შს სამინისტროს თანამშრომლებმა ქბრბ მიმართულებით უწყებათაშორის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების კოლექტიური უნარების განვითარების სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

უწყებათშორისი სწავლება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით, 9 დღის განმავლობაში, ორ ეტაპად მიმდინარეობდა და მასში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ჩართული იყვნენ თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

ტრენინგის პირველი ეტაპი თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ბაზაზე, ხოლო მეორე ეტაპი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლის დანაყოფებისთვის ჩატარებულ სპეციალურ სწავლებაში მონაწილეობდა ყველა შესაბამისი უწყების 60-მდე წარმომადგენელი, მათ შორის 10 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი იყო. კოლექტიური უნარების წვრთნების ძირითად მიზანს წარმოადგენდა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების უნარების და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება.

სწავლების დასრულების ცერემონია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსმა - ბერნარდ დობნერმა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს პროგრამის ხელმძღვანელმა - მაიკლ ბრედვიკმა ტრენინგის მონაწილეებს წვრთნების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოსთან (DTRA) მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში არაერთი სწავლება განხორციელდა, გარდა ამისა, დანაყოფის გაძლიერების მიზნით, სააგენტომ სამსახურს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებისთვის სპეციალური ტექნიკა და თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა.