„სულ მგონია, რომ ეზოში შემოვარდება და ბურთით თამაშს დაიწყებს“ - ძალიან ემოციური ინტერვიუ ვიტალი დარასელიას დედასთან, რომელიც ახალხან გარდაიცვალა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს, როცა უკრაინა-რუსეთის ომი მიმდინარეობს, აფხაზეთი და სამაჩაბლო თითქოს უფრო გვტკივა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ რუსული ჩექმა დააბიჯებს და საქართველოს იურისპრუდენცია იქ დღემდე არ ვრცელდება. ალბათ, სიმბოლურიცაა, რომ 1981 წლის 13 მაისს, ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში, თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ ცაისი“ ოსი ვლადიმერ გუცაევისა და აფხაზი ვიტალი დარასელიას გოლებით დაამარცხა. მაშინაც და ახლაც, არც გუცაევს უგრძვნია, რომ ოსი იყო, არც - დარასელიას თავის აფხაზობა და დღესაც, საქართველოში არაერთი ოსი და აფხაზი ცხოვრობს, თუმცა მათ არავინ ეუბნება, რომ საქართველოს შვილები არ არიან.

„მაშინ ამას ყურადღებას არავინ ვაქცევდით, მაგრამ ეს თამაში იყო მთელი ქართველი ხალხის გამაერთიანებელი და გამამთლიანებელი. მით უმეტეს, რომ ფინალურ მატჩში, ერთი გოლი ვოვა გუცაევმა შეაგდო და ერთიც - ვიტალი დარასელიამ. ერთი ოსი იყო, მეორე - აფხაზი, ყველანი ერთად, ქართველები ვიყავით. ამიტომ იყო ეს დიდი გამარჯვება აბსოლუტურად ყველასი, მთელი საქართველოსი“, - ასე იხსენებს ლეგენდარული დინამოს ლეგენდარული კაპიტანი, ალექსანდრე ჩივაძე იმ ემოციებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი ტრიუმფიდან წელიწადსა და 7 თვეში, 1982 წლის 13 დეკემბერს, ზესტაფონთან მომხდარ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დარასელიას ცხედარს მთელი საქართველო ეძებდა მდინარეში და საბედნიეროდ, იპოვეს. იპოვეს მე-13 დღეს და ზოგადად, ციფრი 13 მის ცხოვრებას, თითქოს საკრალურ ბედისწერად გასდევდა.

ცენტრალური კომიტეტის იმჟამინდელი შეფი, ედუარდ შევარდნაძე კატეგორიულად ითხოვდა ფეხბურთელი თბილისში, დიდუბის პანთეონში დაეკრძალათ, მაგრამ ოჯახმა თავისი გაიტანა და ვიტალი დარასელია მშობლიურ ოჩამჩირეში დაკრძალეს. იქვეა დაკრძალული მისი ძმაც, რომელიც ასევე, ახალგაზრდა დაიღუპა. სწორედ იმ მიზეზით, რომ შვილების საფლავი ოჩამჩირეში ეგულებოდა, ვიტალის დედამ, ქალბატონმა მერი ბჟანია-დარასელიამ სახლ-კარი არ დატოვა, ომის შემდეგაც იქ ცხოვრობდა ისევე, როგორც მისი ქალიშვილი, ალვინა დარასელია-გუნბა.

წინა კვირას, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის დედაც მიაბარეს მშობლიურ მიწას, იქვე, შვილების გვერდით დამარხეს და სამწუხაროდ, არსებული რეალობის გამო, ქართულმა საზოგადოებამ ლეგენდარული ფეხბურთელის გამზრდელს სათანადო პატივი ვერ მიაგო. სხვათა შორის, ვიტალი დარასელიას საფლავი ერთ-ერთია იმ იშვიათთაგან, რომელიც ომის დროს არ გაძარცვულა და ოჩამჩირის სასაფლაოზე, მისი მემორიალი ხელუხლებლად დგას. მეტიც, იქაურმა თვითმარქვია ხელისუფლებამ, ხუთი წლის წინ, მონუმენტი გაარემონტა და დარასელიას 60 წლის იუბილე აღნიშნა. წელს, დარასელიას 65 წელი შეუსრულდებოდა და ურიგო არ იქნება, თუ ამ დღეს, საქართველოში განსაკუთრებით აღვნიშნავთ.

