Menu

რატომ ხელმძღვანელობდა უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი


ზოგადად, ბევრს დავობენ პატიმრების განათლებაზე. ბევრს ყველა პატიმარი გაუნათლებელი ჰგონია და მათზე ისეთი წარმოდგენა აქვთ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს _ ,,ატბროსკი ობშესტვა'', ანუ ადამიანები, რომლებსაც უნდა ერიდო და რომელთა ადგილი მუდმივად ციხეშია. არადა, ძალიან, ძალიან ბევრი პატიმარი, განათლებით ბევრ უმაღლესდამთავრებულს არ ჩამოუვარდება. ის კი არა და, შესაძლოა, ისეთი რამ ჰქონდეს წაკითხული, კანონის დამცველ მოქალაქეებს არც დაესიზმრებათ... ბევრმა პატიმარმა რამდენიმე ენაც იცის. არ ვგულისხმობ მხოლოდ რუსულს, სომხურს ან აზერბაიჯანულს, რომლებსაც ციხეში ხშირად ეუფლებიან...
ვასო რ. საქართველოში სასჯელს, როგორც თავად ამბობდა, არაფრისთვის იხდიდა. მისი აყვანის სპეცოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა და საგარეჯოში ამ სპეცოპერაციაზე დღესაც ბევრს საუბრობენ. ტანად დიდი ვასკა, სინამდვილეში, ძალიან კეთილი იყო, ყველას ყურადღებას აქცევდა, ყველას გვერდში ედგა და პატიმრებსაც ძალიან უყვარდათ. განსაკუთრებული დამოკიდებულება ვასკას პატიმარ #0578-თან ჰქონდა, რადგან ერთხელ, როცა ვასკა ცუდად გახდა და საშველი თითქოს არსაიდან ჩანდა, #0578-მა მშობლების დახმარებით ციხეში ყველა საჭირო მედიკამენტი შემოიტანა.
,,ადე, წამო, ნუ წევხარ, ,,კაზიოლებს'' ხორცი წავართვი, გავძიძგნოთ'', _ ამ სიტყვებით არც თუ იშვიათად შემოდიოდა ხოლმე ვასკა #0578-ს კამერაში და იმის გათვალისწინებით, რომ ხორცი ზონაზე დელიკატესად ითვლებოდა, #0578 მორჩილად მიჰყვებოდა და 4-5 კაცი ნახევარ ქათამს ან საქონლის 200-300 გრამ ხორცს ძმურად ,,ძიძგნიდნენ''. ამის მიუხედავად, #0578-ს ვასკასთვის არასოდეს უკითხავს, მაინცდამაინც ვანო რატომ ხელმძღვანელობდა შენს აყვანას ან საზღვარგარეთ რას აკეთებდიო, თუმცა ერთმა შემთხვევამ ყველაფერი თავისთავად ახსნა. ზონაზე უცხოელი დამკვირვებლები მოვიდნენ და პატიმრების პირობებით დაინტერესდნენ.
,,სადაურები არიან?!'' _ იკითხა ვასკამ და უპასუხეს, შვედი, კანადელი, ესპანელი და ფრანგიო. ვასკამაც ჯერ ფრანგულად აუხსნა პატიმრების მდგომარეობა, შემდეგ ინგლისურად, ესპანურად და ბოლოს შვედურად რომ ალაპარაკდა, ყველამ პირი დააღო. ბოლოს, თავად დამკვირვებლებმა იკითხეს, ეს განათლებული პატიმარი ვინ არის და რისთვის იხდის სასჯელსო.
,,წამალი ჩამიდეს, ჩემო საყვარლებო'', _ ოთხ ენაზე თარგმნა ვასკამ და დამკვირვებლებსაც თითქოს არ გაკვირვებიათ, ჩვეულებრივ ამბად მიიღეს.
,,ამას მიმალავდი? კარგი, რა... საიდან ამდენი ენა, ან აქამდე რატომ არ გითქვამს, რომ ამდენი ენა იცოდი. გამაგიჟებ შენ'', _ უთხრა #0578-მა ვასკას, როცა დამკვირვებლები წავიდნენ.
,,რა აზრი ჰქონდა რომ მეთქვა? ფრანგულად დამელაპარაკებოდი თუ ესპანურად? ინგლისური კიდევ ყველამ იცის. აი, შვედურში უჭირს ნახევარ საქართველოს. შვედური მაშინ ვისწავლე, მალმიოში რომ დამიჭირეს'', _ გაიღიმა ვასკამ.
,,მოდი რა, დაიწყე და მოყევი, რატომ დაგიჭირეს, რას აკეთებდი, როგორ აკეთებდი... ხომ იცი, ჩემთან არ დაგეკარგება'', _ გაუცინა #0578-მა და ვასკამაც თვალით ანიშნა, კამერაში ავიდეთო.
,,როცა ქართველებმა მასობრივი გადინება დაიწყეს და ევროპა ააწიოკეს, მეც წავედი, ოღონდ საფრანგეთი ავირჩიე. მაშინ საფრანგეთს ქართველებიდან ცოტა ვინმე სტუმრობდა. ორ წელზე მეტი დავყავი იქ. ერთხელაც არ დაუჭერივარ, მაგრამ მერე გაივსო იქაურობა ქართველებით და ესპანეთში გადავედი. ესპანეთი უკვე ათვისებული ჰქონდათ ჩვენებს და მაინტერესებდა, რა მდგომარეობა იყო. ბარსელონას გარეუბანში დავსახლდი და ორ კვირაში სამი სპეცოპერაცია ჩაატარეს პოლიციელებმა. მივხვდი, ადრე თუ გვიან, მეც მოვყვებოდი ბადეში და ამიტომ ინგლისში გადავედი. დამიჯერე და სიტყვაზე მენდე, არსად ისე გამართულად არ მუშაობს პოლიცია, როგორც ინგლისში. ვითომ არაფერი, მაგრამ კუდს ვერ გაანძრევ, ერთი საქმე შეიძლება შეგრჩეს, მეორეც შეგრჩება თუ სასწაული მოხდა, მესამეზე კი უეჭველი დაგიჭერენ, ამიტომ მოპარვას მუშაობა ვარჩიე და ბოლტონში, ერთ-ერთ რესტორანში მივედი. მუშაობა პირობითად ერქვა, რეალურად რესტორნის მაყურებელი ვიყავი, ადგილობრივი ბანდები ატერორებდნენ ხოლმე და მეც ქართულად, ქურდულად ვკაჩაობდი. არ გაჭრა მაგანაც, ორი თვის შემდეგ დანებით შემოცვივდნენ ტიპები და რომ არ მევარგა, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
წამოვედი იქიდანაც და შვედეთში გადავედი. მშვიდი, წყნარი ქვეყანა, არ ინაგლო, ჩუმად მოიპარე და კაცი არაა შენი შემწუხებელი. იქ დავიწყე ნეხვის ჭამა, ანუ წამლის კეთება, ძალიან მარტივად იშოვებოდა, გავსინჯე, შევყევი და შევყევი. მაგან დამღუპა. დიდი დოზა მომივიდა და ქუჩაში წავიქეცი. საავადმყოფოში გამეღვიძა, თავზე ექიმი და პოლიცია მედგა, საბუთები არ მქონდა და ამიტომ, აზრზე რომ მომიყვანეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. ,,ლომკა'' დამეწყო, მაგრამ გაგივლისო, მითხრეს. ჩემს უფლებებსა და რაღაც სისულელეებზე ავლაპარაკდი, მაგრამ დაიკიდეს. ვხედავდი, არაყს წრუპავდნენ და ვუთხარი, მაგ ერთ ბოთლს სულმოუთქმელად დავცლი და თუ ვერ დავცლი, მეგობრებთან დავრეკავ, ათ ბოთლს მოიტანენ-მეთქი. ჯერ იცინეს, მერე დამთანხმდნენ და ბოთლი მომაწოდეს. ლომკა მქონდა და არაყს კი არა, შხამს დავლევდი, სულმოუთქმელად დავცალე, მაგრამ არ მიშველა. კედელს ვურტყი თავი და გავითიშე. აზრზე ისევ საავადმყოფოში მოვედი, თავზე ნაკერები მედო. დეპორტი უნდა გაგიკეთოთო და მივხვდი, რამეს თუ არ ვიღონებდი, მართლა გამომაბუნძულებდნენ. ამიტომ, პოლიციელებს დავერიე, იქაურობა დავლეწე, ექიმსაც მოვდე ერთი-ორი და წელიწადნახევარი მომისაჯეს. რად გინდა, ოთხი თვე არ იყო გასული, გამიღეს კარი და თავისუფალი ხარ, დარღვევა არ გქონდაო და ისევ დეპორტისთვის გამამზადეს. ისევ იგივე ვქენი, მაგრამ აღარ მიშველა, გამომიშვეს საქართველოში.
აქ კიდევ ერთი ამბავი ყოფილა, ვასკა ევროპას აზანზარებს, კრიმინალური ავტორიტეტია, მგონი, ქურდადაც მონათლესო... სისულელეები რა. ვიღაცამ გაბერა ვანო მაგრად და გადაწყვიტა, მსოფლიო დონის კრიმინალი თავად დაეჭირა, ამიტომ სპეცოპერაციას თავად ხელმძღვანელობდა. არ ვარ წმინდა წყლის, მაგრამ ისეთიც არ ვარ, როგორადაც დამხატეს, არც ქურდობა მდომებია არასდროს და სიმართლე გითხრა, ვერც გავხდები ქურდი ვერასდროს, არ მაქვს მაგის გაქანება. მთავარია, აქედან გავაღწიო და მერე ისევ ევროპაში უნდა წავიდე, არ არის აქ ჩემი ადგილი, არა'', _ დაამთავრა მოყოლა ვასკამ.
* * *
2016 წლის შემოდგომა...
,,ვასკა, როგორ ხარ? საით ხარ? დედაშენმა მომცა შენი ნომერი...''
,,ვახ... შვედეთში ვარ ისევ, ძმა. ჩამოდი რა როგორმე აქამდე, იცი, რა ქვეყანაა... თავს ადამიანად იგრძნობ, მიხვდები, რაღაცას წარმოადგენ... მართლა ჩამოდი რა...''
,,შვედეთში მივეჩვიეო და... ისევ?''
,,არა... უფრო სწორედ, არ ვეძებ, თუ შემთხვევით გადავაწყდი სადმე, უარს არ ვამბობ, მაგრამ მართლა არ ვჩალიჩობ და არ ვეძებ, რა. თან ახლა ცოლ-შვილიც აქეთ მყავს, ჩემი ბედოვლათი სიძეც, ბავშვს ელოდებიან და... ამიტომ, თავს უნდა გავუფრთხილდე, ახლა დაჭერა მართლა ,,სმერტია''... ჩამოდი, რა... ჩამოდი...''
პატიმარი #0578

back to top