Menu
RSS

„საბას“ ლაურეატებს ფრანკფურტში დააჯილდოვებენ!

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსი ექნება 

2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველო, საპატიო სტუმრის სტატუსით შეუერთდება. ესაა ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ღონისძიება, როგორც ლიტერატურის, ასევე კულტურის სფეროში, რომელიც ყოველწლიურად, 300 000-მდე სტუმარს მასპინძლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საპატიო სტუმრის სტატუსით, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, საქართველო უმასპინძლებს. თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ისაა, რომ წელს, ამ საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, ყოველწლიური ლიტერატურული პრემია ,,საბას'' 2018 წლის ლაურეატებს, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ შენობაში დააჯილდოვებენ.

ამ მართლაც გამორჩეულ საერთაშორისო მოვლენას, 500-წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში, ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში იმართება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 5 დღის მანძილზე მიმდინარეობს, სადაც 100-მდე ქვეყნის 7 000-ზე მეტ მონაწილეს, საშუალება აქვს, საერთაშორისო პარტნიორებს შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, დაახლოებით, 9 000-მდე საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს. წელს, ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, დაახლოებით, 300-მდე ქართული წიგნი თარგმნეს. 

ციფრებში ასახული ეს ინფორმაცია, მხოლოდ მშრალი სტატისტიკა არაა. პირიქით, სწორედ ამგვარი მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, უნიკალურ ქართულ ისტორიასა და ლიტერატურას _ პროზასა და პოეზიას, უამრავი უცხოელი გაეცნობა. ბაზრობის სტუმრები თანამედროვე ქართველ მწერლებსა და გამომცემლებსაც შეხვდებიან. რაც მთავარია, საგამოფენო სივრცის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ შენობაში, ყოვეწლიური ლიტერატურული პრემია ,,საბას'' დაჯილდოების ცერემონიასაც დაესწრონ. 

თიბისი ბანკის ერთ-ერთი, გამორჩეული პროექტი ,,საბა'', უკვე 16-წლიან ისტორიას ითვლის. ამ ხნის მანძილზე, ეს მართლაც პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო გადასცეს, როგორც ცნობილ მწერლებსა და პოეტებს, ასევე უცნობ ავტორებსაც, რომლებსაც ლიტერატურულ ასპარეზზე გზა, სწორედ ,,საბამ'' გაუკვალა. რაც მთავარია, ყოველწლიურად, ,,საბას'' ახალ-ახალი ნომინაციები ემატება. ამიტომ აშკარაა, რომ ქართული ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში, მას მართლაც დიდი წვლილი შეაქვს. 

სასიამოვნოა, რომ ჩვენი დროის გამორჩეულად საყვარელი მწერლები და პოეტებიც ასე ფიქრობენ. რამდენიმე მათგანს ,,ვერსია'' გაესაუბრა, რომლებმაც ,,საბას'' მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება: 

ლაშა თაბუკაშვილი 

,,ვფიქრობ, ლიტერატურულ პრემია ,,საბას'' ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ეს პრემია მაშინ წარმოიქმნა, როდესაც ქვეყანაში მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. ამ 16 წლის მანძილზე, ,,საბამ'' საკმაოდ საინტერესო ყალიბში მოათავსა ლიტერატურული პროცესი. ცხადია, ახლა უკვე სხვა პრემიებიც არსებობს, მაგრამ ,,საბას'' მიმართ საზო 

გადოების ინტერესი და სიმპატია არ განელებულა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეც ,,საბას'' პრემიის ლაურეატი ვარ, იყო დრო, როდესაც ეს პრემია ვერ ავიღე, მაგრამ არ შეიძლება მისი შეფასება იმის მიხედვით, რომ თუ ,,საბა'' მომცეს, კარგია, თუ ვერ ავიღე _ ცუდი! რაც მთავარია, საზოგადოება არა მხოლოდ ამ პრემიის ლაურეატებს, არამედ მის ნომინანტებსაც დიდ ყურადღებას აქცევს. თანაც მასში მონაწილეობა უკვე სახელი და პიარია. საბოლოოდ, ,,საბამ'' მოიპოვა ძალიან სერიოზული წონადობა, როგორც ლიტერატურული პროცესის დამაგვირგვინებელმა დღესასწაულმა. ეს მართლაც დიდი დღესასწაულია, რომელიც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ძალიან სჭირდებათ და რასაც დიდი ინტერესით ველით''. 

ვახტანგ ჯავახაძე 

,,ლიტერატურული პრემია ,,საბას'' ლაუარეატების ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაჯილდოვება, უკვე საინტერესო მოვლენაა. ,,საბამ'' დაარღვია საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების საყდრული მყუდროება! ლიტერატურული ფაქტები სწორედ აქ ხმაურდება, რადგან ერთადერთი მოვლენა, რომელიც ყოველწლიურად ხმაურობს, ,,საბას'' მინიჭებაა! ეს მოვლენა 16 წლის წინ დაიწყო, რომელსაც ყოველწლიურად, ნომინაციები ემატება, ხოლო მწერლები და მთარგმნელები, ყოველთვის დიდი სიხარულით ელიან ამ დღეს, რადგან ეს არა მარტო პრემიის გადაცემა, არამედ დიდი ზეიმი და დღესასწაულია!'' 

ლია სტურუა 

,,ლიტერატურილი პრემია ,,საბა'' ერთ-ერთი, მართლაც თვალსაჩინო პრემიაა. სულ რამდენიმე პრემიაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ,,საბა'' გამორჩეულია მათ შორის. ჩემთვის ამ პრემიის სახელიც ბევრს ნიშნავს და მადლობელი ვარ იმ ხალხის, რომლებმაც მას სულხან-საბა ორბელიანის სახელი უწოდეს. გარკვეულწილად, ეს სიმბოლურიცაა, რადგან კარგად გვახსოვს სულხან-საბას ამბავი, როგორ უნდოდა, რომ საქართველო ევროპულ ცივილიზაციას დაახლოებოდა. ამ პრემიის საზეიმო ვითარებაში გადაცემასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნამდვილი ხელოვნება უკვე ზეიმია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს, ,,საბას'' ლაურეატებს პრემიას ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში გადასცემენ. ქართული ლიტერატურის განვითარებაში ,,საბას'' დიდი წვლილი აქვს შეტანილი, რადგან ხელოვანში, თუ ის ნამდვილი შემოქმედია, სიკვდილამდე ცოცხლობს ბავშვი და ბავშვს წახალისება და ზეიმი, სხვაზე მეტად სჭირდება''. 

ბესიკ ხარანაული 

,,წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, პრემია ,,საბას'' ლაურეატების დაჯილდოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ,,საბა'' იმსახურებს, რომ იქ იყოს, სადაც ქართული მწერლობაა, რადგან ეს ლიტერატურული პრემია ბოლო დროის ერთადერთი ამოსუნთქვა და ძალიან ღირსეული პრემიაა! რამდენად რესპექტაბელურადაც დაიწყო, ახლაც ასევე გრძელდება, რადგან ამით დიდი საქმე კეთდება... საკმაოდ დიდი და განსხვავებული ლიტერატურა გვაქვს, ყველა დიდი, ქართველი მწერალი გამორჩეულია, ეს ერთგვარი სპეციფიკაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და ვფიქრობ, ახალგაზრდებმა ეს გზა არ უნდა დაკარგონ! რაც შეეხება ლიტერატურულ პრემია ,,საბას'', ის ქართული მწერლობის განსავითარებლად, უდიდეს საქმეს აკეთებს''. 

ანა კორძაია 

,,ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, თავი პირველად, 1996 წელს ამოვყავი და მას შემდეგ, სულ ვცდილობ, წლის განმავლობაში ისე დავალაგო ყველაფერი, რომ ის ოთხი-ხუთი დღე, ფრანკფურტში გავატარო! ყოველი სტუმარი ქვეყანა, რომელიც ყოველწლიურად ამ ბაზრობაზეა წარმოდგენილი, ჩემთვის აღმოჩენაა. დანამდვილებით ვიცი, უამრავ ადამიანს სავსებით სამართლიანად მიაჩნია, რომ ბევრი რამ იცის საფრანგეთის კულტურის შესახებ და კარგად იცნობს ფრანგულ ლიტერატურას, მაგრამ გარწმუნებთ, მაშინ, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი საფრანგეთი იყო, ეს ქვეყანა აღმოჩენა და ახალი სამყარო იყო მათთვისაც კი, რომლებიც ფრანგულ კულტურას ტერა-ინკოგნიტად არ თვლიან. პირადად ჩემთვის ფინეთის წელი ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან მაშინ გადავეყარე იმას, რითაც დღესაც ვიხალისებ ცხოვრებას და ეს ფინური დეტექტივებია... ის, რომ წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ,,საბას'' ლაურეატები დაჯილდოვდებიან, სიმართლე გითხრათ, სრული საოცრებაა! წარმოიდგინეთ, საიმპერატორო დარბაზი ფრანკფურტის მერიის ისტორიულ შენობაში, მთავარ მოედანზე, სადაც ,,საბას'' ლაურეატებს, ქართული ,,ბუკერი'' (ინგლისური ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში, _ ავტ.) უნდა გადასცენ! ის ფაქტი, რომ წელს, ,,საბას'' მოკლე სიაში, თარგმანის გამო მოვხვდი, სავსებით საკმარისია, რათა ვთქვა, რამდენად იღბლიანი ვარ! ავსტრიელი პოეტი ქალის, ინგებორგ ბახმანისა და ჩემი სახელი რომ გვერდი-გვერდ ითქმის, ეს უდიდესი ბედნიერებაა!'' 

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში