Menu

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა ქალის, მაგდა პაპიძის საქმე, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმეა. ამ ფონზე, ლოგიკურიც იყო, რომ ,,გამომძიებელმა რეპორტიორმა'' ერთ-ერთი გადაცემა, სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა. როგორც აღმოჩნდა, საქმეში, არაერთი პასუხგაუცემელი კითხვაა. რატომ გაუჩნდათ სურვილი, პაპიძის საქმისთვის გადაცემა მიეძღვნათ, რა პასუხები ჰქონდა გამოძიებას, რა იმალება პაპიძის საქმეში და რატომ მიიჩნევენ, რომ ეს საქმე, აუცილებლად ხელახლა გამოსაძიებელია? ,,ვერსიის'' კითხვებს ჟურნალისტები _ ლია ტოკლიკიშვილი და მაია გოგოლაძე პასუხობენ.
_ მაგდა პაპიძის საქმით იმიტომ დაინტერესდით, რომ ეს ერთ-ერთი გახმაურებული საქმე იყო და კითხვები, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარების პროცესში გაჩნდა თუ თავიდანვე იყო ამ საქმეში ბევრი კითხვისნიშანი, რამაც ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისკენ გიბიძგათ?
ლია ტოკლიკიშვილი: _ მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესს ვაკვირდებოდი და მაოცებდა ის, რომ თითქმის ვერც ერთი დამაჯერებელი არგუმენტი ვერ მოვისმინე ამ დაუჯერებელი ამბის დასაჯერებლად. განწყობა იყო ასეთი: თუკი დედამ მოკლა შვილი წინასწარი განზრახვით, ის ან შეურაცხადი უნდა იყოს, ან სხვა ფსიქოლოგიური დარღვევები ჰქონდეს, მაგრამ სასამართლომ დაადგინა, რომ პაპიძეს არ ჰქონდა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები. ვერ წარმოადგინეს განზრახ მკვლელობის მოტივი. ახალი კაცისთვის? სასაცილოდ მეჩვენებოდა. ვერ ვხვდებოდი, დაგეგმილი მკვლელობა მკვლელს რატომ უნდა განეხორციელებინა აუცილებლად სახლში? რატომ უნდა მოეკლა მაინცდამაინც უშველებელი უროთი? საიდან უნდა ყოფილიყო დარწმუნებული, რომ ოჯახის წევრები ეჭვს არ მიიტანდნენ? სად უნდა წაეღო დანაშაულის მტკიცებულებები _ ამაზე ხომ მაინც უნდა ეფიქრა. დაუჯერებლად მეჩვენებოდა, რომ სახლის წინ მდგარ სანაგვე ყუთში სისხლიანი ნივთების ჩაყრა თუნდაც ძალიან გულუბრყვილო მკვლელს დაეშვა... მოკლედ, მაია გოგოლაძესთან ყოველდღე ვლაპარაკობდი ამაზე. მე და მაია უახლოესი მეგობრები ვართ, ერთად ვაკეთებთ „გამომძიებელ რეპორტიორს“ და ჟურნალისტიკას ბევრი სასტიკი ფაქტის მკვლევარებად უქცევივართ. მოკლედ, ამაზე ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობდით. ვკამათობდით კიდეც. მაია პროცესებს არ უყურებდა და ხშირად არ მეთანხმებოდა, რომ პაპიძის დანაშაული საეჭვო იყო. მერე, ერთ დღეს, დაჯდა და უყურა ყველა სასამართლო პროცესს. გაოგნებულმა დამირეკა, სასწრაფოდ დავიწყოთ ამის გამოძიება, მგონი, მართალი ხარ, მგონი, მართლა ვერ უმტკიცებენ დანაშაულს, მგონი, მართლა ტყუილად მიუსაჯეს უვადო პატიმრობაო. დიდი ენთუზიაზმით არ შევხვდი იდეას, გამოძიება დაგვეწყო; იმიტომ, რომ მედიამ თითქმის შოუები დადგა ამ პროცესებიდან, არ მინდოდა ჩარევა, მაგრამ დავეთანხმე, გვეცადა.
_ სცადეთ და გამოიძიეთ კიდეც. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ამ საქმეში პასუხგაუცემელი დარჩა, თქვენი აზრით, რა არის?
_ მოტივი _ რატომ მოკლა შერაცხადმა დედამ შვილი წინასწარი განზრახვით. ახალი სიყვარულის გამო? სუსტი პასუხია. ქალები კაცებს ზოგჯერ იცვლიან, მაგრამ შვილი მათთვისაც წმინდათაწმინდაა. სასამართლომ მკვლელობის მოტივი ვერ წარმოადგინა. ეს კი ოდესმე აუცილებლად დაანგრევს ამ საქმეს. სხვაც ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი და ჩვენი ფილმიც ამაზეა. სწორედ, ამ კითხვებს უნდა უპასუხოს სააპელაციო სასამართლომ, თუკი მიიღო ადვოკატების განცხადება.
_ ხშირად, დანაშაულის ჩადენისას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბრალდებულის წარსულს, ბავშვობასაც კი. თუ გამოიკვლიეთ მაგდა პაპიძის წარსული, მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა და ის, როგორ პირობებში გაიზარდა ბრალდებული?
_ არა, ეს არ გამოგვიკვლევია. ალბათ, აქვს მნიშვნელობა მის წარსულსა და აღზრდის პროცესს, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო მხოლოდ, გაგვერკვია: როდესაც ბრალდება ასეთი მძიმეა, რამდენად დამაჯერებლად არის გამოძიებული საქმე. როგორც გითხარით, აღმოჩნდა, რომ საქმეში ბევრი კითხვა პასუხგაუცემელია.
_ ყველა აღიარებს, რომ მაგდა იყო სამაგალითო დედა. თქვენი აზრით, დედამთილის მიერ ნაამბობი ,,მაკრატლის ინციდენტი'', რომლის დროსაც, მაგდამ შვილს ფეხი დაუზიანა, შეიძლება თუ არა გამოდგეს იმის მტკიცებად, რომ მაგდას ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა? და ეს ერთი შემთხვევა საკმარისია, ვიფიქროთ, რომ მას შვილისთვის ზიანის მიყენება შეეძლო?
_ კი, გამოდგება, მაგრამ ეს ეპიზოდი იმითაც საინტერესოა, რომ დედამთილი ყვება, როგორ გაიგო თავის ოთახში შვილიშვილის წამოტირება... მაგდა პაპიძემ არ იცოდა, რომ ოთახიდან ასე გადიოდა ხმა? რომ საერთო საცხოვრებლის ტიპის სახლში ცხოვრობდა? მკვლელობას რომ გეგმავდა, ხომ შეიძლებოდა, რაღაც დაგეგმილი ეპიზოდი ისე ვერ შეესრულებინა, როგორც სასამართლომ დაადგინა და ან მეუღლეს გაეწია წინააღმდეგობა, ან შვილს... ხმას ხომ ყველა გაიგებდა. ჩვენ ვიყავით ამ სახლში. ვიწრო კორიდორი და ერთმანეთის გვერდზე ჩამწკრივებული ოთახებია იქ. ხომ იცოდა პაპიძემ, რომ მიცვალებულები დერეფანში უნდა გამოეყვანა და ისე გაეყვანა სახლიდან? ამ დროს დერეფანში ვინმეს რომ გადაყროდა? მით უფრო: ის მეზობელ ქალს სწერს მესიჯებს, არ დაიძინო, თმას შეგიღებავო... ანუ, მოუწოდებდა, ფხიზლად ყოფილიყო. ამ ქალის კარის წინ უნდა გაეთრია ორი გვამი. როგორ გგონიათ: რატომ არ იჩენდა სიფრთხილეს? საქმეში ამ კითხვებზე პასუხები არ არის.
_ ალბათ პროკურორს ბევრ ისეთ საკითხზე ესაუბრეთ, რაც გადაცემაში არ მოხვდა. თუ იყო ამ საკითხთა შორის ქაფიაშვილის წარსული? რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა იმით, რომ შესაძლებელია, მკვლელობა, მის წარსულ საქმიანობას უკავშირდებოდა? ან თუ შეეცადეთ, თავდაცვის სამინისტროდან გამოგეთხოვათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ,,ლაფანყურის სპეცოპერაციის'' პერიოდს რატომ ემთხვევა მისი პროფესიის ცვლა?
_ დიახ, პროკურორს ყველაფერზე ვესაუბრეთ. ფილმში მისი პასუხების ის ნაწილი შევიდა, რომლებიც არსებითად წარმოაჩენდა მათ პოზიციას და ხსნიდა გადაწყვეტილების კანონიერებას. ლაფანყურზეც ვკითხეთ. პროკურორმა ცალსახად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გვიპასუხა, რომ ლაფანყურის ოპერაციაში ქაფიაშვილი არ მონაწილეობდა. თუმცა საქმეში არ არის ამის დამადასტურებელი არგუმენტები. თავდაცვის სამინისტროდან არ გამოგვითხოვია ინფორმაცია. ჩვენ თავად ლაფანყურის ოპერაციის ჟურნალისტური გამოძიება გვაქვს ჩატარებული. მაშინ ძალიან ბევრი მასალა მოვიპოვეთ, თუმცა თავდაცვის სამინისტროს არ უთანამშრომლია ჩვენთან, ეს გასაგებიც არის. საიდუმლო ოპერაციის მასალებს მედიას ვერ მიაწვდიან. ამიტომ ჩვენს ფილმში ეს ეპიზოდი ფაქტების თანმიმდევრობისა და ლოგიკური დასკვნების საფუძველზე აიგო.
_ რა პასუხი ჰქონდა გამოძიებას უროსთან დაკავშირებით, რომელსაც სისხლის კვალი, აღმოჩენისას არ ჰქონდა, სასამართლოზე კი აღენიშნებოდა? საინტერესოა ისიც, რა პასუხი აქვს პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთ ნივთზე, რომელიც ურნიდან არის ამოღებული და რომლებზეც ამტკიცებენ, მაგდა პაპიძემ გადაყარაო, მისი დნმ არ ფიქსირდება?
მაია გოგოლაძე: მაგდა პაპიძის დნმ მართლაც არ ფიქსირდება იმ ნივთებზე, რომლებიც თითქოს მან ქმრისა და შვილის მკვლელობის შემდეგ ურნაში გადაყარა. მხოლოდ ქმრის ერთ სვიტერზეა მისი თითის ანაბეჭდები, რაც არაფერს ამტკიცებს, რადგან ის ყოველდღიურ ყოფით სიტუაციაში შეიძლებოდა შეხებოდა ქმრის ტანსაცმელს. როდესაც პროკურორს ვკითხეთ, რატომ არ არის პაპიძის ბიოლოგიური კვალი ან ანაბეჭდი სისხლიან ზეწრებზე, ბალიშზე ან პარკებზე, რომლებშიც ეს ნივთები ეწყო, მან გვიპასუხა, რომ პაპიძეს, შესაძლოა, ხელთათმანი ეცვა კვალის დასაფარად. მაშინ ისმის კითხვა, სად წავიდა ეს ხელთათმანი, რატომ არ მოძებნა და გამოიკვლია გამოძიებამ ესოდენ მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება? ქაფიაშვილების მანქანაში ნაპოვნია ხელთათმანი პაპიძის ბიოლოგიური კვალით, მაგრამ არ არის გამოკვლეული და დამტკიცებული, რომ ამ ხელთათმანით მოქმედებდა, ეს ხელთათმანი ეცვა პაპიძეს, როცა, გამოძიების ვერსიით, გასისხლიანებულ ნივთებს ყრიდა. ასე გრძელდება მოუძიებელი ან გამოუკვლეველი ნივთმტკიცებების რიგი. როცა საქმის შესწავლა დავიწყეთ, სასამართლო პროცესების მასალები ვნახეთ, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ამ უმძიმესი ბრალდებით ისე აქვს მისჯილი უვადო პატიმრობა მაგდა პაპიძეს, რომ მთელი რიგი გარემოებებისა გამოუძიებელი დარჩა.
რაც შეეხება უროს... ამ მრავალტომიანი საქმის მასალებში არის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელშიც ზედმიწევნითაა აღწერილი შემთხვევის ადგილი, იქ ნაპოვნი ყოველი ნივთი, ყოველი უმნიშვნელო ლაქა ამ ნივთებზე. არავითარი ლაქა ურნიდან ამოღებულ უროზე აღწერილი არ არის. არც შემთხვევის ადგილზე გადაღებულ უროს ფოტოზე ჩანს ასეთი ლაქები. ლაქები ჩნდება მოგვიანებით, საგამიძიებო პროცედურების ჩატარების შემდეგ და ამის საილუსტრაციოდ არსებობს ფოტომასალა. გამოძიების ვერსიით პაპიძემ ურო ქმრის მკვლელობის შემდეგ ტილოში გაახვია და გადააგდო. თუ ასეა, სად არის ტილო მოკლული ქაფიაშვილის ტვინისა და ძვლის ფრაგმენტებით?…ასეთი ფრაგმენტები, ექსპერტების მტკიცებით, აუცილებლად დარჩებოდა უროზე და იმ ტილოზეც, რომელშიც პაპიძემ ურო გაახვია.
_ დედამთილი ამტკიცებს, რომ სწორედ მაშინ, როცა რძალი მის კითხვებს მშვიდად პასუხობდა, მას დახოცილი ქმარ-შვილი ოთახში ესვენა. თუ ბავშვი შუაღამისას დაიღუპა, სად იყო მამის დაღუპვიდან ამ დრომდე? ამაზე პასუხი თუ აქვს გამოძიებას?
_ გამოძიებას არც ამ კითხვაზე აქვს პასუხი. უბრალოდ არ აქვს პასუხი, რადგან არ გამოუკვლევია ეს გარემოება.
_ არის რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც პროკურორმა თავი აარიდა?
_ პროკურორის რამდენიმე პასუხი ჩვენს მიერ დასმულ მნიშვნელოვან კითხვებზე ჩვენს ფილმში მოისმინა მაყურებელმა. არის ეს დამაჯერებელი პასუხი? არის ეს თავის არიდება? მაყურებელმა თავად განსაჯოს.
_ ჟურნალისტური გამოძიებისას, ალბათ ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, რაც ფილმში ვერ ჩაეტეოდა. შეგიძლიათ დამატებით რაიმე დეტალი გაგვიმხილოთ, რაც ,,გამომძიებელი რეპორტიორის'' მაყურებელმა ვერ ნახა?
_ რისი გამხელაც არ იყო ეთიკური, ჩვენ არც ფილმში გავამხილეთ. ბევრი ვიფიქრეთ... ყოველი კადრი, ყოველი სიტყვა ავწონ-დავწონეთ... ყველაფერი არსებითი და მნიშვნელოვანი ამ უმძიმესი საქმის შესახებ ფილმში ნაჩვენებია. B
ბევრი ვიკამათეთ მე და ლიამ, სანამ ამ თემაზე ფილმის გაკეთებას გადავწყვეტდით. ლია თვალყურს ადევნებდა ამ საქმეს... როცა ყველა ხელმისაწვდომი მასალა ვნახე, მეც დავეთანხმე, რომ ბევრი რამ საეჭვო იყო, რომ შეუძლებელია, შვილის მკვლელობაში დასდო ბრალი დედას და ეს ბრალი ყველაზე მყარი, ყველაზე უტყუარი მტკიცებულებებით არ გაამყარო.
_ თქვენი აზრით, იმ ფონზე, რომ ბევრი ეჭვი და კითხვა არსებობს, საჭიროა თუ არა საქმის ხელახალი გამოძიება?
_ საქმის ხელახალი გამოძიება სრულიად გარდაუვალია. ეჭვი არ მეპარება, ადრე თუ გვიან, ეს საქმე აუცილებლად დაინგრევა...
_ როგორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას გადაცემის შემდეგ? ხომ არ დაგკავშირებიათ ვინმე, საყვედურის სათქმელად, ან პირიქით?
_ სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა, ბევრი გვწერდა, რომ პაპიძის ბრალეულობა დამტკიცებულია და დღესავით ნათელია, რომ ამ ახალგაზრდა ქალმა მოკლა მეუღლე და გაგუდა შვილი...… იყო ერთგვარი აგრესიაც და უკმაყოფილებაც იმის გამო, რომ ჩვენ ეჭვი შევიტანეთ ამ გამოკვლეულ და დადგენილ სიმართლეში, თორმეტი სახალხო მსაჯულის მიერ ერთხმად გამოტანილ განაჩენში... პასუხის გაცემა რთული არ იყო: ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ მაგდა პაპიძე უდანაშაულოა, ჩვენ ვამბობთ, რომ საქმე არ არის გამოძიებული, მისი ბრალი არ არის დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით... ეთერში ფილმის გასვლის შემდეგ ბევრმა შეიცვალა აზრი, ბევრი დაფიქრდა, გაქრა აგრესია... გვწერდნენ, რომ მართლაც ბევრი ისეთი გარემოებაა გამოუძიებელი, საეჭვოს რომ ხდის გამოძიების სრულფასოვნებასა და განაჩენის სამართლიანობას.


გთავაზობთ „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტური გამოძიების სრულ ვერსიას

2015 წლის 20 დეკემბრის გამთენიისას ფერაძის ქუჩის მცხოვრებლები ქალის კივილმა წამოყარა ფეხზე. ექვს ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ორი მიცვალებული ესვენა, მამა-შვილი _ ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები, პოლიციაში მოწმედ წაყვანილი მოკლული ბავშვის დედა ცოტა ხანში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მაგდა პაპიძემ ვერდიქტის გამოტანა ნაფიც მსაჯულებს მიანდო. ნაფიცმა მსაჯულებმა 2016 წლის 4 ივლისს მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნეს, შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობაში.
 
ამ სტატიის მიზანი არ არის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, მაგდა პაპიძის უდანაშაულობის მტკიცება. ისიც გაცნობიერებული გვაქვს, რომ ჩვენი ჟურნალისტური ძიებით, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ვეხებით, საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილებას დავიმსახურებთ, მაგრამ ურყევად მიგვაჩნია, რომ რადგან ბრალდება ეხება დედის მიერ მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობას, ბრალი მისხალ-მისხალ, სრულყოფილად და უდავოდ უნდა იყოს დასაბუთებული; არ უნდა დადგეს დრო, როცა ჩვენ გარეშე გადასინჯავენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ გვერდით მოხდა და ჩვენ მიერ დასასმელ კითხვებს სხვები დასვამენ.
პროკურატურის მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც შვილისა და მეუღლის მკვლელობისთვის დააკავეს პაპიძე, იყო შემდეგი: ,,დანაშაულის იარაღად მიჩნეულ უროს სახელურზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაგდა პაპიძეს ეკუთვნის და უროს თავზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ომარ ქაფიაშვილის სისხლის კვალია, ნაგვის ურნიდან ამოღებული ომარ ქაფიაშვილის სისხლით გაჟღენთილი ბალიში, ზეწრები და სხვა ნივთები. სისხლის კვალი დერეფანსა და ოთახში, დიდუბეში სამეურნეო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ვიდეომასალა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიძინა პაპიძემ აღნიშნული ურო. პაპიძის დედამთილის, დარეჯან მინდიკაურისა და მეზობლის ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სისხლიანი თეთრეული შეიტანა გასარეცხად დედამთილის ოთახში. დანაშაულის ადგილიდან ამოღებული ხელნაწერი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ და მიჩნეულია მკვლელობის გეგმად. მკვლელობის ღამეს პაპიძის მიერ გაგზავნილი შეტყობინება, მაგრამ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ხშირ შემთხვევაში საყრდენს აცლის გარემოებათა ჯაჭვი, რომელიც ძიებას არ აქვს შესწავლილი და გათვალისწინებული''.
ლია შამუგია _ მაგდა პაპიძის დედა _ ,,მაგდამ თორნიკე მოკლა?! ამას როგორ იძახით, ხალხნო. ამას რა დამაჯერებს.
2015 წლის 19 დეკემბერი, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე...
19 დეკემბერს, საღამოს 5 საათის შემდეგ, მაგდა პაპიძე სახლიდან გავიდა, როდესაც ურო იყიდა მეუღლის თხოვნით (მისი თქმით, სამეურნეო საქმისთვის სჭირდებოდა). სატელეფონო ანძების მონაცემებით, იგი ზაჰესის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც მისი და ცხოვრობს. დღის განმავლობაში მისი სატელეფონო კავშირი დასტურდება რამდენიმე ადამიანთან მეუღლესთან 13:05 საათზე, რომელიც თბილისისკენ გორიდან მოემართებოდა (სადაც იგი მუშაობდა) და ოთარ ბერძენიშვილთან (14:22 საათზე), სწორედ იმ მამაკაცთან, რომელთან სასიყვარულო ურთიერთობა დაუდო საფუძვლად გამოძიებამ, მაგდა პაპიძის მიერ მკვლელობის განზრახვას. აგრეთვე მეზობელ ქალთან ნანა ტუხაშვილთან, რომელსაც სატელეფონო შეტყობინებით სთხოვს, არ დაიძინოს და დაელოდოს, რათა მას თმის შეღებვას შეპირდა. სწორედ ეს მიმოწერა აცლის საყრდენს პროკურატურის ვერსიას, რომლის მიხედვით, პაპიძეს უკვე ამ დროს გადაწყვეტილი აქვს, მოკლული ქმარ-შვილის ცხედრები იმ ოთახისკენ ,,გაათრიოს'', რომლის პატრონსაც, მისივე თხოვნით, არ სძინავს და შესაძლოა, მისივე დანაშაულის მოწმე გახდეს.
მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის დრო 19:21
ნანა ტუხაშვილი: მაგდა გამოხვალ?
მაგდა პაპიძე: მოვალ, ნან, არ ვარ სახლში.
ნანა ტუხაშვილი: კაი, გავამზადებ და გამოდი, რომ მოხვალ.
მაგდა პაპიძე: ერთ საათში მოვალ.
19:58
მაგდა პაპიძე: ნანა, დამელოდე, არ შეიღებო, ჯერ ხომ არ იძინებ?
ნანა ტუხაშვილი: არა, გელოდები, როცა მოხვალ, მომიკაკუნე
მაგდა პაპიძე: არ დაიძინო, მოვალ მალე.
