სიდედრმა ექიმ სიძეს ენა მოაჭრა - როგორ დაიგეგმა სადისტური მკვლელობა (საგამოძიებო მასალები)

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საბჭოთა კავშირის დროს, თუ საქმე ე.წ. რიტუალურ მკვლელობასთან ჰქონდათ, ცდილობდნენ, არ გაეხმაურებინათ და ძირითადად, გრიფით „საიდუმლო“-ს  ადებდნენ. ეს ორი მიზეზით იყო გამოწვეული: პირველი ის, რომ ხალხს არ უნდა შეშინებოდა და მეორე, ამ პროცესებს წახალისება და ფართო გამოხმაურება არ უნდა მოჰყოლოდა. ამიტომ, როცა 1988 წელს, თბილისის შემოგარენში, ტყეში მოკლულ მამაკაცს ენა ჰქონდა მოჭრილი, იფიქრეს, რომ საქმე რაიმე რიტუალთან ჰქონდათ და შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეს.

 

„ექიმების დასკვნით, მამაკაცს ენა მაშინ მოაჭრეს, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი, რის გამოც შემთხვევა, რაიმე რიტუალის აღმნიშვნელად ჩაითვალა. კრიმინალური გარჩევა იმიტომ გამოვრიცხეთ, რომ გარდაცვლილს არც სვირინგები ჰქონდა და ხელებიც - ისეთი ნაზი და მოვლილი, აუცილებლად რაიმეს სპეციალისტი უნდა ყოფილიყო. გარდაცვლილს დოკუმენტაცია არ ჰქონდა და ამიტომ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა განცხადებებს გადავხედეთ. პირველი უცნაურობაც სწორედ იქ შევნიშნეთ“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

განცხადებების მიხედვით, რამდენიმე ადამიანი იძებნებოდა და მათ შორის, ერთი, ბავშვთა ექიმი იყო. მალევე დაასკვნეს, გარდაცვლილი სწორედ ეს ექიმი გახლდათ, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ განცხადება მისი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა კი არა, არამედ, მისმა სამსახურმა შეიტანა მილიციაში. რატომ არ ეძებდა კაცს ოჯახი, რომელსაც ცოლი, ორი შვილი და სიდედრიც ჰყავდა? - ამ კითხვით გამომძიებლები გარდაცვლილის ოჯახს ესტუმრნენ.

„დაახლოებით, სამი თვის წინ, მე და ჩემი მეუღლე დავშორდით. მან კარი გაიხურა და წავიდა, ამ ხნის განმავლობაში, სად და ვისთან ცხოვრობდა, არ ვიცი. ერთხელაც არ დაურეკავს, ბავშვებიც კი არ მოუკითხავს და არ უნახავს“, - ეს არის გარდაცვლილის მეუღლის განცხადება.

სრულიად საპირისპირო რამ თქვეს მოკლული ექიმის კოლეგებმა. მამაკაცი ბავშვებზე გიჟდებოდა, საკუთარ შვილებს აღმერთებდა და გამორიცხული იყო, ასე მოქცეულიყო. ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულებისა და სიყვარულის გამო, მას მუდმივად ჰყავდა პაციენტები - ბავშვებს ექიმი უყვარდათ, მშობლები კი აღმერთებდნენ. რა შეიძლებოა გამხდარიყო ექიმის ასე სასტიკად მოკვლის მიზეზი, კოლეგებს წარმოდგენა არ ჰქონდათ.

იმის მიუხედავად, რომ ოჯახი, პრაქტიკულად, დანგრეული იყო, ექიმი სწორედ მეუღლემ დაასაფლავა და დაიტირა კიდეც. პროცესიას სამართალდამცავები ფოტოაპარატით იღებდნენ, აინტერესებდათ, იქნებოდა თუ არა ვინმე ისეთი, ვისაც არავინ იცნობდა. შემდეგ ეს კადრები გაამჟღავნეს და ჭირისუფალთა იდენტიფიცირებისთვის, გარდაცვლილის უახლოესი მეგობრები მიიწვიეს. მეგობრებმა ამოიცნეს ყველა, ერთი ქალის გარდა, რომელიც შორეულ კადრში ჩანდა. ის ვერც ოჯახის წევრებმა იცნეს და გამოძიებისთვის პრიორიტეტული, სწორედ ამ ქალის პოვნა გახდა.

„სასაფლაოზე წავედი, რადგან მინდოდა, ზუსტად მენახა ის ადგილი, სადაც ქალი იდგა. ხომ შეიძლებოდა, ვინმეს საფლავზე იყო და კადრში შემთხვევით მოხვდა. ექიმის საფლავზე ახალი ყვავილები ეწყო, იქვე ვაზა იდგა და ვიფიქრე, იქ ჩავდებ, უფრო დიდ ხანს გაძლებს-მეთქი. თაიგული წამოვწიე და ქვეშ პატარა ბარათი აღმოჩნდა.

„მე შენს გამო შურს ვიძიებ და აქ ყოველ დღე მოვალ, ყოველ დღე დაგიტოვებ ყვავილებსა და წერილს“, - ეწერა ბარათში. რაღა თქმა უნდა, ორ ოპერმუშაკს სპეცტანსაცმელი გადავაცვით და მესაფლავეების რანგში, ადგილზე დავტოვეთ“, -იხსენებს ბატონი თენგიზი.

მეორე დღეს, „მესაფლავეებმა“, თაიგულით ხელში, სწორედ სურათზე აღბეჭდილი ქალი დააკავეს.

„მე და გარდაცვლილი თანაკლასელები ვართ. ერთმანეთი გვიყვარდა, დაქორწინებასაც ვაპირებდით, თუმცა მომავალი მეუღლე გაიცნო. სიდედრი ძლევამოსილი ქალია, სერიოზული სამსახური აქვს და ამას ეგონა, კარიერაში წაადგებოდა. დარწმუნებული ვარ, სწორედ სიდედრმა მოაკვლევინა, რადგან ბოლო დროს, ურთიერთობა დაეძაბათ და ის სიძეს ვერ იტანდა. სახლიდანაც სიდედრის გამო წამოვიდა. მე კი ველოდი, მთელი ცხოვრება ველოდი, მაგრამ როცა შინიდან წამოვიდა, ჩემთან არ მოსულა, ვერ გაკადრებო, ასე მითხრა. არ ვიცი, სად ცხოვრობდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მარტო ცხოვრობდა“, - განაცხადა დაკავებულმა.

გამოძიებამ სიდედრის შესწავლა დაიწყო. ის ერთ-ერთი საწარმოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა და იმ დირექტორის არაოფიციალურ ბუღალტრად ითვლებდა. არც უფულობას უჩიოდა და არც - გავლენიან სანაცნობოს, მაგრამ მის წინააღმდეგ გამოძიებას სამხილი არ ჰქონდა. კვანძი კი იქიდან გაიხსნა, საიდანაც არავინ ელოდა. მილიციის განყოფილებაში მოკლული ექიმის უახლოესი მეგობარი და კოლეგა მივიდა.

„ამას წინათ, ჩემს მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მე მომაკითხა. ყველა კვლევა ჩავუტარე და ერთი უცნაურობა აღმოვაჩნე. მის სხეულში რაღაც იყო დარღვეული, ამიტომ ყველა მიმართულებით გამოვიკვილეთ. სხვა დასკვნებთან ერთად, ისიც დავასკვენით, რომ ჩემი მეგობარი უნაყოფო იყო ანუ სპერმის პროცენტულობა ნული ჰქონდა და გამორიცხული გახლდათ, შვილი ჰყოლოდა. ამ დროს კი მეუღლე და ორი ბავშვი ჰყავდა. ეს ამბავი მისთვისაც ნამდვილი შოკი იყო და მომხდარიდან ორ დღეში, ის ცოლს დაშორდა“, - განაცხადა ექიმმა.

ეს იმას ნიშნავდა, რომ კაცმა ცოლი ღალატში ამხილა, ამიტომ მილიციაში მოკლულის მეუღლე მიიყვანეს, ოღონდ ისე, რომ სიდედრს არ გაეგო - პირდაპირ სამსახურის კართან დახვდნენ. ქალმა ჯერ წაიტირა, მერე ისტერიკა მოაწყო, ბოლოს კი მოყოლა დაიწყო.

„ქმარი დედაჩემმა შემირჩია, პერსპექტიული ექიმიაო. მერე, როცა ექვსი თვე ვერ დავორსულდი, დედამ სახლში ვიღაც ათლეტური მამაკაცი მოიყვანა, ამისგან დაორსულდები, შენი ქმარი უვარგისიაო. ბავშვობიდან ასე ვარ, მას წინააღმდეგობას ვერაფერში ვუწევ და იმ კაცთან სამჯერ ვიყავი. დავორსულდი და პირველი შვილი გვეყოლა. ორი წლის შემდეგ, უკვე სხვა მამაკაცი დამაყენა თავზე და ახლა იმისგან გავაჩინე. ქმარს სახეში ვერ ვუყურებდი, ის კი ჩემს შვილებზე გიჟდებოდა, დედაც კმაყოფილი იყო. ვინ რა უთხრა, არ ვიცი, მაგრამ ერთხელაც, შინ მოვიდა და გამოაცხადა, რომ მე ვატყუებდი, რომ შვილები არასოდეს ეყოლებოდა, რომ ორივე ბავშვი სხვისგან გავაჩინე და წავიდა. ამის შემდეგ ერთადერთხელ შემხვდა, სამსახურთან მოვიდა და მკითხა, ასე რატომ მომექეციო. მე სიმართლე ვუთხარი, გამიგო, იცოდა, დედაზე როგორ ვიყავი დამოკიდებული. მას შემდეგ აღარ მინახავს“,-განაცხადა ქალმა.

გამოძიება არ აჩქარდა. სიდედრი და მისი უფროსი ისე იყვნენ ერთმანეთზე გადაფსკვნილები, მის გარეშე, მარტო ქალი ვერაფერს იზამდა. ამიტომ, გადაწყვიტეს, ჯერ სიდედრის ხელმძღვანელი ენახათ. მან კაბინეტში სამართალდამცავები მშვიდად მიიღო და იქვე დააყოლა, ცოტა ხნის წინ მყავდა შემოწმება, საწარმოში ყველაფერი რიგზეაო.

„ზედაპირული კითხვების დასმა დავიწყეთ, იცნობდა თუ არა მისი მოადგილის სიძეს და ა.შ., რაზეც უარყოფითი პასუხი გაგვცა. შემდეგ, ერთმა თანამშრომელმა პარკეტის იატაკს დაუწყო თვალიერება და ერთ ადგილს ჩააშტერდა. იქ რაღაც მუქი ლაქა ჩანდა. ვიწვალეთ და დირექტორის პროტესტის მიუხედავად, პარკეტის ის ფიცარი როგორღაც ამოვგლიჯეთ. ქვემოთ გამხმარი სისხლი იყო. დირექტორი დავაკავეთ, სისხლი ექსპერტიზაზე წავიღეთ და ის გარდაცვლილისას ასი პროცენტით დაემთხვა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

დირექტორმა გამომიებლებისგან გარანტია მიიღო, რომ არ დახვრეტდნენ და „აღსარებაც“ ჩააბარა.

„ერთ დღეს მოადგილე დამადგა და მეუბნება, ჩემმა სიძემ გაიგო, რომ ბავშვები მისი არ არიან, რომ ამ საქმეში ჩემი ხელი ურევია და ახლა დაჭერით მემუქრება. მან ჩვენი საქმიანობის რამდენიმე უკანონო გარიგება იცის და გაგვჭედავსო. სიძე დაემუქრა მილიციაში განცხადების დაწერით, დუმილის სანაცვლოდ კი 20 ათას მანეთს ითხოვდა. ფულის გადახდას მკვლელობა ვამჯობინეთ, რადგან გარანტია არ გვქონდა, რომ შემდეგშიც არ მოგვთხოვდა. აქ მოვიყვანეთ ფულის გადასაცემად, მე ჩაქუჩი ჩავარტყი და სანამ მოკვდებოდა, სიდედრმა ენა ამოაჭრა“, - ეს იყო დაკავებულის მონოლოგი.

რაღა თქმა უნდა, სიდედრიც დააკავეს და სასამართლოს წინაშე ისიც წარსდგა. დირექტორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გარდაცვლილის სიდედრს - 12 წელი. მამაკაცი ციხეში მესამე წელს მოკვდა, ქალმა კი სასჯელის ნახევარი მოიხადა, შემდეგ ამნისტიით გამოძვრა. როგორც ამბობენ, შინ დაბრუნებულს, შვილმა კარი აღარ გაუღო და დედაზე უარი თქვა.

 

ბათო ჯაფარიძე