რომელი აფხაზური დაჯგუფება იბრძვის უკრინაში და რა ინფორმაციას ავრცელებენ რუსები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედების შესახებ - ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა დავითაიასთან

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავტორი: თათია გოჩაძე

 28 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ისტორიული მოლაპარაკების ფონზე რუსეთის მიერ უკრაინა განსაკუთრებული სისასტიკით იბომბებოდა. არიან დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინაში რუსეთმა ჟენევის კონვენციით აკრძალული ვაკუუმის ბომბები გამოიყენა. მოფლიოს ყურადღება ისევ და ისევ ევროპის უდიდეს ქვეყანაზეა მიპყრობილი, სადაც პუტინის ბრძანებით, რუსეთმა მშვიდობიან მოსახლეობას ბომბების წვიმა დაატეხა თავს. უკრაინის მხარდასაჭერად კი მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიანდება. დასავლეთი უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს უწესებს რუსეთს და უკრაინის შეიარაღებას უზრუნველყოფს. უკრაინელი ხალხის ერთსულოვნებასა და თავდადებაზე უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პრეზიდენტ ზელენსკის მეთაურობით, უკრაინის ხელისუფლება რუსეთს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს.

 „ვერსია“ დაინტერესდა, რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და რა ადგილი უკავია საქართველოს არსებულ გლობალურ კონტექსტში? გთავაზობთ „ერვოპელი დემოკრატების“ ლიდერ პაატა დავითაიასთან ინტერვიუს:

 

 _ ბატონო პაატა, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რისი თქმა შეგიძლიათ, როგორ განვითარდება მოვლენები?

_ სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, მგონი ერთადერთი ვიყავი და ვამბობდი, რომ კიევზე იქნებოდა შტურმი. 2008 წელსაც ერთადერთი ვიყავი, ვინც ამბობდა, რომ ომი დაიწყებოდა. ამის თქმის საფუძველს მაძლევდა ის მოქმედებები, რაც უკრაინაში იწყებოდა და ეს ძალიან ჰგავდა 2008 წლის მოვლენებს. ზოგი მკითხაობის დონეზე აფასებს, ჰგავს თუ არა ეს მოვლენები ერთმანეთს, მე კი აგვისტოს ომის დროებითი შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და მქონდა მაქსიმალური წვდომა ინფორმაციაზე. სისტემურად გავაანალიზეთ, როგორ მზადდებოდა შეჭრა და პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, დღეს ამ დასკვნას არავინ კითხულობს. რეალურად იყო წინაპირობა შეიარაღების მოზიდვისა. ალბათ, გახსოვთ, რომ თითქოს ევაკუაცია დაიწყო ცხინვალში ორი დღით ადრე, რაც ახლა დონეცკსა და ლუგანსკში მოხდა. დიდი თანხა იხარჯებოდა მედიარესურსებზე, ჯარებს სხვადასხვა ოლქებიდან ხსნიდნენ და საბრძოლო მოქმედებებიც დაიწყო.

ახლა არასახარბიელო პროგნოზი მაქვს.  პირველ დღეებში, როცა რუსეთმა შეტევა დაიწყო, ვფიქრობდი, რომ მასიური იარაღის გამოყენებას დაიწყებდა, მაგრამ ეს მე-3, მე-4 დღეს დაიწყო, რადგან მიიღო მძაფრი წინააღმდეგობა, რასაც არ ელოდებოდა. პუტინი კრიმინალური აზროვნებით ცხოვრობს და ამ გაგებით „კრიმინალური ავტორიტეტი“ წაგებული გამოდის, ამიტომ ყველაფერზე წავა. როცა ადამიანი სუსტია ჩხუბში, დანას იქნევს და ზურგში გირტყამს დანას. ასეთი ადამიანის მენტალიტეტსა და პუტინს შორის დიდი განსხვავება არაა. ამიტომ ის წავიდა მასობრივი იარაღის გამოყენებაზე. ჩემი პროგნოზი იყო, რომ გამოიყენებდა ე.წ. ვაკუუმის ბომბებს...

_ და ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ რუსეთმა სწორედ ამ სახის ბომბები დააყარა უკრაინას!

_ დიახ, არც ერთი სამხედრო ექსპერტი არ მეთანხმებოდა ამაში და ვნახეთ, რომ გუშინ გამოიყენა. ასე რომ, ყველაფერზე წავა, რათა კრიმინალი პუტინის ე.წ. ავტორიტეტი არ შეილახოს. აქ სხვა პრობლემებიცაა, რაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასაც ეხება, მაგრამ ჯერ უკრაინის საკითხზე დავასრულებ საუბარს. ვფიქრობ, ყველა ვარიანტში წააგებს პუტინი, რა თქმა უნდა, დაზიანდება ბევრი ხალხი, ინფრასტრუქტურა, ადამიანები დაიღუპებიან, რადგან თავგამოდებით იბრძვიან უკრაინელები და მეამაყება ეს ხალხი. მჭიდრო ურთიერთობა მაქვს უკრაინის ნაციონალურ კონგრესთან, ბენდერებს რომ ეძახიან, ვინც აფხაზეთში ომობდა. მათთან ყოველდღიური კავშირი მაქვს, ეს ადამიანები არიან დამრტყმელი ძალა ამ ომში და მათი განწყობა ყველასთვის ცნობილია, საბჭოთა კავშირსაც კი არ დაუხარეს თავი. ხაზს ვუსვამ, რომ პუტინი იყენებს მასიურ იარაღას, რაზეც უკვე მიმართა უკრიანამ და დაიწყო გამოძიება. ყველა ადამიანი იქნება სანქცირებული და ამიტომ ვამბობ, ყველა ვარიანტში წააგებს პუტინი, ოღონდ ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდება.

 მთავარი ისაა, რომ 22 თებერვლის შემდეგ მსოფლიო წყობა შეიცვალა და ამას ვინც ვერ ხვდება, ძალიან მწარედ წააგებს. დღეს ვხედავ, რომ ამას ვერ ხვდება საქართველოს ხელისუფლება.

_ ბატონო პაატა, რა ვითარებაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

_ ცოტა ხნის წინ მოხსნეს ოსი ევროვნების ე.წ. თავდაცვის მინისტრი და დანიშნეს რუსი ფიოდოროვი. აფხაზეთში მთელი შეიარაღება გაყვანილია და გადაყვანილია უკრაინაში, მაგრამ ამავე დროს გუშინ ბჟანიამ გამოაცხადა საბრძოლო მზადყოფნა ჯარებში, თითქოსდა ქართველები რაღაც პროვოკაციისთვის ემზადებიან, რაც სრული აბსურდია. ხომ ვნახეთ, რეზოლუციის გამო ვერ შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი, არათუ აფხაზეთს და ცხინვალს დაესხას თავს. ხაზს ვუსვამ, რომ ცხინვალიდან არც ერთი ტანკი არ გაუყვანიათ და პირიქით, დაემატა ბატალიონი, რაც აჩვენებს იმას, რომ რაღაც მზადყოფნა აქვთ. რა ინფორმაციაც მაქვს ამ ოკუპირებული ტერიტორიიდან, საუბრობენ, რომ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული ქმედებები ორი თვის შემდგომო, საუბარია საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ ვფიქრობ, პუტინს უკან დასახევი გზა აღარ აქვს, რადგან ყველა ზღვარს გადააბიჯა და სახიფათოდ რჩება ჩვენთვის ეს ყველაფერი. ხელისუფლებას სირაქლემის პოზიცია აქვს და მინდა, ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდებიან. პირველი მაგათ არ დაინდობენ, თუ შემოვლენ. ეს არაა პრორუსი ხელისუფლება, ესაა მშიშარა ხელისუფლება და რუსები შეეცდებიან, დასვან პრორუსი ხელისუფლება.

