Menu

ვინ არის გიორგი ავალიანი, რატომ დაუპირისპირდა ნაციონალების დროს ძმებ ახალაიებს და რა კავშირი ჰქონდა ავტორიტეტს „ციხის ბუნტთან“

...2006 წლის 26 მარტი. ე.წ. გუბერნსკის ციხე. ღამის 01.00 საათზე, ბაჩო ახალაია მიდის ციხის საავადმყოფოში და დირექტორის კაბინეტში ჩაჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები _ ზურაბ ვიბლიანი და გიორგი ავალიანი. იქვე კაბინეტთან აჩერებენ ამავე სტატუსის მქონე ლევან ცინდელიანს. ქურდების საკნიდან, დირექტორის კაბინეტში შეჰყავთ პლატონ მამარდაშვილი, რომელსაც მეგის ქარდავამ (იმ პერიოდში ქარდავა მე-7 საპყრობილის დირექტორი იყო) თმის შეჭრა დაუწყო.
შემდეგ, გიორგი ავალიანთან მიდის ვიღაც თანამშრომელი, რომელსაც ხელში ვიდეოგადამღები უჭირავს და ეკითხება: ,,დღეს რა რიცხვია?!'' სკამზე მჯდომი ავალიანი ჩუმად პასუხობს, არ მახსოვსო. ამ დროს, მასთან მიდის გაცოფებული ბაჩო ახალაია, სახეში ურტყამს და უყვირის, ,,მტყუანის დედა...'' ამ გინებისა და დარტყმის მერე, ავალიანი არ იქცევა რიგითი პატიმარივით და თავს არ ხრის. ყველასთვის მოულოდნელად, ავალიანი ფეხზე წამოიჭრა, ახალაიას სახეში მთელი ძალით დაარტყა და იატაკზე უკანალით გააცურა. იქვე მყოფი სპეცრაზმელები, ავალიანს, ვიბლიანს, ცინდელიანს და მამარდაშვილს დაერივნენ და სასტიკად სცემეს, ხოლო გამწარებულმა ახალაიამ, უკვე გათიშულ ავალიანს პირში იარაღი ჩაუდო. იქ მყოფმა მისმა თანამშრომლებმა, მისი დაშოშმინება ძლივს შეძლეს და არ ასროლინეს. ცემის შედეგად, მანამდე ფეხზე მოსიარულე ვიბლიანი, ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა და დღესაც ასეთ მდგომარეობაშია, ავალიანს ღვიძლზე სამი ოპერაცია დასჭირდა. ცნობისათვის, ავალიანი ისე იყო ნაცემი, რომ ახალაიას მითითებით, ციხის ეზოში მდგარ სანაგვე ურნაში ჩააგდეს, მკვდარი ეგონათ. ამის შემდეგ დაიწყო ციხის ბუნტადწოდებული პატიმრების ამბოხი, რაც საბოლოოდ წინა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო და ამბოხს 9 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა...
და მაინც, ვინ იყო გიორგი ავალიანი და რატომ არ მონათლეს ის ,,კანონიერ ქურდად'' მეშვიდე დაწესებულებაში, სადაც არაერთი ქურდი იხდიდა სასჯელს და ავალიანის ქურდობის წინააღმდეგი არცერთი მათგანი არ იქნებოდა? როცა წინა ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერ ქურდებს ბრძოლა გამოუცხადა, ვიღაცებთან მორიგებაც სცადა და მოურიგდა კიდეც. ვისთანაც გარიგება არ შედგა, ან ქვეყნიდან გაიქცა, ან დაიჭირეს. ე.წ. კაი ბიჭის სტატუსის მქონე ავალიანს ნაციონალები თავიდანვე ერჩოდნენ. გიორგი არც საქართველოდან მიდიოდა და არც გარიგებაზე, ამიტომ ის მალევე დაიჭირეს და 20-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. იმ დროისთვის ავალიანი ნორა კვიციანის სიძე გახლდათ და მისი ქალიშვილი, ნათია ჰყავდა ცოლად. შემდეგ იყო ციხის ბუნტი, რის გამოც ავალიანს სასჯელი დაუმატეს და ჯამში 26 წელი შეუფარდეს.
მალევე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, წინა ხელისუფლებამ შიდა ქართლის სოფლებს, კოდორის ხეობაც მიაყოლა. იქ კი სიტუაციას ავალიანის ცოლის ძმა, ბაო არღვლიანი აკონტროლებდა და ხელისუფლებამ მასთან მოლაპარაკებები მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხეობა რუსებს გადასცა. არღვლიანმა მოლაპარაკებებზე უარი თქვა (ცნობისათვის, ბაჩო არღვლიანი ,,კანონიერი ქურდია'') და ხელისუფლებამ დამნაშავედ ისევ ავალიანი სცნო, აქაოდა, შენი ცოლის ძმა მოლაპარაკებებზე არ მოდისო, თუმცა მეშვიდე საპყრობილეში მყოფი ავალიანისთვის ,,სროკის'' დამატების საფუძველი არ ჰქონდათ.
