Menu

თბილისში ჩადენილმა სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა აალაპარაკა და პოლიტიზირებულ საქართველოში, ისეთი მნიშვნელოვანი თემებიც კი გადაფარა, როგორიცაა მაგალითად, პარლამენტის დაკომპლექტება. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმე გვაქვს რიტუალურ მკვლელობასთან, რომელიც შესაძლოა, კანიბალიზმის ნიშნებსაც შეიცავდეს, რადგან, როგორც ამბობენ, ბრალდებულებმა, მსხვერპლის ორგანოები შეჭამეს. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ვერაფერს დავამტკიცებთ. ამ ფონზე, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, ,,ვერსია'' გთავაზობთ სხვადასხვა მედიასაშუალებიდან ამონარიდებს, რომელიც დედის სასტიკ მკვლელობას ეხება:

ასაკოვანი დედა, 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის #8 საპყრობილის მიმდებარედ, გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“.
მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის გოგონას მამა პირველ კომენტარს ,,კვირასთან'' აკეთებს. ომარ ყოჩიაშვილი მომხდარით შოკირებულია და აცხადებს, რომ დაკავებულებიდან არც ერთს არ იცნობს: ,,ჩემს შვილს ვერაფერს ვამჩნევდი, არ მეგონა, თუ ასეთი სასტიკი იქნებოდა. რა ვთქვა ან რა გითხრათ? როგორ ვიქნები? დაკავებულებიდან არავის ვიცნობ. ჩემს სახლში ისინი არასდროს მინახავს“. მისივე თქმით, ირმა ყოჩიაშვილს სახაზინო ადვოკატი იცავს.
საქმესთან დაკავშირებით, „კვირისთვის“ დამატებით დეტალებიც გახდა ცნობილი. არასრულწლოვანი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, ნინა ჩ., დაპატიმრებამდე ოთხი დღით ადრე, ნაცნობებს ტელეფონით დაუკავშირდა, რამდენიმე პირთან ერთად ფართის ქირაობას ითხოვდა.
„ოთხი დღის წინ დამირეკა. მარტო მინდა, საცხოვრებლად გადავიდე, ბინა არ მინდა, უფრო სარდაფს ვეძებო. ფართი, რომელიც შევთავაზე, საკმაოდ ძვირი იყო. არა უშავს, მეგობრებთან ერთად ვაპირებ ფართის დაქირავებასო, მითხრა. შემდეგ აღარ გამოჩენილა'', _ აცხადებს ახლობელი. „კვირის“ ინფორმაციით, ნინა ჩ.-მ წელს ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა. იგი ცნობილი დრამატურგის ოჯახში გაიზარდა. „კვირა“ მის ვინაობას არ ამხელს. დრამატურგს ამ თემაზე საუბარი არ სურს. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობს. სწავლის პარალელურად, ნინა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა და თბილისში ერთ-ერთი თეატრალური დასის წევრი იყო. სხვადასხვა სპექტაკლში თამაშობდა. წელს, მაის-ივნისში, სპექტაკლ „მექანიკურ ფორთოხალში“ ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულა. რეჟისორის თქმით: ,,ნინამ ორი კვირის წინ დამირეკა. გამოცდები ვერ ჩააბარა. უამრავი დრო მაქვს და თეატრში დავბრუნდებიო. უნიჭიერესია ნინა, თავისებური ბავშვია, განსხვავებული მსოფლმხედველობით. ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას უსმენდა. გადასარევად ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ვერ ჩააბარა. ახალ სპექტაკლზე „რიჩარდ III''-ზე ვმუშაობ, იქ სამხატვრო დეკორაციები ნინას უნდა შეექმნა. რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა, თან _ კარგად. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ნინას მშობლებიც გავიცანი. ისინი წარმოდგენას დარბაზიდან უყურებდნენ. მამობილი ცნობილი დრამატურგია. ერთხელ ნინას მეგობარი ახლდა. გამაცნო, მეტსახელი ერქვა „გოთი“ (23 წლის ბექა შენგელია). არ მომეწონა ის ახალგაზრდა. ბიჭი უცხო საზოგადოებაში ზედმეტად თამამად იქცეოდა, ცოტა თავხედურადაც. ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, თუმცა ეს ნინასთვის არ მითქვამს. ისეთი მგრძნობიარე იყო, შეიძლება წყენოდა“.
საქმის კიდევ ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის შესახებ კი ისაა ცნობილი, რომ მან თბილისის 124-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. კლასის ბანკეტს არ დასწრებია. დაწყებითი კლასის პედაგოგი „კვირასთან“ აცხადებს:
„ოჯახს 22 წლის გოგონა გარდაეცვალა. მძიმე სენით იყო დაავადებული. უნიჭიერესი და ძალიან ჭკვიანი ყოფილა. ამის შემდეგ, ოჯახმა ირმა შვილად აიყვანა. პირველი კლასიდან ვასწავლიდი. დედამ ტრაგედიის შესახებ მიამბო. ირმას განსაკუთრებული მშობლები ჰყავდა, სკოლაში ხშირად აკითხავდნენ. მამა 31-ე ქარხანაში მუშაობდა. ირმა წყნარი და უკონტაქტო ბავშვი იყო, კლასში მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა, დანარჩენებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე საგანი განსაკუთრებით უყვარდა. ყოველთვის მომზადებული მოდიოდა, გონიერი მოსწავლე იყო''.
სკოლის დირექტორის, მადონა მუმლაძის ინფორმაციით, ირმა მე-12 კლასის გამოცდებზე არ გამოცხადებულა და ატესტატიც არ აუღია: „სასწავლო პროცესს არცთუ იშვიათად აცდენდა. დედა ხშირად აკითხავდა. დამრიგებლისგან ვიცი, იმდენად ყურადღებიანი დედა ჰყავდა, რომ ძალიან განიცდიდა მის მდგომარეობას. სწავლით გამორჩეული არ ყოფილა. სამი წლის წინ დაამთავრა სკოლა ისე, რომ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ, სკოლის გამოცდებზე არ გამოცხადებულა“.
,,დედის მერე, მამაც უნდა მომეკლა'' _ შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები
საქმეზე საინტერესო ინფორმაციას უყრის თავს ,,კვირისპალიტრა.გე'', რომელიც ასევე ირმა ყოჩიაშვილის მეზობლების კომენტარებსაც გვთავაზობს: არაოფიციალური ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკარგული ქალის 18 წლის გოგონაზე, ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილზე მას შემდეგ მიიტანეს ეჭვი, რაც დედის დაკარგვასთან დაკავშირებით დაკითხვისას, მისი სრულიად არაადეკვატური ქცევა ნახეს და პასუხები მოისმინეს. სავარაუდოდ, სწორედ მან აღიარა პირველად დედის მკვლელობა, თანამზრახველთა წრის დადგენა კი პოლიციას აღარ გასჭირვებია...
სავარაუდოდ, ბევრ ინფორმაციას მოგვცემს ახალგაზრდების Facebook-გვერდები, სადაც შავ-ბნელი ძალების თაყვანისცემის არაერთი ატრიბუტია თავმოყრილი. ბექა შენგელია, მათ წრეში ცნობილია შაილერ Gothes-ის სახელით, მკვლელობაში კიდევ ერთი ბრალდებული კი, ნიკად ნინა გოტჰეს-ს იყენებს.
,,კვირისპალიტრა.გე'' იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა. ყოჩიაშვილების მეზობლები, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ამბობენ, რომ გოგონა, მართალია ხშირად უცნაურად და შემზარავადაც კი გამოიყურებოდა, მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ ეს დროებითი, ასაკობრივი პროტესტის ნიშანი იყო და მალე გაუვლიდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგობრები, რომლებიც მასავით უცნაურად იყვნენ ჩაცმული და სახემოხატულები, ასეთ საფრთხეს წარმოადგენდნენ:
• ,,შოკში ვარ, ამბობენ, გამოძიებისთვის უთქვამს, დედის მერე, მამაც უნდა მომეკლაო, ვინ იცის ჩვენც არ მოვწონდით და მერე ჩვენც ამოგვიღებდა სამიზნეში თავიანთი საზარელი რიტუალებისთვის''.
• ,,არ ვიცი, რა დაუშავა დედ-მამამ. საოცრად წყნარი და უპრობლემო ოჯახი იყო. ცოტა ჩაკეტილი, დიდად არ ურთიერთობდნენ ჩვენთან, მაგრამ მათგან ხმამაღალი ლაპარაკი ადრე არ გაგვიგია. რომ წამოიზარდა, ცოტა კონფლიქტებმა მოიმატა, მაგრამ ვის ოჯახში არ ხდება ასე''.
• ,,ვიდრე გოგო პატარა იყო, ხელჩაკიდებულს დაატარებდნენ სულ, ეზოში სათამაშოდ იშვიათად უშვებდნენ, უკან დასდევდნენ, ასწავლიდნენ... როგორც კი წამოიზარდა, ასაკოვან მშობლებს მოერია, სკოლა მიატოვა და რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. დედა დაუძლურებული ჰყავდა, მაგრამ საწყალი მამა სულ ეჩხუბებოდა. ერთხელ მეზობლებმა უთხრეს, შენი შვილი ტაქსისტებს ,,აგდებსო''. გადაირია კაცი. გოგო შუაღამისას ტაქსებით მოდიოდა, ტაქსისტებს სადარბაზოსთან დააყუდებდა და ფული არ ჩაჰქონდა''.
• ,,მარიამს ფსიქიკაში აერია რაღაც ან საშინელ წრეში მოხვდა და გადაუბრუნეს გონება. ისე შეიცვალა, მის გარეგნობაზე მაინც უნდა მივმხვდარიყავით, რომ რაღაც სჭირდა. თავი სპეციალურად დაიმახინჯა, მის შეხედვაზე ადამიანს შიში აიტანდა, _ თავის ნახევარი გადაიხოტრა, მეორე ნახევარზე ნაწნავი ჰქონდა; სულ ტატუირებული იყო, მთელ ტანზე; ბოლოს სახეზე, თვალების ქვეშ კატის ბრჭყალები დაიხატა. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, რატომღაც სიმშვიდე დაკარგული არ ჰქონდა...''
,,არა მგონია, მომხდარის შემდეგ, როდესმე ადამიანურად იცხოვროს, დაფიქრდება რა გააკეთა და დაიტანჯება. ბოლო დღეებში მამას ეუბნებოდა თურმე, შუქი არ გამორთო, მეშინიაო''.
,,შვილთან თბილი, მამაშვილური ურთიერთობა მქონდა'' _ რა გაუმხილა დედის მკვლელობაში ბრალდებულის მამამ ,,ინტერპრესნიუსს''
დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ომარ ყოჩიაშვილის განცხადებით, დედა-შვილს შორის უთანხმოება ძირითადად ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილზე იყო. ,,ინტერპრესნიუსთან'' საუბარში ომარ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ ,,შვილთან თბილი მამაშვილური ურთიერთობა'' ჰქონდა: ,,უთანხმოება იყო ვარცხნილობასთან დაკავშირებით, ჩაცმის სტილზე, სხვა ისეთი არაფერი. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ის შესაფერისად არ იცვამდა. მისი პოზიცია იყო, ტყუილად ნუ მელაპარაკები, მაინც არ გისმენო... სამსახურში ვიყავი, როცა ეს მოხდა. სახლში რომ მოვედი და ჩემი მეუღლე არ დამხვდა, განვაცხადე პოლიციაში. რაც მოხდა, ამას როგორ წარმოვიდგენდი''.
,,ბრალდებულთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა'' _ პროკურორი კანიბალიზმის ნიშნებზე საუბრობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისა და ამ საქმეზე დაკავებულების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. მისი თქმით, საქმეში კანიბალიზმის ნიშნები იკვეთება: ,,ქალი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი კიდურები მოაჭრეს, ასევე ამოაჭრეს ორგანოები. ბრალდებულთაგან ერთმა აღიარა, რომ მოკლულისთვის ამოჭრილი ორგანო შეჭამა. თუ ვინ აღიარა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, ჯერ არ დავასახელებ. დანაშაულის მოტივად იკვეთება პირადი ინტერესი, ანუ ის, რომ მოკლულის ქალიშვილს მუდმივად კონფლიქტი ჰქონდა დედასთან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი მოშორება. დანაშაულს აღიარებს 2 ბრალდებული _ ბექა შენგელია და მოკლულის ქალიშვილი, კიდევ ერთი თანამონაწილე არასრულწლოვანია და მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს''.
რაც შეეხება რიტუალურ მკვლელობას, რაზეც შსს-ს განცხადებაში იყო ლაპარაკი, პროკურორის თქმით, ეს ეჭვი, ახალგაზრდების Facebook-გვერდების დათვალიერებისა და მათი ცხოვრების წესის შესწავლის შედეგად გაჩნდა.
პროკურორისვე თქმით, ,,საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც ამ ადამიანების ბრალეულობას ამტკიცებს, მათ შორის კანონიერი მიყურადების დროს ამოღებული ჩანაწერები, აღიარებითი ჩვენებები და ა.შ.''
პროკურორის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კანიბალიზმის და რიტუალური მკვლელობის დასჯადი მუხლი არ არსებობს, ამიტომაც ბრალი წაყენებული აქვთ 109-ე მუხლით, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

back to top