_ ბატონო პაატა, მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტი გლობალურ ჭრილში...

_ უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და თავად ევროკავშირის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ შემდეგი არის საქართველო და მოლდოვა. თუ უკრაინა მივიდა იმ დონეზე, რომ საბრძოლო მოქმედებების ფონზე აძლევენ კანდიდატობას, ჩვენთან ხომ კონსტიტუაციაში წერია, რომ მივდივართ ევროკავშირისკენ და ნატოსკენ? - მაგრამ ამ სტატუსს არავინ მოგანიჭებს ძალით, შენ თუ არ იაქტიურე. რომელ რუსების გაღიზიანებაზეა საუბარი, როდესაც უმაღლესი კანონი - კონსტიტუცია ამას გვეუბნება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოებისთვის. საუბარია ევროკავშირისკენ სწრაფვაზე კანდიდატობის საკითხში, ამერიკელებთან საუბარზე შეიარაღების მოწოდებაზე, მზადყოფნაზე. მესმის ხელისუფლების ტაქტიკის, რასაც ცდილობენ, მაგრამ ერთ რამეს შევახსენებ მათ - თავის დროზე გვყავდა რუსეთის მიერ დანიშნული თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები და რა მივიღეთ? - ამ ხალხმა ააფეთქეს პრეზიდენტი.

_ იმის თქმა გსურთ, რომ საქართველომ მაქსიმალური სიფრთხილეც რომ გამოჩინოს, ამით რუსეთის ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ არ განისაზღვრება, არა?

_ რა თქმა უნდა. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გადავიდეს აგრესიაზე, არამედ ვამბობ, რომ უნდა დაიწყოს მზადება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველო მარტო „ქართული ოცნების“ არ არის, ყველასია! ელემენტარულად, რა უბედურებაა, რომ თვითმფრინავი არ დასვეს ქართველი მეომრების წასაყვანად! ეს მეომრები ისედაც წავლენ თვითმფრინავის გარეშე და რატომ ხდება ეს განსჯის საგანი მთელ მსოფლიოში, ვერ ვიგებ! კარგი, ვთქვათ, გასაგებია, რომ არ უწესებენ ეკონომიკურ სანქციებს, მაგრამ რა პრობლემაა რუსეთის დუმის დეპუტატებზე სანქციების დაწესება, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის, დონბასის დამოუკიდებლობა?!

_ აფხაზეთის აღიარება ახსენეთ და გკითხავთ - ახლა, გასაგებია, რომ უკრაინისკენაა მსოფლიოს ყურადღება, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ყველა დასავლელ პარტნიორთან გაააქტიუროს იმაზე საუბარი, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო რუსეთმა აღიარა 2008 წელს და წლებია, ამ რეალობაში ვართ...?

_ თათია, თქვენ საუბრობთ, როგორც ამ ქვეყნის შვილი, რომელსაც უყვარს საქართველო და ამბობთ, რა უნდა მოხდეს. არათუ აფხაზეთის აღიარებაზე, არამედ საერთოდ ხმას არ იღებენ!

_ დასავლეთი ყველაფერ ამას როგორ აღიქვამს?

_ 22 თებერვლის შემდეგ დასავლეთი შეიცვალა. გერმანიამ, რომელიც უარს ამბობდა უკრაინისთვის იარაღის მიცემაზე, პირველ ორ დღეში გადაწყვიტა, რომ თვითმფრინავები მიეცა უკრაინისთვის. ყველაფერი იცვლება, რადგან უკრაინელი ხალხი ბრძოლობს, ჩვენი უსაფრთხოების ზღვარი დღეს გადის უკრაინაზე და ვიმეორებ, რომ სირაქლემის პოზაში ყოფნა არ უშველით.

_  უკრაინა საინფორმაციო ომს, ცალსახად, იგებს და რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ყველამ გაიგოს, რომ საქართველოს ბედი წყდება უკრაინაში? როგორ ფიქრობთ, მოსახლეობაში არის ეს განცდა?

_  მოსახლეობაში, ვისთანაც მაქვს შეხება და საუბარია ფართო ფენაზე, რომელთაგან ზოგი ხელისუფლების მომხრეცაა, განწყობა არის ასეთი - ყველა ხვდება, რომ საქართველოს უსაფრთხოების ზღვარი გადის უკრაინაზე. ღიზიანდებიან ხელისუფლების განცხადებებზე.

_ სხვათაშორის, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა სწორი განცხადება და შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ის გეგმავს ასევე ბრიუსელში ჩასვლას. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

_ სალომე ზურაბიშვილს არაფრის ძალაუფლება არ აქვს. რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ზურაბიშვილმა, მთავრობა არ უშვებს თვითმფრინავს მეომრების წასაყვანად და იბადება კითხვა - ხომ შეიძლება, ზურაბიშვილმა განცხადებები არ აკეთოს და მთავრობას მოსთხოვოს პასუხი? - ამიტომ ზურაბიშვილის გულწრფელობაში ეჭვი მეპარება. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, სახე შეუნარჩუნოს მთავრობას.

_ ხელისუფლება მუდმივად ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობა ახლა სწორედ მათზეა და ამიტომ ისინი განსაკუთრებულად ფრთხილობენ...

_ დიახ, ამიტომ ვამბობ, რომ მესმის იმ ტაქტიკის, რაც მათ აირჩიეს, მაგრამ ვეუბნები მათ, რომ ეს ტაქტიკა მცდარია. ის, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს, კარგია, მაგრამ თვითმფრინავით რომ მეომრები არ გაუშვეს, ეს უფრო დაამახსოვრდება უკრაინელ ხალხს და პასუხს მოგვთხოვენ მერე. ერთმა ქართველმა მითხრა, რომელიც უკრაინაში გააჩერეს და ბლოკპოსტზე რიგითმა როცა ნახა საქართველოს პასპორტი, ქართველს უთხრა, არ გრცხვენიათ ასეთი ხელისუფლების გამოო? როცა კაცი ომობს და მე გამივლია ბრძოლები და ვიცი, ყველაზე მტკივნეულად ახსენდება ის, ვინც ზურგში დანა დაარტყა და ვინც დეზერტირი იყო. ამას ვერ პატიობენ მეომრები და ეს მეომრები 2008 წელს, 1992-93 წლებში ჩვენს გვერდით იყვნენ, ჩემთან ერთად ბრძოლობდნენ. მერე დიდი პატივი მქონდა, უკრაინაში ჩავედი, როგორც იუსტიციის მინისტრი და ორდენებით დავაჯილდოვე წლების შემდეგ... ამიტომ ვალში ვართ ჩვენ ამ ხალხთან.

_ საინტერესოა, აფხაზები თუ იბრძვიან უკრაინის წინააღმდეგ?

_ კი, ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით. ეს იგივე ჯგუფია, რომელიც დონეცკის ე.წ. აღიარებულ რესპუბლიკაში იბრძოდა უკრიანელების წინააღმდეგ.

_ გასაგებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევისკენ რუსების დიდი კოლონა მიემართება, როგორ ფიქრობთ, რით დასრულდება ეს ყველაფერი?

_ შეიძლება აიღონ კიევი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო უკრაინელი ჯარისკაცი 70-იან წლებში გამოვიდა ტყიდან, რუსები მიიღებენ პარტიზანულ ომს, რასაც ვერავინ გაუძლებს, რადგან ერის განადგურება შეუძლებელია. ბრძოლა ქვეყანაზე, რომლის ყველა მაცხოვრებელი შენს წინააღმეგაა, შეუძლებელია. ამის ნათელი მაგალითია ავღანეთი, ვიეტნამი... ერს ვერავინ დაამარცხებს, ოღონდ ერმა უნდა იცოდეს, რა უნდა - სუვერენტიტეტი და გუბერნიად ყოფნა, ეს ერის გადასაწყვეტია!