Menu
RSS

ქართული ხმა

,,კენჭები თირკმელში'' _ თემურ ჭკუასელის მეშვიდე წიგნია, რომელიც წლეულს დაისტამბა და რომლის პრეზენტაციაც 9 მარტს, ქალაქ თბილისის საკრებულოში გაიმართა. „ვერსიის“ მკითხველი ბატონ თემურს შესანიშნავად იცნობს, როგორც „ქართული ხმების“ დამაარსებელს, პუბლიცისტსა და პოლიტიკოსს (იგი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრია), თუმცა ქალბატონი ნათია მეგრელიშვილის რეცენზია წიგნზე „კენჭები თირკმელში“, იმ თემურ ჭკუასელს გაგაცნობთ, რომელიც აგრძელებს სიმღერას, მოღვაწეობს საზოგადოებრივ სარბიელზე და პოლიტიკაშიც კი, მაგრამ ის არის მწერალი, რომელსაც შეუძლია შეეხოს ადამიანის სულს და არ დააზიანოს ის _ ნაღვლიანს გული გაუხაროს და რწმენადაკარგულს იმედი დაუბრუნოს!“ 

ჩემი თაობა ისეთ ეპოქაში ცხოვრობს, როცა თითქმის აღარაფერი გაოცებს. მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრება ოცნებაა მხოლოდ. ერთი სახელმწიფოდან მეორეში გარდამავალი გზა იმდენად გაიწელა, რომ სიბერეც შემოგვეპარა და ეგზისტენციალური მდგომარეობა ნორმად იქცა. სამწუხაროდ, დღეს საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ფიქრი და ზრუნვა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სულისმიერი განცდებით ტკბობა. უკანასკნელ 20 წელიწადში ქართველთა ბუნებაც ძალიან შეიცვალა. ლხინისმოყვარული ერი ადამიანთა სევდამ და განსაცდელმა ისე დაამძიმა, რომ ხშირად აღარც ვფიქრობთ, ვინ ვართ. ეროვნულმა ღირებულებებმა თითქოს ემოცია დაკარგა და მხოლოდ ცარიელ, უსულგულო სიტყვებად იქცა. პატრიოტიზმიცა და სამშობლოს სიყვარულიც შთანთქა ობივატელურმა გარემომ და ზოგჯერ ნოსტალგია გიპყრობს საკუთარი გრძნობებისა და გსურს აღფრთოვანდე კიდევ ერთხელ და ბედნიერ წუთებს ხელით შეეხო _ იმ წუთებს, როცა მზად იყავი სიცოცხლე დაგეთმო შენი ქვეყნისათვის. ხალხის ძალიან მცირე, უმცირესი რაოდენობა თუ დაიტრაბახებს დღეს მსგავსი განცდებით. ეჭვი მაქვს, ძალიან გვაკლია სიხარულისა და აღტაცების წუთები. როცა ვაღიარე, რომ პესიმისტი ვარ, უმალ გამოეხმაურა ჩემს რეპლიკას ბატონი თემურ ჭკუასელი და შემახსენა, რომ დედამიწაზე ყველაფერს აქვს დასასრული და მათ შორის პესიმიზმსაც. გამახარა მისმა სიტყვამ და ვცდილობ დავიჯერო. ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გვაფხიზლებს, ეს არის ჭეშმარიტი ხელოვნება და ლიტერატურა, მაგრამ ასაკთან და რეალურ ცხოვრებასთან ერთად, გაცილებით მგრძნობიარენი გავხდით და ნებისმიერი შეხება შემოქმედებასთან ცოტა ირონიული და პრეტენზიული გვაქვს. არც მე ვარ გამონაკლისი და ვგრძნობ, რომ აღარ ვარ ისეთი თავისუფალი მსმენელი, მაყურებელი, მკითხველი როგორიც წარსულში ვიყავი. ახლა დიდი სიფრთხილით ვარჩევ ხელოვნების ნიმუშებს და ვეძებ მათში საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, შეცდომებს , მიზეზებს და ვცდილობ, დავიბრუნო დაკარგული სილაღე, რომელიც ასე მომნატრებია. 

ვრცელი შესავალი გავაკეთე, მაგრამ ეს სინამდვილეა, რომელსაც ვერსად გაექცევი და ძალიან იშვიათი შემთხვევაა, ამგვარ სინამდვილეში რაიმემ გაგაოცოს, თუმცა... ეს მაინც მოხდა. 

თემურ ჭკუასელის წიგნები რომ დავინახე, დარწმუნებული ვიყავი, ეს იყო მემუარული ჟანრის ლიტერატურა და აქ არც არაფერია გასაკვირი. მრავალი ქართველისთვის მისი სახელი ასოცირდება სიმღერასთან და თითოეული ჩვენგანისათვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ფენომენალური ანსამბლის „ქართული ხმების“ ისტორიასთან. ასეც ჩავთვალე, რომ წიგნები ალბათ მოგონებებია და გაზიარება იმ შთაბეჭდილებების, რომელიც მათ მრავალი წლის განმავლობაში დააგროვეს, მაგრამ შევცდი, ძალიან შევცდი. წიგნების ავტორი აღმოჩნდა მწერალი, მისი შემოქმედება კი ლიტერატურა, რომელმაც იმ წარსულში დამაბრუნა, როცა წიგნს შეეძლო შეეცვალა ჩვენი ცხოვრება. გაოცებული ვკითხულობდი თითოეულ მათგანს და სხეულით ვგრძნობდი, როგორ იღვიძებდა ჩემში უკვე დიდი ხნით მიძინებული ფიქრები. სხვადასხვა ჟანრის მოთხრობები, ნოველები, ჩანაწერები და რომანიც ერთიანდება ადამიანის ცხოვრების ხელოვნების ფილოსოფიითა და მრავალი პერსონაჟი თუ ამბავი პასუხად გეძლევა დაგროვილ შეკითხვებზე. ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვადასხვა წიგნის კითხვას შესაფერი ასაკი სჭირდება. არის ლიტერატურა, რომელიც უკვე სხვა თაობის კუთვნილებაა და შენზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ რაოდენ სასიამოვნოა, როცა მიაგნებ წიგნს, რომელიც ეხმიანება შენ გონებას, სულს, მსოფლმხედველობრივ ფესვებს, გაგაღიმებს ან აგატირებს ან აგაფორიაქებს და კიდევ ერთხელ გაფიქრებინებს, რომ სიცოცხლეს უკვალოდ არ ჩაუვლია და მარტო არ ხარ ამ სამყაროში. 

დღეს თანამედროვე ქართული წიგნების დეფიციტს არ განვიცდით, მაგრამ ყველგან არ ისმის ქართული ხმა, რომელიც თემურ ჭკუასელის პროზაში აღმოვაჩინე. ამ მწერალმა ძალიან კარგად იცის, რომ თანამედროვე ქართველი და მითუფრო მოწიფული ასაკის ადამიანი იოლად ვერ იღებს ნებისმიერ ტე¬ქსტს და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება შენი მკითხველი, თუ ადვილად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას წიგნის იდეასთან. მწერალმა ისიც გაითვალისწინა, თუ რა ტკივა დღეს მის ერს და ყოველგვარი გადაჭარბებისა და შეფერადების გარეშე ცდილობს, სხვადასხვა მხატვრული ხერხით, კიდეც მოგწყვიტოს პირად ცხოვრებას, რომელშიც ჩაძირული ხარ და კიდეც დაგეხმაროს, სხვაზეც იფიქრო, ცოტა იოცნებო, ცოტაც იმოქმედო, ხანდახან ცისფერ ცასაც ახედო და ჩიტები შეამჩნიო და თუ სული გტკივა, ისიც დაიამო. 

„სიმღერით გამთბარი მიწა“, როგორც ავტორი ბრძანებს, კინოსცენარია, მაგრამ ნებისმიერი მკითხველისათვის ძალიან ამაღელვებელი პატარა რომანია. მხოლოდ მწერალს შეუძლია ასე ოსტატურად აკინძოს მრავალი დრამატული ამბავი, რომელიც ერთი ქართული ტკბილი ოჯახის გარშემო დატრიალდა და, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა. მოქმედება ხდება პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ევროპასა და საქართველოში, პირველი ომის გმირი არის მამა, მეორე ომისა კი _ შვილი. მათი ბიოგრაფია ძალიან ჰგავს ერთიმეორეს, ისინი სამხედრო ტყვეები იყვნენ და ორივე სიკვდილს ქართულმა სიმღერამ გადაარჩინა, მაგრამ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებულები ბოლშევიკებმა დასაჯეს. ჩვენთვის ისტორიულად უცნობი არ არის მსგავსი ფაქტები და წიგნშიც შეგხვდებათ ნაცნობი გვარები, მაგრამ მწერლის გამოგონილი გმირები _ თეოფილე და თომა _ მკითხველის განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს. გასაოცარია ნაწარმოებში არსებული ძალიან კოლორიტული პერსონაჟების გალერეა, ყველას თავისი ხიბლი აქვს და მნიშვნელოვანება. რიცხობრივად ბევრი სახე ჩნდება, მაგრამ შინაარსობრივად არც ერთი არ არის შემთხვევითი და ზედმეტი. ავტორმა ბეწვის ხიდზე გაიარა და საკმაოდ ვრცელი ამბავი ისე აღწერა, არც არაფერი დააკლო და არც შელამაზებული სიტყვებით დატვირთა. მიუხედავად შინაარსის სიმძიმისა და ტკივილისა, თხზულება მაინც ძალიან სხარტად იკითხება და თითოეული ჩვენგანი თეოს ოჯახის გულშემატკივარი ხდება. ქართულმა ხმამ გულისგულში გაიარა. ჩვენმა თაობამაც იცის, რა არის ომი და მკითხველს აუცილებლად გაახსენდება ის გმირები, ვინც სიკვდილის წინ საქართველოს ჰიმნს მღეროდა. გამიჩნდა სურვილი, მადლობა ვუთხრა მწერალს იმ გრძნობების გაღვიძებისთვის, რომელიც, სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, დღეს ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის, სამწუხაროდ, აქტუალური არ არის. იმედს ვიტოვებ, რომ ამ შესანიშნავი ნაწარმოების მიხედვით აუცილებლად ვიხილავთ საეტაპო მნიშვნელობის კინოფილმს. 

სრულიად განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებია „დიალოგები გურიაზე“, სადაც ორი ადამიანი მგზავრობს დასავლეთ საქართველოსკენ და მანქანის პატრონი თანამგზავრს მთელი გზა „ართობს“ ამბებით, თუ როგორია მისი საყვარელი გურია. სულ რვა დიალოგია და ყველა სხვადასხვა საკითხზე. თანამგზავრი ისე დაინტერესდება გურიის ფენომენით, რომ შეკითხვებით დატვირთავს მთხრობელს, რომელიც ყოველგვარი კუთხური ამბიციის გარეშე, ძალიან გულწრფელად და დაუზარებლად ცდილობს, რაც შეიძლება დიდძალი ინფორმაცია გასცეს და ამით თავადაც სიამოვნებას განიცდის. თანამგზავრი გაოცებული ისმენს ისტორიებს, რომელიც მთხრობელმა ურარტუელებით, კიმერიელებით, ასურეთიდან და ნინევიიდან დაიწყო. ბევრი რამ სცოდნია საკუთარ კუთხეზე გურულს. არც ის გამორჩენია, თუ როგორ სწავლობდა გურიას მეცნიერთა და მწერალთა მთელი ელიტა: მარი ბროსე, ნიკო მარი, გრიგოლ რობაქიძე, გალაკტიონი... არც ვახუშტი ბაგრატიონი დავიწყებია, არც იტალიელი მისიონერები, არც სულხან-საბას სიტყვები დაუფარავს, რომელმაც გურიას -დაუმცხრალთა ტომის საბუდარი უწოდა. 

საუბრისას არც სიმღერა დაივიწყეს, არც ხუმრობები, ზღაპრები და გურული სამზარეულო, რომელიც კვაწარახის გარეშე წარმოუდგენელია. როცა მგზავრები გურიას მიუახლოვდნენ, მთხრობელმა დამწუხრებით თქვა: „რამდენი დაგვრჩა კიდევ სათქმელი, გურულ ფირალებზე, ცხენოსნებზე, მგალობლებზე, ტეხაკრეფაზე, ნადზე და ნადურებზე, საშობაო ღვეზელზე თავისი შებოლილი კვერცხებით და ვინ მოთვლის კიდევ... ამოუწურავია ჩემი გურია“(თ.ჭ.). 

მეც გურული ვარ, მაგრამ ასეთ ცოდნასა და გამოცდილებაში ავტორს ნამდვილად ვერ შევეჯიბრები. თემურ ჭკუასელი თავისი კუთხის დიდი მეხოტბეა, მაგრამ ის მთელ საქართველოს ასევე კარგად იცნობს და მისი სიყვარული სამშობლოსადმი გამთლიანებული და მასშტაბურია. ამას მოწმობს მისი წიგნი „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა პერიოდსა და ქალაქში დაწერილი მოთხრობები, რომელსაც ერთმანეთთან სწორედ ქართული ხმა აკავშირებს. ეს წიგნი ავტორმა მიუძღვნა მეუღლის _ ნანა კობიძის ნათელ ხსოვნას. მისი ცხოვრების სიყვარული სხვა წიგნებშიც ვარსკვლავივით ციმციმებს და ესეც გადაჭარბების გარეშე, ფრთხილად და მშვიდად, ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას _ ყველგან იგრძნობა, რომ მწერალი იყო და არის შეყვარებული მამაკაცი. 

მოთხრობების ვრცელ კრებულს რომ ვკითხულობდი, ერთი შთაბეჭდილება ამეკვიატა: მწერალი ასეთ წიგნს ალბათ სავარძელში მოკალათებული დინჯად, კომფორტულად, სიჩუმესა და სიმშვიდეში წერდა....ისე, შეუძლებელია აკრიფო ამდენი ამბავი, გამოიგონო თუ გაიხსენო ამდენი პერსონაჟი, გააანალიზო მრავალი საკაცობრიო პრობლემა და არ გაგიწყდეს მათი დამაკავშირებელი ძაფი, რასაც ერთი იდეა წარმოადგენს, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ეს მოთხრობები სპონტანურად და სწრაფად იწერებოდა სხვადასხვა სივრცესა და დროში, თუ გავითვალისწინებთ ავტორის ცხოვრების რეჟიმს (გასტროლები, საქმიანი შეხვედრები, პოლიტიკური ასპარეზი) თითქმის წარმოუდგენელია ასეთი დინამიურობის დაცვა და საკვანძო მნიშვნელობის პასაჟების შექმნა. წიგნის გმირები არიან როგორც თანაქალაქელები, ისე თანასოფლელები, მეგობრები, უცხოელები, ქართველი ემიგრანტები და მწერლის მიერ გამოგონილი პერსონაჟები, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ცხოვრობენ და ყველას აქვს საკუთარი პრინციპები, ღირებულებები, ოცნებები და ტკივილიც. კითხვის პროცესში ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ერთი ხელის გასმით არის შექმნილი დიდი სურათი, როგორც ჩემი ქვეყნის, ისე მთელი სამყაროსი. 

„დასცინე შურს, ნუ ფიქრობ, რომ სხვამ დაუმსახურებლად მიიღო რამე, ნუ ფიქრობ, რომ შენ ვერ გამჩნევენ და თავს ნურავის მოაბეზრებ ამაო წუწუნით, ნუ ფიქრობ, რომ მხოლოდ უკეთურნი და უნიჭონი იმკიან დაფნის გვირგვინებს, ნუ ცდილობ სხვებს დაანახო შენი ნიჭიერება, თუკი არაა ამის საჭიროება და სიტუაცია არ მოითხოვს, იყავი ბუნებრივი და არა გულგრილი, აჯობე საკუთარ სურვილებს“(თ.ჭ) 

_ ეს არის ნაწყვეტი ჩანაწერიდან „შვება“ და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს წიგნიც შვებაა, სადაც ქართული ხმა ჟღერს უწყვეტად და ძალიან საიმედოდ. 

დასაწყისში უკვე აღვნიშნე, რომ ჩემი თაობა უკვე ძალიან პრეტენზიული მკითხველია, ამას იწვევს როგორც ცხოვრების განვლილი გზა და დიდი გამოცდილება, ასევე დღეს არსე ბული სულიერი და კულტურული კრიზისი, ეს ნათლად ჩანს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც თითქმის აღარ იღიმება და იდეალისტების დიდ დეფიციტს განიცდის. ჩვენს თვალწინ ბევრი რამ შეიცვალა _ დედაქალაქი, სოფლები, ცხოვრების წესი, ბუნებაც კი და არც თუ ისე ადვილია, შეინარჩუნო ხასიათის სიმტკიცე, რწმენა, სიყვარული და იმედი, რომ პესიმიზმსაც აქვს დასასრული. ამას მხოლოდ ძლიერი ადამიანები ახერხებენ, ისეთი როგორიც არის მწერალი თემურ ჭკუასელი, რომელმაც თავის შემოქმედებაში ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან ორიგინალური ნაშრომიც შემოგვთავაზა სათაურით „კენჭები თირკმელში“. 

ეს წიგნი, ერთი თვალის გადაკვრით, სურეალისტურ რომანს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ადამიანის ცხოვრების ფილოსოფიის ანარეკლია. როგორც ავტორი ამბობს _ „სათაურმა წიგნი უნდა წაგაკითხოსო“ სრული სიმართლეა. ამ რომანს ისეთი სათაური აქვს, ინტრიგას იწვევს და ცდილობ, სწრაფად ამოხსნა ის ჩანაფიქრი, რაც ფრიად მრავალფეროვნად წარმოადგინა მწერალმა. ამ სევდიანი რომანის დასაწყისში ჩნდება გმირი, სახელად გაგამური, მისი მეგობარი ძაღლი ლაგაში და ჭოტი შიო. ასეთმა შესავალმა უეცრად გურამ დოჩანაშვილის ადრეული პროზა გამახსენა და პირველივე სიტყვებიდან ვგრძნობდი გაგამურთან სიახლოვეს, მაგრამ უეცრად ყველაფერი შეიცვალა და გამოჩნდა რომანის თანამედროვე გმირი _ გაგა, მწერალი კაცი, რომელიც თავის თავზე ამბობს: „ერთდროულად სამ ცხოვრებას ვასწრებ _ ერთს ცხადში, მეორეს ძილში და მესამეს ფიქრშიო“ და მკითხველიც ამ სამი ცხოვრების მონაწილე ხდება. თავიდან ცოტა გაბნევს ტექსტი და აქ გიჩნდება აზრი, რომ სურეალისტური ჟანრის ნაწარმოებს ეცნობი, მაგრამ თანდათან ყველაფერი ლაგდება და სრულიად რეალისტური ხდება ის დინამიური გადასვლები ერთი მდგომარეობიდან მეორეში და მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ ეს ნებისმიერი ჩვენგანის სამყაროა, განა ჩვენც ასე არ ვცხოვრობთ? ცხადში, სიზმარსა და ფიქრებში? და ვინც ასე არ ცხოვრობს, მან ალბათ არც იცის, რა არის ნაღველი, სევდა, მოგონებები, სიყვარული, ბედისწერა. 

ჩვენც გაგასთან ერთად ვხედავთ მის სიზმრებს, გვესმის მისი ფიქრები, ვკითხულობთ მის ჩანაწერებს, რომელსაც თავად ხშირად უბრუნდება და საკუთარ თავსაც ვამსგავსებთ, ვინაიდან დღე ისე არ ჩაივლის, ჩვენც არ გაგვიტაცოს ამღვრეულმა ფიქრებმა ან არ აგვაღელვოს სიზმარმა და არ დაგვძაბოს რეალურმა პრობლემებმა. გაგას ტკივილით სავსე ცხოვრება ძალიან ჰგავს მოაზროვნე ადამიანების ყოველდღიურობას, რომელიც სავსეა პასუხგაუცემელი შეკითხვებით, ეგზისტენციალური მდგომარეობითა და ოცნებებით. 

„ ჩვენი მოდგმის უმეტესობა, სამწუხაროდ, ისე ცხოვრობს, რომ თავი უკვდავი ჰგონია... არასოდეს სიკვდილზე არ ფიქრობს. ყველა ცოდვაც სათავეს აქედან იღებს, კეთილო მგზავრო, სიკვდილზე არ ფიქრისგან. კაცი, რომელიც უეჭველ დასასრულზე დროდადრო ფიქრობს, როგორც წესი, ბოროტებას მოერიდება ხოლმე და რაც უფრო აირიდებ სიკვდილზე ფიქრს, მით უფრო მძიმდები ცოდვებით“(თ.ჭ.). 

რომანის მეორე მთავარი გმირი არის ჭოტი შიო, მოჩვენება თუ ზმანება, გაგას წინა ცხოვრებიდან, როცა ის გაგამური ყოფილა. ჭოტი გაგას უამბობს კაცობრიობის განვითარების ისტორიის მნიშვნელოვან ასპექტებს და ფილოსოფიურად აღწერს ადამიანის ადგილს სამყაროში: 

„მამაზეციერმა თავისივე შექმნილის საბოლოო გადაგვარებისაგან ხსნის უტოპიური გეგმა ჩაიფიქრა. ყველაფერი, რაც ხდება, აზროვნების ხარისხის ბრალია. თუ ადამიანებს აზროვნებაში დავეხმარებით, მოაზროვნე ადამიანების სიმრავლე კაცობრიობას ისეთი გაუაზრებელი ქმედებებისგან, როგორიცაა, ვთქვათ: სისასტიკე, სიშლეგე, ურთიერთგაუტანლობა და ზიზღი, შური და კიდევ ათასი სხვა ჯანდაბა და უბედურება, დაიხსნის.“(თ.ჭ.). 

ვინც არ უნდა იყოს შიო, სიზმრის გმირი თუ ცხადის ქვეცნობიერი გამოვლინება, თუ თვალს გადავავლებთ საკუთარ ცხოვრებას და დავფიქრდებით, ყველას გვყავს ჩვენი ჭოტი, რომელიც გვმოძღვრავს, გვამშვიდებს ან გვანერვიულებს. ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრების პარალელურად ჩვენს ფიქრებში ყოველთვის მოდის იდუმალი მეგობარი და გულის ენაზე გვესაუბრება. გაგამურის ძაღლი ლაგაში ჰგავს ჩვენს ერთგულ და დინჯ მეგობრებს, შიო კი უფრო აზარტულია და მოქმედი, რომელიც სულ გითვალთვალებს, გსწავლობს, გაკვირდება და მერე შენივე შეცდომებსა თუ წარმატებებს პირდაპირ სახეში მოგახლის. 

წიგნის დასაწყისში მწერალი ამბობს, რომ კითხვისას პირდაპირ წყლის სიგრილეში აღმოჩნდებითო, მაგრამ სევდა, რომელიც თან სდევს რომანს უფრო გულისტკივილს იწვევს და სითბოს. როდესაც ვამბობ, რომ ქართული ხმა მესმის, პათეტიკას არ ვგულისხმობ, არამედ იმ განცდას, რომ ქართულ წიგნს კითხულობ. ეს ნაწარმოებიც თანამედროვე ქართული ლიტერატურაა, რომელიც ფიქრისა და განსჯის ასპარეზზე გიწვევს. 

თემურ ჭკუასელის გმირები ცხოვრების „გადაღლილი ბილიკის მგზავრები“ არიან და ამის გაცნობიერება კიდეც გაფხიზლებს და კიდეც გთრგუნავს, ვინაიდან თავად ვართ მგზავრები როგორც გადაღლილნი, ასევე ცხოვრების ბილიკებზე მოსიარულენი, სადაც ჩვენი სიხარულისა თუ სინანულის ნამცეცებს ვაბნევთ. 

როგორც დასაწყისში ვახსენე, თანამედროვე ქართველი მკითხველი ძალიან მომთხოვნი და კრიტიკულია. ამის მიზეზი ათწლეულების მანძილზე დაგროვილი სევდაა, რომელიც მორალურმა, სოციალურმა, ფსიქოლოგიურმა და სახელმწიფოებრივმა რყევებმა გამოიწვია. ჩვენი ქვეყანაცა და ხალხიც ჯერ კიდევ არ არის დამშვიდებული მრავალი მიზეზის გამო და ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი დამოკიდებულება ამიტომაც არის განსხვავებული. ეს ერთადერთია, რაც დღეს ამხნევებს და აძლიერებს ერის კულტურულ აზროვნებას, ადამიანების ცხოვრებას ამდიდრებს და იმედსა და რწმენას აძლიერებს. 

ვიპოვე თუ არა საკუთარი თავი თემურ ჭკუასელის წიგნებში? _ რასაკვირველია, მე გაგამურის მეგობარი ვარ. 

თემურ ჭკუასელის პროზა სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მისი წიგნები უკვე გახდა ქართული ლიტერატურის მონაპოვარი. მისი გმირები გამორჩეულნი არიან და ის პრობლემებიც, რომელსაც მწერალი არაერთხელ უბრუნდება არის ძალიან აქტუალური. სამშობლოს სიყვარული, ერთგულება, თანაგრძნობა, ცრემლი, ღიმილი, სიმამაცე არის ადამიანის ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და თემურ ჭკუასელის შემოქმედების ათვლითი წერტილიც. როგორც შევიტყვე, მისი წიგნებით დაინტერესებული არიან ქართველი ემიგრანტები და სულაც არ მიკვირს. შორეულ ქვეყნებში გადახვეწილი ადამიანები მწყურვალივით ეწაფებიან მშობლიურ ხმას, ყველაფერი აინტერესებთ და ზოგჯერ ჩვენზე მეტად განიცდიან ისეთ მოვლენებს, რომელსაც, შესაძლოა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ და ვეღარც ვამჩნევთ. უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქართველისთვის ათჯერ და ასჯერ უფრო მტკივნეული და სასიხარულოა რაც საქართველოს ეხება და ყველაფერი, სადაც ქართული ხმა ისმის მათთვის ძვირფასი და ფასეულია. 

ერთი შემთხვევა მაგონდება: 90-იანი წლების სუსხიანი ზამთარი იყო. ჩაბნელებული, ცივი და სასოწარკვეთილი ქალაქი. მე და ჩემი მეგობრები ძალიან უხალისოდ წავედით ერთ ღონისძიებაზე, სადაც არაფერი გვაინტერესებდა გარდა იმისა, რომ შენობაში იყო შუქი და სითბო. განწყობა გვქონდა საკმაოდ მძიმე. სცენაზე, არც მახსოვს, რა ხდებოდა. ჩვენს მეზობელ მაგიდას ამშვენებდა ანსამბლი „ქართული ხმები“, რომელთა მონაწილეობაც ღონისძიებაზე დაგეგმილი არ იყო, ისინიც მაყურებლად იყვნენ მოწვეულნი. შესვენების დროს, მოულოდნელად სუფრა ამღერდა და მთელი დარბაზი გაირინდა. „ქართულმა ხმებმა“ ღიღინით დაიწყეს და დღესასწაულით დაასრულეს. ირგვლივ ყველა გაოგნებული და აღფრთოვანებული იყო, მეც ფეხზე წამოვხტი და სუნთქვაც კი შემეკრა. თითქოს ცხოვრებამ ფერი იცვალა, გარემოც გვეამა და ქუჩაში გამოსვლისას მომეჩვენა, რომ მთელი ქალაქი გაბრდღვიალებული იყო ფერადი ნათურებით. მაშინ ვიგრძენი, როგორ დამიბრუნა „ქართულმა ხმებმა“ სამშობლო. 

ახლა კი, როცა თემურ ჭკუასელის წიგნები წავიკითხე, ისევ ჩამესმა ქართული ხმა, რომელმაც მიკარნახა, რომ პესიმიზმსაც აქვს დასასრული და ცხოვრებაში არასდროს არ უნდა გაჩერდე. ნათლად დავინახე, რომ ჩვენი საზოგადოების დღევანდელი ნიჰილიზმი მის უმოქმედობაშია. თვითგვემა უფრო ხშირია, ვიდრე ღვაწლი და ეს ძალიან ვნებს ჩვენს არსებობას. რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს სინამდვილე, ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს წინსვლა და თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, შექმნას რაიმე ღირებული, რაც არა მარტო შთამომავლობას გაულამაზებს და გაუადვილებს ცხოვრებას, არამედ სამშობლოს უკვდავებას გააძლიერებს. 

თემურ ჭკუასელის მომავალი წიგნიც ალბათ აგვიჩუყებს გულს, გაგვაღიმებს, დაგვაფიქრებს, შეგვაყვარებს ისე, როგორც მე შემიყვარდა გაგამური და ეს არის მწერლის ყველაზე დიდი ჯილდო, როცა მისი წიგნის გმირები უყვართ. 

თემურ ჭკუასელი მრავალი პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის აგრძელებს სიმღერას, მოღვაწეობს საზოგადოებრივ სარბიელზე და პოლიტიკაშიც კი, მაგრამ ჩემთვის ის არის მწერალი, რომელსაც შეუძლია შეეხოს ადამიანის სულს და არ დააზიანოს ის, ნაღვლიანს გული გაუხაროს და რწმენადაკარგულს იმედი დაუბრუნოს.

ნათია მეგრელიშვილი

დაბრუნება დასაწყისში