ გირაო და პატიმრობა. ამ ფონზე, სამინისტრო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობის შემცირების მიზნით, პარლამენტს წინასასამართლო პრობაციის შემოღებასაც შესთავაზებს. ასევე, მცირდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადებიც: მაღალი რისკის მსჯავრდებულთათვის 90 დღიდან 60 დღემდე, სხვა ტიპის დაწესებულებებში _ 60 დღიდან 30 დღემდე. იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების ინიცირების წესიც. იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯვარდებულთა გათავისუფლების წესიც. სასჯელის 20 წლის მოხდის შემდეგ, მათ მიეცემათ საშუალება მიმართონ სასამართლოს სასჯელის შეცვლის მოთხოვნით.
უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსჯავრდებული განაცხადებით მიმართავს საბჭოს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი ვეღარ იქნება განხილული, ვისაც მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ საშიშროების მაღალი რისკი განესაზღვრება.
ქალი პატიმრების გარკვეულ კატეგორიას უქმე დღეებში შვილთან წასვლის უფლება მიეცემა
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კახა კახიშვილმა დააანონსა, ქალი პატიმრებისთვის, ნამდვილად სიურპრიზია. არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა მსჯავრდებულ ქალებს პენიტენციურ დაწესებულებებში ჰყავთ 3 წლამდე ასაკის შვილი. ბავშვთა უფლებების დაცვის ყველა ორგანიზაციის რეკომენდაციით, დაწესებულებაში ბავშვების ყოფნა, მხოლოდ 3 წლამდეა შესაძლებელი, ვინაიდან სპეციალისტთა მოსაზრებით, სამი წლის ასაკის ზემოთ ბავშვის პენიტენციურ დაწესებულებაში დარჩენა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
3 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ბავშვის გაყვანა და დედასთან დაშორება ძალიან მტკივნეული პროცესია. ამ ფონზე, სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, მსჯავრდებულ დედას, საშიშროების რისკის გათვალისწინებით, საშუალება მიეცემა, უქმე დღეებში გავიდეს დაწესებულებიდან და შვილთან ერთად იყოს.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების პაკეტს საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს.
ნინო ლურსმანაშვილი

back to top