Menu
RSS

რაზე ოცნებობს 89 წლის ელდარ შენგელაია

საკულტო რეჟისორის მასტერკლასი და რჩევები სტუდენტებს

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით, რეჟისორ ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამო / მასტერკლასი გაიმართა. 

ელდარ შენგელაია 1933 წელის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. მამა _ ნიკოლოზ შენგელაია კინორჟისორი იყო, დედა _ ნატო ვაჩნაძე საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი. ასეთი მშობლების შვილს, გასაკვირი იქნებოდა, სხვა გზას რომ აერჩია და ელდარმაც გადაწყვიტა, კინორეჟისორი გამხდარიყო. პირველი სადებიუტო ფილმი მან, 1963 წელს, თამაზ მელიავასთან ერთად გადაიღო _ „თეთრი ქარავანი“. ამის შემდეგ იწყება ელდარ შენგელაიას ეპოქა.

26 იანვარს, ელდარ შენგელაიას საღამოზე, უამრავი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ რეჟისორის მეგობრები, მსახიობები, კოლეგები და სტუდენტები. ღონისძიების პირველ ნაწილში ნაჩვენები იყო ვიდეოკოლაჟი, სადაც დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა შენგელაიას უკვდავი ფილმები: „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „შერეკილები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ექსპრეს-ინფორმაცია“. ამ ნოსტალგიურ ფონზე, საუბარი პროფესიულ ნაწილზეც წარიმართა. 

ბატონმა ელდარმა ისაუბრა, თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფილმში კარგი მუსიკის შერჩევას, კარგ კომპოზიტორს და ამის შესანიშნავი მაგალითი მოიყვანა _ როდესაც „შერეკილები“ მუსიკის გარეშე აჩვენეს მაყურებელს, დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, არავის მოეწონა და ფილმი არ შედგა. შემდეგ, როდესაც ეს ფილმი კინოს სახლში, მუსიკით წარვადგინეთ, ყველა გაოცდა, ყველას მოეწონა. სწორედ მუსიკამ შეკრა „შერეკილები“ და ასე შეაფასა მაყურებლებმა. 

ელდარ შენგელაიას „შერეკილების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის როლის შემსრულებელმა იმედა კახიანმა, რეჟისორს იუბილე მიულოცა და განაცხადა: 

„მართალია, ბატონი ელდარი ამ ბოლო დროს, ხშირად მიგებს ნარდს, მაგრამ დღეს მისი დაბადების დღეა და საყვედური არ იქნება. მინდა მივულოცო ელდარს დაბადების დღე _ ბევრი მაქვს მოსაგონარი და სათქმელი. ელდარი საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო შვილი თავისი მშობლებისა, დიდი პატრიოტი. ახალგაზრდებმა არ იცოდნენ, რა ხდებოდა წლების წინ საქართველოში _ როგორ იბრძოდა ელდარი, დაივიწყა ყველაფერი და იყო ერთი, თავდადებული ჯარისკაცი თავისი ქვეყნის გადასარჩენად. დიდი საქმე გააკეთა ქვეყნისთვის. 

რაც შეეხება ხელოვნებას, კინოსა და რეჟისორობას, ბევრიც დაიწერა და კიდევ უფრო ბევრი დაიწერება. მე მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ, რა თქმა უნდა, ხელოვნებაში, როგორც სპორტში, ან საერთოდ ცხოვრებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბედ-იღბალს. ბედი უნდა გქონდეს კაცს, რომ შეხვდე ასეთ რეჟისორს, მსახიობისთვის ამაზე დიდი გამარჯვება და გამართლება არ არსებობს.“ 

ამის შემდეგ სტუდენტებს, მიეცათ საშუალება, ჩართულიყვნენ რეჟისორთან საუბარში, მათ შორის, რამდენიმე კითხვა-პასუხს აქვე შემოგთავაზებთ: 

_ ბატონო ელდარ, რა უნდა გაგრძნობინოთ სცენარმა, რომ მისი ეკრანზე გადატანის სურვილი გაგიჩნდეთ? 

_ იცით, რა არის? სცენარში, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ჩადებული მნიშვნელოვანი აზრი, თუ ეს არ არის, მაშინ ეს ფილმი გამოვა პეპელა. თუ ჩადებული იქნება სცენარში აზრი, მაშინ ეს იქნება საინტერესო მაყურებლისთვის. 

_ მაინტერესებს, თეატრში სპექტაკლის დადგმაზე ანდა თეატრში მუშაობაზე თუ გიფიქრიათ? 

_ მიფიქრია, მაგრამ ვერ გადავწყვიტე იმიტომ, რომ მე მაინც კინორეჟისორი ვარ და ეს სულ სხვა სამყაროა. ამისათვის საჭიროა დიდი მომზადება. თეატრში მუშაობის სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ გავაკეთებ. 

_ მომავალ რეჟისორებს რას გვირჩევდით? 

_ უპირველ ყოვლისა, უნდა იკითხოთ წიგნი. ახლა ყველა გართულია ტელევიზორით, კომპიუტერით, მაგრამ წიგნი არის ის საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ კარგი სცენარის დაწერაში. 

_ თქვენი გადაღებული ფილმებიდან, რომელს გამოარჩევდით? 

_ ეს ფილმები ყველა მიყვარს ისე, როგორც ჩემი შვილები, ამიტომაც მიჭირს გამოვარჩიო მათგან ერთ-ერთი. 

_ რა არის ქართული კინოს განსაკუთრებული თვისება? 

_ ქართული კინოს განსაკუთრებული თვისება არის ის, რომ ეროვნულია. მე არ მინახავს ცუდი თუ კარგი ფილმი, რომელიც არ იყოს ეროვნული. რაც მთავარია, საუბარი მიმდინარეობს ქართულად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

_ რომელი უცხოელი რეჟისორი მოგწონთ, ბატონო ელდარ? 

_ რა თქმა უნდა, ჩარლი ჩაპლინი. 

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას 86 წელი შეუსრულდა. ჩვენთვის ელდარ შენგელაია „შერეკილების“ პერსონაჟია, ერთ-ერთი ის „შერეკილია“, რომელმაც მთავარი საიდუმლო ამოხსნა _ „ვეღარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც!“ 

ბატონმა ელდარმა იცის, რა არის პროგრესისა და უკვდავების ფორმულა. ესაა ფორმულა, რომელსაც ქრისტეფორე მგალობლიშვილი ცათამფრენის გაფრენამდე უმხელს მაყურებელს: „სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ (მც²), ეф, ფუძე (√) ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით, ერთაოზ!“

ლუკა კოპალეიშვილი

დაბრუნება დასაწყისში