სააკაშვილ-მელიას დილემა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შევლენ? - ინანებენ, არ შევლენ? - ინანებენ

ის გამოთქმა ხომ გახსოვთ, კრება დარჩა მხიარულიო? - სიმართლე გითხრათ, ამ ფრთიანი ფრაზის ეტიმოლოგია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თუ სკურპულოზულად დავაკვირდებით, „კრების მხიარულად დარჩენის“ მეტაფორა დღევანდელ ოპოზიციას ნამდვილად შეესაბამება ანუ მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევდნენ და ამის გამო, თითქმის ნახევარი წელი ქუჩაში, ესე იგი, ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, ახლა ოპოზციონერი ლიდერები უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ერთმანეთს ასწრებენ. შესაბამისად, ამ ფონზე საკითხავია, რა აზრი ჰქონდა ექვსთვიან „შეურიგებელ პროტესტს“, ან ახლა რა გამარჯვებას ზეიმობს ოპოზიცია?

 

ისე, ჩვენში დარჩეს და, უმრავლესობის წარმომადგენელმა, ალუდა ღუდუშაურმა კარგად თქვა, სამადაშვილ-ჯაფარიძე ირიბად აღიარებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულაო.

„ჩვენ, რამდენიმე დღის წინ, ბადრი ჯაფარიძის, ასევე, სალომე სამადაშვილის მხრიდან მოვისმინეთ 2020 წლის არჩევნების რბილად აღიარება, როცა მათ განაცხადეს, რომ არჩევნები იყო ლეგიტიმაციის ზღვარზე. მათ დღეს კითხვის ნიშნები არ გააჩნიათ, ხოლო თუ ვინმეს რაიმე აქვს იმის დამამტკიცებელი, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით, ეს წარმოადგინონ, თვითონ მიიღონ მონაწილეობა, კეთილი ინებონ და შემობრძანდნენ კომისიაში. კომისია ყველა ასეთ კითხვას წერტილს დაუსვამს. რადგან მათ იციან, რომ არ აქვთ არც ერთი მტკიცებულება, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორმა დასვა წერტილი და თქვა, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, ამიტომ მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, რომ როგორმე მოახდინონ საგამოძიებო კომისიის დისკრედიტაცია, თუმცა კომისია იქნება უაღრესად ეფექტური“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

საერთოდ, იმაში მოულოდნელობა, რომ სამადაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტოლება მიიღო, არაფერი ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციაში, დიდი ხანია, იცოდნენ, რომ ეს ქალბატონი საკანონმდებლო ორგანოში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევიდოდა. უფრო მეტიც, როგორც „ვერსიას“ წყაროები ეუბნებიან, ს.ს. ანუ სამადაშვილი სალომე, ჯერ კიდევ 1 ნოემბერს ყოფილა მოწადინებული, რაის ბოიკოტი, პარლამენტში უნდა შევიდეო, მაგრამ მერე, როგორც ამბობენ, პოლიტიკურ სინდისს შეუწუხებია და უთქვამს, ჯანდაბას, ცოტა ხანს მეც „ბოიკოტისტი“ ვიქნები, მერე კი, ვნახოთ, რა მოხდებაო.

მოკლედ, ეს „მერე“ დადგა და სამადაშვილი პირველი ნაციონალი გახლდათ, რომელმაც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა, თანაც ისე, რომ ამის შესახებ, მისმა აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელების უმეტესობამ არაფერი იცოდა.

ამასთან, ისიც მნიშვენლოვანია, რომ ს.ს.-მ ზემოხსენებულ დოკუმენტზე ხელმოწერა პიროვნულად კი არა, არამედ, ენმ-ს სახელით გააკეთა.

სხვათა შორის, ს.ს-ზე მოსწრებულად იხუმრა პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა.

„ცუდია, როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ „ბროშკა“, გულქანდა დარჩება... და ეს „იცოდა“, ასე ფიქრობდა და ამ პარტიიდან იყარა კენჭი სულ ცოტა ხნის წინ, თან გულმხურვალე გინებაც გვახსოვს უშვერი, ქუჩური სიტყვებით, „ინტელექტით გამოთქმული“, სანამ სიაში შეიყვანდნენ, ცუდია, როცა პოლიტიკოსისგან მხოლოდ „ბროშკა“, გულქანდა დარჩება“, - დაწერა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში.

ერთი სიტყვით, „ოცნებამ“ ოპოზიცია, როგორც იტყვიან, კუთხეში მიიმწყვდია. ახლა, ამ შეფასებას, შესაძლოა, ბევრი არ დაეთანხმოს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, „ანტიქოცები“ წაგებულები არიან, რასაც ისიც მოწმობს, რომ უმრავლესობა ოპოზიციას ამუნათებს და სთხოვს, რომ იგივე ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ბოდიში მოუხადოს ბულინგისა და ცილისწამებისთვის.

„მე არ ვიცი, თამარ ჟვანიას პირადი გეგმები როგორია, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ იმ აღვირახსნილი კამპანიის შემდეგ, რაც ოპოზიციამ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოა, თან განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის ოპოზიციონერები, რომლებიც გაყალბებული არჩევნების შემოქმედნი იყვნენ, სულ მცირე, მორალური უფლება რომ მოიპოვონ თამარ ჟვანიას მომავალზე საუბრისთვის, მოკრძალებული ბოდიში მაინც უნდა მოიხადონ ე.წ.გაყალბებული არჩვენებისა და თამარ ჟვანიას, როგორც ადამიანის დემონიზაციისა და ბულინგის გამო“,- განაცხადა რამდენიმე დღის წინ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასე და ამგვარად, ოპოზიციას კრიტიკული დღეები აქვს, რასაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაურკვეველი პოზიციაც ამძაფრებს ანუ ყოფილი მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი მზადაა, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ნაწილი კი, მაგალითად, გია ბარამიძე პარლამენტში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია.

საკუთარი აზრი ამ თემაზე ღიად არ დაუფიქსირებია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ, კიევში გამეგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

ზოგადად, ხმა დადის, რომ მელია და სააკაშვილი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ. იმას, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თავად მელიაც ადასტურებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მასა და სააკშვილს შორის, „ჩორტს“ ვერავინ ჩამოაგდებს.

ისე, სააკაშვილი, როგორც მისი განცხადებებიდან ჩანს, მომხრეა, რომ ენმ პარლამენტში შევიდეს. ყოველ შემთხვევაში, 19 აპრილის შეთანხმებაზე ცალკეული ოპოზიციონერების მიერ ხელმოწერის შემდეგ, მიშამ საკუთარ პარტიას ღიად მოუწეოდა, როცა მელია ციხიდან გამოვა, სჯობს, მუშაობა პარლამენტში გავაგრძელოთო.

მელია თავისუფალია, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ იმ წევრებს, რომლებიც სააკშვილის მიმდევრებად ითვლებიან, გული პარლამენტისკენ მიუწევთ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ დღეს, ყოფილ მმართველ პარტიაში, მელიას ფრთა უფრო ძლიერია. მელია კი, „სახალხო ლიდერის“ იმიჯს ირგებს ანუ ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ხალხთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

რაზე ისაუბრეს კიევში ენმ-ს ყოფილმა და მოქმედმა თავჯდომარემ, უცნობია - არსებული ინფროამციით, ამ შეხვედრის დეტალები მომავალ კვირას გახმაურდება და შესაბამისად, მომავალ კვირასვე გახდება ცნობილი, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის თუ ბრძოლას გარედან აგრძელებს.

იმ შემთხვევაში, თუ გარეთ დარჩა, ენმ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, გავლენას დაკარგავს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო ტრიბუნას ვერ გამოიყენებს, რაც მინიმუმ, იმით მაინც დააზიანებს, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შექმნის, მაგრამ თუ პარლამენტში შევა, კარგი დღე არც მაშინ ელის, რადგან ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც იმთავითვე ენმ-ს მხარდამჭერი და ამომრჩეველია, კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ექსმმართელი პარტია პარლამენტში შევიდეს, რადგან ამით 31 ოქტომბრის არჩევნების ერთგვარი ლეგიტიმაცია მოხდება.

ერთი სიტყვით, სააკაშვილი და მელიაც დილემის წინაშე დგანან: შევლენ? - ინანებენ, არ შევლენ? - შესაძლოა, უფრო მეტადაც ინანონ და გამორიცხული არაა, საქმე ენმ-ს დაშლამდეც მივიდეს ანუ მელიამ თავისი ხალხი წაიყვანოს და ახალი პარტია შექმნას, თუმცა ეს საკითხი, როგორც „ვერსიის“ წყაროები ამბობენ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ნინო დოლიძე