Menu
RSS

ხათუნა წულაძე: „ადამიანი ყოფამ არ უნდა შეჭამოს“

„მე მაშინვე გამიჩნდა მისი ლექსების სცენიდან წაკითხვის იდეა, რადგან არის ძალიან ცოცხალი, აქტუალური და ემოციის აღმძვრელი. ამ ლექსებს თეატრალურ ფორმასაც მივუსადაგებდი და სიამოვნებით გავაცნობდი ფართო მაყურებელს სცენიდან“, _ ეს ცნობილი ბრიტანელი რეჟისორისა და მსახიობის გაი მასტერსონის სიტყვებია, ხათუნა წულაძის ლექსების კრებულთან დაკავშირებით. 

24 იანვარს, თბილისში, მოგვიანებით კი ლონდონში, ქართველი პოეტის ინგლისურად დაწერილი ლექსების პრეზენტაცია გაიმართა, კრებულის სახელწოდებაა „მე ვამცნობ მსოფლიოს“ (I’ll tell the world). გთავაზობთ ინტერვიუს ლექსების ავტორ ხათუნა წულაძესთან.

_ ლექსების კრებულის სახელწოდებაა „მე ვეტყვი მსოფლიოს“ (I’ll tell the world), ზოგადად, რა არის თქვენი სათქმელი და თქვენი აზრით, რას ეუბნება თქვენი კრებული მკითხველს? 

_ მე ლექსების წერა იმიტომ დავიწყე, რომ ამ ფორმით გამომეხატა სათქმელი, რომელსაც სხვა ფორმით ვერავის ვეუბნებოდი. ადამიანისთვის ძალიან რთულია, როცა დაგროვილ, დალექილ ფიქრებს ვერავის უზიარებს, ეს ყველაფერი კი ჩემს ლექსებშია. 

გააზრებას რაც შეეხება, პოეზია მრავალწახნაგოვანია და ფაქტია, ყველა თავისებურად აღიქვამს ლექსს, თუმცა მაქვს ლექსები, რომელიც სიღრმისეულ გააზრებას საჭიროებს იმისათვის, რომ მკითხველი მიხვდეს, რა ვიგულისხმე. არიან ადამიანები, რომლებიც არ იაზრებენ და უბრალოდ დახვეწილი ფორმისგან იღებენ სიამოვნებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ბოლომდე „მომყვებიან“ და პოულობენ იმ დაფარულ მნიშვნელობას, რომელიც ამა თუ იმ ლექსში ჩავდე. 

ლექსი ფორმასაც უნდა აერთიანებდეს და შინაარსსაც _ რაც არ უნდა ბრძნული აზრები გააჟღერო, თუ შესაბამის ფორმას არ მისცემ, ეს არ იქნება პოეზია. და ანალოგიურად, თუ მხოლოდ ფორმაზე გააკეთებ აქცენტს, შეუძლებელია, მკითხველმა შინაარსის გარეშე სიღრმისეული ემოციები მიიღოს. 

_ დღეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადამიანებს ხშირად მრავალი პროფესიის მორგება უწევთ. გამონაკლისს არც თქვენ წარმოადგენთ და როგორც ვიცი, ასწავლით ინგლისურს, ხართ თარჯიმანიც, წარსულში გიმუშავიათ თეატრშიც. მიუძღვნიდით მთელ თქვენს დროს მხოლოდ პოეზიას, ამის საშუალება რომ გქონდეთ? 

_ მე რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყო, დიდი სიამოვნებით დავანებებდი ყველა სხვა საქმიანობას თავს და ვიქნებოდი მხოლოდ პოეტი. ბევრს უთქვამს, რომ პედაგოგობა კარგად გამომდის და ეს ჩემი მოწოდებაა, მაგრამ მე ასე არ მიმაჩნია, პირიქით, პედაგოგობა არ მსიამოვნებს. 

ადამიანი ყოფამ არ უნდა შეჭამოს, მას ფიქრისთვის საკმარისი დრო მუდამ უნდა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში პირადად მე თავს ბედნიერად, მშვიდად ვერასოდეს ვიგრძნობ. საბოლოო ჯამში ჩემი ყველა სხვა აქტივობა იმას ემსახურება, რომ მე მქონდეს იმის შესაძლებლობა, დავჯდე და ვიფიქრო. მაგალითად, ლექსებს სამუშაო მაგიდასთან არასოდეს ვწერ, ყველაზე ხშირად ეს პროცესი მაშინ მიმდინარეობს, როცა კაფეში ვზივარ, ვაკვირდები ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ, მესმის ცხოვრების ხმა. ეს ყველაფერი ჩემთვის აუცილებელი წინაპირობაა შემოქმედებითი პროცესისთვის. 

_ თქვენ ძალიან კარგად ფლობთ ქართულ ენას, მაგრამ მაინც გადაწყვიტეთ, რომ ლექსები ინგლისურად დაგეწერათ. რა იყო ამის მიზეზი? 

_ თავიდან ლექსებს ქართულ ენაზე ვწერდი, მაგრამ შემდეგ, როცა ინგლისური ენის შესწავლა დავიწყე, ერთხელაც თავში ინგლისურად მომივიდა რაღაც აზრი, რომელიც ფურცელზე გადმოვიტანე. აღმოჩნდა, რომ ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებდა _ ვეძებდი ჩემთვის უცხო სიტყვებს, წინადადების წყობას და ასე შემდეგ. ინტუიციით მიწევდა გზის გაკვლევა და ზოგჯერ ჩემდა გასაკვირადაც კი ვახერხებდი შესაფერისი სიტყვების ზუსტად შერჩევას. 

_ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრია, რომ დღეს პოეზიით ფულის შოვნა შეუძლებელი თუ არა ძალიან რთული. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებში? 

_ პოეზიით ფულის შოვნა არც ევროპულ ქვეყნებშია მარტივი, თუმცა განსხვავება ისაა, რომ უკვე დაფასებულ, აღიარებულ პოეტებს ევროპაში აქვთ იმის საშუალება, რომ შეძლებულად იცხოვრონ, საქართველოში კი ხშირად ასეთ პოეტებსაც უჭირთ საჭმლის ფულის შოვნა. აქ ძალიან რთულია გზის გაკვალვა, საჭირო ხალხის ყურადღების მიქცევა, ამას ჩემს მაგალითზე ვამბობ _ მაშინ როცა თბილისში ასეთი დასაფასებელი არტისტი (გაი მასტერსონი) ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ პოეზიის საღამოს დაფინანსება, სტუმრების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა პრობლემატური იყო. 

მე ხშირად მიფიქრია, როცა და თუ ცნობილი პოეტი ვიქნები, მიმიწვევენ გადაცემებში და დამითმობენ ეთერს, არასოდეს გამოვიყენებ ამ დროს იმისთვის, რომ ისევ ჩემ შესახებ ვილაპარაკო. ყოველთვის შევეცდები ახალი, დამწყები ნიჭიერი პოეტები, ხელოვანები გავაცნო საზოგადოებას, რომლებსაც საკმარისი ყურადღება არასოდეს ეთმობათ. 

_ როგორი გამოხმაურება გამოიწვია თბილისსა და ლონდონში გამართულმა პოეზიის საღამოებმა _ ასევე, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგენილმა 60 წუთიანმა სპექტაკლმა? 

_ თბილისში პრეზენტაციას ძირითადად ჩემი ახლობლები და ნაცნობები ესწრებოდნენ, მათი აზრები თუ შეფასებები ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო, ამიტომ უფრო საინტერესო გამოცდილება იყო ლონდონში უცნობი აუდიტორიის წინაშე წარდგომა. საღამოს ესწრებოდა ქეთი მელუაც, რომელმაც საზოგადოებას ჩემი ლექსები ძალიან კარგი შეფასებებით გააცნო. 

ლონდონელი მკითხველების რეაქციები და ემოციები იმდენად დადებითი იყო, რომ გაკვირვებულიც კი დავრჩი, მოდიოდნენ, ავტოგრაფს სთხოვდნენ გაის, რომელიც ჩემს ლექსებს მხატვრულად კითხულობდა, გვისვამდნენ შეკითხვებს... ერთი სიტყვით, ძალიან ემოციური საღამო შედგა. 

_ ამჟამად ახალ კრებულზე მუშაობთ? 

_ ახალ კრებულზე მუშაობის აზრს ვერ ვხედავ მაშინ, როცა ამ კრებულმაც ვერ მიიღო ქართული გამომცემლობებისგან ის ყურადღება, რასაც იმსახურებს. თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე, ფაქტობრივად, არცერთი მათგანის წარმომადგენელი არ მოსულა, რასაც ვერაფრით ვხსნი.

ბექა ბერულავა

დაბრუნება დასაწყისში