სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მორიგი დასკვნა - რა ხარვეზები გამოვლინდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

როგორი იყო სამედიცინო სერვისების უწყვეტობა პანდემიის დროს

მაკა რუხაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პანდემიის პერიოდში, სამედიცინო სერვისების უწყვეტობით დაინტერესდა. 2020 წლის 11 მარტიდან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ, ახალი კორონავირუსით- COVID-19-ით გამოწვეული დაავადების გავრცელების პანდემიად გამოცხადებამ და საპასუხო ღონისძიებების საჭიროებამ, საფრთხის ქვეშ დააყენა მოსახლეობისათვის საბაზისო სამედიცინო სერვისების უწყვეტობა.შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად ეფექტიანი იყო ჯანდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში, ბენეფიციართათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების დროული და სრული მიწოდების მხრივ.
რა თქმა უნდა, აუდიტის შედეგად ხარვეზები გამოვლინდა, რაც იმით იხსნება, რომ პანდემიის დროს, ძირითადი აქცენტი კორონავირუსის მართვაზე კეთდებოდა. თუმცა, ვიდრე აუდიტის დროს გამოვლენილ ხარვეზებს გაგაცნობთ, შეგახსენებთ, რომ საქართველოში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 26 თებერვალს, ხოლო 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც იმავე წლის 23 მაისს დასრულდა. შეზღუდვები დაწესდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, შეიზღუდა გადაადგილება და საკარანტინე ზონად გამოცხადდა რამდენიმე ტერიტორიული ერთეული. 2020 წლის 28 ნოემბრიდან, განახლდა შეზღუდვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის, მრავალი ობიექტის საქმიანობის, მოქალაქეების 21.00 საათის შემდეგ გადაადგილებისა და სხვა აქტივობების მიმართულებით, რაც მომდევნო შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ხარვეზები ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2020-2021 წლებში, შემცირდა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა რაოდენობა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის N213 დადგენილებაში შესული ცვლილების მიუხედავად, სამედიცინო მომსახურების დისტანციური წესით განხორციელების შესახებ, დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეების მხოლოდ მცირე ნაწილს შესთავაზეს ეს შესაძლებლობა:
„2019 წელთან შედარებით, ბენეფიციართა ზრდის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა დიაბეტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა - 27.7%-ით, რომელთაც 2020-2021 წლებში ისარგებლეს მათთვის განსაზღვრული ამბულატორიული სერვისებით. კლების ტენდენცია შეიმჩნევა პროგრამებით მოსარგებლე იშვიათი დაავადებების მქონე - 43.5%-ით და C-ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობაშიც - 27%-ით.ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა შემცირების მიუხედავად, დიაბეტის პროგრამის ფარგლებში გაიზარდა მედიკამენტის მიმღებთა რაოდენობა, რაც მიუთითებს ამ სერვისის საჭიროებაზე.ბავშვთა შაქრიანი დიაბეტისა და იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მომსახურების,ასევე, ანტენატალური სერვისით მოსარგებლე 225 გამოკითხულიდან 186 მიუთითებს, რომ მათთვის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუთავაზებია დისტანციურად გაევლოთ ექიმთან კონსულტაცია. სააგენტოს მხრიდან არ შემუშავებულა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიღების დისტანციურ შესაძლებლობას“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2021 წლის მაისში, დამტკიცდა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა - „ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება და გადაუდებელი მზადყოფნა COVID-19-ის შემდგომი ტალღებისათვის“, სადაც განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის რიგი სერვისები, რომელთა უწყვეტობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია, რომ მითითებული სერვისები ჯანმოს მიერ განსაზღვრული იყო 2020 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ გზამკვლევში, ხოლო მათი მიწოდების გზები დეტალურად გაიწერა 2020 წლის 1 ივნისის რეკომენდაციებში.
„აუდიტის შედეგად გამოვლინდა რისკი, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების პროგრამის ბენეფიციარები მათთვის განსაზღვრულ სამედიცინო კონსულტაციას არ იღებენ პროგრამაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან მაშინ, როდესაც სერვისის ღირებულება დაფარულია სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, არსებობს რისკი იმისა, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სერვისის მიმწოდებლის მიერ მათი გადამისამართება ხდება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმის კონსულტაციის ხარჯს თავად ბენეფიციარები ფარავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარგებლეები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული სერვისების შესახებ“.

ხარვეზები უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში
აუდიტის პერიოდში,არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო უმეტესად კონცენტრირებულნი იყვნენ ე.წ. კოვიდსტაციონარულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. შედეგად, მცირეა სხვა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებათა რიცხვი, სადაც უსაფრთხოების წესების დაცვით, ზედამხედველობა განხორციელდა.
„2020-2021 წლებში, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მიმწოდებლად ჩართული დაწესებულებების მცირე ნაწილში (2020 წელს - 0.8%, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით - 4.5%) შემოწმდა სანებართვო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვა.2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა მონიტორინგი 15 სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებლები იყვნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამ დაწესებულებაში არ ხდებოდა არაინფიცირებული და კოვიდით ინფიცირებული ნაკადების გამიჯვნა (?!). უსაფრთხოების პრობლემაზე მიუთითებს აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბენეფიციარების 21%, რომელთაც 2020-2021 წლებში, უარი თქვეს მომსახურების მიღებაზე კოვიდით ინფიცირების რისკების არსებობის გამო“.
იმუნიზაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პერინატალური (მშობიარობის შემდგომი სამედიიცინო მომსახურება) სერვისის მიმწოდებელთათვის, მინისტრის ბრძანებით, დამატებით განისაზღვრა უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ინფექციის კონტროლის მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელიც არ მოიცავდა გაცემული რეკომენდაციების სრულად შემოწმებას.
აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხულ ბენეფიციართა უმეტესობა მიუთითებს, რომ ანტენატალური (ორსულის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანა) ვიზიტების დროს, სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხო გარემო ნაწილობრივ იყო უზრუნველყოფილი და კლინიკები არ ახდენდნენ ვიზიტის წინასწარ დაგეგმვას, მიუხედავად სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციისა!

ხარვეზები საზოგადოებასთან კომუნიკაციაში
აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ 2020-2021 წლებში, ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობის კუთხით, საბაზისო სერვისების უწყვეტად მიწოდების შესახებ, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მხრიდან განხორციელდა არასაკმარისი აქტივობები:2020 წელს C-ჰეპატიტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად არ არის ათვისებული. აუდიტორების მტკიცებთ, დაბალი იყო იმუნიზაციის აპლიკაციის მომხარებელთა რაოდენობა, რომელიც შეიქმნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების მიზნით, ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისათვის.
„ქვეყანაში რეგისტრირებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის შემთხვევების მაღალი რაოდენობის მიუხედავად, დაბალია ბენეფიციართა მიმართვის მაჩვენებელი კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე, რომელიც 2021 წელს განკუთვნილი იყო სატელეფონო პროფესიული ფსიქოლოგიური დახმარებისათვის.
ანტენატალური მომსახურების მოსარგებლე გამოკითხულთა ნახევარს არ დაუკავშირდა სამედიცინო დაწესებულება და არ მიაწოდა რეკომენდაციები COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ“.