„ახლა კარგის და ცუდის რჩევის დრო არაა... საომარ ვითარებაში ცალსახად - არა! რუსული კულტურის პოლიტიკას! - ექსკლუზიური ინტერვიუ გენრი დოლიძესთან

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 მე-7 დღეა, უკრაინა რუსეთისგან სასტიკ სამხედრო თავდასხმებს უძლებს. ზელენსკის მეთაურობით, ხელისუფლება ღირსეულად იგერიებს რუსეთის მერ უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სამხედრო იერიშს. უკრაინის მიმართ ომის წამოწყების გამო რუსეთის წინააღმდეგ მთელი დასავლური სამყარო ერთიანდება. მსოფლიოს ვარსკვლავები კულტურის, სპორტის, ხელოვნების სფეროებიდან უპირისპირდებიან პუტინის რეჟიმს და ცალსახა მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის მოსახლეობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ალაპარაკდა უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობასა და ერთსულოვნებაზე. ერთ მუშტად შეკრული ერი ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის აგრესიას წინ აღუდგეს თავისუფლების დასაცავად. დასავლეთი ყოველდღიურად მძიმე სანქციებს უწესებს რუსეთს, შეზღუდვები შეეხება ეკონომიკას, კულტურას, სპორტს - ყველა სფეროს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას ეხება და ამ ფონზე ამოტივტივდა საკითხი, რაც საქართველოში მუდმივი დავის საგანია - უნდა გავმიჯნოთ თუ არა ერთმანეთისგან რუსეთის პოლიტიკა და სხვა სფეროები: კულტურა, ხელოვნება, სპორტი და ა.აშ.? - ამ საკითხზე „ვერსია“ მწერალსა და სამოქალაქო აქტივისტს, გენრი დოლიძეს ესაუბრა:   

_ ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტის გააზრება, რადგან კულტურა არ არის ზოგადი ცნება, არამედ კულტურა შეიძლება, იყოს სახელმწიფოს პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. მაგალითად, თუ ანსამბლი „ერისიონი“ ჩადის და კრემლის დარბაზში ცეკვავს, ამ შემთხვევაში არ იმიჯნება ჩემთვის კულტურა და პოლიტიკა და პირიქით, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი მარცხია ჩვენი ქვეყნის კულტურული პოლიტიკისა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, ნინო ქათამაძე ჩადის არასაომარ ვითარებაში არა მოსკოვში, არამედ სხვა ქალაქში და რომელიღაც კლუბში მღერის ვინმეს ჯანმრთელობის დასახმარებლად, ამ შემთხვევაში ვმიჯნავ კულტურას პოლიტიკისგან. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც თამაშობს რომელიღაც არაპირველხარისხოვან საფეხბურთო კლუბში, ჩემთვის ეს არასასიამოვნოა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არ განასახიერებს რუსული სახელმწიფო იმპერიალისტური პოლიტიკის სიმბოლოს, თუმცა, როდესაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი „ცეესკაში“ თამაშობს, რომელიც არმიის კლუბია, ეს სიმბოლოა და მიუღებელია. თუმცა, მე თუ მკითხავთ, მირჩევნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიაც არ თამაშობდეს ოკუპანტი ქვეყნის კლუბში. თუმცაღა მაინც ვფიქრობ, საკითხები ინდივიდუალურად უნდა განვიხილოთ, მაგრამ როდესაც ზოგადად კულტურაზეა საუბარი, რა თქმა უნდა არ იმიჯნება, რადგან რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც პროპაგანდის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იყენებს სწორედ კულტურას, საქართველოს საბჭოთა მენტალიტეტში ჩარჩენილ ინტელიგენციას იყენებს სხვა ინსტიტუტებთან ერთად და ეს არის ნოყიერი ნიადაგი პრორუსი ძალებისთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მდგომარეობაა საომარი ვითარება, როდესაც ბავშვები იღუპებიან, სახლები იბომბება, აქ გამიჯვნაზე და კულტურაზე საუბარი ზედმეტია. მთელი ჩვენი რესურსი, კულტურა, აზროვნება უნდა იყოს გადართული იმაზე, რომ ეს ბოროტების მანქანა გაჩერდეს და გარჩევის დროც არ უნდა იყოს იმისა, რა უნდა გაიმიჯნოს და რა _ არა. დარწმუნებული ვარ, როდესაც რუსული იმპერია დაინგრევა, იმ კულტურისგანაც, რაც ახლა წარმოადგენს პროპაგანდისტულ ნაწარმს, გაქრება და დარჩება, რა თქმა უნდა, დოსტოევსკი, თუნდაც თანამედროვე პოეტები, ალექსანდრე ცვეტკოვი, რომელიც პუტინისგან გაქცეულია და ნიუ იურკში ცხოვრობს. თუმცა, ახლა კარგის და ცუდის რჩევის დრო არაა და  ვფიქრობ, რომ საომარ ვითარებაში ცალსახად - არა! რუსული კულტურის პოლიტიკას.  

_ წეღან თქვით, რომ საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს იყენებს რუსეთი პროპაგანდისთვის, რისი ნათელი მაგალითია თინა კანდელაკი. თქვენ სოციალურ ქსელში წერდით, რომ მისი სახელით დაგიკავშირდნენ... იქნებ დეტალები გვიამბოთ?

_ მოგეხსენებათ, აქციის მსგავსი რამ გაკეთდა, თინა კანდელაკს საპროტესტო წერილები გავუგავნეთ, რის შემდეგაც ჩემი ტელეფონის ნომერი რომელიღაც რუსულ ჯგუფში აღმოჩნდა და ჩემს ტელეფონზე შემოვიდა ასობით ზარი. მირეკავდნენ რუსები და რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხსაც ვცემდი. შემდეგ დამიკავშირდა ერთ-ერთი ადამიანი, მითხრა, ჩემთვის საყვარელ ადამიანს შეეხეო და დამიწყო „გარჩევა“, თუმცა ვფიქრობ, თინა კანდელაკი ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს საქართველოს, რადგან ადამიანის ეთნიკური წარმომავლობა საერთოდ არაა მნიშვნელოვანია, მთავარია, რას ემსახურება და ის არის პროპაგანდისტული მანქანის ბოროტი ინსტრუმენტი.

_ რა თქმა უნდა, კანდელაკის განცხადებები წლებია, ემსახურება პუტინის პროპაგანდას...

_ იმ ფონზე, რომ ბევრმა რუსმა მომღერალმა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა დაგმო, ზოგმა კი ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, სამწუხაროა, რომ ქართული გვარის ადამიანი რუსეთის აგრესიის გამართლებას ცდილობს.

_  თქვენი დაკვირვებით, რუსეთში ხელოვანი ადამიანები რამდენად გამოხატავენ პროტესტს ამ ვითარებაში?

_ რუსეთი არის ავტორიტარული, დიქტატორული, რეჟიმის სახელმწიფო და მთელი შოუბიზნესი ცენტრალიზებული და დამოკიდებულია ხელისუფლებაზე, სხვათაშორის, საქართველოშიც ასეა. ხელისუფლება ცდილობს, ჰყავდეს დამოკიდებული, იყოს მზრუნველი ძიძის პოზიციაში ხელოვანი ადამიანებისთვის და შესაბამისად, ცნობილი რუსი ხელოვანების უდიდესი ნაწილი პუტინის პოლიტიკაზეა დამოკიდებული და არც მიკვირს, რომ მათ აქვთ სირაქლემას პოზიცია, არ იმჩნევენ ომს ან აპროტესტებენ ისეთ ნეიტრალურ ფრაზებს, როგორიცაა: „ომი ცუდია, ბავშვები არ უნდა კვდებოდნენ“. მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვთ, ვერც ექნებათ და ეს არც მიკვირს.

_ რატომ არ გიკვირთ? ხელოვანები ხომ სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა დამორჩილება და დამონება ყველაზე რთული უნდა იყოს?

_  რუსეთში კი არა, საქართველოშიც ვერ ვხედავ იმ მასშტაბის ჯანსაღ პოზიციას შოუბიზნესის და კულტურის წარმომადგენლებში, როგორ მკვეთრადაც უნდა იყოს გამოხატული. ამიტომ არ მიკვირს, რუსეთში არის დიქტატურა უკვე დამყარებული და ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რეჟიმს, ზოგი დევნილია ან არ აქვთ პლატფორმა, შესაძლებლობა, რომ თავი დაიმკვიდრონ. ამიტომ არ მიკვირს, ვინც პუტინის რეჟიმის სატელევიზიო არხებიდან გახდნენ პოპულარულები, დღეს პუტინს რომ არ ეწინააღმდეგებიან. თუმცა, ერთი-ორი გამონაკლისი არის ალა პუგაჩოვას და სხვა რამდენიმე ადამიანის სახით, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, თუმცა საერთო სურათს ვერ ცვლის.

_ გენრი, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთს უდიდესი პრობლემები ექმნება გლობალურ ჭრილში და ელოდებით, რომ რუსეთში დაიწყება მასშტაბური პროტესტი, რომლის სათავეშიც სწორედ ცნობილი ადამიანები აღმოჩნდებიან სხვადასხვა სფეროდან?


_ პროგნოზი ძალიან რთულია იმდენად, რამდენადაც რუსეთი არაა კლასიკური დიქტატურული სახელმწიფო, ინდივიდუალური ჰიბრიდული რეჟიმია და პუტინი თავისებური მახრჩობელა წესებით მოქმედებს. შესაბამისად, ძნელია პროგნოზის გაკეთება, შიგნიდან აფეთქდება პროტესტი და რეჟიმი შიგნიდან დაემხობა თუ გარედან მოხდება მისი კედლების რღვევა. ამას ვერ ვიტყვი და განსაკუთრებული მოლოდინიც არ მაქვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ რუსეთში დამყარდეს დემოკრატიული წყობა და იმ ადამიანებს, ვინც საღ აზრზე არიან, მიეცეთ შესაძლებლობა, იცხორვონ ცივილურ სახელმწიფოში.