Menu
RSS

„ოქროს შუალედი არის აზროვნება, ინტელექტი... სამწუხაროდ, სწორედ აქ გვიჭირს!“

ინტერვიუ პოპულარულ ქართულ იუთუბერთან

Gionce Numero Uno, ანუ 27 წლის გიორგი არის ცნობილი ქართველი „იუთუბერი“, რომელიც მრავალფეროვან კონტენტს ქმნის იუთუბის პლატფორმაზე. ის მუდმივად საუბრობს საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებზე, აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს, რომელსაც პატივს სცემს ათასობით მოზარდი _ მაყურებლები, რომლებიც მას ყოველდღიურად, საათობით ადევნებენ თვალს. გიორგის სტილი ქართული იუთუბ სივრცისათვის უნიკალურია, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც არც ერთ ვიდეოში არ აჩენს საკუთარ სახეს და არ აფიქსირებს სახელსა და გვარს (როგორც თავად განმარტავს, ამით სურს ყოველდღიურობისა და იუთუბ-საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯნვა).

_ რატომ გადაწყვიტე „იუთუბერობა“ და შუძლიათ თუ არა დღეს ქართველ იუთუბერებს ვიდეოების ატვირთვით შემოსავლის შოვნა? 

_ პირადად მე იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა კიდევ ერთი ახალი რამ გამომეცადა ცხოვრებაში. მაინტერესებდა ჩემს ნიჭს გამოვიყენებდი თუ არა იუთუბში, რაც ნაწილობრივ მოვახერხე.ზოგადად ქართულ „იუთუბერს“ დიდი მატერიალური პერსპექტივა არ აქვს, მაგრამ შეუძლია შექმნას მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კონტენტი, რითაც მაყურებელს დიდ სარგებელს მოუტანს. შემოსავალი იუთუბზე, ფაქტობრივად, ნულის ტოლია, ამიტომ თუ ვინმე ამას შემოსავლისთვის წამოიწყებს, მას არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ერთადერთი შემოსავლის გზა ქართველი იუთუბერისთვის არის ცოცხალი გადაცემების („ლაივების“) დროს მაყურებლების მიერ ჩარიცხული თანხები ე.წ. დონაციები. ეს შემოწირულობები არასტაბილურია, არავინ იცის, თვეში ან წელიწადში, ვინ რამდენს ჩაგირიცხავს. ამასთან, ქართული იუთუბის ძირითადი მომხმარებლები მოზარდები, სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა იმისთვის, რომ საყვარელ იუთუბერს დიდი თანხები ჩაურიცხონ რეგულარულად. 

_ შენი იუთუბ არხი გამორჩეულია იმ გაგებით, რომ ქმნი ყველა სახის კონტენტს, იქნება ეს ე.წ. გეიმინგი, დატროლვა და იუმორისტული დიალოგები უცნობებთან, ასევე ხშირად ტვირთავ ბლოგებს, რომლებშიც გაჟღერებულია შენი სიღრმისეული დამოკიდებულება ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე. ხშირად გითქვამს, რომ არ გყავს კონკურენტი ქართულ იუთუბზე, რაც ძალიან ცუდია. როგორი კონკურენციის არსებობას ისურვებდი ამ სფეროში? 

_ ზოგადად, ქართულ იუთუბზე ისეთი იუთუბერები არიან, რომელთაც გარკვეული ფსიქოლიგიური ტრავმები აქვთ მიღებული ცხოვრებაში, ან გარე სამყაროსთან პირდაპირი კონტაქტი უჭირთ, შესაბამისად, ამ გზით ცდილობენ ხალხისთვის ხმის მიწვდენას. როგორც ქვეყანაშია, ანალოგიური სიტყუაციაა ქართულ იუთუბზე _ შურიანი, ბოღმიანი და ცინიკური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. ვერავის აღვიქვამ კონკურენტად, რადგან ის, რასაც მე ვაკეთებ საკმარია. როცა დავინახავ, რომ სხვები ვითარდებიან და უფრო მაღალ შედეგებს დებენ, მეც უფრო მოვინდომებ. შედეგი მაყურებლის რაოდენობით არ განისაზღვრება, რადგან მაყურებელთა რაოდენობა მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობ ვიდეოებში. 

_ ხშირად აფიქსირებ საკუთარ აზრს უამრავ განსხვავებულ თემაზე, იქნება ეს ნარკოპოლიტიკა, სხვადასხვა ნარკოტიკების გავლენა ადამიანის ტვინზე, ეკლესიის როლი ქართულ საზოგადოებაში, განათლების დეფიციტი, როგორც ახალგაზრდების უმთავრესი პრობლემა და ასე შემდეგ. ეს კონტენტი აღარაა გათვლილი 10-15 წლის მოზარდებზე, რომლებიც, მაგალითად, შენს „გეიმინგს“ (ვიდეოებს, რომლებშიც სხვადასხვა ონლაინ თამაშებს თამაშობ) ადევნებენ თვალს. ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია? 

_ თამაშებს იმიტომ ვთამაშობ, რომ ჯერ ერთი მომწონს და მეორეც ეს ერთგვარი შესავალია, სათქმელის შეპარების ფორმა. როცა ბავშვი ბაღში დადის, მას წინ მათემატიკის წიგნს ვერ დაუდებ. როცა შენს თამაშს უყურებენ მოზარდები და მოეწონებით, როგორც „იუთუბერი“, შემდეგ სხვა რაღაცებშიც მოგისმენენ, ზუსტად ამის გაკეთებას ვცდილობ სხვადასხვა ფორმებით. რაც შეეხება, სამიზნე აუდიტორიას, ჩემთვის სასიამოვნო იქნება ყველა ასაკისა თუ კატეგორიის საზოგადოებამ რომ მომისმინოს, სასურველ ვიდეოებს თავად აირჩევდნენ. 

