„ნაპოლიში“ კვარაცხელიას დებიუტი 14 ივლისს შედგება

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელია ქართველ გულშემატკივარსა და ბათუმის „დინამოს“ ოფიციალურად 29 ივნისს, „დინამო“ ბათუმისა და „დინამო“ თბილისის შეხვედრის დაწყებამდე დაემშვიდობება და გეზს იტალიისკენ აიღებს. ნეაპოლში ჩვენებურს უკვე ელიან, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტსაც გააფორმებს. კლუბის მენეჯმენტის გარდა, კვარაცხელიას გულშემატკივარიც მოუთმენლად ელის. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების შემდეგ, ხვიჩას „კვარადონა“ შეარქვეს და ჩვენებური დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას 14 ივლისს იწყებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სამოყვარულო კლუბ „ანუნიას“ ხვდება. მესამე წელია, „ნაპოლი“ სეზონისთვის სამზადისს სწორედ ამ გუნდით იწყებს და წინა ორ შემთხვევაში, არასაფეხბურთო ანგარიშით: 17:0 და 12:0 მოიგო. სუსტ მეტოქესთან სპარინგით, „ნაპოლი“ წინასასეზონოდ კარგ განწყობას იქმნის.

„ახალი სეზონის სტარტს გულშემატკივარი მოუთმენლად ელის. ისინი უკვე აღმერთებენ გუნდის ახალ შენაძენს, ხვიჩა კვარაცხელიას და ეს იმის მიუხედავად, რომ მას „ნაპოლიში“ ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ქართველი გარემარბი მათი მთავარი იმედია და იმის გათვალისწინებით, როგორი საგიჟეთია ნეაპოლური კლუბის საშინაო არენაზე, ხვიჩას ბევრის დამტკიცება მოუწევს“, - წერს იტალიური მედია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე