„ჩვენი ქვეყნის მტრები უკეთესს ვერაფერს ინატრებენ“ - რეალური მიზეზი, რის გამოც ნამახვანჰესი აღარ აშენდება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დავით მირცხულავა: „ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას სერიოზული მოწინააღმდეგეები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არა, ქვეყნის გარეთაც ჰყავს“

თურქული კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოში ნამახვანჰესს აღარ ააშენებს. საქართველოს მთავარობასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი პირობების დარღვევა და ფორსმაჟორია: „ENKA INŞAAT აცხადებს, რომ მისმა შვილობილმა კომპანია - ENKA Renewables-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფოსთან, ნამახვანის კასკადის პროექტის შემუშავების, მშენებლობის, საკუთრებისა და ექსპლუატაციის შესახებ. საქართველოს 2019 წლის 25 აპრილის კონტრაქტის ხანგრძლივად დარღვევისა და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო“...

ნამახვანჰესის პროექტი ორი - 333 და 100 მეგავატი (მგვტ) სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, რასაც მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. საპროტესტო აქციები, ორგანიზატორებმა ანუ „რიონის ხეობის მცველებმა“ 2020 წლის მაისში დაიწყეს და ერთი წლის მანძილზე - 2021 წლის მაისამდე გააგრძელეს. 2021 წლის 12 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის ინვესტორთან დიალოგის შედეგად მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე, კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყებოდა. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კვლევების ვალიდაციამდე, ჰესის სამშენებლო სამუშაოები 9-12 თვემდე ვადით შეჩერდებოდა.

სხვათა შორის, ნამახვანჰესი ერთადერთი ენერგეტიკული პროექტი არ არის, რომლის მშენებლობაც გარემოზე ზემოქმედების გამო შეჩერდა. წლების წინ, მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა ხუდონისა და ნენსკრაჰესების მშენებლობაც. არადა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ენერგოდამოუკიდებლობა - ჰიდროელექტროსადგურების გარეშე, განსაკუთრებით, ჰიდრორესურსებით მდიდარ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა -  უბრალოდ, წარმოუდგენელია. „ვერსიას“ ამ და სხვა, საინტერესო დეტალებზე ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა ესაუბრება.

 

- ბატონო დათო, უკვე ცნობილია, რომ კომპანია ENKA Renewables-ი ნამახვანჰესს აღარ ააშენებს, ყოველ შემთხვევაში, კომპანიის სათაო ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით ასეა. რა სანქციები ელის ქვეყანას იმ შემთხვევაში, თუ თურქები ნამახვანის პროექტს დატოვებენ?

- მეც იგივე ინფორმაციას ვფლობ. რაც შეეხება სანქციებს, დიდი ალბათობით, ეს საერთშორისო არბიტრაჟის თემა იქნება. სავარაუდოდ, ქვეყანას მოუწევს დიდი ოდენობის თანხების გადახდა და ეს საგრძნობლად დაარტყამს ქვეყნის ბიუჯეტს. მეორე მხრივ, დიდი საერთაშორისო ინვესტორები, როცა ისინი ლონდონის არბიტრაჟში საქმის განხილვით ან სახელმწიფოსთან დაპირისპირებით გადიან ქვეყნიდან, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის იმიჯისა და ზოგადად, მისი საინვესტიციო კლიმატისთვის. ჩვენი ქვეყნის, მისი ეკონომიკური განვითარების მოწინააღმდეგები, მტრები, უკეთესს ვერაფერს ინატრებენ - ეს ხომ ცუდი სიგნალია ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის,  განახორციელოს ინვესტიცია ჩვენ ქვეყანაში. რა გავლენა აქვს პირდაპირ ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკაზე, თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე, ვფიქრობ, ეს კარგად მოგეხსენებათ. თუმცა არა მხოლოდ არბიტრაჟის თემები, ნახეთ, რამდენი პროექტია დღეს  გაჩერებული ქართულ ენერგეტიკაში, 2013-2020 წლების ყველაზე დიდი  ენერგეტიკული ნახტომის შემდეგ ქვეყნის გენერაციაში - მხოლოდ 7 წელიწადში, 1 300 მეგავატი! ჩვენი დამოუკიდებლობის  ისტორიისთვის უპრეცედენტო სიმძლავრეების ზრდას ჰქონდა ადგილი (ქარის სადგური, ათეულობით მცირე და საშუალო ჰესები, ორი კომბინირებული ციკლის თანამედროვე მაღალეფექტური თბოსადგური), დღეს, ფაქტობრივად, ეს ზრდა ქართულ ენერგეტიკაში, რომელიც ინფრასტრუქტურული საფუძველია ქვეყნის ეკონომიკისა, გაჩერებულია, რაც ძალიან ცუდია.

- არავითარი ბერკეტი არ აქვს მთავრობას ინვესტორების შესაჩერებლად, თუ უკვე მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოიწურა?

- ამ კითხვაზე  მე ვერ გაგცემთ პასუხს, მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი. საგულისხმოა ის, რომ ინვესტორმა ეს განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მონაწილეობით, ნამახვანჰესზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ეს მოლაპარაკებები არ იყო დასრულებული. იცით, ეს მოლაპარაკებები მთავრობის, ასევე, ნამახვანჰესის პროექტის მოწინააღმდეგე, მომხრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა. კომპანია „ენკას“ განცხადება ამ მოლაპარაკებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილის, პროექტის მოწინააღმდეგის - „რიონის მცველების“ მედიაციის პროცესიდან გასვლას მოჰყვა. ვერ გეტყვით, „რიონის მცველების“ ეს ქმედება ინვესტორმა, ზოგადად, პროცესის ისევ რადიკალიზაციის მიმართულებით გადადგმულ  ნაბიჯად აღიქვა და არ დააყოვნა მათმა რეაქციამ, თუ ეს პროცესის ასე განვითარების შემთხვევითი თანმიმდევრობა იყო.

- სამწუხაროდ, ნამახვანჰესი პირველი პროექტი არაა, რომელიც გაურკვეველი ვადით ჩერდება, კარგად გვახსოვს ხუდონჰესის, ასევე, ნენსკრაჰესის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, რის გამოც ეს პროექტები შეჩერდა. რა ხდება, ბატონო დათო, უფრო ზუსტად, ვისი ან რისი ბრალია, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან ამ პროექტებს ამდენი მოწინააღმდეგე ჰყავს ქვეყანაში?

- ბოლოდან დავიწყებ, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, სერიოზული მოწინააღმდეგეები ჩენს ენერგოდამოუკიდებლობას ჰყავს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ, ქვეყნის გარეთ, მაგრამ ეს ცალკე, ძალიან დიდი და სერიოზული თემაა და ამ ინტერვიუში, ბუნებრივია, ამაზე ვერ ვისაუბრებ. თქვენ ამბობთ, რომ მხოლოდ ნამახვანს, ხუდონსა და ნენსკრას აქვს პრობლემები, მაგრამ ეს ასე არაა. ხელის თითებზე ჩამოგითვლით პროექტებს, რომელთაც მეტ-ნაკლებად, პრბლემები არ აქვთ და ეს პროექტის სიდიდეს საერთოდ არ უკავშირდებდა, იქნება ეს მცირე ჰესი, საშუალო სიმძლავრის ჰესი, თუ დიდი ჰესი. არა მარტო ჰესებს, ჰკითხეთ ქარის პროექტების ნებისმიერ დეველოპერს, ყველას დიდი პრობლემები აქვს. სამწუხაროა, რომ ეს სისტემური შეტევები განახლებადი ენერგიის პროექტებზე, გამონაკლისების გარდა, უმეტესად, რამე ობიექტურ მიზეზთან არაა დაკავშირებული.

დღეს უდიდესი გამოწვევაა გლობალური კლიმატის ცვლილება და დეკარბონიზაცია, მთელ  მსოფლიოში ენერგეტიკული სისტემების შეცვალა იგეგმება, რაც მეოთხე ენერგეტიკულ გადასვლასთან არის დაკავშირებული. ყველგან, 2050 წლამდე გეგმებით ევროპაში, აზიაში, ამერიკის კონტინენტზე, ქვეყნები უარს ამბობენ წიაღისეულ საწვავზე და ახალი საგზაო რუკებით გეგმავენ 2050 წლისთვის სრულად გადასვლას განახლებადი ენერგიის წყაროებზე. „ცვლადი“ განახლებადი ენერგიის წყაროების ზრდა, როგორებიცაა ქარისა და მზის ელექტროსადგურები, თავისთავად მოითხოვენ დაჩქარებას, ენერგეტიკულ სისტემებში ჩართვას, ინტეგრირებას ისეთი გენერაციის ობიექტებისა, რომლებიც უზრუნველყოფენ და გაზრდიან მთელი სისტემის   მანევრულობასა და ენერგიის  შენახვის საშუალებას ენერგოსისტემაში. ამის გარეშე, დიდი მოცულობის ქარისა და მზის სადგურების შემოყვანა ენერგოსისტემაში, ტექნიკურად  შეუძლებელია, ეს კი იმ „გამორჩეულ“ ქვეყნებს, რომლებსაც ამის ბუნებრივი საშუალება გააჩნიათ და, მათ შორის, უდავოდ საქართველოცაა, შეუძლიათ განახორციელონ, სწორედ წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებით, ასევე, ჰიდროაკუმულიაციური ჰიდროსადგურებით. ეს გზა და ტექნიკური გადაწყვეტა მიჩნევა ეკონომიკურად ყველაზე მისაღებ გზად. ესაა, სწორედ მიზეზი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთი პროექტების რიცხვის სწრაფი ზრდისა.

მთელ მსოფლიოში მიიჩნევენ, რომ ჰიდროენერგეტიკას გადამწყვეტი როლი აკისრია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში და ის განახლებადი ენერგიის დიდი წყაროა. ჰიდროენერგეტიკა გვაძლევს ენერგიის შენახვის საშუალებას წყალსაცავების საშუალებით და ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების შედეგების შემარბილებლად. ამის დადასტურებაც დღეს ხომ მეტად მარტივია, გადახედეთ მიმდინარე და დაგეგმილ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში  ხორციელდება ან  იგეგმება და ყველაფერი ნათელი გახდება. ამის შესახებ, ხომ უამრავი ინფორმაცია, სტატია, კვლევების ანგარიშები ვრცელდება და ნებისმიერი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ დღეებში, 7-21 სექტემბრამდე, სწორედ ამ თემებზე  მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც  ჰიდროენერგეტიკის გაზრდილ როლზე, თანამედროვე ეტაპზე საუბრობდნენ ისეთი გამორჩეული პოლიტიკოსები და მოაზროვნენი, როგორებიც არიან: ტონი ბლერი - დიდი ბრიტანეთის  ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მალკოლმ ტურნბული -ავსტრალიის  ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საქართველოში კი  ზოგიერთები, მათ შორის პოლიტიკოსები, ჰიდროენერგეტიკას გუშინდელ დღედ მიიჩნევენ...

ამ დროს,  საქართველოს გააჩნია ეს რესურსი, თუმცა სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება  და ვერ გეტყვით, საიდან შემოსული უდიდესი თანხები იხარჯება, რომ ქვეყანამ ეს დიდი რესურსი არ აითვისოს.

- საბოლოოდ, დიდ ჰესებზე უარის თქმით, რაც მოწინააღმდეგეებს საკუთარ გამარჯვებად მიაჩნიათ, რუსეთის წისქვილზე არ ვასხამთ წყალს? სინამდვილეში, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა, სწორედ რუსეთს არ აწყობს, ხომ ასეა?

- ზემოთ აღვნიშნე, რომ წყალსაცავიანი ჰესები და ჰიდროაკუმულიაციური ჰესები, ნებისმიერ ენერგოსისტემას უზრდის მანევრულობას, აძლევს ენერგიის შენახვის საშუალებას, რაც კრიტიკულია კონკრეტულად ნებისმიერი ენერგოსისტემისთვის, ქარის და მზის ელექტროსადგურების ინტეგრაციისა და მათი განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ დეფიციტური ქვეყანა ვართ და მუდმივად ვახორციელებთ ელექტროენერგიის იმპორტს, უამრავი თანხა, რაც ქვეყნიდან ელექტროენერგიის, ასევე, ბუნებრი გაზის (რომელიც ენერგიის გამომუშავებისთვის, ჩვენს თბოსადგურებში იწვის) იმპორტისთვის გაედინება, ხმარდება მეზობელი ქვეყნების, ზოგჯერ ჩვენს მიმართ  არა კეთილად განწყობილი ქვეყნის ენერგოსისტემების განვითარებას. ამაზე ყველას დაფიქრება მართებს.

- ბოლო დროს, ქართველ გარემოსდამცველებს შორის ასეთი ტენდენცია დამკვიდრდა: ისინი მხოლოდ და მხოლოდ დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ, თანაც იმ არგუმენტით, თითქოს ჰესების მშენებლობით გარემო დაზიანდება და აქცენტს განახლებადი ენერგიის წყაროებზე აკეთებენ, მაგრამ რეალურად, იგივე, მზის ან ქარის ენერგოპროექტები საკმაოდ ძვირადღირებულია, თან უკვე ბრძანეთ, რომ იგივე, მზის ან ქარის ენერგოსისტემების განვითარებას ჰიდრორესურსების ათვისება სჭირდება... ბატონო დათო, ჰესებს ებრძვიან ქვეყანაში, რომელიც ჰიდრორესურსებით საკმაოდ მდიდარია, ამიტომ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ ვერ ან არ ვიყენებთ ამ რესურსს?

- ნამდვილად არ არის ასე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, უზარმაზარი წინააღმდეგობა ხვდება განახლებადი ენერგიის ნებისმიერ პროექტს საქართველოში და არა მარტო დიდი ჰესების პროექტებს! არავინ არაა წინააღმდეგი, სიღრმისეულად შევისწავლოთ და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა გადაამოწმონ პროექტის გარემოზე ზემოქმედების, ან პროექტის ტექნიკური უსაფრთხოების საკითხები, მისი საიმედოობის საკითხები. სხვათა შორის, პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე და პროექტის მასშტაბების მიხედვით, ამ ექსპერტიზაში საერთაშორისო კომპანიების ჩართვაზე უარს არავინ ამბობს.

მესმის, რომ ოპონენტები დაასახელებენ საქართველოში უხარისხოდ განხორციელებულ რამდენიმე  პროექტს, სადაც სხვადასხვა სახის ავარიები და ინციდენტები მოხდა, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ავარიების შესახებ მე გაცილებით მეტი და ობიექტური ინფორმაცია მაქვს, ვიდრე მათ! ეს თემები მეც ძალიან მაწუხებს, მაგრამ  ამ შეცდომების გამო, მთელ დარგს და ყველა პროექტს შეუქმნა გადაულახავი დაბრკოლება, მიმაჩნია, რომ ეს კატეგორიულად არ არის სწორი!

მეტსაც გეტყვით, დღეს, საინვესტიციო გარემოც აშკარად გაუმჯობესებას მოითხოვს. პროექტის არეალში მაცხოვრებლების, თემის, რაიონის პირდაპირ სარგებლის თემაც მოითხოვს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და მიმაჩნია, ეს გადაუდებელი ამოცანებია. გადაუდებლად მიმაჩნია, ასევე, პროექტებისთვის სტიმულირების მექანიზმის ოპტიმალური გადაწყვეტილების სასწრაფო მოძებნა, რათა პროექტების საიმედოობის ხარჯზე არ გაუჩნდეს ვინმეს მცდელობა, მათი საინვესტიციო ღირებულება შეამციროს და დღეს, ესეც დიდი პრობლემაა. ზედამხედველობაც ენერგეტიკულ პროექტებზე აშკარად ახალ, რადიკალურ და განსხვავებულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების კანონმდებლობაც შესაქმნელია, აქ  მრავალი წელია, ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდ დახმარებას უწევს ისეთი ჰიდროენერგეტიკული ქვეყანა, როგორიცაა შვეიცარია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო, უსაფრთხოების ამ კანონზე  მუშაობა ვერ დასრულდა.