Menu
RSS

დათო სიმონია: „როცა კულტურა ვერ ცდება წარსულს, ნიშნავს რომ ის მკვდარია“

„თუშეთში, სანამ მოალერსე მზე მთებში ჩაგოგმანდება, ბუქუთები გორაობასა და თვლემის მეტს არაფერს აკეთებენ, მაგრამ არ გეგონოთ, უქნარები იყვნენ. როცა ღამდება, თავ-თავიანთ სამორიგეო ტყის ბილიკებზე მიბაჯბაჯებენ და დაგვიანებულ მგზავრებს მფარველობენ, რამე ხიფათს არ გადაეყარონ”, _ ეს დათო სიმონიას ერთ-ერთ „ფოტომონტაჟში“ ასახული თუშური გმირის აღწერაა. თუშეთის პეიზაჟების ფონზე დათო ქართულ მითოლოგიას ქმნის და განსხვავებული ხასიათის, წარსულისა და გარეგნობის მქონე ზღაპრულ გმირებს წარმოგვიდგენს.

_ შენი დახატული ყველა გმირი, რომლებიც თუშეთის სხვადასხვა ადგილებში ჩნდებიან ხოლმე, თუშურ თქმულე¬ბებსა და ლეგენდებს შეესაბამება თუ მათ ისტორიებს თავად იგონებ?

_ ყველა ჩემი ისტორია და პერსონაჟი მხატვრულია ანუ ჩემივე შექმნილი. ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც ავთენტური თუშური მითოლოგიიდანაა აღებული, არის ყველაზე პოპულარული თუში ქალ-დემონი თებჟორიკა და ისიც, ისტორიის გარეშეა. ბევრი დაიბნა, ეგონათ, თუშური ფოლკლორი შევაგროვე, მაგრამ ეს საქმე უკვე რამდენიმე მკვლევარის მიერაა გაკეთებული და არსებობს კარგი წიგნებიც ამ თემაზე. ტრადიციულ თუშურ თემებთან ჩემს ისტორიებს მხოლოდ გადმოცემის სტილი და წესები აკავშირებს, მაგალითად, ლაკონურია და ზოგიერთ მათგანში ავტორივე დაგემოწმებათ, რომ მითოლოგიურ პერსონაჟს თავად შეხვედრია და იცნობს.

_ ალბათ, თუშებისგან არაერთი საინტერესო თქმულება მოგისმენია, რა განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს ამ ქართული მხარის მითოლოგიას ან თუნდაც ცხოვრების წესს?

_ საქართველოს კუთხეები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ლანდშაფტისა და კლიმატის თვალსაზრისით. ეს ფაქტორი სიმბოლიზდება ამ კუთხეების მითოლოგიაშიც და შესაბამისად, ყველა კუთხის ფოლკლორს ზუსტად ის განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს, რაც იქაურ ბუნებას. თუშეთში, მაგალითად, იქაური მკაცრი რელიეფისა და კლიმატის გამო, დემონებიც ძალიან მკაცრები და ადამიანების დაღუპვაზე ორიენტირებულები არიან, მაგრამ, მეორეს მხრივ, თუ ადამიანს საკმარისი მოხერხება აღმოაჩნდება, შეუძლია, ეს ბოროტი ძალები საკუთარ სამსახურში ჩააყენოს და ააშენებინოს შენობები, დაიხმაროს ოჯახურ საქმეებში და ა.შ. 

სხვათა შორის, თუშური დემონები განსაკუთრებით ნიჭიერები არიან ხელსაქმეში, ფლობენ ბევრ, სასარგებლო ცოდნას მედიცინასა თუ არქიტექტურაში. სხვა კუთხეების მითოლოგიაში არ შემხვედრია ასეთი ნიჭიერი და შემოქმედებითი „ბოროტი მხარე“, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ დესტრუქციულია. თუშური უნიკალურობაც სწორედ ისაა, რომ ისინი ყველაფერს ხედავენ ორივე მხრიდან და ყველაფერს ტვირთავენ ორგვარი ბუნებით. ეს მეტყველებს იქაური მცხოვრებლების სიბრძნესა და ბალანსისკენ მიდრეკილებაზე. რაც შეეხება „კეთილ მხარეს“, ისინი გამოირჩევიან საკუთარი სიდიადითა და უშუალობით. შეუძლიათ, ყველაზე უცერემონიო ფორმით გამოეცხადონ ნებისმიერს და იხსნან განსაცდელისგან. 

_ რომელია შენთვის ყველაზე საინტერესო გმირი, საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე?

_ ბავშვობიდან მიყვარდა, მთელი დღის განმავლობაში, მზით გამთბარი უზარმაზარი ლოდები, რომლებზეც ვწვებოდი ხოლმე და საამურად ვდუნდებოდი. ეს სიყვარული დღემდე გამომყვა და სიმბოლიზირდა პერსონაჟში „კოკლა“, რომელიც დღისით მზის სხივებს აგროვებს, საღამოს _ საკუთარი ლოდი რომ გაათბოს. აი, კოკლას ისტორიას გამოვყოფდი.

_ გასაგებია შენი სურვილი, რომ ძველი თუშეთი გააცოცხლო, მაგრამ რა ვითარებაა, შენი დაკვირვებით, თანამედროვე თუშეთში _ რა უჭირს, სჭირდება და სურს იქ მცხოვრებ ხალხს?

_ ჩემი მიზანი ძველის გაცოცხლება კი არა, ახალი თუშეთისადმი ცოტათი უფრო სხვა ასპექტით ინტერესის გაღვივება იყო, ვიდრე მხოლოდ ტურიზმი და ზედაპირული თვალიერებაა. როცა კულტურა ვერ სცდება წარსულს, ეს ნიშნავს, რომ კულტურა მკვდარია, ხოლო როცა შესაძლებელია, ძველზე დაყრდნობით რაღაც ახალის შექმნა, ესაა უტყუარი ნიშანი კულტურის კვლავწარმოების უნარისა და შესაბამისად, სიცოცხლის. 

ეს ყველაფერი იყო ჩემი ერთგვარი განაცხადი, რომ თუშეთი არაა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატი ტურისტებისთვის, არამედ ჯერ კიდევ ცოცხალი და თანამედროვე იდეებისთვის იდეალური ინსპირაციაა. განაცხადი ერთია, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო რომ გამყარდეს, საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება _ ზოგ სოფელში ჯერ კიდევ წყლის პრობლემაა; მუდმივი ხათაბალაა გზა, რომლის მოვლის ნაცვლად, ხელისუფლება აპირებს ახალი გზის გაყვანას, რაც იქნება აბსოლუტური კატასტროფა როგორც თუშეთის, ისე საერთოდ აღმოსავლეთის მთისთვის; ერთი-ორ თუშს უთქვამს, უგზოობას კიდევ ავიტანთ, ეგ კი არა, პირიქით, რთულად მისასვლელობა აქაურობას უფრო მეტ ხიბლს აძლევსო, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა რესურსების მიმართვა მხოლოდ ტურისტული სფეროს განვითარებისკენ და უუნარობა იქაურების განათლების, კულტურული აქტივობებისა თუ სხვა, საფუძვლიანი ხელშეწყობების მხრივ. 

_ როგორი რეაქცია ჰქონდათ თუშებს შენი ფოტოების ხილვისას?

_ როგორც საბოლოოდ გაირკვა, ძირითადად, დადებითი. თავიდან ბევრი დაიბნა, ვერ მიხვდნენ, ტრადიციული მითოლოგია იყო თუ მხატვრული ან ეს უჩვეულო სტილი რას ნიშნავდა. ამ გაურკვევლობაში გამოჩდნენ ვიღაცები, ვინც, როგორც ხდება ხოლმე, ითავა სიწმინდეებისა და ტრადიციების დაცვა, მათი მეთაურობით კი მთელი პროექტი მოინათლა როგორც თუშების შეურაცხყოფა. შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია თუშებთან, ყველას სათითაოდ ავუხსენი დეტალები და ამის შემდეგ, მღელვარება ჩაცხრა. როგორც ამბობდნენ, სხვა თვალით შეხედეს ფოტომონტაჟებს და საბოლოოდ, მომიწია ათეულობით ადამიანისთვის პირადად მეთქვა მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, თუშები ძალიან გონიერი ხალხია.

_ დარწმუნებული ვარ, შენი ნამუშევრები თუშეთს მეტ ინტერესს შესძენს არაერთი ტურისტის თვალში. რამდენად ადევნებენ თვალს შენს „ფოტომონტაჟებს“ უცხოელები?

_ ჯერ ფოკუსში მხოლოდ ქართველი აუდიტორია მყავდა, რომლებსაც, ჩავთვალე, არ აწყენდა თუშეთის პოტენციალის გადაფასება. მალე დასრულდება პროექტი და შემდეგ ვაპირებ, აქტიური კომუნიკაცია დავამყარო უცხოურ აუდიტორიასთანაც. ამის მერე უფრო მექნება საშუალება, დავაკვირდე და შევაფასო მათი რეაქცია. 

_ ქართული მითოლოგია რამდენად ნაყოფიერი წყაროა შენი შთაგონებისათვის და ანალოგიურ სტილში სხვა პროექტების განხორციელებასაც თუ გეგმავ?

_ ქართული მითოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი რამ ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, თუ სხვებიც დაინტერესდებიან _ სხვებისთვისაც. ესაა პირველყოფილი სიბრძნისა და უნიკალური სურათ-ხატების მდიდარი საბადო. მალე მივდივარ თუშეთში, ექსპედიციაში და ვაპირებთ, სათითაოდ მოვინახულოთ ლოკაციები, სადაც იქაური ზრაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. საბოლოოდ, უნდა შევქმნათ ილუსტრაციები. თუშურის მერე, ვაპირებ გავაგრძელო იგივე პროექტი და ნელ-ნელა მოვიცვა მთელი საქართველო, ოღონდ მხატვრული თქმის პარალელურად, შევეხო ტრადიციულ მითოსსაც.

_ როგორც ვიცი, შექმენი ქართული ციფრული ფონტი, დაინტერესებული ხარ ტოპოგრაფიითა და კალიგრაფიითაც. როგორ ფიქრობ, ქართული დამწერლობა მსოფლიო დამწერლობათა შორის მართლა გამოირჩევა თუნდაც თავისი ესთეტიურობით?

_ ქართული დამწერლობა გამორჩეულად უნიკალური მოვლენა რომაა, ამაზე შეთანხმებულები ვართ მთელი მსოფლიო, დიდი ხანია. თითოეული ასო შეიძლება განვიხილოთ, როგორც დამოუკიდებელი ორნამენტი, ხოლო მხატვრული პოტენციის თვალსაზრისით, ისინი იძლევიან უამრავი ვარიაციის საშუალებას. უბრალოდ, ეს სფერო მოითხოვს უამრავ დროს, მე კი მიჭირს მითოლოგიის უკან გადაწევა. ხანდახან, თავისუფალ დროს, ვცდილობ, უფრო გავამრავალფეროვნო დეკორატიული ფონტების სფერო.

_ თუშეთის მსგავსად, კიდევ რომელი ადგილი (საქართველოში ან თუნდაც მსოფლიოში) იწვევს შენს ინტერესს?

_ ჯერ საქართველო ვერ მოვიბეზრე, მსოფლიოზე რომ დავფიქრებულიყავი, ამიტომ აქაურ ადგილებზე გიამბობ: პირველ რიგში, ძალიან მაინტერესებს მთიანი აფხაზეთი, როგორც კულტურული ძეგლების, ისე ლანდშაფტის თვალსაზრისით. იმედი მაქვს, ოდესმე მოვხვდები იქ. შემდეგ, სამცხე-ჯავახეთი მგონია ძალიან საინტერესო, მკვლევარებისთვის მსუყე ლუკმა და უბრალო ვიზიტორებისთვის, საუცხოო შთაბეჭდილებების მომტანი. იქაურობა ძალიან მივიწყებული და ისტორიული ფაქტორების გამო, ერთგვარად, გარიყულიცაა. ამის გამო, იკარგება ჩვენი კულტურისა და ცნობიერებისთვის უმნიშვნელოვანესი დეტალები. სამეგრელო, თავისი უმდიდრესი მითოლოგიითა და ულამაზესი ლანდშაფტით, ყოველთვის მაინტერესებდა და დღემდე ასეა. რაჭა _ ჩემი ყველაზე დიდი და გულისგამათბობელი სიყვარული, რომლის თითოეული სანტიმეტრი ძალიან მაინტერესებს და მოკლედ, სიმართლე გითხრათ, მთელ საქართველოში, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მოპნეულია რაღაც ძალიან ძველი და არაფრისმსგავსი ცოდნა, რომელიც, თუ იცი კულტურის ფასი, შეუძლებელია, არ გაინტერესებდეს.

ბექა ბერულავა

დაბრუნება დასაწყისში