ქართველი ჟურნალისტებისგან განსხვავებით, რუსი ჟურნალისტები აფხაზეთში თავისუფლად ჩადიან და შესაბამისად, ყველაფერ იმის ნახვა შეუძლიათ, რასაც ჩვენ მოკლებულნი ვართ. რამდენიმე წლის წინ, აფხაზეთში რუსული „სპორტ ექსპრესის“ ჟურნალისტმა, იური გოლიშაკმა იმოგზაურა, რაღა თქმა უნდა, დარასელიას საფლავიც ნახა და ქალბატონ მერისაც გაესაუბრა. ახლა სწორედ ამ ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც გვერწმუნეთ, ძალიან, ძალიან საინტერესოა.

 

- ქალბატონო მერი, ქართულად კითხულობთ?

- კი, რა თქმა უნდა, ადრე ვისწავლე. აი, ვიტალი კი, როცა „დინამოში“ წაიყვანეს, სულ ბავშვი იყო და ქართული არ იცოდა, თუმცა მალე, ერთ წელიწადში ისწავლა და დიდწილად, ეს მისი ცოლის დამსახურებაა. ის რუსული ასოებით უწერდა ქართულ სიტყვებსა და სიტყვის მნიშვნელობასაც და ვიტალიც სწავლობდა. ერთ წელიწადში, ინტერვიუებს უკვე ქართულ ენაზე იძლეოდა.

- გაგებული მაქვს, თქვენი შვილის ცხედარს არ გატანდნენ, თბილისში სურდათ დასაფლავება...

- დიახ, ასე იყო. შევარდნაძეს სურდა, დიდი პატივით პანთეონში დაეკრძალა, მაგრამ ჩვენ არ დავანებეთ, ოჯახმა. პატივი არც აქ დაჰკლებია ჩემს შვილს, მთელი საქართველო აქ იყო.

- საფლავის მემორიალსაც ეტყობა...

- ნახევარი წელი აკეთებდნენ, არქიტექტორი ჩვენს ნათესავებთან ცხოვრობდა. რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობდა, ფეხზე მდგარს, სრულ სიმაღლეს... ბოლოს, ეს შეარჩიეს.

- მძიმეა, მაგრამ შეგიძლიათ, ის დღე გაიხსენოთ?

- წინა დღეს, ცუდი სიზმარი ვნახე, გარაჟის კარი გავაღე, ორი გვირგვინი იდო და ორივე წაიქცა. მეორე დღეს მითხრეს, ავარია მოხდაო. არც მჯეროდა, რომ ვიტალის რამე დაემართებოდა, 13 დღე ეძებდნენ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი იყო, რატომღაც მჯეროდა. სასწაულია, რომ იპოვეს. ბიძამისმა და ჩვენმა სოფლელმა, ობოლმა ბიჭმა მიაგნეს. იმ ადგილიდან შვიდი კილომეტრის იქეთ, სხეული მთლიანად ქვიშას ჰქონდა დაფარული და მარტო ხელის მტევანი უჩანდა, თურმე (ქალბატონი მერი ცხარე ცრემლით ატირდა).

- წარმოდგენა გაქვთ, რა მოხდა იმ ადგილზე, იმ დღეს? ამბობენ, ვიტალის ძალიან სწრაფად დაჰყავდა მანქანა და იმ დღეს, წვიმიანი ამინდიც იყოო...

- ტყუილია (საუბარში დარასელიას დისშვილი ჩაერთო)! ვიღაც ამბობდა, არასწორი მანევრი გააკეთაო, ვიღაც ამბობდა, შეუკვეთეს ვიტალის მკვლელობაო... ინდური ფილმი, რა. როცა მანქანა ამოიყვანეს, მას თეთრი საღებავი ჰქონდა, რეალურად, ხრამში ორი ავტომობილი გადავარდა, ვიტალის და კიდევ ერთი, რომელმაც გვერდი გაჰკრა. უფრო ზუსტად, არავინ იცის, ვინ ვის გაჰკრა, ფაქტია, ხრამში ორი მაანქანა გადავარდა.

- რას ამბობთ, ამაზე აქამდე არასდროს თქმულა! იმას კი ამბობდნენ, დარასელიას გვერდით ინსტრუქტორი იჯდა, ტარებას ასწავლიდაო...

- ეგეც ტყუილია, არავითარი ინსტრუქტორი, მეგობარი ეჯდა გვერდით. ვიტალიმ კარგად არ იცოდა მანქანის მართვა, ამიტომ ნელა დადიოდა და არასდროს ჩქარობდა. უბრალოდ, იქ ძალიან ცუდი მოსახვევია, არც დამცავი ბარიერი იყო და მაშინვე ხრამი იწყებოდა.

- ჰო, მაგრამ „ვოლგა“ სასწავლებლად მაინცდამაინც კარგი არ არის, ჩქარი მანქანა იყო...

- რომელი „ვოლგა“? ვიტალი „ჟიგულით“ გადავარდა, ეგ მერე მოიგონეს, „ვოლგაზე“ იჯდა, სწრაფად მიდიოდაო.

- ვიცი, ეგ „ჟიგული“ მას შემდეგ აჩუქეს, რაც დიუსელდორფში, გამარჯვების გოლი გაიტანა და თურმე, მთელმა ქალაქმა ააგროვა ახალი მანქანისთვის ფული და თვითმფრინავიდან პირდაპირ იქ ჩასვეს.

- ეგეც ტყუილია. ვიღაცას შეიძლება, ფული ეჩუქებინა, მაგრამ მანქანა - არა, თან რად უნდიოდა ჩუქება, მაშინ ხომ „დინამოს“ ფეხბურთელებს ყველაფერი შეეძლოთ, აბსოლუტურად ყველაფერი. მანქანა რა პრობლემა იყო, იტყოდნენ და ურიგოდ მისცემდნენ.

- იმ ადგილზე ნამყოფი ხართ?

- ძალიან ბევრჯერ. ლამაზი ქვა დადგეს, მონუმენტი, მაგრამ ახლა ავტობანი სხვა მიმართულებით წავიდა და იმ გზაზე ძალიან ცოტა ხალხი დადის. არადა, როცა იმ გზაზე მოძრაობდნენ, ქვის დანახვისას, ყველა ჩუმ სიგნალს აძლევდა, ყველა ესალმებოდა ვიტალის. როგორც ექსპერტმა დაასკვნა, ვიტალის გული ჰაერშივე გაუსკდა, როცა მანქანა ხრამში მიფრინავდა. 40 მეტრი იფრინა...

- ამბობენ, ოჩამჩირეში რაღაც აუცილებელ საქმეზე მოდიოდაო...

- ჰო, ძმის დასახმარებლად, დაჭერილი იყო და ციხიდან უნდა გამოეშვათ.

- საიდან?

- ციხიდან. იცით, როგორ იყო? როცა ვიტალი „დინამოში“ წაიყვანეს, მასთან ერთად წაიყვანეს მისი უმცროსი ძმა, გენადიც. მაშინ ახალკაცი ეუბნებოდა ვიტალის, შენი ძმისგან ისწავლე ფეხბურთი, ხომ ხედავ, სასწაულებს სჩადის, ძალიან ნიჭიერიაო. ყველა აღიარებდა, რომ დარასელიებში, გენადი უფრო ნიჭიერი იყო, მაგრამ მან ფეხბურთის თამაშს ჩხუბი და ხულიგნობა არჩია. სამწუხაროდ, ისიც ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან.

- საინტერესოა...

- ვიტალის არასდროს, არავინ მიუტოვებია გასაჭირში. ყველა მას ურეკავდა, როცა რამე სჭირდებოდათ. ერთი ისტორიაა, რომელიც ბევრმა არ იცის. აქაურ კაცს დახვრეტა მიუსაჯეს, ვიტალიმ ირბინა და იმდენი ქნა, 13 წელი მიაცემინა, სიკვდილს გადაარჩინა. ის იმაზე ბევრად კარგი ადამიანი იყო, ვიდრე ფეხბურთელი, მეგობრობა და ძმობა არ ეშლებოდა. რამდენჯერ ყოფილა, აქ, ოჩამჩრეში, ახლობელს, ნათესავს ქორწილი ჰქონია, ჩამოირბენდა ვიტალი, დალოცავდა, ცოტა ფულს აჩუქებდა და უკან, თბილისში გარბოდა. ეს იყო მისი ადამიანობა, ურთიერთობა...

- ამბობენ, ვიტალის თან ბუცები ჩააყოლესო...

- იცით, როგორ არის? ვიღაცები რაღაცებს დებენ ხოლმე, ვიღაცები იღებენ. როგორც ვიცი, ბუცები ჩადეს, მერე ამოღეს, ვიღაცას ფულსაც აყოლებენ, ვიღაცას ოქროს, ჩუმად დებენ ხოლმე.

- ვიტალის გარდაცვალების შემდეგ, მისი თანაგუნდელები გეხმიანებოდნენ?

- დღემდე გვკითხულობენ... იგივე, გაბელია, ჩივეძე,... პრინციპში, ყველა. არადა, ვიტალი როცა „დინამოში“ ჩავიდა, „სტარიკებმა“ კარგად არ მიიღეს, აფხაზი ბიჭი, ქართულის არმცოდნე, მაგრამ ვიტალის შეეძლო საკუთარი თავის გატანა, მაგრად დადგა და ყველას დაუმეგობრდა. განსაკუთრებული ურთიერთობა რეზო ჩელებაძესა და ვახტანგ ქორიძესთან ჰქონდა.

- რუსეთში იმასაც ჰყვებიან, რომ ერთხელ, ვიტალის, ნოდარ ხიზანიშვილსა და ხორენ ოგანესიანს მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივრებთან მოუვიდათ ჩხუბი და სამი კაცი ოც კაცს არ გაექცა...

- ვიტალიმ უკან დახევა არ იცოდა, მით უმეტეს აქ, ოჩამჩირეში, რუსულ სკოლაში გაზრდილი, ჩხუბს ნამდვილად არ გაექცეოდა. აქ მუშტი-კრივი უცხო არავისთვისაა და ამიტომ, ვიტალისაც ხელის მოქნევა კარგად შეეძლო.

- აფხაზეთში, დარასელიას სახელს დღემდე სათუთად უფრთხილდებიან, მისი 60 წლის იუბილეც აღნიშნეს, საქართველოდან თუ გეხმიანებათ ვინმე?

- რას ნიშნავს, თუ გვეხმიანება? „დინამოს“ ერთ-ერთი, საუკეთესო აკადემია, რომლის გახსნაზეც კრიშტიანუ რონალდუ ჩამოიყვანეს, დარასელიას სახელს ატარებს. არ ავიწყდებათ და არც დაივიწყებენ. ისე, ოჩამჩირის სტადიონიც ვიტალის სახელობისაა.

- ფუნქციონირებს?

- საფეხბურთო მატჩები იმართება, მაგრამ ტრიბუნები აშკარად სარემონტოა. ახლა ამის ფული არავის აქვს, მომავალში, ვნახოთ, რა იქნება.

- დარასელიას საფლავზე საქართველოდან ვინმე ჩამოდის?

- ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი იყო ჩამოსული (საუბარია, ზვიად სიჭინავაზე), საბჭოთა კავშირის თასისა და თასების მფლობელთა თასის ზუსტი ასლები ჩამოიტანა, საკუთარი ხარჯებით დაამზადებინა და ვიტალის საფლავზე დააწყო. ის ახლა აქ, ჩვენთან ინახება. მერე, როგორც ვიცი, ამ ვიზიტის გამო, მას საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

- ვიტალის მეუღლე თუ ჩამოდის ხოლმე?

- არა, ვერ ახერხებს. უმცროსი ვიტალი ჩამოდის ხშირად მამის საფლავზე.

- ისე, დაიწერა, რომ უმცროსი ვიტალიც დაიჭირეს...

- ჰო, გაუგებრობა იყო, ვიღაცამ რაღაცის გადატანა სთხოვა, მერე გაირკვა, რომ ეს ნივთები მოპარული იყო. იმის მიუხედავად, რომ 9 თვე გაატარა ციხეში, საბოლოოდ, სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლეს. ახლა ისევ საფეხბურთო საქმიანობითაა დაკავებული და ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელებს ეძებს.

- რძალთან კავშირი თუ გაქვთ?

- და, რატომ არ უნდა გვქონდეს?

- რა ვიცი, მეორე ოჯახი შექმნა და...

- მესმის, მით უმეტეს, კავკასიელებისთვის ძნელი გადასატანია, მაგრამ მარინამ ღირსეული არჩევანი გააკეთა, კარგ ადამიანს გაჰყვა და ბავშვებისთვის ყურადღება არასოდეს მოუკლია. ისე, მისი მეუღლე ტრესტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და როცა მარინაზე დაქორწინდა, სამსახურიდან გამოაგდეს, ვიტალის ცოლი რატომ მოიყვანეო... ასეთ პატივს სცემდნენ დარასელიას. თუმცა, ნებისმიერი ჩვენი ნათესავი, რომელიც თბილისში მათთან სტუმრად მიდიოდა, თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. სამწუხაროდ, ისიც ავარიით გარდაიცვალა, მოსკოვში დაიმტვრა.

- ვიტალი როგორი მეოჯახე იყო?

- ძალიან ყურადღებიანი. როცა საზღვარგარეთ მიდიოდა, ოჯახის წევრების გარდა, ნათესავების სახელებს ფურცელზე წერდა, საჩუქრები რომ არ დავიწყებოდა. ისე, 1981 წელს, ტელევიზორი და მაგნიტოფონი ჩამოიტანა გერმანიიდან, რომლებიც ახლაც, დღესაც კი მუშაობს.

- შვილი გესიზმრებათ?

- მუდმივად. თქვენ გგონიათ, შეიძლება შვილის ხმის, სიცილის, მიოძრაობების დავიწყება? სულ მგონია, რომ ეზოში შემოვარდება და ბურთით თამაშს დაიწყებს. ბურთთან ერთად ეძინა, ბურთს თუ ვუმალავდით, ფეხს ურტყამდა ყველაფერს, რაც კი მოხვდებოდა, კონსერვის ცარიელ ქილას, ასანთის ყუთს, ყველაფერს. როცა პირველად ტელევიზორში ვნახე, ბედნიერებისგან ვტიროდი. მერე არცერთ მატჩს არ ვტოვებდი და როცა აქცევდნენ, თვალებს ვხუჭავდი, ზუსტად ისე მტკიოდა, როგორც მას.

- ომმა თქვენი სახლი არ დააზიანა, ვიტალიმ ააშენა?

- ვიტალიმ სამსართულიანი სახლი ააშენა და მხოლოდ ნანგრევები დგას, მთლიანად, აგურ-აგურ დაშალეს.

- არ არსებობს....

- როგორ არ არსებობს, აგერ, სტადიონთან დგას. დასრულება ვერ მოასწრო, ცოტა აკლდა. მერე, როცა ომი დაიწყო, ჯერ ჭიშკარი და ღობე მოიპარეს, მერე გარაჟის კარი, მერე ყველაფერი. ნანგრევები დგას ახლა.

- ის ისტორია თუ იცით, ოჩამჩირეში, საბჭოთა კავშირის ნაკრები რომ ჩამოვიდა სავარჯიშოდ და...

- როგორ არ ვიცით. გერმან ზონინი იყო მწვრთნელი და ბაზიდან ბურთი მოიპარეს. ქურდი ზონინმა დაიჭირა და უთხრა, აღარ მოიპარო, როცა შეკრებას მოვრჩებით, ნაკრების ყველა ფეხბურთელის ავტოგრაფიან ბურთს გაჩუქებო. ზონინმა სიტყვა შეასრულა, ბურთის ქურდი კი 14 წლის ვიტალი დარასელია იყო.