რატომ უნდა ნდომებოდა მაგდა პაპიძეს მეზობელი ქალის ფხიზლად ყოფნა? თუ ამ მესიჯებით ალიბის შექმნა ჰქონდა განზრახული, საიდან უნდა სცოდნოდა,
რომ მეზობელი მართლაც არ დაელოდებოდა, გაფაციცებული არ მიაყურადებდა დერეფანს მის მოლოდინში, არ შეუვლიდა, კარზე არ მიუკაკუნებდა.
მესიჯების გაგზავნის დრო ყველა შემთხვევაში უსწრებს წინ მკვლელობის დროს თუ მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო, პაპიძეს ასეთი მესიჯები არ უნდა გაეგზავნა მეზობელთან.
რატომ არ პასუხობდა მკვლელობის წინ ზარებს ომარ ქაფიაშვილი?
ომარ ქაფიაშვილის ბოლო სატელეფონო კომუნიკაცია 15:33 წუთიდან წყდება, გორიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ტელეფონზე არც ერთი სატელეფონო კავშირი არ ფიქსირდება და ასე გრძელდება მის მკვლელობამდე, რა ხდება? რატომ წყდება ქაფიაშვილის კომუნიკაცია ასე საეჭვოდ, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე?
გამოძიებას უცნაური არაფერი დაუნახავს იმაში, რომ ამ დრომდე აქტიურ სატელეფონო კომუნიკაციაში მყოფ ადამიანთან, რომელთანაც ათობით ზარია შესული და გასული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე აღარ შედის თვით სარეკლამო შეტყობინებებიც კი. სპეციალისტთა განმარტებით, სატელეფონო ანძები მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ აფიქსირებს შემოსულ ზარს ან შეტყობინებებს _ თუ ტელეფონი გამორთულია ან ზარებს არ პასუხობს. ქაფიაშვილის დედამ ჩვენთან საუბარში, რომლის გადაღებაც არ ისურვა, განაცხადა, რომ ომარმა ჩამოსვლის შემდეგ შხაპი მიიღო და დასასვენებლად წამოწვა. მაგდა სახლიდან გავიდა და დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა, ცოტა ხანში მამამ პატარა თორნიკე ბებიასთან შეიყვანა, სადაც ბავშვმა ერთი საათი გაატარა, შემდეგ კი ბებიამ იგი მშობლებთან დააბრუნა, სწორედ მაშინ ნახა ბებიამ უკანასკნელად შვილი, რომელიც დივანზე იწვა და ტელევიზორს უყურებდა, ამდენად ჩანს, რომ ტელეფონი ომარ ქაფიაშვილს გამორთული არ უნდა ჰქონოდა, იმ მიზეზით, რომ დაღლილი იყო და ეძინა, მაშ რატომ არ შედის მის ტელეფონზე ზარები და შეტყობინებები? თავად დარეჯან მინდიკაური შვილის დაგვიანებით აფორიაქებული, ურეკავდა ომარს, რომელიც ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ კი ტელეფონი გამორთო.
თუმცა, არც ერთი ზარი, ანძების მონაცემებით, დარეჯან მინდიკაურის მხრიდან არ არის დაფიქსირებული.
ცხელ კვალზე ხელიდან გაშვებული მტკიცებულებები
შემთხვევის ადგილის დათვალიერება გვამების აღმოჩენიდან ცოტა ხანში _ 5 საათსა და 20 წუთზე დაიწყო, მონიშნულ იქნა ყველა საეჭვო საკვლევი ობიექტი, სისხლის კვალი დერეფანში, ავტომანქანის სალონსა და ოთახში. სანაგვე ურნებში აღმოჩენილი საეჭვო ნივთები, სისხლის ორი წვეთი მაგიდის თაროსა და იატაკზე, სადაც მსჯავრდებული, მისივე ჩვენებით, სისხლიანი ხელებით მანქანის გასაღებს ეძებდა, მას შემდეგ რაც დასისხლიანებული ქმარ-შვილი დერეფანში აღმოაჩინა, მონიშნეს სისხლისმაგვარი ლაქები ფანჯრის რაფაზე მოთავსებულ ჩაქუჩსა და საწოლის გადასაფარებელზე, რომელიც შემდეგ სისხლი არ აღმოჩნდა, ოთახის კარადაში ნაწილებად დაჭრილი ზეწრებიც კი, მაგრამ დივანი, რომელზეც გამოძიების ვერსიით მოხდა მკვლელობა, კრიმინალისტებმა არ შეისწავლეს, არ დაათვალიერეს მისი შიდა კორპუსი, არც ოთახი დალუქეს, ამ ოთახში შედიოდნენ და გადიოდნენ სამძიმარზე მოსული ახლობლები, დივანი, რომელიც მომხდარიდან თვენახევრის შემდეგ მთავარ ნივთმტკიცებად გამოცხადდა, რომელშიც მხოლოდ თვენახევრის შემდეგ აღმოაჩინეს ომარ ქაფიაშვილის ჩაღვრილი სისხლი, სამძიმრის დღეებში მეზობლის ოჯახში დაულუქავი და დაუცველი იდგა.
,,გამომძიებელმა რეპორტიორმა'' ყურადღება მიაქცია კიდევ ერთ ფაქტს: მკვლელობის იარაღადმიჩნეულ უროზე, მისი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენის მომენტში, არ არის აღწერილი არავითარი სისხლისმაგვარი ლაქები, ხოლო სასამართლოში კი ეს ყველაფერი პირიქითაა ნაჩვენები.
კიდევ ერთი წინააღმდეგობა უროსთან დაკავშირებით, ურო რომ მოქნეული ყოფილიყო, ექსპერტის პასუხის თანახმად, მის ტარზე ხელის კვალი უნდა აღმოჩენილიყო დვრილოვანი ხაზების სახით, თუ, რა თქმა უნდა, დარტყმის მომენტში ხელს არაფერი უფარავდა მკვლელს, მაგრამ არგუმენტი, რომ დარტყმის მომენტში პაპიძემ ხელთათმანით ან სპეციალური სხვა რაიმეთი იმუშავა კვალის დაფარვის მიზნით, საკმაოდ სუსტია საქმეში, რომელშიც უმძიმეს დანაშაულს განიხილავს კანონთან უამრავი შეუსაბამობა, ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები და პასუხგაუცემელი კითხვები ნახეს იურისტებმა, რომლებიც ჩვენთან ერთად ეცნობოდნენ საქმეს.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების მიხედვით ნივთმტკიცებებს ნიკონის ფირმის ციფრულით იღებდნენ, არც ერთ ფოტოზე არ არის დაფიქსირებული გადაღების ზუსტი დრო, დრო რომ აღბეჭდილი ყოფილიყო, არ გაჩნდებოდა ნივთმტკიცებების ნიშანთვისებების შეცვლის ეჭვი, რაზეც დღეს ხმამაღლა შეიძლება საუბარი, ნაგვის ურნიდან ამოღებულ ვიდეოთვალზე ნაპოვნია თმის ღერი, რომლის იდენტობა არ არის დადგენილი, დერეფანზე სისხლიან იატაკზე აღმოჩენილია ,,თმის ბღუჯა'', რომელიც აგრეთვე არ არის შესწავლილი.
საეჭვო ნივთმტკიცებები, რომლებსაც გამოძიება სხვა კვალზე უნდა გაეყვანა
მოწმეთა ჩვენებით, იმ დღეს ომარ ქაფიაშვილი გორში, ოჯახის მანქანით არ ყოფილა წასული, არავინ ადასტურებს, რომ 19 დეკემბერს ომარმა ოჯახის მანქანით თუნდაც სამსახურის შემდეგ მაინც ისარგებლა, მიუხედავად ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ქაფიაშვილების ავტომანქანა ,,ჰონდა ფიტის'' სალონში აღმოჩენილ იქნა პისტოლეტი, რომელიც ომარ ქაფიაშვილის სამსახურისაა და იგი კანონით მოუშორებლად თან უნდა ჰქონოდა. იარაღზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალით დადგენილია, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის ბიოლოგიური კვალია, ერთ-ერთი ომარ ქაფიაშვილის კვალია, ხოლო დანარჩენი კი უცნობია და არ ემთხვევა მაგდა პაპიძის დნმ-ს.
ფერაძის ქუჩაზე ყოფილი სნაიპერი მოკლეს
,,გამომძიებელმა რეპორტიორმა'' ყურადღება მიაქცია ომარ ქაფიაშვილის პროფესიულ-ბიოგრაფიულ დეტალებს, რაც მედიას აქამდე არ გაუსაჯაროებია. ,,სერჟანტი ქაფიაშვილი სპეციალურ დავალებათა სამმართველოს მესამე სნაიპერთა ოცეულის სნაიპერია 2012 წლის იანვრიდან 2012 წლის დეკემბრამდე''. უცნაურია, ოცეულის სნაიპერი 2012 წლის დეკემბერში მოულოდნელად სახელმწიფო უსაფრთხოების ოპერატიული თანამშრომელი ხდება. რატომ უცვლიან კვალიფიკაციას გამოცდილ სნაიპერს მაინცდამაინც 2012 დეკემბერში.
