2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეების სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

ევროსასამრთლომ საქმეებზე — „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ — გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს განჩინებები საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს კიდევ ერთ წარმატებას წარმოადგენს.

მისი თქმით, ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში.

“2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში რამდენიმე პირის საჩივარს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები. სახელმწიფო ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო და სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონში აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს”, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქმეზე — „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ — ოთხივე მომჩივანი საქართველოს ადანაშაულებდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევაში, რაც სიცოცხლის ხელყოფას გულისხმობს. ისინი ომის დროს თავიანთი ოჯახის წევრების სიკვდილში საქართველოს ადანაშაულებდნენ.

ერთი აპლიკანტი საქართველოს დამატებით უჩიოდა თავისი ოჯახის წევრის სიკვდილის გამოუძიებლობას. ორი მომჩივანი საქართველოს ედავებოდა მე-3 მუხლის დარღვევასაც, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს. მომჩივანების თქმით, მათ მიიღეს სერიოზული მენტალური ზიანი მაშინ, როცა მათი საცხოვრებელი დაიბომბა. ერთ-ერთი მათგანი ასევე ითხოვდა მე-8 მუხლის დარღვევის აღიარებას, რაც პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას გულისხმობს [ამ კონკრეტულ შემთხვევაში საომარი მოქმედებების დროს მისი საცხოვრებლის ნგრევის მიზეზით].

მომჩივანები ასევე ითხოვდნენ კონვენციის მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევის აღიარებას.

საქართველო კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ საქმის — „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ — მომჩივანები.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნული სარჩელები დაუშვებლად სცნო.