თბილისის ფსიქიატრიული კლინიკების კოშმარები - რას იხსენებს ძალადობის მსხვერპლი პაციენტი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: ია გრიგალაშვილი

 

31 მარტს, სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტს, 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებ. ანგარიშში განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და სამწუხარო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში აღმოჩენილი დარღვევებია, კერძოდ, სახალხო დამცველის დასკვნაში წერია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო არ აწარმოებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას. ამასთან, პაციენტებს სომატური ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული წვდომა აქვთ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზიც შეიძლება გახდეს. პაციენტები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ ტელეფონით - დაწესებულებაში შესვლისთანავე მობილურ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ართმევენ.  2020 წლის მსგავსად, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გასულ წელსაც შეჩერებული იყო მნახველების მიღება. შესაბამისად, პაციენტებს ოჯახის წევრებთან შეხვედრის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

 

სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა, ფაქტობრივად, არ განსხვავდება 2020 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღწერილი კონტექსტისგან. ცნობისთვის, 2020 წლის ანგარიშში გამოკვლეულია ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში. მაშინ მონიტორინგმა მთელი რიგი სისტემური და ცალკეული ხარვეზები გამოავლინა, კერძოდ, ინდროინდელ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული კლინიკურ-პრაქტიკული სახელმძღვანელოები ე.წ. ეროვნული გაიდლაინები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას.

შემოწმებულ დაწესებულებებში არ ხდება ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში.

გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებების ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან პაციენტთა შორის ძალადობის ფაქტების გამოვლენა. ერთ-ერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა გაიდლაინებით გაუთვალისწინებელი მედიკამენტის გამოყენების გზით, ლიბიდოს მიზანმიმართულად დაქვეითების შემთხვევა.

ქალის ჰიგიენური პაკეტების არარსებობის შემთხვევაში, მიღებული პრაქტიკაა ჰიგიენური საფენების დაჭრა/დაყოფა. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დაწესებულებაში არის ქალის ჰიგიენური პაკეტების მარაგი, მაგრამ თავად პაციენტებმა ამის შესახებ არ იციან და ოჯახის წევრებს სთხოვენ საჭირო ნივთებით უზრუნველყოფას.

პაციენტები ხშირად უთითებდნენ აბაზანაში წყლის მალე გაციებაზე, რაც პირადი ჰიგიენის ჯეროვან დაცვას ართულებს. ყოველდღიური ჰიგიენის დაცვისას, რიგ შემთხვევებში, ქალებს ცივი წყლის გამოყენება უხდებათ. ზოგიერთ სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებს კვლავ არ აქვთ პირადი ტანსაცმელი ან თეთრეული და დაწესებულებაში არსებული საერთო მარაგიდან უხდებათ სასურველი ტანსაცმლის (მათ შორის, საცვლის) არჩევა. იქ უმეტესად, დიდი საერთო სარეცხი მანქანებია, სადაც ყველაფერი ერთად ირეცხება, მათ შორის, საცვლებიც.

საპირფარეშოები არ იკეტება. ზოგიერთ შემთხვევაში, დაწესებულებაში არის გენდერულად ნეიტრალური საპირფარეშოები, რომლითაც ქალებიცა და მამაკაცებიც სარგებლობენ, თუმცა საპირფარეშოს კარი შიგნიდან არ იკეტება. ადმინისტრაცია აღნიშნულს უსაფრთხოების მიზნებით ხსნის, თუმცა პაციენტების განმარტებით, პერსონალი კარს არ აკონტროლებს.

სახალხო დამცველის აქტიურობის, მისი სამსახურის მიერ გამოკვლეული და აღმოჩენილი დარღვევების მიუხედავად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შესაბამის ზედამზედველობას დღემდე არ უწევენ. აქედან გამომდინარე, არ ხდება პაციენტების უფლებების დაცვა და მათთვის საჭირო ელემენტარული პირობების შექმნა, -  მიიჩნევს ომბუდსმენი.

 

***

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში, ქალებს ჰიგიენური საფენის ნაცვლად, პამპერსს აძლევენ, რომელიც რამდენიმე დღე უნდა იმყოფინონ. „ვერსიაამ მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ეს ინფორმაცია ერთ-ერთი კლინიკის პაციენტისგან მიიღო. „ვერსიამ“ პაციენტთან, თინათინ შალამერიძესთან დაკავშირება შეძლო.

 

- თინათინ, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყავით...

