27 თებერვალი: საქართველო VS რუსეთი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რაგბი-ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე ის მატჩი მოახლოვდა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი წლიდან წლამდე ელის. 27 თებერვალს, „დინამო არენაზე“ სათამაშოდ რუსი „დათვები“ ჩამოდიან. საქართველოს ეროვნული გუნდი ინტენსიურ მზადებას გადის და რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ ამ შეხვედრას მხოლოდ სპორტული ხასიათი აქვს, ისედაც ყველასთვის ნათელია - ეს რიგით მატჩზე ბევრად მეტია. მხოლოდ ჩვენ კი არა, რუსებიც მოუთმენლად ელიან აღნიშნულ მატჩს და მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსთა სამხრეთ აფრიკელ დამრიგებელს, დიკ მუირის მთავარი კითხვა სწორედ საქართველოზე დაუსვეს.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მომავალ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ნაკრებს საქართველოსთან უკვე 20 წელია არ მოუგია, ამდენად, ყოველი ახალი მწვრთნელისთვის ქართველებთან მატჩს პრინციპული დატვირთვა გააჩნია. გვაქვს თუ არა საფუძველი, რომ მოგებაზე ვიფიქროთ?“

დიკ მუირი: „რასაკვირველია, საქართველოს ნაკრები ბევრ ასპექტში გაცილებით ძლიერია, მათ შორის, იმით, რომ მისი წევრები ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ჩვენ კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდება, რათა მათ დონეს მივაღწიოთ. მოგების შანსი ყოველთვის არსებობს, თუმცა, ჩემთვის მთავარი მაინც ისაა, რომ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. ახლა, საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს. რამდენიმე პოზიციაზე კონკურენცია გაჩნდა და ვფიქრობთ, მომავალ მატჩზე საკმაოდ ბრძოლისუნარიანი განაცხადით წარვსდგებით. რამდენიმე საჭირო მორაგბე ახლაც გვაკლია, თუმცა, ეს კარგი შანსია სხვები გამოვცადოთ. ჩემი აზრით, საკმაოდ მოძრავი შემადგენლობა გვეყოლება“.

ვერ გეტყვით, რას ამზადებს ან რის იმედად არის მუირი ამ მატჩისთვის, მაგრამ... 27 თებერვალს დამარცხება არ შეიძლება.