რა აღსრულების მექანიზმი გააჩნია ჰააგის სასამართლოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის ბრალდებულთა დასაკავებლად - ინტერვიუ პაატა დავითაიასთან

ექსკლუზივი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები წარუდგინა სასამართლოს. პროკურორი აცხადებს: "დღეს გავაფორმე მოთხოვნა საქართველოს ვითარებაზე სამი პირის დაპატიმრებაზე. ესენი არიან:

გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;

გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;

დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში".

აღნიშნულ საკითხზე დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერმა, პაატა დავითაიამ, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი იყო. ბრიფინგზე დავითაიამ განაცხადა:

„მნიშვნელოვანი ისტორიული დღეა, რადგან დაიწყო სანქციების გაცემა სეპარატისტებზე, იმ ადამიანებზე, ვინც აკეთებდა ყველაფერს, რათა ქართული მოსახლეობისგან გაწმენდილიყო ცხინვალის რეგიონი, ჩატარებულიყო ეთნიკური წმენდა და დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, დაუსჯელი აღარ არის. პირველი სანქცია არის დეფაქტო ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ მინძაევზე და როდესაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, ჩემი ხელმძღვანელობით, მოიპოვა მასალები და მტკიცებულებები, რომელიც გადავეცით ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურას, ეს გახდა საფუძველი მინძაევის მიმართ სანქციის გაცემაზე, სადაც მტკიცდება, თუ როგორ გასცა მან ბრძანება 5 აგვისტოს ქართული ერთ-ერთი სოფლის განადგურებაზე. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო ეს ჩანაწერი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სამართალდამცავ სტრუქტურას წინა და ამ ხელისუფლების, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მტკიცებულების წარდგენაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც გამოყენებულია ბრალის წარდგენის მომენტში სეპარატისტთა ლიდერების წინააღმდეგ.

 აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არ შეჩერდება სანქციების გაცემა და ძალიან ბევრ ადამიანზე გაიცემა სანქციები, ვინც ქართული სახელწმიფოს წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული. აქვე იკვეთება რუსული გენერალიტეტის კვალი, ერთ-ერთი არის გენერალი ბორისოვი, რომელიც აღიარებს, რომ ის იყო გორის კომენდანტი, აღიარებს, რომ ცხინვალთან დაიწყო ბრძოლები და გაჩერდა მცხეთასთან. ფაქტობრივად, მისი დანაშაული იკვეთება, სამწუხაროდ, ის გარდაცვლილია, მაგრამ ცოცხალი არიან ის ადამიანები, ვინც მასთან ერთად ჩადიოდნენ დანაშაულს. რადგანაც მზადდებოდა დანაშაული 2008 წელს საქართველოს სახლმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც გრძელდება დღეს რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ, ხდება ადამიანების უფლებების დარღვევა, ეთნიკური წმენდა, სამხედრო დანაშაულები - ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეს საქმე გაერთიანდეს, რადგანაც იკვეთება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება იყო თანმიმდევრული ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერთ მტკიცებულებაში ის გენერლები, რომლებიც შტურმავდნენ ცხინვალს, საქართველოს ტერიტორიას და დღეს იღებენ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს პირადად პუტინის როლი, რადგან 2008 წლის ომში მისი როლი დადასტურებულია დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ და დღეს უკვე 39-მა ქვეყანამ მიმართა ჰააგის პროკურატურას იმასთან დაკავშირებით, რომ პირადად რუსეთის მხედართმთავარი არის ჩართული საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის წინააღმდეგ. რადგანაც დროში განგრძობადი დანაშაულია, ხაზს ვუსვამ, რომ 2008 წელიც და 2022-იც ერთ საქმეში უნდა გაერთიანდეს ჰააგის პროკურატურაში და მთელმა გენერალიტეტმა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე უნდა აგონ პასუხი, რაც ჩაიდინეს ქართული და უკრაინული სახელმწიფოების წინაშე“.  

აღნიშნულ საქმეზე დეტალების გასარკვევად, „ვერსია“ პაატა დავითაიას დაუკავშირდა:

 _ ბატონო პაატა, საინტერესოა, რა აღსრულების მექანიზმი გააჩნია ჰააგის სასამართლოს სანქციების განსახორციელებლად?

_ აღსრულების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღსრულება მუშაობს „რომის სტატუსის“ წევრ ქვეყნებზე და რუსეთი არაა „რომის სტატუსის“ წევრი. აქედან გამომდინარე, იქ არ ვრცელდება ჰააგის იურისდიქცია, მაგრამ რუსეთიდან ეს ხალხი ვერსად გავა. სხვა ქვეყანაში რომ გავიდნენ, რა თქმა უნდა, ამუშავდება მექანიზმი. პროკურატურას უფლება აქვს, დაავალოს მესამე მხარეს, ჩაატარონ სპეციალური ოპერაცია. საუბარია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მუშაობაზე, რომელთაც შეუძლიათ, ეს დაკავება განახორციელონ. მინდა, პირდაპირ ვთქვა, რა ბედი ელის ამ სანქცირებულ ხალხს. ხანდახან ისეთი ზეწოლის მექანიზმებია რუსეთზე, რომ მათ აიძულებენ, თვითონ ჩაბარდნენ. საქართველოს პროკურატურამ რაც უნდა გააკეთოს, უნდა მიმართოს რუსეთის მხარეს, რათა გადასცენ საქართველოს ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ეს ადამიანები, რათა შემდეგ მათ გადასცენ ჰააგას. ეს სამართლებრივი ბერკეტია მოქმედების, მაგრამ პროგნოზი მინდა, პირდაპირ გითხრათ - შესაძლოა, ეს ადამიანები მოკლას რუსეთმა, რათა მოსპონ მტკიცებულებები.

_ თქვენ თქვით, რომ სანქციებს კიდევ არაერთი ადამიანის მიმართ გამოიტანენ. კიდევ ვინ შეიძლება, ვიხილოთ ამ სიაში?

_ როდესაც საუბარია ბორისოვზე, ის მარტო ხომ არ მოქმედებდა? აქედან გამომდინარე ყველაზე მიდის მუშაობა. ესენი არიან „პირველი მერცხლები“. აგრეთვე აღსანიშავია, რომ ჯერ სანქცია გაცემული არაა. პროკურორი მიმართავს ჰააგის პალატას და მაქსიმუმ ორ კვირაში დაამტკიცებს.

_ ეს არის პროკურორის მოთხოვნა და ჰააგის სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება ხომ?

_ დიახ.

_ ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჰააგის სასამართლომ პროკურორს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს და ერთგვარი პრეცედენტი შექმნას?

_ არა მხოლოდ პრეცედენტი, არამედ რადგანაც ერთი და იგივე ხალხია აგრესიაში მონაწილე საქართველოშიც და უკრაინაშიც, ერთი და იგივე გენერალიტეტია, ეს დროში განვრცობადი დანაშაულია და ამიტომ თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდეს ეს საქმეები და პოლიტიკური განაჩენი გამოიტანონ. ეს დამოკიდებულია, თუ როგორ მუშაობას აწარმოებენ და იმოქმედებენ.

ვერსიასპაატა დავითაიამ ექსკლუზიურად მოაწოდა სრული ჩანაწერები, რომელიც ქართულმა მხარემ მიაწოდა გამოძიებას და საფუძველი გახდა, დამტკიცებულიყო რუსი მაღალჩინოსნსების დანაშაული. 

ცნობისთვის, გენერალი ბორისოვი, რომელიც ამ ჩანაწერებში ფიგურირებს და რომელზეც რუსეთის მხარე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილია, კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, შესაძლებელია, ცოცხალი იყოს და შეცვლილი სახელით და გვარით დღემდე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ცხოვრობდეს. ეს ვერსია იმით აიხსნება, რომ რუსეთის მხარეს არ აწყობს, დაუშვას პრეცედენტი, საერთაშორისო სასამართლომ განაჩენი გამოუტანოს რომელიმე მაღალჩინოსანს, ვისაც მონაწილეობა მიღებული აქვს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.