„ვეკითხები საქართველოს ხელისუფლებას - ვცდილობ, გავიგო, რომ ასეთი ფრთხილები ხართ, მაგრამ რა არის ამის ფასი?“ - პაატა ზაქარეიშვილი

ინტერვიუ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო თავდასხმიდან უკვე თვეზე მეტი გავიდა და მხარეებმა მოლაპარაკებები, შესაძლო ზავთან დაკავშირებით, თურქეთში 29 მარტს დაიწყეს. უკრაინა დანებებას არ აპირებს, რუსეთი კი დასავლეთის მიერ დაწესებული უმკაცრესი სანქციების გამო დღითიდღე ეკონომიკურად სუსტდება. ამ ფონზე კი საქართველოში სეპარატისტული ძალები აქტიურდებიან. 

რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ. 10 აპრილს კი . საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. „სამხრეთ ოსეთის გაერთიანება ჩრდილოეთ ოსეთთან რუსეთის ფედერაციაში, ეს ოსების ეროვნული ოცნებაა და აფხაზეთი მხარს უჭერს მოძმე რესპუბლიკის მცხოვრებლების ასეთ მისწრაფებას...“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის .. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ. რაც შეეხება აფხაზეთის რუსეთთან შეერთების შესაძლებლობას, შამბას თქმით, ასეთი განწყობები არც პოლიტიკურ წრეებში და არც აფხაზეთის საზოგადოებაში არ არსებობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს გამეორდეს ის, რაცმოხდა 2008 წელს... მან განაცხადა, რომ ქვეყანა არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

აქვე აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები უკვე მძიმედ აისახა და დიდი ალბათობით, პროცესი კიდევ უფრო გამწვავდება, რასაც სოხუმში საპროტესტო ტალღები უკვე მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის გადამწყვეტ მოლაპარაკებებსა და  საქართველოს კონტექსტზე გლობალურ ჭრილში; ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გამოწვევებზე „ვერსია“ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო პაატა, როგორ აფასებთ რუსეთ-უკრაინას შორის ისტორიული მოლაპარაკების დასაწყისს?

_ დაიწყო პროცესი, რომელიც შეიძლება, აღმოჩნდეს ისტორიული. გამოიკვეთა, რომ რუსეთი მიხვდა, ვერ დაიმორჩილა უკრაინა და მზადაა, დაყაბულდეს მხოლოდ დონეცკის, ლუგანსკის ოლქებს და ყირიმს, რომელიც ისედაც აღებული ჰქონდა. 15 წლით ვერ იფორმებს ამ რეგიონებს, უკრაინა ამაზე არ თანხმდება, რაც საინტერესოა და რასაც ჩვენ ვერასდროს მივაღწიეთ. თუ რამდენიმე თვეში არ წავიდა, 15 წელი მაინც არ იქნება პუტინი რუსეთის მმართველი, მსოფლიომ რომც აიტანოს. ამიტომ ეს გათვლა იმაზეა, რომ რუსეთში სიტუაცია შეიცვლება და დაუბრუნდება ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის საკითხს უკრაინის სასარგებლოდ. მოკლედ, სწორია, რომ საზღვრავ დიდი ვადით, ამ დროს კი იცვლება პროცესები და საზოგადოებაც მშვიდადაა.

_ რუსეთი სანდოა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში? საქართველოს ამ მხრივ ხომ მწარე გამოცდილება აქვს?

_ დიახ, მწარე გამოცდილება გვაქვს, რაც არ გვასვენებს. რუსეთმა 1993 წლის ივლისში ჯარები გამოგვაყვანინა აფხაზეთიდან და სექტემბერში ისე აიღო, რომ ჯარები არ გვყავდა, წინააღმდეგობა გაგვეწია. არადა აღმოჩნდა, რომ თურმე, საკმარისი ძალა გვყავდა ამისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს ჯარები გაჰყავს კიევიდან, მაგრამ უკან კი არ აბრუნებს, დონეცკსა და ლუგანსკში მიჰყავს და ამით აძლიერებს მეორე ფრონტს. რუსეთმა შეიძლება, ნებისმიერ დროს დაარტყას კიევს და უკრაინას მაინც მოუწევს კიევის დაცვა, ამ დროს კი რუსეთი გაძლიერდება აღმოსავლეთ ფრონტზე და შეიძლება, ორმაგი ძალებით შეუტიოს, შედარებით იოლად აიღოს აღმოსავლეთ უკრაინა მაინც. უკრაინას ადარდებს თავისი ხალხი და იძულებულია, წავიდეს ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა მაინც მოგებულ პოზიციაშია. აქვე აღსანიშნავია, რომ ჯერ არც ერთ ქვეყანას, რომელიც უკრაინამ დაასახელა გარანტორად, არ დაუდასტურებია, რომ მზად არიან, აღნიშნულისთვის. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები მიდიოდა და ამ სახელმწიფოებიდან გარანტიები უკრაინას აქვს. მეორე მხრივ, ამდენი სახელმწიფოს დასახელება ცოტა მეუცნაურება. სჯობდა, 5 ძლიერი სახელმწიფო ყოფილიყო, მათშორის თურქეთი, აშშ და სხვა წამყვანი ქვეყნები. ამ 15 წელიწადში ვითარება ხომ შეიცვლება და დღეს მიცემული გარანტია, ხვალ შეიძლება, შეიცვალოს.

_ თუ უკრაინა და რუსეთი რაიმე შეთანხმებაზე დაზავდებიან და შეწყდება საომარი მოქმედებები, როგორ იმოქმედებს დასავლეთი რუსეთის ეკონომიკურად დასუსტების თვალსაზრისით?

_ ყველას არა, მაგრამ საბანკო სანქციებს მოუხსნიან, რაც აზიანებს თვით დასავლეთსაც, მაგრამ ვინაიდან უკრაინა ასე დაქცეული და განადგურებულია, რუსეთს დააკისრებენ კომპენსაციას. რუსეთს არ მისცემენ ჯერ საშუალებას, მსოფლიო ეკონომიკაში ხელახლა ჩაერთოს. რუსეთის ნებისმიერი ფინანსური აქტიურობა წავა უკრაინის სასარგებლოდ, სანქციები ამ ფორმით გაგრძელდება და საბოლოოდ მოიხსნება მაშინ, როცა პუტინი წავა ხელისუფლებიდან. არავის და მათშორის საქართველოს, არ უნდა აწყობდეს რუსეთის დაშლა.

_ რატომ?

_ ყველაზე რთული რეგიონი ჩრდილოკავკასიაა. თუ პუტინი წავა, რუსეთი შეიცვლება, გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ყველა საერთაშორისო ვალდებულებას შეასრულებს, გადაიხდის ჯარიმებს - მაშინ მსოფლიოს ურჩევნია, ერთ სახელმწიფოსთან ჰქონდეს ურთიერთობა. თუ დაიშალა, ჩვენს მეზობლად უცებ გაჩნდება სულ ცოტა 4-5  სახელმწიფოწარმონაქმნი, რომელიც ერთმანეთში იომებს, რაც უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს. ამიტომ გვირჩევნია, ნორმალურ რუსეთთან გვქონდეს ურთიერთობა, რომელიც გაიყვანს ჯარებს საქართველოდან და ამ შემთხვევაში უნდა ვიმეგობროთ აუცილებლად ახალ რუსეთთან.

_ ახლა ცივილიზებული დასავლეთი ებრძვის ტოტალიტარიზმს და ცდილობს, რუსეთი აქციოს ნორმალურ სახელმწიფოდ - ზოგად ჭრილში ვითარება ასეთია, არა?

_ დიახ. ყოველი უკრაინელი ახალგაზრდა, რომელიც ახლა იღუპება, მსოფლიოსთვის იბრძვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის. უნიკალური რამ ხდება მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დაშლა არ ყოფილა ასეთი კატასტროფული შედეგის მომტანი, როგორიც დღეს ხდება უკრაინის ომში.

============================

დრო იხელთა დასავლურმა დემოკრატიამ და ბარემ უნდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთი მოსვას თავის ადგილზე, რათა სახელმწიფო გახდეს. არ არსებობს რუსეთის იმპერია, არსებობს რუსეთის სახელმწიფო, ამიტომ უნდა დამშვიდნენ და დაწყნარდნენ. ახლა კი ამ „დამშვიდების წამალს“ უკეთებს დასავლეთი რუსეთს.

==========================

_ საინტერესოა, რა მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ამ გლობალურ კონტექსტში? როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ?

_ ვილაპარაკებ იმაზე, როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რადგან რეალობიდან ამოვარდნილი არიან და ელემენტარულ გამოწვევას ვერ პასუხობენ. ხელისუფლება ცდილობს, არავინ გააღიზიანოს, იყოს თავისთვის და არ მოექცეს ყურადღების ცენტრში. მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფო საქართველო, როგორიც დღეს არაა, დღეს უნდა ცდილობდეს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ნატო-სთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან... თურქეთი ძლიერდება კავკასიაში, რუსეთი კი სუსტდება, ახლა ვნახეთ, რომ ყველა მიმართულებით სუსტდება და ჩვენ მთელ მსოფლიოსთან ერთად უნდა „დავეხმაროთ“ რუსეთს, მეტად დასუსტდეს. ხმა უნდა ამოვიღოთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ უკრაინა. ჩვენ არ ვართ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც კარგ საქმეს აკეთებენ. ჩვენ დაზიანებულები ვართ რუსეთისგან ზუსტად ისე, როგორც უკრაინა. მასშტაბები სხვაა, მაგრამ 100 კაცი მოკვდება თუ 1000, ამ 100 კაცის ოჯახისთვის ეს ისეთივე ტრაგედიაა, როგორც იმ 1000-ისთვის! ამიტომ გარდაცვლილებს ვერ დავითვლით და ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, რომ გავაძლიეროთ უკრაინა. რუსეთის იმპერიალიზმმა ჯერ საქართველოში „შეიწმინდა ფეხები“ და შემდეგ გადავიდა უკრაინაზე. მოკლედ, ჩვენ უკრაინას კი არა, უკრაინის საკითხით ჩვენს თავს უნდა ვეხმარებოდეთ. ამიტომ სულ ცოტა, საჭიროა, სიმბოლურად მივუერთდეთ სანქციებს. თავის დროზე რუსეთმა ჩაგვიკეტა საჰაერო მიმოსვლა და ამის გამო ჩავუკეტოთ საჰაერო საზღვარი, რა პრობლემაა? - არ გვინდა ეს? - კარგი! მაშინ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო არის ოკუპირებული, საჭიროა დეოკუპაცია და ის, რომ რუსეთმა შეასრულოს მის მიერ ხელმოწერილი 12 აგვისტოს შეთანხმება.

======================================

ბრწყინვალე შანსი გვაქვს ახლა, მივმართოთ მსოფლიოს და ვუთხრათ - რომ აპირებთ, ხელი მოაწეროთ რუსეთ-უკრაინის ზავს, რა გარანტია გაქვთ, რომ ვალდებულებას რუსეთი შეასრულებს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიმართ ამას არ აკეთებს?! ახლა წამოვა ევროკავშირის, ნატო-ს, აშშ-ის კონგრესის რეზოლუციები და ყველა მათგანში უკრაინის გვერდით უნდა ეწეროს აუცილებლად საქართველო.უნდა ეწეროს, რომ რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომ უკანონოდ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ევროპა რუსეთს უნდა ეუბნებოდეს,  არ მოგიხნით სანქციებს, ვიდრე არ გაიყვან ჯარებს საქართველოდანო.

======================

მაგრამ რადგანაც ხმას არ ვიღებთ, მათ ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ... როცა მოვთხოვთ, გაუჭირდებათ, რადგან თვითონ აქვთ აღიარებული, რომ საქართველოს დეოკუპაციაა საჭირო და რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან. ეს უნდა შევახსენოთ დასავლეთს, მაგრამ ჩუმად ვართ და ეს ძალიან შემაშფოთებელია!

