ბერია

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

Սամվել Խալաթյան / Բերիան

ავტორი: სამველ ხალათიანი

 

 ბერია

ჩემთვის ბავშვობის გახსენება ძალიან რთულია, მითუმეტეს, იმ წლების შესახებ წერა. მოგონება მძიმე განცდებს ბადებს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ერთ დღესაც ეს მოგონებები დაჭკნება და ემოციების გარეშე შევძლებ ფურცელზე გადატანას - გადასახლებაში მყოფი უდანაშაულო ადამიანების განცდილი ტანჯვისა და ჩემი დაკარგული ბავშვობის. ჯერჯერობით ეს არ გამომდის. ამ წელს, 14 ივნისს, 1949 წლის სტალინური რეპრესიების 65-ე წლისთავი სრულდება და როგორც სულის ვალი, როგორც ათასობით რეპრესირებულის გაუგონარი ტანჯვა-წამების მიმართ ქედის მომხრელი, ჩემს თავს ვაიძულე, რომ ეს ფრაგმენტი დამეწერა.

...ჩემები, ჩემგან მალულად, ხშირად ჩურჩულებენ, საიდუმლოდ. ვხვდები, რომ რაღაც ძალიან საჭირო რამეზე საუბრობენ, რისი გაგებაც ჩემთვის არ შეიძლება. მათ თვალებში სიხარული ირეკლება, მოთოკილი აღტაცების სხივი. ლოგინში მყოფმა როგორ არ დავცქვიტე ყურები, მაგრამ ვერაფრი გავიგე, ერთთადერთი სიტყვის გარდა - „ბერია“. რა კავშირ აქვს ჩვენი კარის მეზობლის არამაისის (კაცის სახელი) ბიჭს, ჩემ მეგობარ „დიდთავა ბერიას“ ჩვენების უჩვეულო ჩურჩულთან? - ვერ მივხვდი. კიდევ უფრო მეტად უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა ორი დღის მერე, ტაიგადან ერთკვირიანი მორიგეობიდან დაბრუნებული მამაკაცების თნდასწრებით, ბერიას დედა - სათენიკი (ქალის სახელი) მთელი უბნის გასაგონად, ჩემი და ბერიას სხვა დანარჩენი მეგობარი ბავშვების წყევლას მოჰყვა.

_ მიწა დაგაყარეთ, თქვენ ძალიან კარგები ხართ, რომ ჩემ შვილს ბერიას ეძახით? ძაღლიშვილებო!

_ ერთი ამათ უყურე, - ფანჯრიდან ცოლს გამოესარჩლა არამაისი, - სათითაოდ დაგაგლეჯთ ყურებს, ჩემს ბიჭს ამ სახელს თუ კიდევ დაუძახებთ... - თქვა და შიშჩამდგარი თვალებით ფანჯარა მიკეტა.

სათენიკი კი ხელებს შლიდა და აღარ ჩერდებოდა. რაღაც არაბუნებრივი იყო ამ ყველაფერში. ყვიროდა, ილანძღებოდა ისე, რომ თვალებში არ გვიყურებდა, გაბოროტება არ ეტყობოდა, რაღაცნაირად გასაცოდავებულიც კი ჩანდა. უჩვეულო იყო ჩვენების საქციელიც. დედა, დეიდა, ბიძა, მამა და პაპაც კი არ ეცადა ჩემს დაცვას, სათენიკის შეჩერებას. და როდესაც ხმაურზე საკმარისმა ხალხმა მოიყარა თავი, სათენიკი დემონსტრაციულად რუსულზე გადავიდა, განსაკუთრებით, ამ აურზაურის შემყურე სოფლის კომენდანტის დიდმუცელა ცოლსა და სიდედრს მიმართავდა:

_ გოგო... სავსემ ხულიგანი... პაჩემუ, მაიუ სინუ ბერია ზავუტ?... სმეიუტსია შტოლი?.. მაიემუ სინუ იმია ესტ - ბორის... ერთ კიდევ ვნახო, რომ ჩემ შვილს თავისი სახელი არ დაუძახოთ, თქვენს თავს ხელიდან ვერავინ გამაგდებინებს, ძაღლიშვილებო.

არავინ არაფერი თქვა. მდუმარედ იდგნენ და სათენიკს უსმენდნენ, რომელიც, თითქოს თავის ვალდებულებას იხდიდა - უნდა ელაპარაკა, ელანძღა, ჩვენ კიდევ ვალდებული ვიყავით დავსწრებოდით და გვესმინა... ერთადერთი, ვინც ღელავდა, ბერია იყო. დიდი თავი მხრებში ჩაერგო, შუაგულში მშტებშეკრული იდგა და თვალებში ცრემლი ტბად ჩასდგომოდა.

_ ბორის, წავედით სახლში. პაშლი დამოი, ბორის... - თქვა სათენიკმა, ფანჯრიდან მოთვალთვალე მეუღლეს გამარჯვებულის მზერით გახედა, ადგილზე დალურსმულ, გაწითლებულ ბერიას ხელი ჩასჭიდა და სახლში წაიყვანა.

ვახშმობისას უფროსებმა ღრმააზროვანი მზერა გაცვალეს და პაპამ მე მომმართა:

_ არ გიხდება ჩვენი შერცხვენა.

პურის ნაჭერი ხელში გამეყინა. ვერ მივხვდი. პაპამ კი დაამატა:

_ იმ ბავშვს თავის სახელი დაუძახეთ. შენ რომ სახელი შეგიცვალონ, მოგეწონება?.. ბორისი ჰქვია და ბორისი დაუძახეთ.