- დიახ, ასეა. თუმცა ფაქტი, რომელიც სოციალურ ქსელში მოხვდა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში, თემქაზე მდებარე საავადმყოფო „ღია გულის“ ერთ-ერთ განყოფილებაში დაფიქსირდა. როგორც წესი, ჰიგიენური საფენები ზოგან საკმარისია და პაციენტებსაც დროულად აძლევენ, თუმცა სამწუხაროდ, იქ არ იყო. ბევრად უარესი დარღვევებია კლინიკებში, თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ.

- თავად თუ ყოფილხართ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში?

- დიახ, უარს ვამბობდი ინექციაზე, რომელიც ცნობიერებას თრგუნავს, ამის გამო, ცდილობდნენ გაკავებას და წინააღმდეგობა რომ გავუწიე, თვალში მუშტი მივიღე. ოთხჯერ-ხუთჯერ მაინც ვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პირველი შემთხვევა, დაახლოებით, შვიდი-რვა წლის წინ მოხდა, ერთხელ, ისეთი სილა გამაწნეს, იმ დღეს ღეჭვა მიჭირდა. აქედან, სამი - გლდანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხდა, ძირითადად მაშინ, როდესაც ინექციაზე უარს ვამბობდი. როგორც ვიცი, პაციენტს უფლება აქვს, ზოგიერთ მედიკამენტზე უარი თქვას, მე არ მინდოდა ინექციის გაკეთება, რადგან ვიცოდი, არ მჭირდებოდა იმ მომენტში და თანაც ცნობიერების ძლიერ დაკარგვას გამოიწვევდა. რამდენჯერმე თმაშიც კი მწვდნენ და ამით გამაჩერეს.

- რომელიმე სახელმწიფო ან არასამთავრობო უწყებას არ აცნობეთ ამის შესახებ?

- იმ მომენტში, არავისთვის მიმიმართავს, მაგრამ როდესაც შემეძლო, პოსტებს ვაქვეყნებდი სოციალურ ქსელში. ერთ-ერთმა პოსტმა მიაღწია ადვოკატებამდე, რომლებიც დამიკავშირდნენ და დახმარება შემომთავაზეს. კლინიკიდან როდესაც გამომწერეს, მათ შევხვდი. მითხრეს, რომ თუ მტკიცებულებები არ იქნებოდა - მოწმის ან ვიდეო-ჩანაწერის სახით, მაშინ, აზრი არ აქვს ბრძოლასო. გლდანის კლინიკაში კი ვიდეო-კამერები არ არის, ხოლო სადაც არის, ხშირად, არც იქ მუშაობს. ასევე, პერსონალიც არ იტყოდა ცუდს იმ ადამიანზე, ვინც დამაზიანა, ამის დამტკიცება ძალიან რთულია, თანაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტის სიტყვას ძალა არ აქვს, გეუბნებიან, რომ მოგეჩვენა, წაიქეცი და შეიძლება, ამას აბრალებდეო. ყველაზე ნაკლებად ჩვენ გვენდობიან. საჭიროა, პაციენტებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაიმე დარღვევაა, მათ ხმა მიაწვდინონ შესაბამის ორგანოებს. ეს მაშინ არ ვიცოდი, გლდანში არის სოციალური სამსახური, რომელიც, ასე თუ ისე, აკონტროლებს სიტუაციას და მისი დახმარებით, ერთხელ გაათავისუფლეს კაცი, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა პაციენტზე. ამის მიუხედავად, ამგვარი ფაქტები მაინც არ ამოწურულა - ყოველთვის შესაძლებელია, ასეთი ადამიანი კლინიკაში მივიდეს სამუშაოდ, ამიტომ შემაკავებელი, კონტროლის მექანიზმი აუცილებლად უნდა შემუშავდეს. ცხადია, ყველა ასეთი ნამდვილად არაა და ბევრი, მართლაც კარგი ადამიანი მუშაობს, თუმცა ერთეულებიც არიან, რომლებიც არაფერს ერიდებიან და ცუდად ექცევიან პაციენტებს.

- კიდევ რა სახის დარღვევებია ფსიქიატრიულ კლინიკებში?

- უამრავი დარღვევაა, თუმცა ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ მხოლოდ ცუდი ფაქტები ხდება. ფსიქიატრიულ კლინიკებში არის ჰუმანური მოპყრობაც და შესაბამისი დახმარების გაწევაც, მაგრამ ინფრასტრუქტურა გაუმართავია. პრობლემას წარმოადგენს დაბანა, რადგან ყოველდღიურად, ცხელი წყალი ხელმისაწვდომი არაა. მაგალითად, გლდანის ფსიქიატრიულ კლინიკაში, მხოლოდ ერთი დღე - ორშაბათია დაწესებული, რათა პაციენტმა შხაპი მიიღოს. მე, პირადად, ხშირად რომ ვერ ვიბანდი, შარდის ანალიზის აღების შემდეგ, არასწორი პასუხი მომივიდა - პირადი ჰიგიენის დაუცველობის გამო, ცისტიტის დიაგნოზი ტყუილად დამისვეს. კიდევ კარგი, პროფესიით ექიმი ვარ და მივხვდი, რაც ხდებოდა, შემდეგ თავიდან გამომიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ არაფერი მჭირდა.