შემდეგ იყო ხელისუფლების გადაბარება და შეკრებითობის პრინციპით, ავალიანმა ციხე დატოვა, თუმცა სამშობლოში დიდხანს არც ახალმა ხელისუფლებამ გააჩერა და ისიც საბერძნეთი წავიდა, სადაც ბოლო დრომდე ცხოვრობდა. ავალიანმა ერთადერთხელ სთხოვა ხელისუფლებას საქართველოში დაბრუნება, მაშინ, როცა ვაკეში მისი უახლოესი ნათესავი და ბავშვობის მეგობარი, სოსო ჯოხაძე მოკლეს, თუმცა უარი მიიღო. საბერძნეთში ავალიანი ,,კანონიერ ქურდად'' მონათლეს და ქურდის ჩამოსვლას (თუნდაც უახლოესი ნათესავის დაკრძალვაზე) ოპოზიცია ცუდად გამოიყენებდა.
,,ავალიანი მეშვიდე საპყრობილეში თავისი სურვილით არ გახდა ქურდი, რადგან ამას ადმინისტრაცია გაიგებდა და ქურდობისთვის კიდევ 7 წელს დაუმატებდნენ'', _ გვითხრა გიორგის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც საბერძნეთში მასთან ერთად ცხოვრობდა.
ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ საბერძნეთიდან მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბადუკა ნათობაძისა და ძმებ ფეიქრიშვილების ახლობლები აიბარგნენ, რადგან შურისძიების შეეშინდათ. ყველა აღიარებდა, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც ჯოხაძის მკვლელობის გამო შურს სასტიკად იძიებდა, სწორედ ავალიანი იყო. არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც _ როცა საბერძნეთში დათა ახალაია დაიჭირეს, ავალიანმა სურვილი გამოთქვა, მცირე დანაშაული ჩაედინა და ახალაიას მოსანახულებლად ციხეში ისიც შესულიყო, მაგრამ როგორც ამბობენ, მაშინ ამის გაკეთება ლაშა შუშანაშვილმა აუკრძალა და საამისო მიზეზიც ჰქონდა _ როგორც კი დაკავებულის ვინაობა გაირკვა, ახალაია სამარტოო საკანში გაძლიერებული დაცვის ქვეშ გადაიყვანეს და საბერძნეთის ციხეში ავალიანი მას უბრალოდ ვერ მიწვდებოდა...
გიორგი ავალიანი საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ავტოავარიას ემსხვერპლა, შემდეგ ეს ვერსია შეიცვალა და მიზეზად გულის უკმარისობა დასახელდა, ბოლოს კი ისიც თქვეს, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალაო, თუმცა...
,,ჯერ ერთი, ყველამ იცის, რომ გიორგი წამალს არასდროს იკეთებდა. მეორეც, როცა ბოლოს ვნახე საბერძნეთში და ეს ბოლო ორი კვირის წინ იყო, გიჟივით ვარჯიშობდა, ფორმაში უნდა ჩავდგე, წონა გამექცა, 120 კილოს გადავაბიჯეო. დარბაზში გავყევი ერთხელ, რომ ივარჯიშა, მერე სთხოვა ბიჭებს, ვინმე მეჭიდავეთო, ყველამ უარი უთხრა, დათვივით იყო ჯანზე. ბოლოს ერთი დაითანხმა და იმ პირობით, რომ ეს მუხლებზე იქნებოდა, ის ფეხზე და ისე უნდა ეჭიდავათ. კინაღამ ძვლებში დაამტვრია, ისეთ ჯანზე იყო და რა წამალი? შენც ხომ იცი, ვინც წამალს იკეთებდა, იმასთან ურთიერთობას უბრალოდ წყვეტდა ხოლმე გიო. სხვა რაღაც არის აქ, სხვა რამ იმალება. ყველაფრის დაბრალება შეიძლება მაგისთვის გარდა იმისა, რომ წამალს იკეთებდა. წამალი კი არა, აქეთ რომ მოვდიოდი, სუფრა გავაკეთეთ და ძალიან მაგარი ვისკი, კონიაკი და ღვინო იდო სუფრაზე. წვეთი არ დაულევია, წვენს სვამდა, რომ დავლიო, მერე ვერ ვივარჯიშებ, არ მინდაო. სასმელსაც კი ერიდებოდა და წამალი რომ გეხსენებინა, დაგახრჩობდა ალბათ'', _ გვითხრა გიორგის ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა.
გიორგი ავალიანს, კაცს, რომელმაც გაბედა და წინა რეჟიმს სილა გააწნა, მშობლიურ მიწას ამ კვირაში მიაბარებენ...
პატიმარი #0578

back to top