_ კარგი, რაც იყო, იყო, - თქვა დედამ, - ჩემი ბიჭი გაგებულია, ამის მერე ბორისს დაუძახებს.

მე არაფერი მითქვამს, მაგრამ ის დღე დიდხანს მოსვენებას არ მაძლევდა, ძილი დამიკარგა. კი, მაგრამ დიდთავას სახელი ხომ ბერია იყო? მას ხომ ყველა ბერიას ეძახდა? დედამისი - სათენიკიც, მამამისი - არამაისიც, დედაჩემიც, პაპაჩემიც, ყველა ხომ ბერიას ვეძახდით? ხუმრობდნენ კდეც, რომ სათენიკი ერიდება ბერიას წყევლას, როცა ის რაღაცას აშავებს, რადგან დიდი ადამიანის სახელს ატარებსო. ახლა რა მოხდა?.. სათენიკი ილანძღება და დამნაშავეები კი ჩვენ ვართ, ბავშვები? ჩვენ ხომ მას წერიერად სახელითაც არ მივმართავთ - ყოველთვის „დიდთავას“ ვეძახდით.

...მეტროსადგურ „ახალგაზრდულის“ შესასვლელთან შევხვდით. მან მიცნო. მოულოდნელად გადამეხვია და ჩემი სახელი ხმამაღლა იყვირა. დიდთავა იყო - უკვე გამელოტებული, გასუქებული, შეცვლილი. მზესუმზირის გამყიდველი ქალი გაკვირვებული გვიყურებდა - ერთმანეთს როგორ ვეხვეოდით და ვიცრემლებოდით.

_ სახლში წავიდეთ, - შემომთავაზა, - ორ ნაბიჯზე ვარ. წავიდეთ, არანაირ მიზეზს არ მვიღებ, - ხელკავი მჭიდროდ გამომდო და გამიძღვა. კარი შეაღო თუ არა, ღზურბლიდანვე გასძახა:

_ დედა, ნახე ვინ მოვიყვანე!.. თუ იცნობ?..

კორიდორის ბოლოს დაბერებული, დაპატარავებული, ერთ მუშტად გამხდარი სათენიკი გამოჩნდა. ყურადღებით დამაკვირდა, ტუჩები აუკანკალდა, ხელები გამომიწოდა:

_ შვილო, შენ შემოგევლე...

გეგონება მე მელოდებოდნენო. მაგიდა მაშინვე საჭმელებით გაივსო. მეუღლე - სასიამოვნო შესახედაობის შუშანიკი, კერძებს აწყობდა და ჩვენს საუბარს გაგებით ეკიდებოდა. იგრძნობოდა, რომ ოჯახის ავბედითი წარსული იცოდა და იმ ჭერქვეშ ციმბირის მოგონებები პირველად არ ესმოდა. სასტუმრო ოთახის კედელზე, მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული არამაისის სურათი ეკიდა - სერიოზული, ოდნავ შეშინებული გამომეტყველებით, ისეთი, როგორიც იყო, როგორიც ჩემს მეხსიერებაში დარჩენილიყო. ოთახში ბერიას ორი ვაჟიშვილი შემოვიდა - არამაისი და ბორისი.

_ ბორისი? - გავიკვირვე მე, - ბიჭს შენი სახელი დაარქვი?

სავარძელში ჩაფლულმა მეგობარმა ლმობიერად, რაღაც უცნაურად გამიღიმა. მზერა მოულბა და მომეჩვენა, რომ თავისი დიდი, მელოტი თავი მხრებში კიდევ უფრო ღრმად ჩამალა.

_ ჩემი სახელი არც ბერიაა და არც ბორისი, - როგორც იქნა ამოთქვა, - მე სიფანი მქვია (მთა თურქეთის ტერიტორიაზე, ე.წ. ისტორიულ დასავლეთ სომხეთში). სწორედ ამის გამო გადაასახლეს ჩვენები. მამაჩემი დაუბარებიათ, დაბეზღების წერილი უჩვენებიათ და ბღენძით უთქვამთ: „თურქეთს უცხადებ ომს, ჰა?.. სიფანი გინდა?..“. ჩვენებმა, მათი შიშით და გადასახლებიდან თავის დაღწევის იმედით, „ბერია“ დამძახეს და გამაფრთხილეს, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, ხოლო როდესაც ბერია დააპატიმრეს...

_ გამიხმეს ენა, შვილო, რა პირით გწყევლიდი, - შალის ფოჩების წვალებით თავი იმართლა სათენიკმა, - თქვენები, ყველა მეზობელი წინასწარ მყავდა გაფრთხილებული, რომ არ სწყენოდათ, სხვა რა უნდა მექნა, შვილო?

სათენიკი გაჩუმდა, მზერა მოოქროვილი ჩარჩოსკენ მიაპყრო, საიდანაც გარდაცვლილი არამაისი გვიყურებდა - სერიოზული და მუდამ შეშინებული. სიფანი კი კვლავ მხრებში თავჩარგული, მუშტებშეკრული, თვალებში ტბად ჩამდგარი ცრემლებით იჯდა, მუდამ ისეთი, როგორიც წლების წინ, როცა ბორისი გახდა, როგორიც ციმბირის იმ ცივ დღეს, როცა მამამისის „ტელეგრეიკაში“ ჩაცმული მისივე კუბოს გვერდით იდგა.

 

სომხურიდან თარგმნა გელა გელაშვილმა