რუსეთში ერთ მოქალაქეზე ერთ კილოგრამზე მეტ წიწიბურას აღარ ჰყიდიან? - აშშ-სა და ევროკავშირის ფინანსური სანქციების უმძიმესი შედეგი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სოსო გალუმაშვილი: „რუსეთი დეფოლტისკენ მიექანება!“

უკრაინაში შეჭრის, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების გამო, აშშ-მა, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და იაპონიამ რუსეთს უპრეცედენტოდ მასშტაბური ფინანსური სანქციები დაუწესეს. „ვერსიაში“ უკვე ვწერდით, კონკრეტულად რომელ კომპანიებს და პუტინის გარემოცვის რომელ წევრებს შეეხო დასავლეთის მკაცრი ხელი. ევროპა-ამერიკისა და მათი მოკავშირეების სანქციები ამით არ ამოწურულა და თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება - დღითი-დღე, სულ უფრო მეტი ცნობილი უცხოური კომპანია და საერთაშორისო ბრენდი ტოვებს რუსეთის ბაზარს. პარალელურად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მუდსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს დეფოლტი ელის. ვფიქრობ, ამერიკის, ევროკავშირისა და მათი მოკავშირე ქვეყნების ფინანსური სანქციების მთავარი მიზანი ისაა, საშუალო სტატისტიკური, რიგითი რუსი ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და პუტინის ხელისუფლება დაასრულონ, თუმცა საპროტესტო აქციები და მიტინგები რუსულ ხასიათში დიდად არ ჯდება, თუ არ ჩავთვლით 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციასა და 1991 წლის „აგვისტოს პუტჩს“ ანუ ГКЧП-ს, რასაც სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა.

„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი ჩემს ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ექსკლუზიურ ინტერვიუში, კონკრეტული მაგალითებით მიხსნის, რომ რუსეთში საპროტესტო გამოსვლები საკმაოდ ხშირია, გააჩნია, ისტორიის რა მონაკვეთს განვიხილავთ:

 

- თუ მე-19 და მე-20 საუკუნეებს განვიხილავთ, ამ პერიოდში ძალიან ხშირად იყო საპროტესტო გამოსვლები რუსეთში, რომელიც ცვლიდა კიდეც ხელისუფლების, მათ შორის, მეფეების გარკვეულ გადაწყვეტილებებს. გაგახსენებთ 1812 წლის შემდგომ გამოსვლებს, ასევე 1860 წელს, ალექსანდრე მეორეს რეფორმებს, როდესაც ბატონ-ყმობა გაუქმდა რუსეთის იმპერიაში, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, გავიხსენოთ დეკაბრისტების აჯანყებაც... მე-20 საუკუნის დასაწყისი სერიოზული გამოსვლებითა და რევოლუციებით დაიწყო - გავიხსენოთ ოქტომბრის რევოლუცია, ასევე, საპროტესტო გამოსვლები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. აქედან გამომდინარე, არაა მართებული ვთქვათ, თითქოს, რუსეთის ისტორია არ იცნობს საპროტესტო გამოსვლებს, ან რუსულ ხასიათში არ ჯდება.

სხვათა შორის, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდშიც არაერთი მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა იყო, უბრალოდ, სტალინმა გარკვეული იდეოლოგიის ქვეშ მოაქცია ყველაფერი ეს. ფართო საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა იმიტომ, რომ სისხლში ახშობდნენ ამგვარ გამოსვლებს - მომიტინგეებს ხოცავდნენ და ცხადია, არ ახმაურებდნენ. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ბევრ რესპუბლიკაში არც კი იცოდნენ, რომ 1953 წელს, იგივე სტალინის გარდაცვალებას, საქართველოში დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა; არავინ იცოდა, რომ 1956 წლის 9 მარტის საპროტესტო გამოსვლის შესახებ, როდესაც ხრუშჩოვმა სტალინის კულტზე დაიწყო საუბარი და რასაც ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა თბილისში - სხვათა შორის, ეს მიტინგიც სისხლში ჩაახშვეს და მომიტინგეები დახოცეს, მაგრამ დანარჩენ 14 რესპუბლიკაში არ გაუგიათ არაფერი; არავინ იცოდა, რომ 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის დასაცავად, თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა; სამაგიეროდ, არც ჩვენ „გაგვიგია“, რომ დიდი გამოსვლები იყო ყაზახეთში, ციმბირში... ყველაფერ ამას მალავდნენ და არ ავრცელებდნენ ინფორმაციას. 1991 წლის „აგვისტოს პუტჩიც“, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ - მასობრივ საპროტესტო აქციას ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა. მეტიც, რუსეთში უამრავი საპროტესტო მიტინგი იყო ელცინის, ასევე პუტინის მამრთველობის დროს, რასაც სხვადასხვა დემოკრატიული ძალები ედგნენ სათავეში, ვგულისხმობ ბორის ნემცოვსა და ალექსეი ნავალნს. ყველაფერი ეს, ან იჩქმალებოდა, ან საბოლოო ჯამში, მომიტინგეების დაპატიმრებით მთავრდებოდა.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, აკუნინი-ჩხარტიშვილის ინტერვიუ ვნახე „იუთუბზე“, სადაც ამბობს, რომ ის მმართველები, რომლებიც რეფორმებისთვის მოდიოდნენ რუსეთში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამ რეფორმებს ივიწყებდნენ, რადგან თვით რუსეთის არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე დგებოდაო. სხვათა შორის, ახლანდელი პუტინი რომ 22 წლისწინანდელ პუტინს შევადაროთ, აშკარად დავინახავთ, რომ „მათ“ აბსოლუტურად განსხვავებული მართვის სტილი, მეთოდები, შეხედულებები და მიდგომები აქვთ. როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდა, დემოკრატიული იდეებით იყო გამსჭვალული, რეფორმების გატარებაც სურდა, მაგრამ დღეს მივიღეთ კლასიკური დიქტატურა და დიქტატორი, რომელიც საღი აზრის წინააღმდეგ, ყველანაირ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებს. ფაქტობრივად, პუტინის სახით, მივიღეთ კადაფი, ოღონდ მემილიონე ხარისხში, რომელიც ქუჩაში, უბრალო გამვლელებს უთვალთვალებს ტოტალურად. ეს უკვე რეჟიმის უკანასკნელი მოქმედებებია, რომლის იქით, ალბათ, ხალხის ქუჩაში დახოცვას დაიწყებს.

- გეთანხმებით, ეს რეჟიმის დასასრულის დასაწყისია... სოსო, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ ფინანსურ სანქციებს დავუბრუნდეთ, ეს ხომ უპრეცედენტოდ მძიმე სასჯელია, რომლის მსგავსი, ამერიკას და ევროპას აქამდე, არცერთი სახელმწიფოსთვის არ დაუწესებია?

- შენ თავიდან თქვი, რომ ფინანსური სანქციები შემოიღეს იმისთვის, ხალხი ქუჩაში გამოვიდესო და არ დაგეთანხმე, რადგან ამ სანქციების დაწესების მიზანი რუსეთში მოსალოდნელი ან სავარაუდო რევოლუცია არ ყოფილა. სანქცია გარკვეული დასჯის მეთოდია იმ ქცევისთვის, რასაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს. ამ სანქციებით, დასავლეთმა აბსოლუტურად ცივილიზებული მეთოდებით მიუჩინა ადგილი პუტინს და მის თანამოაზრეებს. თუმცა დასავლეთის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ასეთი ხარისხის, ასეთი სიღრმისა და მასშტაბურობის სანქციები, ფაქტობრივად, არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ გამოუყენებიათ! ეს არის პუტინის იძულება, რათა მიახვედრონ, რომ მის აგრესიულობასა და თავგასულობასაც აქვს კონკრეტული საზღვარი. აი, ეს არის ამ სანქციების მიზანი, რაც დასავლეთმა დაუწესა რუსეთს და ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება.

- გასაგებია, რომ ფინანსური სანქციების მიზანი პუტინისა და მისი გარემოცვის დასჯაა, მაგრამ საბოლოო შედეგი რა არის ანუ რას ელოდება ცივილიზებული მსოფლიო ამ სანქციებით?

- ორი გამოსავალი არსებობს - ან ცივილიზებული დასავლეთი მესამე მსოფლიო ომისკენ უნდა წაიყვანონ, რადგან პუტინი ატომური იარაღით აშანტჟებს მთელ მსოფლიოს, ან ფინანსური სანქციები კიდე უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ანუ პუტინის მადა შეკვეცონ იქამდე, ვიდრე კონკრეტული პრობლემები არ შეექმნება რუსეთში. სანქციები რეალურად მუშაობს და ეს არ არის სოსო გალუმაშვილის სურვილების ვერბალიზაცია - აბსოლუტურად მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რუსეთის ტერიტორიაზე, „ვიზა“ და „მასტერქარდი“ აღარ მოქმედებს! იმისთვის, რომ ნაციონალურ საგადამხდელო სისტემაზე გადაეწყოს, რუსეთს, მინიმუმ, სამი თვე დასჭირდება, რათა მოსახლეობამ ახალი ბარათები, ეგრეთ წოდებული, „მირ“ აიღონ და ეს ერთი, ძალიან სერიოზული უხერხულობაა. მეორე, მნიშვნელოვანი უხერხულობა ის არის, რომ საჰაერო სივრცის დაკეტვით, დასავლეთმა, პრაქტიკულად, რუსეთის ეროვნული ავიახაზების სრული პარალიზება გამოიწვია - რუსული ავიაკომპანიები ვეღარ იფრენენ უცხოეთში!

გარდა ამისა, კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ფინანსურ სანქციებს უკავშირდება, პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტია რუსეთში. უკრაინაში ომი იწელება და ამასთან ერთად, სანქციების ამუშავებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთში სასურსათო დეფიციტი შეიქმნა. მაგალითად, თუ ერთი კვირის წინ, რუსეთის ქალაქებში, ძირითად მსხვილ სავაჭრო ქსელში მოსახლეობას შეეძლო, განუსაზღვრელი რაოდენობის წიწიბურა ეყიდა, ახლა თითო ადამიანზე, თითო კილოგრამ წიწიბურას, მაკარონსა და ბრინჯს გასცემენ.

რეალურად ვხედავთ, რომ დასავლეთის მიერ, კონკრეტულად პუტინისა და მისი გარემოცვისთვის დაწესებულმა სანქციებმა ნელ-ნელა იმ ბებიამდეც მიაღწია, რომელიც ჯერ კიდევ პუტინს უჭერს მხარს, მაგრამ ამ სანქციების გამო, უკვე მას შეექმნა პრობლემა. სხვათა შორის, ამას ახალგაზრდა თაობა თავიდანვე მიხვდა, როდესაც „ეფლის“ „აიფონი“ იყიდა და ვერც „სამსუნგის“ „სმარტფონი“ შეიძინა, რადგან „ეფლმაც“ და „სამსუნგმაც“ დატოვეს რუსეთის ბაზარი, მეტიც, ეს ახალგაზრდა „ნეტფლიქსსაც“ ვეღარ უყურებს, რადგან რუსული ბარათი აქვს. აი, ეს არის ფინანსური სანქციების მთელი არსი, რომლის შედეგადაც, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა შეიქმნება რუსეთში.  

- სოსო, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მუდსის“ პროგნოზით, რუსეთი მართლა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას?

- ვიდრე ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მოდით, რუსეთის რეიტინგებს გადავავლოთ თვალი. სხვათა შორის, ბოლო წლებში, პანდემიისა და თავისი აგრესიული ხასიათის მიუხედავად, რუსეთს ცუდი რეიტინგები არ ჰქონია. 2014 წელს, უკრაინაში - ყირიმის ოკუპაციისა მანამდე, საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, რუსეთს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა და საინვესტიციო თვალსაზრისითაც, მიმზიდველი ქვეყნების რეიტინგში შედიოდა. თუმცა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ამ რეიტინგის კატასტროფულ ვარდნას ვხედავთ და პირადად მე, ასეთი ვარდნა არ მახსოვს - ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დეფოლტისკენ მიექანება! საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „მუდსის“ შეფასებით, რუსეთს ერთი ნაბიჯი დარჩა დეფოლტამდე.