- 1981 წლის 13 მაისი გაიხსენეთ...

- შეხვედრას აქ, ამ ოთახში ვუყურებდით. როცა მატჩი დასრულდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ოჩამჩირეში ანარქია დაიწყო, ყველა სახლის კარი და ფანჯარა გაიღო, სადაც გინდოდა შესულიყავი, გესვა, გეჭამა, გემღერა, გეყვირა... მოკლედ, ვყელას ყველაფრის უფლება ჰქონდა.

- გოლის შემდეგ პირჯვარი გადაიწერა...

- არა, ხელები აღმართა ზეცისკენ. ვიტალი მონათლული არ იყო, თუმცა ღმერთის სწამდა, მართლმადიდებელი იყო. აქვე, ახლოში, ილორის წმინდა გიორგის სალოცავი გვაქვს, საოცარი ეკლესია, იქ დავდიოდით ხოლმე. ორჯერ შეუთანხმდა მღვდელს ნათლობაზე, ორივეჯერ ვერ მოახერხა ჩამოსვლა.

- ომის დროს, აქაურობა არ დაგიტოვებიაათ?

- არა, არცერთხელ... ომამდე აქ, 25 ათასი კაცი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 3. სახლი ერთი წუთითაც არ დამიტოვებია, მოდიოდნენ აფხაზებიც, ქართველებიც, ჩეჩნებიც, მაგრამ როცა გაიგებდნენ, ვინ ვიყავი, უხმოდ ტრიალდებოდნენ. ეს სახლი გადავარჩინე, ბინა და ვიტალის სახლი - ვერა.

- ოჩამჩირეში ქართველი არავინ დარჩა?

- მე გახლავართ და თქვენს წინ ვზივარ (ეს პასუხი ჟურნალისტს ვიტალი დარასელიას დის შვილმა გასცა).

- ჰოო?

- ჰო. დედაჩემი აფხაზია, მამა - ქართველი. 4 წლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, დედამ და ბებიამ გამზარდეს... ვიტალიც მზრდიდა, მაგრამ... სისხლითა და სულით ქართველი ვარ.

- როგორ წარმოგიდგენიათ ვიტალის ცხოვრება ახლა, ცოცხალი რომ იყოს...

- ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ვიტალი საქართველოში, აფხაზეთში ან რუსეთში იცხოვრებდა მას შემდეგ, რაც აქ მოხდა. ის სხვაგან წავიდოდა, არ გაჩერდებოდა არცერთგან. ალბათ, უფრო ბრიტანეთს აირჩევდა საცხოვრებლად.

- ფეხბურთელობისას არ უფიქრია სხვა ქვეყანაში წასვლაზე?

- შემოთავაზებები ჰქონდა, მახსოვს, ჩურჩულით რომ ჰყვებოდა ხოლმე, მეუბნებიან, რომელიმე საელჩოს ეზოში შევარდი, მერე ჩვენ ვიცით, მაგრამ ამაზე არასდროს უფიქრია. რაში სჭირდებოდა, ის ხომ თბილისის „დინამოს“ ყველა ფეხბურთელივით, ნამდვილი მეფე იყო. ვიტალი კი არა, მე რომ ვიტყოდი, მისი დის შვილი ვარ-მეთქი, ხალხი შუაზე მგლეჯდა, წამოდი, პატივი არა მე უნდა გცე, არა მეო.

- ზოგადად, 1982 წელი მისთვის როგორი იყო? ახალ წლამდე, ხომ სულ ორიოდე კვირა იყო დარჩენილი...

- უხაროდა, ახალკაცს ნახევარდაცვის ცენტრში გადავყავარ, ჩემი ადგილი იქ არის, მეც ვიცი და კარგია, უფრო მეტს მოვახერხებო. 25 წლის იყო, როდესაც დაიღუპა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ცხოვრება ძალიან, ძალიან უყვარდა.

 

ბათო ჯაფარიძე