_ ბატონო პაატა, ამ საკითხზე პასუხს ყველაზე კარგად გამოხატავს ერთგვარი რიტორიკული კითხვა, რომელიც ბოლო დროს ხშირად გვესმის - „აბა, ომი გინდათ?“...

_ ეს არის სუფთა დემაგოგია და არავითარი საფუძველი არ არსებობს, რუსეთს აწყობდეს ომი საქართველოსთან. შარშანდელი ამ პარლამენტის მიერ 2 აგვისტოს მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ გმობენ რუსეთის აგრესიას და საჭიროა, რუსეთმა გაიყვანოს ჯარები. მაშინ რუსეთს ამაზე ომი ხომ არ დაუწყია? ამაზე რეაგირებაც კი არ ჰქონია. ამ რეზოლუციაზე მხოლოდ სოხუმმა და ცხინვალმა გააკეთეს მკვახე განცხადებები და აქედან გამომდინარე, უნდა დავუსვათ კითხვა ხელისუფლებას - „რა ომი, რის ომი?“... გაეროს რეზოლუციას რომ ხმას აძლევდით რუსეთის წინააღმდეგ, რატომ არ ფიქრობდით, რომ ომი დაიწყებოდა? ჰააგის სასამართლოში რომ შეიატანა სარჩელი უკრაინამ და ჩვენ ხმა მივეცით ამას, ე.ი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ რუსეთი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, აქ რატომ არ არის ომზე საუბარი?... ამიტომ ჩამოყალიბდით! ნუ ფარისევლობთ და დემაგოგობთ! არავითარი საერთო ამ ყველაფერს არ აქვს ომთან. ის გააკეთეთ, რასაც აკეთებდით და ამის გამო რუსეთი არასდროს ღიზიანდებოდა. აქ პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ახლა არ უნდა, მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის არის უკრაინა და რომ რუსეთის აგრესია არ არის გამონაკლისი უკრაინის შემთხვევაში. რასაც ადრე ამბობდნენ, იმას დღეს აღარ ამბობენ.

_ როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი რა შეიძლება, იყოს?

_ აქ ჩანს სწორედ რუსული ნარატივი. რუსეთს არ აწყობს, მსოფლიომ ნახოს, რომ ასეთი „ქეისი“, რომელიც აქვს უკრაინასთან, ადრე ჰქონდა საქართველოსთანაც. ნახეთ, როგორ გვეფერებიან? რა სამარცხვინო და დამამცირებელი განცხადება გააკეთა კარასინმა, საქართველო როგორც იქნა გამოკეთდაო! მათ უნდათ, რომ საქართველო არ იყოს როგორც მაგალითი რუსეთის აგრესიისა. რა ისტორიული ფაქტებიც ჩამოვთვალე, ყველგან საქართველო ათქვეფილია სხვა სახელმწიფოებთან, ცალკე კი არა - როგორც მსხვერპლი, არამედ სხვა ათობით სახელმწიფოს რიგშია და რუსეთი ამას პატიობს.

============================

რუსეთისთვის მთავარია, ინდივიდუალურად არ აჩვენოს საქართველომ მსოფლიოს, რომ რუსეთი ასე საშიშია. არადა, ერთადერთი სახელმწიფო, უკრაინის გარდა, რომელმაც იწვნია პუტინის იმპერიალიზმი, არის საქართველო, ამიტომ რუსეთს არ უნდა ჩანდეს საქართველო, როგორც პუტინის მსხვერპლი.

=====================================

_ ბატონო პაატა, საინტერესოა, რა პერსპექტივა იხსნება იმისთვის, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, დაიძრას ოფიციალურ თბილისსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი? აქვე საგულისხმოა, რომ სოხუმსა და ცხინვალში პროტესტის ტალღები იმატებს რუსეთის მიმართ.

