Menu
RSS

ზუგდიდში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება

გიორგი შონიას, ტატო ჩანგელიასა და ნიკა ლაშხიას ინიციატივითა და ძალისხმევით, 9-10 ივნისს, ქალაქი ზუგდიდი, კულტურულად გამოცოცხლდება და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს, რომელში მონაწილეობასაც არაერთი თანამედროვე ქართველი ხელოვანი მიიღებს (ერეკლე დეისაძე, ბაჩო ჯიქიძე, ლექსო რატიანი, გაგა ნახუცრიშვილი, პაატა შამუგია, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ზაზა კოშკაძე, ზვიად რატიანი, კატო ჯავახიშვილი). ფესტივალის ჩატარების მიზეზებსა და მიზნებზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად გთავაზობთ ინტერვიუს ინიციატივის ერთ-ერთ ავტორთან ნიკა ლაშხიასთან.

_ რატომ მაინცდამაინც თანამედროვე ხელოვნება და მაინცდამაინც ზუგდიდი? 

_ დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ ფესტივალით. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თანამედროვე ხელოვნება ავირჩიეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო პროცესები მიმდინარეობს დღეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, რასაც გარკვეულწილად მოწყვეტილები არიან რეგიონში მცხოვრები მკითხველები. 

ძირითადი საკვები კი, სამწუხაროდ, არის ყოუტუბე-პოეზიის ყველაზე პოპულარული ვიდეოები, რაც, რა თქმა უნდა, ბუნდოვან წარმოდგენას ქმნის თანამედროვე ხელოვნებაზე. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ მაინცდამაინც ზუგდიდი? იმიტომ, რომ ძალიან გვინდოდა ორგანიზატორებს იმ ავტორების ჩამოყვანა, ვინც გარკვეულწილად ამინდს ქმნიან დღეს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში. სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში არ შემოდის ლიტერატურული ჟურნალები და ქალაქი არ არის განებივრებული ლიტერატურული საღამოებით, მით უმეტეს, ხელოვნების ფესტივალებით. გარდა ამისა, ორგანიზატორებს ძალიან გვინდა ეს ფესტივალი გახდეს ინსპირაცია საინიციატივო ჯგუფებისთვის სხვა რეგიონებში. 

_ კომენტარში ორგანიზატორებმა აღნიშნეთ, რომ რეგიონის მცხოვრებლებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ კულტურულ აქტივობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტით ეს ინფორმაცია სრულიად ხელმისაწვდომია. თუ მოსახლეობა თავად ირჩევს, რომ ამ მიმართულებას დიდი ყურადღება არ დაუთმოს, რას შეცვლის თქვენ მიერ დაგეგმილი ფესტივალი? 

_ თუ ერთი ადგილის ტკეპნას დავიწყებთ და მარადიულად სირაქლემას პოზას მივიღებთ, არაფერი შეიცვლება, ამიტომ ღირს ეს ფესტივალი იმად, რომ დაიწყოს პროცესი _ დანარჩენი, ალბათ, დროის ამბავია. 

ძალიან საინტერესო ახლაგაზრდები ცხოვრობენ ზუგდიდში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც წერენ ლექსებს, მუშაობენ პროზაში, ქმნიან სიმღერებს. მათთვის ავტორებთან უშუალო შეხვედრა, კითხვების დასმა, აზრების გაცვლა, დამეგობრება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და აუცილებელიც. დარწმუნებული ვარ, ეს ფესტივალი მათზე დიდ გავლენას მოახდენს. 

_ ლიტერატურული თუ სხვა სახის ფესტივალების ჩატარება ერთ-ერთი საშუალებაა, რამაც შეიძლება კულტურული აქტივობები საზოგადოების ნაწილისთვის უფრო მიმზიდველად აქციოს. გიფიქრია თუ არა სხვა საშუალებებზე, რომელიც შესაძლოა ასეთივე (ან უფრო) ეფექტური იყოს? 

_ ამ ეტაპზე სამივე ორგანიზატორი მხოლოდ ამ ფესტივალზე ვფიქრობთ, იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის და სტუმრები დიდი შთაბეჭდილებებით დატოვებენ ზუგდიდს. თუმცა მომავალში ჩვენი სურვილია, სალექციო შეხვედრების ჩატარება, საინტერესო ადამიანების მოწევევა, საუბრები კინოზე, თეატრზე, ლიტერატურაზე, აქტუალურ თემებზე, რაც ასევე ეფექტური იქნება. 

_ ვიცი, რომ გსურთ ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღოს. ბუნებრივია, ყველა ძალისხმევას სათანადო მოტივაცია სჭირდება. შეეცდები თუ არა ამ მიზნის განხორციელებას მაშინაც კი, თუ აღმოჩნდება, რომ 9-10 ივნისის ფესტივალით დაინტერესებულთა რიცხვი ძალიან მცირეა? 

_ სიმართლე გითხრა, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ დამსწრეთა რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე წარმომიდგენია, თუმცა თუ პირიქით მოხდა, არ იქნება ტრაგედია, რადგან ეს არის პირველ ნაბიჯი და ორივე შემთხვევაში ჩემი მოტივაცია არ შეიცვლება _ უფრო დიდი ჟინითა და მონდომებით შევუდგები მომავალი წლის ფესტივალის ამბებს. ვფიქრობ, უკვე მოჰყვა ამ ფესტივალს საკმაოდ დიდი გამოხმაურება, რაც ორგანიზატორებს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენი მონდომება ფუჭად არ ჩაივლის. 

_ სპონსორებს შორის არის ზუგდიდის რამდენიმე მცირე ბიზნეს დაწესებულება. როგორი იყო მათთან მოლაპარაკების პროცესი და რამდენად გამოიჩინეს დაინტერესება? 

_ მე და გიორგი შონიას ძალიან დიდხანს გვიწევდა სპონსორებთან იმის ახსნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფესტივალს ზუგდიდისთვის. ბევრმა უარით გამოგვისტუმრა, ხოლო მათ, ვინც გვენდო და გარკვეული თანხა გაიღო ამ ფესტივალისთვის, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა. 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შაუნდერს Gროუპ-ის ხელმძღვანელს ლადო შონიას, რომლის დამსახურებაც არის ის, რომ ეს ფესტივალი ტარდება ზუგდიდში. ასევე დიდი მადლობა , „ლაზიკა კაპიტალს“, „ცერერას“, ,,შპს ზუგდიდის სუპერმარკეტს“, „ბარ-რესტორან EL Barko-სა და Art hostel-ს. შეხვედრები გაიმართება Art Hous-ში და MEGO-BAR-ში, რისთვისაც მადლობა მათ. 

_ საკმაოდ გრძელია ფესტივალში მონაწილე არტისტთა სია. შენი აზრით, რა არის მათი მოტივაციის მთავარი წყარო? 

_ ისინი თავიდანვე გულშემატკივრობდნენ ამ ფესტივალს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა იდეის დონეზე იყო და არც ვიცოდით, შევძლებდით თუ არა ამ იდეის განხორციელებას. მათთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ როგორ აღიქვამენ მათ შემოქმედებას პერიფერიაში მცხოვრები მკითხველები _ მოისმინონ მათი აზრი და ყველაზე მთავარი მათთვის ალბათ არის ის, რომ პერიფერია მხოლოდ გეოგრაფიულ ცნებად დარჩეს და ინტელექტუალური, ლიტერატურული თვალსაზრით არ იყოს სხვაობა თბილისსა და პერიფერიებს შორის, რომ პერიფერია ავტომატურად არ ნიშნავდეს პროვინციალიზმს. 

_ როგორია შენი ობიექტური მოლოდინი ფესტივალთან მიმართებით? 

_ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ფესტივალს. დარწმუნებული ვარ, 9-10 ივნისი დიდხანს ემახსოვრება ფესტივალზე მოსულ მკითხველს, რადგან ძალიან საინტერესო ავტორები და მომღერლები ჩამოდიან და შეუძლებელია, ამ ყველაფერმა უკვალოდ ჩაიაროს. მით უმეტეს, ფესტივალთან დაკავშირებით ვამზადებთ წიგნს, სადაც მხოლოდ ფესტივალში მონაწილე ავტორების ბიოგრაფიები და ტექსტები შევა, ეს წიგნი კი თაობებს დარჩება. 

_ ახლო მომავალში, სხვა სახის კულტურული ღონისძიების განხორციელებასაც ხომ არ გეგმავთ? 

_ გარკვეული გეგმები გვაქვს, თუმცა ჯერ ჩაიაროს ამ ფესტივალმა ისე, როგორც გვინდა და დანარჩენს დროდადრო დავაანონსებთ.

ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში