Menu
RSS

„ვიცოდი, მიცნობდნენ და დამიჭერდნენ, მაგრამ ნიაკო უნდა მენახა, გავრისკე...“

ზოგადად, კრიმინალები ერთმანეთს ჰგვანან აზროვნებით, მოქმედებით, მომავლის გეგმებით. ეს ერთგვარი სექტაა, რომელიც კლასებად იყოფა, ქვედა, საშუალო და ზედა საფეხურებად, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც საერთო ფერხულში არ ან ვერ ებმებიან, საკუთარი მოსაზრებები აქვთ, რაღაცებს თავისებურად უყურებენ და განსხვავებულად აზროვნებენ.
რუსთავის #17 დაწესებულებაში სასჯელს გიორგი ა. იხდიდა, 20 წელი ჰქონდა მისჯილი და როგორც სხვა პატიმრები ამბობდნენ, ციხეში სიყვარულის გამო მოხვდა, უფრო კონკრეტულად კი, იმ ქალის გამო, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა და საბოლოოდ, თავი მისთვის გაწირა.
პატიმარი #0578 გიორგის შორიდან იცნობდა. ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, მისულიყო და ქართული შოუს წამყვანებივით მშვიდად ეკითხა _ აბა, მომიყევი შენი სიყვარულის ისტორიაო; მით უმეტეს, გიორგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალი იყო ზონაზე, მის სიტყვას წონა ჰქონდა და საქმეების გარჩევაც მის გარეშე არ ხდებოდა. ერთხელ გიორგის ფილტვების ანთება დაემართა. რა თქმა უნდა, ციხის ადმინისტრაციამ ციტრამონისა და გამაყუჩებლების მეტი ვერაფერი გაიმეტა. პატიმარმა #0578-მა სახლში დარეკა, წამლებიც მოატანინა და თაფლიც, მერე ,,ლარიოკში'' კარაქი იყიდა და გიორგის დაადგა. მაყურებლებმა საჭირო მედიკამენტები დამატებითაც იშოვეს და გიორგი ფეხზე მალე დააყენეს.
,,მადლობა, ძმაო, მართალია, თაფლი და კარაქი მეზიზღება, მაგრამ საჭირო იყო და ვჭამე. წამლებზე მეტად მაგან მიშველა, ასე მგონია'', _ გაუღიმა ერთ დღეს გიორგიმ #0578-ს და თავისთან ჩაიზე დაპატიჟა. ურთიერთობა ნელ-ნელა აეწყო, დალაგდა და ის დროც დადგა, როცა #0578-მა ინტერესით და ძალიან ფრთხილად ჰკითხა, რისთვის დაგიჭირესო?!
,,ყაჩაღობისთვის'', _ მოკლედ მოჭრა გიორგიმ.
,,კი, მაგრამ ყაჩაღობაზე 20 წელს არ იძლევიან'', _ გაუღიმა #0578-მა.
,,ჰოო, მართალი ხარ. მაგას იარაღი, ორი პოლიციელის დაჭრა და კიდევ ჩემი სახელი მიუმატე და მიხვდები'', _ თვალი ჩაუკრა გიორგიმ.
,,და სიყვარული არაფერ შუაშია?!'' _ ისევ გაიღიმა #0578- მა, თუმცა მაშინვე ინანა _ გიორგის სახე შეეცვალა, ქვემოდან ამოხედა მეგობარს, მერე თითქოს თავის თავს უთხრა, დაიკიდეო, ხელი ჩაიქნია და ჩაი მოწრუპა. #0578 აღარაფრის კითხვას აპირებდა, მაგრამ გიორგიმ თავად დაიწყო.
,,ერთ დილას, მაგარ ,,პახმელიაზე'', პლეხანოვზე რომ საჭაშნიკეა, იქ ჩავედი ძმაკაცთან ერთად, ხაში უნდა მეჭამა. გვერდზე მაგიდასთან ოთხი გოგო იჯდა, ისინიც ხაშს ჭამდნენ, თან ფუ, ფუ-ს იძახდნენ და არაყს წრუპავდნენ. მათი საუბრიდან მივხვდი, პირველად იყვნენ ხაშის საჭმელად, აინტერესებდათ, რა გემო ჰქონდა და რადგან ერთ-ერთის მამას უთქვამს, არაყი თუ არ დააყოლეთ, გემოს ვერ გაიგებთო, არაყსაც წრუპავდნენ. ისე მხიარულად ჟღურტულებდნენ, ყველას ყურადღება მიიქციეს. ერთ-ერთი, ნიაკო იმდენად მომეწონა, თავი ვერ შევიკავე და სანამ ძმაკაცი აზრზე მოვიდოდა, ჩემი თეფშით გადავუჯექი. ჯერ შეცბნენ, მერე ცოტა გაბრაზდნენ, მაგრამ ვუთხარი, ხომ გინდათ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ და ჩემზე მეტ საექსპერიმენტოს ვის ნახავთ, ,,პახმელიაზე'' ვარ, ახლა ხაშს შევჭამ და დამაკვირდით, რა დამემართება-თქო. მხიარულად დამთანხმდნენ, მალე მოვაპრიალე თეფში, ძმაკაცი იქიდან იცინოდა, შემდეგ კი გოგონებს ვთხოვე, თუ ნებას მომცემთ, დღეს მთელი დღე ისეთ რამეებს განახებთ და გაგასინჯებთ, რაც დარწმუნებული ვარ, არ გინახავთ და არ გაგისინჯავთ-თქო. უნდობლად შემომხედეს, მაგრამ იმდენად გულწრფელად ვუღიმოდი ნიაკოს, დამთანხმდნენ. აბა, თბილისში თბილისელები რით უნდა გააოცო? ჩინურ რესტორანში მყავდა, ხოჭოები და მატლები უნდა გაგასინჯოთ-მეთქი და ვერ ვაჭამე, სპა-სალონებში წავიყვანე და შოკოლადის მასაჟები გავაკეთებინე, ზოოპარკში ჩავიყვანე, პითონი გამოვაყვანინე და ხელი მოვაკიდინე... ორი დღით ადრე მაგარი საქმე გავარტყი და 5 ათასი ევრო მედო ჯიბეში. გაუხარდათ გოგოებს და იმასაც გრძნობდნენ, რომ ყველაზე მეტად ნიაკოს ვაქცევდი ყურადღებას. მეორე დღეს მარტო ნიაკოს შევეხმიანე, ისევ დაქალებთან ერთად მოვიდა, ისევ დავიმხე თავზე თბილისი და ორი დღით დავემშვიდობე. მივხვდი, ფული მჭირდებოდა, იმდენი ფული, რომ კარგი მანქანაც მეყიდა და ლოტკინზე სახლის ნაცვლად, სადმე ნორმალურ ადგილზე მექირავებინა ბინა.
ამ ყველაფერს ორი დღე არ ეყო, ორი კვირა მოვუნდი და ისევ გამოვეცხადე. მეგონა, ვეღარ გნახავდიო, ისე მითხრა ნიაკომ, მივხვდი, თავადაც ფიქრობდა ჩემზე. ზუსტად სამ თვეში ერთად გადავედით საცხოვრებლად. ჯვარი დავიწერეთ და... და რაც მთავარია, ნიაკომ იცოდა, თავს რითიც ვირჩენდი. ისიც იცოდა, რომ რიგითი კრიმინალი არ ვიყავი. მაინც გამომყვა. ამ ამბიდან სამი თვე იყო გასული, უკვე ბავშვს ველოდებოდით და ვაკეში, პუშკინის წინ ჯინსების მაღაზია ,,წავიღეთ''. ძმაკაცი შევიდა ჯინსის საყიდლად და იქ მოისმინა, დღეს ფასდაკლება გვქონდა ჯინსებზე და ლამის მთელმა ვაკემ აქ იყიდა, 20 ათასზე მეტი შემოვიდაო. გამოვიდა, დარეკა, მივედით მე და მეორე ძმაკაცი, ნიღბების გარეშე შევაჭერით და მართლა ძალიან მშვიდად წამოვიღეთ ის ფული. იარაღის დანახვისთანავე გამყიდველებმა ვერაფერი თქვეს.
მესამე დღეს ნიაკომ დამირეკა, დაქალთან ვარ, ორ საათში გამოვალ და პუშკინის წინ დამელოდეო. გულში კი გამკრა, მიცნობენ-მეთქი, მაგრამ მაინც გავრისკე. თან ნიაკოსთვის არ მინდოდა მეთქვა, პუშკინის წინ ვერ დაგელოდები-თქო, ინერვიულებდა. ქამარში იარაღი გავირჭე, ჯიბეში ლიმონკა ჩავიცურე და მივედი. გამყიდველს ვიღაც კაცი ელაპარაკებოდა. ზურგით დავდექი და ხანდახან თვალს ვაპარებდი. ეგ მერე მითხრეს, თურმე იმ გამყიდველმა დანახვისთანავე მიცნო, ის კი გამომძიებელი ყოფილა და მაშინვე დარეკა. პუშკინის მხარეს პოლიციის ორი მანქანა გაჩერდა, მივხვდი, ჩემთვის იყვნენ მოსულები, მივტრიალდი და მზიურისკენ ავიღე გეზი. კიდევ რამდენიმე მანქანა მოვიდა და კეკლუცობის დრო აღარ იყო, გავიქეცი და მზიურში შევვარდი. მოვიხედე, ათამდე პოლიციელი მომდევდა იარაღით ხელში. ლიმონკა გავხსენი და ვისროლე. ვიფიქრე, თავს დამანებებენ- მეთქი, მაგრამ ორმა დევნა გააგრძელა და იარაღიც ვისროლე. დაიჭრა ერთი და შემეშვნენ. არ ვიყავი რიგითი-მეთქი, მალე გაიგეს, ვის ეძებდნენ და ორ კვირაში რუსთავში ამიყვანეს. ციხეზე მოვაწერე ხელი, სასამართლომდე და სასამართლოზე 20 წელი რომ მომისაჯეს, ნიაკოს გმინვა გავიგე. მერე ისიც გავიგე, აბორტზე იყო მისული ექიმთან, მაგრამ დიდია ნაყოფიო, ხელი ვერავინ მოკიდა. მივხვდი, არ დამელოდებოდა და განქორწინების ცნობაც მალე მომიტანეს. ასე დავშორდი სახაშეში ნაპოვნ სიყვარულს, გარეთ ახლა მხოლოდ საძმაკაცო, მშობლები და ჩემი პატარა ვაჟკაცი მელოდება, რომელმაც იცის, რომ მამა ციხეში ჰყავს და ამის მიუხედავად, ძალიან, ძალიან უყვარს. სკოლაში მივა წელს, იმედია, კარგად ისწავლის და ჩემს გზას არ აირჩევს, ნებას არ მივცემ'', _ დაასრულა მოყოლა გიორგიმ.
,,ნიაკო გათხოვდა?!'' _ ყრუდ ჰკითხა #0578-მა.
,,არა... ჯერ არ გათხოვილა. ვიღაცას ხვდებოდა თურმე, ჩემმა ძმაკაცებმა გაიგეს და ცემაში ლამის მოკლეს. ავუკრძალე იმათაც, შეეშვით-მეთქი, ქუჩა-ქუჩა წანწალს და ხელიდან ხელში გადასვლას ისევ გათხოვება სჯობს და ეგებ მართლა გათხოვდეს. ერთი ეგაა, რომ გავალ, ბიჭს ჩემთან წამოვიყვან, არ სცალია შვილისთვის, ძიძა აიყვანა და ხანდახან სახლშიც არ ბრუნდებაო'', _ თქვა გიორგიმ.
* * *
გიორგი ა. ციხიდან შეკრებითობის პრინციპის გაუქმების შემდეგ გავიდა, შვილი მართლაც სახლში წაიყვანა, დედამისს აზრდევინებს და ნიაკოს ეს ამბავი არ გაუპროტესტებია. ერთი ეგაა, თავად გიორგიც მხოლოდ სკაიპით ნახულობს შვილს, ხელისუფლებამ ცნობილი კრიმინალი საქართველოში არ გააჩერა
პატიმარი #0578

back to top