Menu
RSS

43 წლის მამაკაცი პოლიციაზე განზრახ სხეულის დაზიანების მცდელობისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით დააკავეს

რომელ ქართველს არ უყვარს ქეიფი და დროსტარება, მაგრამ ბევრს ხშირად ის ავიწყდება, რომ გვარიანად შეზარხოშების შემდეგ, ცენტრალურ ევროპაში, აუცილებელი არაა, თავი შევარდნაძისა და მხედრიონის ეპოქაში წარმოიდგინო. ქართველებს სიმღერაც გვიყვარს და ეს არც შუაგულ ევროპაში აკვირვებს ვინმეს, მაგრამ ავსტრიის დედაქალაქში რევოლვერის ტრიალი და სროლა, მეტისმეტია. ადამიანი სამშობლოში ოჯახის დესპანია, სამშობლოს საზღვრებსგარეთ კი _ ქვეყნისა და ერის. სამწუხაროა, რომ ეს ხშირად გვავიწყდება და გამოუსწორებელ შეცდომებს ვუშვებთ, ან უარესი _ შეცდომას შეცდომას ვუმატებთ. ამ ფონზე, გასაკვირი აღარცაა, რომ სახელი საქვეყნოდ გვაქვს გატეხილი. `ვერსია~ ვენაში მომხდარი ერთი ფაქტის შესახებ გიამბობთ, რომელმაც ავსტრიაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ისტორიის მთავარ გმირს კი, პატიმრობა მოუტანა და ვინ იცის, იქნებ ახლა კამერაში ამაყობს კიდეც _ მაგარი ბიჭი ვარ, სიმამაცე გამოვიჩინეო. არადა, სერიოზული და მაგარი ადამიანები ისე დაუფიქრებლად როდი იქცევიან, საკუთარ ერსა და ქვეყანას სირცხვილი აჭამონ.
მოკლედ, გიამბობთ ამბავს, რომელიც ნოემბერში, ავსტრიის დედაქალაქში მოხდა _ 43 წლის ნასვამმა პირმა, ვენის მე-14 რაიონის ამაისგასსე-ზე, ტრამვაის გაჩერებაზე, ღამის 3 საათზე ქუჩაში სროლა ატეხა. ფაქტს შემთხვევით შეესწრო კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურის ავტომანქანით მოძრაობდა. მთვრალი ქართველი რევოლვერით ისროდა და თან ხმამაღლა მღეროდა. თვითმხილველმა, ერთ-ერთ ავსტრიულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაჩერებაზე მდგომი მამაკაცი ხმამაღლა მღეროდა და ჰაერში ისროდა. დაკავებისას იგი პოლიციას არ დაემორჩილა, წინააღმდეგობა გაუწია და შესაბამისად, ბრალად პოლიციაზე განზრახ სხეულის დაზიანების მცდელობა და იარაღის უკანონოდ ტარება ედება. პოლიციელ პატრიკ მაიაჰოფას თქმით 43 მამაკაცი იყო ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ. მან სამართალდამცავებს ისიც კი ვერ აუხსნა, რატომ ისროდა ჰაერში უმისამართოდ. იმის დასადგენად კი, რამდენჯერ გაისროლა ქართველმა შუაგულ ვენაში, პოლიციამ გზა გადაკეტა და ნივთმტკიცებად ვაზნები ამოიღო.
ლევან ხვედელიძე

back to top