_ ამ პერსპექტივას ვხედავდი ყარაბაღის ომამდე. იქამდე აფხაზეთის ხელისუფლება ჯიუტად და პრინციპულად მოითხოვდა საქართველოსთან დიალოგს, რაც მათ ე.წ. საგარეო პოლიტიის დოკუმენტში ეწერათ. როგორც კი 9 ნოემბერს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტას ყარაბაღის მიმართულებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, პუტინმა იპოვა დრო და 12 ნოემბერს ხელი მოაწერა აფხაზურ მხარესთან „კანონების ჰარმონიზაციას“. ამის შემდეგ შეწყვეტეს საუბარი აფხაზებმა საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე. ჩვენთან კი ამბობდნენ, რუსეთის პროექტია დიალოგის აუცილებლობაზე საუბარიო... ამ ხელისუფლებამ მოახდინა სრული დისკრედიტაცია თავისი პოლიტიკისა აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით, რადგან იქიდან მოდიოდა იმპულსები და ესენი არ პასუხობდნენ. უკრაინის ფენომენმა შეიძლება, არსებითად შეცვალოს სიტუაცია, მაგრამ საჭიროა, მათთან პირდაპირ დიალოგები, რათა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც მათ აწუხებთ, მაგალითად, ეკონომიკურ საკითხებზე...

================================

რუსეთი ეკონომიკურად ძალიან დასუსტდება და დიდი წნეხი იქნება აფხაზეთზე. ამ დროს უნდა შევთავაზოთ, რით დავეხმაროთ, ოღონდ არ მოვთხოვოთ არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილებები - ახლა არ არის ამის დრო. თუ ჩვენ დღეს პირობებს წავუყენებთ, რომ ჯერ დევნილებს დავაბრუნებთ და შემდეგ დაგეხმარებით-თქო, გაჩერდება პროცესები. ვიდრე ჩვენ „ჯერ“ რაღაცას ვთავაზობთ, არასდროს არაფერი გამოგვდის. ამიტომ ახლა არასაჯაროდ უნდა იყოს ლაპარაკი იმაზე, რა შეიძლება, გავაკეთოთ ისეთი, რაც მათთვის მისაღებია და ჩვენთვის არასაზიანო... არის რესურსები და საშუალებები, რომ ამაზე დაიწყოს საუბარი.

============================

ვინმეს რომ გაიტაცებდნენ, როცა მინისტრი ვიყავი, პირდაპირ სოხუმსა და ცხინვალში ვრეკავდი, პირდაპირი კონტაქტები მქონდა. ახლა კი ამბობენ, ცხელ ხაზზე დავრეკეთო, მათ არ აქვთ პირდაპირი კონტაქტი ცხინვალთან და სოხუმთან, რაც ძალიან ცუდია. როგორც კი მუდმივ კონტაქტზე გადიხარ მათთან, ისინი გთავაზობენ თავის წესებს, რასაც არ ვითვალისწინებთ და მხოლოდ ჩვენსას ვთავაზობთ. მოკლე ფორმულირებით - ახლა აფხაზური და ოსური ინტერესები უნდა ავიღოთ და გავაქართულოთ ანუ ვაქციოთ საქართველოს ინტერესების ისეთ პოზიციად, რომელიც საქართველოს არ დააზიანებს, მაგრამ მოგებაზე ლაპარაკი ადრეა. დღეს მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, რათა 1-2 წელიწადში, როცა რუსეთი ახალ პოზიციაში იქნება, მოვიპოვოთ მორალური უპირატესობა და შევახსენოთ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ არსებულ სიტუაციას მათ საწინააღმდეგოდ.

_ ამას წინათ ვკითხულობდი, აფხაზი ექსპერტის, ასტამურ ტანიას მოსაზრებებს, რომელიც ამბობს, რომ აფხაზეთს ელოდება მძიმე დღეები ეკონომიკურად, მაგრამ ეს სიტუაცია მეორე მხრივ, შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის აფხაზებისთვის... სწორედ ამ კონტექსტში ხომ არ უნდა ჩაჯდეს საქართველო, რომ ჩვენ შევთავაზოთ მათ პერსპექტიული წინადადებები?

_ გავიდნენ ასეთ ადამიანებთან კონტაქტზე და უთხრან, აშკარაა, ეძებთ გამოსავალს და გამოსავალი ან რუსეთთან გექნებათ ან საქართველოსთან, რუსეთს კი ხედავთ, რაც მოსდის და მოდით, დავილაპარაკოთ რაღაც გზებზეო. მშვენიერი მაგალითი მოიტანეთ თქვენ, ასეთ ადამიანებზე უნდა გავიდნენ, რათა შესთავაზონ ახალ შანსებსა და გამოწვევებზე დიალოგი.

_ როგორ ფიქრობთ, ამას რუსეთი დაუშვებს? თუ არ სცალია ახლა უკრაინის ომის გამო და დრო უნდა ვიხელთოთ?

_ ამისთვის სცალია, მაგრამ რესურსები არ გააჩნია. რა თქმა უნდა, არ იტყვის, ყოჩაღ, ქართველებო და აფხაზებო, რა კარგად პოულობთ საერთო ენასო! მაქსიმალურად ეცდება, ხელი შეუშალოს, მაგრამ გვაქვს სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ჩვენ გვერდში დგას, მაგრამ ჩვენ არ ვართ მთელი მსოფლიოს გვერდით... ამიტომ კითხვა მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან - ვცდილობ, გავიგო, რომ ასეთი ფრთხილები ხართ, მაგრამ ამის ფასი რა არის?- ასეთი ფრთხილი პოლიტიკა რა გარანტიას გაძლევთ, რომ დამელაპარაკო როგორც მოქალაქეს და მითხრა, ჩვენმა ფრთხილმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ მივდივართ ნატო-შიო და თუ ეს მოხდა, ვიტყვი - ყოჩაღ!

_ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვლებლად პასუხს ჯერ კიდევ ველოდებით, ბატონო პაატა.

_ ევროკავშირი შორსაა, ნატო კი ჩვენი მეზობელია, ნატო-ზეა რეფერენდუმი ჩატარებული. რუსეთს აღიზიანებს ნატო და არა - ევროკავშირი. მე ვლაპარაკობ იმაზე, რას გვაძლევს რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკა ნატო-სთან მიმართებაში. მაქვს პრეტენზია გავიგო, რა არის ფასი ფრთხილი პოლიტიკისა და ეს შედეგი უნდა იყოს თქვენი კითხვის პასუხი, რომ რუსეთმა არ შეგვიშალოს ხელი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობაში. ყბადაღებული „ომი არ იქნება“ არის ძალიან სულელური არგუმენტი.

_ თუმცა, საზოგადოების განწყობაც გასათვალისწინებელია... ბევრია ისეთი, ვინც ასეთი სიფრთხილის მომხრეა, ოღონდ არ იყოს ომი საქართველოში...

_ სამწუხაროა, რადგან საზოგადოებას სხვა არჩევანი არ აქვს, რადგან მკაფიოდ გამოკვეთილი პროპაგანდისტული მუშაობა მიდის ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის, წინააღმდეგ. ერთი ხელით ომზე საუბრობენ და მეორეთი პროვოკატორებზე. თუ საზოგადოებას იმდენი განათლება და გაგება არ აქვს, რომ ყველაფერი ეს არის ტყუილი, მაშინ ვიცხოვრებთ ჩვენს „ქვევრში“.

=====================================

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - დედამიწაზე დემოკრატიაში მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობს, 80% კი - არადემოკრატიაში. ნუ გვგონია, რომ სადღაც მივდივართ, ჩვენ ჩამოვედით უკვე და ვართ არადემოკრატიაში. ძალიან კარგად ვბუჟბუჟებთ საკუთარ ტყლაპოში, როგორც მამარდაშვილი იტყოდა. თუ არ შეგვწევს უნარი, გავარჩიოთ დემაგოგია სიმართლისგან და დავინახოთ, რომ არავითარი ომი არ იქნება და ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რათა ძალაუფლება შეინარჩინოს, მაშინ ვიქნებით ისე, როგორც დედამიწის 80%-ია.