2012 წელი კვალიფიციური სნაიპერების საქმეებთან ლაფანყურის ცნობილი ოპერაციით არის დაკავშირებული. მონაწილეობდა თუ არა ომარ ქაფიაშვილი როგორც პროფესიონალი სნაიპერი ოპერაციაში? ლაფანყურის საქმის შემსწავლელი კომისიის მტკიცებით, ამ ოპერაციის მონაწილე სნაიპერებს, ოპერაციის შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით შეუცვალეს პროფესია, ომარ ქაფიაშვილსაც სწორედ ამ დროს შეუცვალეს პროფესია. შეიძლება თუ არა ყოფილიყო ერთმანეთთან კავშირში ქაფიაშვილის ძველი პროფესია და მისი მკვლელობის ფაქტი, გამოძიებას ამაზეც უნდა ეზრუნა.
როგორ გაიტანა პაპიძემ გვამი დერეფნამდე
შემთხვევის ადგილის გამოძიებისას გამოძიებამ ლატენტორის ხსნარისა და ულტრაიისფერი სხივების გამოყენებით უჩინარი სისხლის კვალი აღმოაჩინა: დივნის სახელურზე, იატაკზე და კარადაზე, თუმცა არსებობს დოკუმენტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულების უტყუარობას. ღუდუშაურის კლინიკის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ომარ ქაფიაშვილს ხშირად ემართებოდა ძლიერი კაპილარული სისხლდენა, რასაც მისი ახლობლები ადასტურებენ, ხოლო თავად პაპიძის ჩვენებით, სისხლდენა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დაემართა.
არის კიდევ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა საქმეში: ომარ ქაფიაშვილის სხეულის თრევის აღმნიშვნელი სისხლის უწყვეტი კვალი, ექსპერტიზის დასკვნით, იწყება არა ქაფიაშვილების ოთახში ან ოთახიდან, არამედ იმ ნაწილიდან, რომელიც ქაფიაშვილების კარიდან 6.50 მ-შია. მაშ როგორ მიიყვანა პაპიძემ მეუღლე დივნიდან მეზობლის სახლის კარამდე ისე, რომ მისი სისხლის კვალი ულტრაიისფერი სხივის გამოყენების შემთხვევაშიც არ გამოჩენილიყო. სად არის ამ კითხვის პასუხი? პაპიძის დაკავებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულმა ქმრისა და შვილის მკვლელობა აღიარა, ეს უპრეცედენტო ტყუილი იყო, რადგან ასეთი აღიარება მაგდა პაპიძის საქმეში არ დევს, სამაგიეროდ საქმეში დევს მასზე ფიზიკურ ზეწოლაში დამადასტურებელი დასკვნა. პაპიძის თქმით და ექსპერტის დასკვნით, უმოწყალოდ გაუსწორდნენ შვილის მკვლელ დედას, რომელსაც ეს სტატუსი იქამდე მიანიჭეს, სანამ მსაჯულები განაჩენს გამოიტანდნენ.
,,ურო (ნაჭრით გახვეული), პარკები დიდი გახსნილი გამზადებული, პროსტინა გამზად, პირსახოცი გამზად, წყალი ტოლჩით, ჩაინიკი, ტანსაცმელი გავუმზადო ორივეს. მე გავიმზადო ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი პარკები''.
კალიგრაფისტმა ამ ჩანაწერში მაგდა პაპიძის კალიგრაფია დაადასტურა, ხოლო ჩანაწერი მკვლელობის გეგმად სცნო სასამართლომ, ეს ფურცელი იყო ერთადერთი სამხილი პაპიძის მიერ შვილის მკვლელობის დასადასტურებლად, მაგრამ თუ ეს მკვლელობის გეგმაა, რა არის 5 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მოტივი? ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ პაპიძე შერაცხადად სცნო.
P.s თუ ფსიქიკურად ჯანმრთელი დედები შვილებს იმ მოტივით ხოცავენ, რომ ყოველი მოკლული შვილის შემდეგ ცხოვრება ცარიელი ფურცლიდან დაიწყონ, საქმე გაცილებით დიდ პრობლემასთან გვქონია ჩვენ, საზოგადოებას, ვიდრე ერთი კრიმინალური შემთხვევაა. მაგდა პაპიძის საქმე უკვე იქცა საუკუნის კრიმინალურ საქმედ, არა მხოლოდ თავისი სისასტიკით, არამედ იმ ცარიელი ფურცლებით, რომლების საქმეში დატოვეს სამართალდამცავებმა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი. პირველი არხი. გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორი“ („რა დაიმალა მაგდა პაპიძის საქმეში“) გამოქვეყნებულია _ 2016-09-26, 23:00. http://1TV.GE/GE/VIDEOS/WIEW/170510
ლია ტოკლიკიშვილი

back to top