ფსიქიატრიულ კლინიკებში, ღვიძლის დამცავი პრეპარატები არ ინიშნება, არადა, ფსიქოტროპული მედიკამენტები, რომლებსაც პაციენტები იღებენ, ღვიძლს აზიანებენ. დიდი პრობლემაა სიგარეტი, მე არ ვარ მწეველი, თუმცა იქ ბევრი ეწევა. ამისთვის სპეციალური ოთახიცაა, მაგრამ მხოლოდ ორი გამწოვია და კვამლი კარგად ვერ გააქვს, რაც, როგორც არამწეველს, დისკომფორტს მიქმნიდა. ზოგადად, კლინიკებში ფანჯარები არ იღება, რის გამოც ოთახები არ ნიავდება, ხოლო ვენტილაციის სისტემა გაუმართავია. უჰაერობის გამო, მოსაწევ ოთახში შევდიოდი, რადგან მხოლოდ იქ იღება ფანჯარა, თუმცა იქაც ისეთი კვამლი იყო, რომ ჯანმრთელობას მიზიანებდა.

- კვება როგორი გქონდათ, იღებდით თუ არა ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინებს ხილის, ბოსტნეულის, ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის სახით?

- დიდი პრობლემაა კვების მხრივაც, მაგალითად, გლდანის ფისიქატრიულში საკვები ძალიან უგემურია, ზოგადად, პრეტენზიული არ ვარ, მაგრამ იმდენად უგემური იყო ფაფა, რომ ვერ ვჭამდი. გარდა ამისა, კვების რაციონიც დაუბალანსებელია - დიდი რაოდენობითაა ნახშირწყლები, პური უხარისხოა, ხოლო რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულს, მინიმალური რაოდენობით ვიღებდით - ხუთ დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთ ცალ ვაშლს გვაძლევდნენ. ხორციანი საკვები რაციონში არის, მაგრამ კატლეტი ისეთი თეთრია, ნახევარზე მეტი პური აქვს შერეული.

- თქვენი იქ ყოფნის პერიოდში, კლინიკის შესამოწმებლად თუ ოდიოდნენ ზედამხედველობის სპეციალური სამსახურიდან?

- არ შევსწრებივარ, მაგრამ ერთხელ, ერთმა პაციენტმა დარეკა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე, რაღაც დარღვევასთან დაკავშირებით, შემოწმებაზე მოვიდნენ და მთელი დღე იყო ექიმებისა და პაციენტების გამოკითხვა. აღმოჩნდა, რომ საბნებიც კი შენახული ჰქონდათ საწყობში და პაციენტებს არ აძლევდნენ, როცა შესამოწმებლად მოვიდნენ, მაშინ გამოიტანეს და იმ ღამით, ახალ საბნებში გვეძინა. თეთრეულს იშვიათად ცვლიან, ხშირია დატილიანების პრობლემა და ამის გამო, ქალებმა თავებიც კი გადაიპარსეს. არის საერთო ტანსაცმელი და საცვლები, ვისაც პატრონი არ ჰყავს, მას უწევს ამ საერთო ტანსაცმლის მოხმარება. რაოდენობრივად კი საკმარისია, თუმცა სწორად არ ანაწილებენ. ისე მოხდა, რომ თბილისის ყველა კლინიკაში ვარ ნამყოფი, თანაც რამდენჯერმე და ზუსტად ვიცი, რა სიტუაციაა ამა თუ იმ საავადმყოფოში.

- რატომ გიწევდათ  სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობა?

- პერიოდულად მიმწვავდებოდა ხოლმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. გვერდითი მოვლენების გამო, ხშირად, მედიკამენტებზე უარს ვამბობდი, რაც უარყოფით შედეგს მაძლევდა. ადგილი რომ არ იყო ერთ ფსიქიატრიულში, მეორეგან მიშვებდნენ და ა.შ. თბილისში ბევრი პაციენტია, რომლებსაც არ  სჭირდებათ მუდმივი მკურნალობა და მწვავე განყოფილებაში მათი ყოფნა აუცილებელი არ არის, მაგრამ მაინც კლინიკებში არიან, რის გამოც დაკავებულია ადგილები. ერთხელ, სურამის სტაციონარშიც კი მოვხვდი, რადგან თბილისში ადგილი არ იყო. სურამის კლინიკის შენობას ის მინუსი აქვს, რომ შშმ პირებისთვის არ არის ადაპტირებული. კიბეც მეტლახითაა მოპირკეთებული, რის გამოც ერთხელ წავიქეცი და ისეთი დაზიანება მივიღე, ძლივს მოვირჩინე კუდუსუნი. პერსონალი ძალიან კარგი და ჰუმანურია, თბილისის კლინიკებთან შედარებით, სურამში ბევრად უკეთესი მდგომარეობააა, რადგან პაციენტებს სეირნობის საშუალება აქვთ, კარგ ამინდში, მთელი დღე გარეთ ვიყავით, მუსიკას გვირთავდნენ და ჩვენს განტვირთვაზეც ზრუნავდნენ. მაქსიმალურად ცდილობდნენ, თუ პაციენტი აღგზნებული იყო, არ დაებათ. ძალიან არასასიამოვნოა, როცა პაციენტს აფიქსირებენ (აბამენ) და თუ ამას სურამში ახერხებენ, მაშინ, თბილისში რატომაა შეუძლებელი ასე მოქცევა? იმის მაგივრად, რომ კლინიკები დიდ სავაადმყოფოებს მიუერთონ, რათა ფსიქიატრიული, როგორც სადამსჯელო დაწესებულება, ცალკე არ იყოს გამოყოფილი, ეს პროექტი აღარ ვითარდება და პირიქით, ბევრი ასეთი სტაციონარი დაიხურა კიდეც.

- პირველად როდის დაიწყეთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა?

- 18 წლის ასაკში დამეწყო პრობლემები... სტაციონარში, პირველად, 22 წლის ასაკში მოვხვდი, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი და ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დამაწვინეს. იქ, საერთოდ, კატასტროფა ხდებოდა, შედარებაც კი არ შეიძლება, ახლა იმდენად დიდი პროგრესი განიცადეს კლინიკებმა. 22-დან 29 წლამდე, პრობლემა აღარ მქონია, შვიდი წელი კარგად  ვიყავი, იმ პერიოდში გავთხოვდი, ვმუშაობდი, რეზიდენტურა დავამთავრე, ექიმის ლიცენზიაც ავიღე, ბავშვიც გავაჩინე, მაგრამ გადაღლის ფონზე, როდესაც ლაქტაციის პერიოდში გამოვიფიტე, ჯანმრთელობის მდგომარეობა  გამიმწვავდა და გამიუარესდა. მაშინ ფასიან განყოფილებაში ვიყავი ათი დღით, 2010 წელს. წელიწადნახევრის შემდეგ, ისევ საავადმყოფოში მოვხვდი, რადგან სამსახურში გადავიღალე. მას შემდეგ, პერიოდულად, სხვადასხვა კლინიკაში მიწევდა მკურნალობა. შარშან  სათემო ორგანიზაციაში ჩავეწერე, აღრიცხული ვარ, ამიტომ ბინაზეც მოდიან შესამოწმებლად, მუდმივად ზედამხედველობის ქვეშ ვარ და ცდილობენ მაქსიმალურად კარგი მომსახურება გამიწიონ, ყველა დეტალს ყურადღებას აქცევენ. ამ სათემო მომსახურების ფარგლებში, პაციენტების სტაციონირება 80%-ით შემცირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. მსგავსი მკურნალობა ეფექტიანია, რეალურად, არცაა საჭირო ამდენი კლინიკა, თუკი მკურნალობის ასეთი მეთოდი განვითარდება.

პაციენტებთანაც კარგი დამოკიდებულება აქვთ და როგორც თანასწორს, ისე აღგიქვამენ. თუ რამე არ მომწონს, ითვალისწინებენ და მოგვარებას ცდილობენ. ჩემს ორგანიზმზე მორგებული, კარგი წამლები მაქვს შერჩეული და ასე ვმკურნალობ.

 

P.S. თინათინ შალამბერიძესთან საუბრის შემდეგ, „ვერსია“ ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელსაც რესპონდენტის მიერ ნახსენები და სახალხო დამცველის ანგარიშში გამოკვეთილი დარღვევების შესახებ ვკითხეთ, რატომ არ კონტროლდება ფსიქიატრიული დაწესებულებები და როდის აპირებენ ამ პრობლემების აღმოფხვრას. ჯანდაცვაში განგვიცხადეს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ პაციენტების უფლებების დაცვას და სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინებას.