Menu
RSS

„თავის დამკვიდრებას გეოგრაფიული მდებარეობა ხელს ვერ შეუშლის“

ალექსანდრე მამუკაშვილი 24 წლი მხატვარი და კალიგრამისტია, რომლის ნამუშევართა გამოფენებიც უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა. ალექსანდრეს შემოქმედებით დაინტერესდა არაერთი კერძო კოლექციონერი ნიუ იორკიდა, კეიპ ტაუნიდან, ვატიკანიდან და ასე შემდეგ. გთავაზობთ ინტერვიუს გორში დაბადებულ ახალგაზრდა შემოქმედთან, რომელიც განსაკუთრებული სტილითა და ხელწერით გამოირჩევა.

_ როგორც ვიცი, გორიდან ხარ, შენი შემოქმედების საწყისი ეტაპებიც იქ გაიარე. თბილისში რომ არ ჩამოსულიყავი, რამდენად გექნებოდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება გორში? 

_ უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს შემოქმედებასა და კარიერას წაადგა ყველა ის სამხატვრო-შემოქმედებითი კონკურსი, რომელიც დედაქალაქში ჩატარდა. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი მოტივატორი იყო. ის რომ თბილისში მეტი შესაძლებლობაა, ცხადია, და ამას ვერ უარვყოფ. 

_ თუ გაქვს ინფორმაცია, როგორი სიტუაციაა დღეს რეგიონებში დამწყები არტისტებისათვის, რამდენად რთულია მათთვის თავის დამკვიდრება დედაქალაქში ჩამოსვლის გარეშე? 

_ აშკარაა, რომ რეგიონებში, ამ მხრივ, თითქმის არაფერი ხდება, მაგრამ თავის დამკვიდრებას ხელს ვერ შეუშლის გეოგრაფიული მდებარეობა, თუ ქმნი განსხვავებულს/ახალს და თუ სწორად იყენებ სოციალურ მედიას. 

_ ბევრის აზრით, ქართული დამწერლობა ძალიან ლამაზია. შენ როგორ ფიქრობ, გიმარტივებს საქმეს ქართული ანბანის ესთეტიურობა? 

_ რასაკვირველია. ქართული ანბანის მოქნილობამ პირდაპირ მიბიძგა კალიგრამების შექმნა დამეწყო. ამ მიმართულებით გამორჩეულია არაბულიც, თუმცა, ცოტა არ იყოს, ყველა იქაური არტისტის ნამუშევარი ერთმანეთს ჰგავს, რადგან არაბულ დამწერლობას, პლასტიკურობის მიუხედავად, არ აქვს მოქნილობის ისეთი დიაპაზონი, როგორიც ქართულს. რამდენჯერმე ვცადე ინგლისური ტექსტებით ხატვა, მაგრამ საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა. 

_ ვიცი, რომ შენი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა პირად კოლექციებში ინახება. როგორ შეიტყვეს ამ კოლექციონერებმა შენი ნამუშევრების არსებობის შესახებ? 

_ როგორც ზემოთ აღვნიშნე, არტისტისთვის სოციალური ქსელების სწორად გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა სოციალური ქსელებისა, არსებობს უამრავი პლატფორმა, რომელიც საშუალებას იძლევა, შესაბამის წრეებში ხელმისაწვდომი გახდეს შენი შემოქმედება. 

სწორედ ინტერნეტის საშუალებით გავყიდე პირველი კალიგრაფიული ნამუშევარი, ეს იყო 6 წლის წინ, თბილისში. ორი ფრანგი ტურისტი ფეისბუქით დამიკავშირდა. მითხრეს, რომ Gეორგიან ცალლიგრაპჰყ დაგუგლეს და ტოპშედეგებში ჩემი ნამუშევრები ყველაზე მეტად მოეწონათ. რეალიზაციის ეპიცენტრად დღესაც ინტერნეტი რჩება. 

_ ქართულ ბაზარზე რამდენად არსებობს ინტერესი შენი შემოქმედების მიმართ, კომერციული თვალსაზრისით? 

_ იშვიათად არის ხოლმე გამონათებები, ძირითადად, სასაჩუქრე შეკვეთები სხვადასხვა კომპანიებისა და დაწესებულებებისგან. მაგრამ ყველაზე ხშირი და გამაღიზიანებელია, როცა ვიღაც მწერს: „არ გინდა დამხატო?”, „მეც მინდა ასეთი პორტრეტი”... ცხადია, ჩემგან ქველმოქმედებას ითხოვენ, ხატვა ხომ ასეთი სახალისო და ადვილია, რატომ უნდა მქონდეს ამ საქმით შემოსავალი. მეტიც, მადლიერი მე უნდა ვიყო, რომ ნამუშევარს ოთახის კედელზე საპატიო ადგილას დაკიდებენ. 

_ „რაც უფრო ღრმად იხედები საკუთარ თავში, მით უფრო უნივერსალურია შენი ხედვა “, _ ეს შენი სიტყვებია ერთ-ერთი ინტერვიუდან. რას გულისხმობ უნივერსალურ ხედვაში? 

_ ეს ციტატა მახსენდება ხოლმე მარინა აბრამოვიჩის „ხელოვნების მანიფესტიდან”, როდესაც მეკითხებიან, თუ რა შთამაგონებს. თითოეულ ადამიანს აღვიქვამ გალაქტიკად, რომელიც უზარმაზარია და ბრმაც რომ იყო, განუზომელ მასშტაბებს დაუპირისპირდები საკუთარ თავში. მე მაინც მგონია, რომ გარედან მიღებული შთაგონებით შექმნილი ნამუშევარი ვერ იქნება სრულიად უნიკალური, გარეთ ყველაფერი ძველია, ხოლო შენში არსებულს ანალოგი არ გააჩნია. 

_ ერთ-ერთ სტატიაში შენ შესახებ ეწერა, რომ ვექტორულ ხატვას ეუფლები. შეგიძლია ამ მიმართულების შინაარსი და სპეციფიკა განუმარტო მკითხველს? 

_ ვექტორული გრაფიკა იქმნება კომპიუტერულ პროგრამაში წერტილებისგან, ხაზებისგან, მრუდებისგან. ეს მიმართულება საშუალებას იძლევა უსასრულოდ გაადიდო, ცვალო ფიგურა ისე, რომ რეზოლუცია და ხარისხი არ დააკლდეს. პროგრამა ლოგოებისთვის არის შექმნილი, პირველი შეხება მაშინ მქონდა, როდესაც ღვინის ეტიკეტის დიზაინზე ვმუშაობდი. ამჯერად კი არტში გამოვიყენებ. 

_ იცნობ სხვა ქართველ ხელოვანს, რომლის სტილიც შენის ანალოგიურია? 

_ 5-6 წელია ამ სტილში ვმუშაობ, ბოლო პერიოდში შევამჩნიე ჩემი გავლენა, ძირითადად, უმცროსი თაობის მხატვრებს, მანამდე არ შემხვედრია და, მგონი, არც არავინ ქმნიდა ამ სტილში. 

_ სამომავლოდ კონკრეტულ პროექტს ან გამოფენას ხომ არ გეგმავ? 

_ ჯერ-ჯერობით არაფერს ვგეგმავ, თუმცა მომავალი გამოფენა სრულიად განსხვავებული მინდა იყოს.

ბექა ბერულავა

დაბრუნება დასაწყისში