„სწორი პარალელია, როდესაც ჰიტლერს ადარებენ პუტინს... კულტურა პოლიტიკისგან არ უნდა გავმიჯნოთ!“- ინტერვიუ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან

ინტერვიუ
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2022 წელი უკრაინისთვის უმძიმესი აღმოჩნდა. უკვე მეცხრამეტე დღეა, რაც უკრაინას რუსეთი ძლიერ სამხედრო დარტყმებს აყენებს, რის გამოც რუსეთს საკმაოდ ძლიერი სანქციები დაუწესა მსოფლიოს უამრავმა ქვეყანამ. კულტურული თვალსაზრისით კი, თითქმის ყველა ორგანიზაცია გაემიჯნა რუსეთს და ყველანაირი კავშირი შეწყვიტა მასთან. რუსეთ-უკრაინის ომსა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე „ვერსია“ ქართველ ხელოვანსა და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

 _ ბატონო ალექსანდრე, როგორ აფასებთ დღევანდელ ვითარებას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით?

_შეძრწუნებული ვარ ამ ფაქტით იმიტომ, რომ ძალიან დიდია ამ ომში მოქალაქეების მსხვერპლი. ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაულია რუსეთის მხრიდან და შესაბამისად, მძიმეა შედეგი, რაც მოაქვს ამ ომს, რომელიც პირდაპირი გამოხატულებაა რუსული ინტერესების და აგრესიისა მისი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. 

_  თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გაემიჯნა რუსეთს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე და ამ საკითხის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

_ ვფიქრობ, დაგვიანებულიც კია ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში აცადა მსოფლიომ გაძლიერება ამ მონსტრს. ზოგადად, ისტორიაში ასე ხდება ხოლმე, როდესაც მსოფლიო იჩენს სისუსტეს, ასეთ დროს ძლიერდებიან დიქტატორები. ალბათ, კარგი პარალელია, როდესაც ჰიტლერს ადარებენ ხოლმე პუტინს იმიტომ, რომ სანამ მეორე მსოფლიო ომს დაიწყებდა, მანამდე ძალიან ბევრი შემაშფოთებელი რამ ჩაიდინა ჰიტლერმა, რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ მალე გადაერთვებოდა სხვა სახელმწიფოების დაპყრობაზე, მაგრამ ყველა დიდმა მოთამაშემ პოლიტიკურ ველზე მას აცადა და რაღაც იმედი ჰქონდათ, ალბათ, რომ ამით დაკმაყოფილდებოდა. პოლიტოლოგი არ ვარ, მაგრამ ჩემი ხედვით, პუტინის შემთხვევაშიც ასეც იყო, იმედი ჰქონდათ, რომ ეს დარღვევები არ გასცდებოდა რუსეთის ფარგლებს, მაგრამ მგონი, 2014 წლამდე, როდესაც დონბასის კონფლიქტი წამოიწყო რუსეთმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც, ჩეჩნეთის ომისთანავე უნდა მიმხვდარიყო მსოფლიო, რომ ეს სამხედრო დანაშაულებები ასე არ მთავრდება და შესაბამისად, ადრე უნდა გამიჯვნოდნენ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე  -არასდროს.

_ ეს ომი გახდა ბიძგი, რომ რუსეთთან ყველანაირი კავშირი გაეწყვიტათ... როგორ ფიქრობთ, საქმე აქამდე რატომ მიიყვანეს?

_ ჩემი აზრით, აქ არის ორი მიზეზი - პირველი ის, რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ არაპროგნოზირებადია, ანუ უწესო მოთამაშეა. საბჭოთა კავშირიც კი, რომელიც დიდი იმპერია იყო, რაღაც წესებს იცავდა და ზუსტად ცივი ომის პერიოდი მე-20 საუკუნეში გამოიხატებოდა იმაში, რომ თითქოს ყოველ წამს შეიძლებოდა, დაერტყათ ერთმანეთისთვის აშშ-ს და საბჭოთა კავშირს, მაგრამ არც ერთმა ეს არ გააკეთა და ზუსტად აი, ამ წესებით თამაშის გამო, ეს ყოველივე რაღაც ლოგიკას ექვემდებარებოდა. რუსეთის შემთხვევაში მგონია, რომ უფრო არაპროგნოზირებადი და უწესო მოთამაშეა და ზუსტად ამიტომაც ვერავინ ხვდება, რა გადაწყვეტილებებს იღებს, როდის შეჩერდება, როდის არ შეჩერდება, რატომ ბომბავს მშვიდობიან მოქალაქეებს. ესეც თავისთავში მოიცავს ზუსტად ამ არაპროგნოზირებადობის საფრთხეს, თუმცა უკრაინა მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა. 

_ როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, სხვადასხვა საზოგადოებრივი სფეროს დაკავშირება რუსეთთან ღალატად ითვლება? მაგალითად, ბევრი ქართველი სპორტსმენი და ხელოვანი მოღვაწეობს რუსეთში, რამდენად სწორია ეს  თუნდაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ?  

_ ამ საკითხის შეფასებისას არ ვარ ხოლმე რადიკალური, მაგრამ კონტექსტია გასათვალისწინებელი. თუ არის მშვიდობიანი პერიოდი, ადამიანის პოზიციაზეა დამოკიდებული ეს ყველაფერი, თუ ადამიანები ნათლად და აშკარად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას საქართველოს ერთიანობის და ოკუპაციის შესახებ, ამ შემთხვევაში ჩემი დამოკიდებულება არ არის კრიტიკული, მაგრამ როდესაც მიმდინარე აქტიური კონფლიქტია, რომელშიც ყველა ნათლად ემიჯნება რუსეთს და ნათლად ჩანს მათი აგრესია, იქნება ეს სპორტი, კულტურა თუ სხვა სფერო, ძალიან მიუღებლად მიმაჩნია. 

_ საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, უნდა ემიჯნებოდეს თუ არა კულტურა პოლიტიკას?

_რომც ვთქვა, უნდა ემიჯნებოდეს-მეთქი, აბსურდი იქნება, რადგან ვერანაირად გაემიჯნება კულტურა პოლიტიკას. პოლიტიკა არის ყველაფერში, არ არსებობს აპოლიტიკური კულტურა, მათ შორის სპორტიც. როდესაც სპორტში არის მსოფლიო ჩემპიონატი და ნაკრებები უპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს უკვე არის პოლიტიკის ნაწილი გარკვეულწილად, რადგან ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლები არიან და გამოჰყავთ მსოფლიო ასპარესზე. მითუმეტეს კულტურაში, რომელიც ერთგვარი სარკე უნდა იყოს აქტუალური მოვლენების, საკითხებისა. თუ ვთქვათ, პოლიტიკისგან სრულიად განდგომილია, მაშინ ეს უკვე ინფანტილური კულტურა გამოდის, რომელიც ვერ გრძნობს რეალობას და ვერ გრძნობს, რა ტრიალებს მის გარშემო და ამგვარ კულტურას ფასი არ აქვს, რომელიც უგრძნობია მიმდინარე მოვლენების მიმართ. ამიტომ შეუძლებელია ამის გამიჯვნა და მეტსაც ვიტყვი, არა თუ უნდა ემიჯნებოდეს, არამედ უნდა რეაგირებდეს ამ ამბებზე.

ავტორი: ანი სარდლიშვილი