_ ხშირად ჩაგირთავს საკუთარ სტრიმზე ისეთი ცნობილი სახეები, როგორიცაა დომენიკ მანგო და გიკამათიათ რამდენიმე საათის განმავლობაში ისე, რომ ერთმანეთს აზრის გამოთქმას ბოლომდე აცდიდით. ქართულ ტელე შოუებში ამის შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს, იქ ყოველთვის დროის ლიმიტია დაწესებული და ამიტომ მიწვეული სტუმრები ვერასოდეს გადმოსცემენ საკუთარ აზრს სრულად. ამ მიმართულებით გიფიქრია თუ არა იუთუბ პლატფორმის უფრო ფართოდ და ხშირად გამოყენება, მაგალითად ინტერნეტ „გადაცემის“ გაკეთება? 

_ მიფიქრია კი არა, ლამის ჩემი ოცნებაა. სულ ვეხვეწები ჩემს ოპონენტებს, რომ ჩამერთონ ხოლმე „სტრიმზე“, დააფიქსირონ საკუთარი აზრი. ყველგან და მათ შორის იუთუბზეც აუცილებელია ოპოზიცია, რომელიც ჯანსაღად გაგაკრიტიკებს, საკუთარ პოზიციას დაასაბუთებს და ამით ბევრ რამეში დაგეხმარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდება, რადგან ამ ყველაფერს სჭირდება კულტურა, განათლება და, რაც მთავარია, სიყვარული ერთმანეთის მიმართ. 

_ ხშირად შუა საუბრისას (თემის მნიშვნელობისდა მიუხედავად), როცა თვალს მოჰკრავ უწმაწურ კომენტარებს შენი მისამართით, კარგავ მოთმინებას და აყენებ შეურაცხყოფას იმათ, ვინც არაკონსტრუქციულად გაკრიტიკებს, გაგინებს. რატომ აქცევ ამ ეგრეთ წოდებულ „ჰეითერებს“ (მოძულეებს) ამხელა ყურადღებას? 

_ ტერმინი „ჰეითერი“ რომ განვმარტო, ეს არის კატეგორია ადამიანებისა, რომელიც რაც არ უნდა გააკეთო, მაინც აგრესიული იქნება შენ მიმართ. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აქვთ ცხოვრებისეული პრობლემები, რამაც მათ დათანხმებისა და აღიარების უნარი წაართვა. ვერ აღიარებენ რომ ამბობ სიმართლეს, ხარ მათზე ნიჭიერი, ჭკვიანი და ასე შემდეგ, ამიტომ იწყებენ გინებას და აფრქვევენ დაგროვილ აგრესიას. მე იმიტომ კი არ მაქვს ასეთი რეაქცია, რომ ჩემი მაგარი ბიჭობა დავამტკიცო, არამედ იმიტომ, რომ თავად მათ დავანახო, არაფრის თავი აქვთ და ვერ დაუდგებიან საკუთარ კრიტიკას უკან. 

_ უამრავი მოზარდი გადევნებს ყოველდღიურად თვალს და შეიძლება ითქვას, ასობით ან ათასობით ახალგაზრდისთვისაც კი ავტორიტეტული ფიგურა ხარ. ბევრი მათგანი გამოხატავს შენდამი პატივისცემას და სიყვარულს. როგორ ფიქრობ, რით დაიმსახურე ეს რეპუტაცია? 

_ ზოგადად, სიყვარულზე რეალური ზიზღია, რადგან ზიზღს ვერ მოიგონებ, ვერ დაიბრალებ. პირფერობანარევი სიყვარულის მოგონება კი ძალიან ადვილია. ჩემ მიმართ „სიყვარული“ იმითაა გამოწვეული, რომ წამახალისონ, არ უნდათ იუთუბზე უარი ვთქვა (ამის გაკეთება ძალიან ადვილია _ თითს აჭერ ერთ ღილაკს და, ფაქტობრივად, წაიშლები), უნდათ, რომ გავაგრძელო მათთვის სასიამოვნო კონტენტის კეთება. ეს არ არის ჩემთვის სიყვარული, ესეთი ადამიანები „სიყვარულს“ ასობით იუთუბერს ეფიცებიან. თუმცა არსებობენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მართლა პატივს მცემენ, რასაც ძალიან ვაფასებ. 

_ ხშირად აკრიტიკებ იმ ადამიანებს, რომლებიც შენი იუთუბ არხის გამომწერები არიან, ამბობ რომ მოსმენის კულტურა ან გაგების უნარი არ აქვთ, უაზროდ ილანძღებიან და ასე შემდეგ, მათი უმრავლესობა სკოლის მოსწავლეები არიან. რა მთავარ პრობლემას ხედავ დღეს სკოლის ასაკის ახალგაზრდებში? 

_ მარტო იუთუბზე რომ არ ვიმსჯელო, ყველაზე დიდ პრობლემას მშობლების მიერ მათ აღზრდაში, ეკლესიის მათ მიმართ დამოკიდებულებაში ვხედავ. ისინი თითქოს გვასწავლიან, როგორ გვეშინოდეს უფლის და არა იმას, თუ როგორ უნდა დავადგეთ მის გზას. ძალიან დიდი ხიდჩატეხილობაა უფროს და საშუალო თაობას შორის, შუალედი ფაქტობრივად აღარ არსებობს. სწორედ ეს იწვევს ყველაფერს, რასაც ჩვენ მოზარდებში ვხვდებით _ ყველაფრის მიზეზი მშობლები და შვილებისადმი მათი დამოკიდებულებაა. 

_ აქტიურად აფიქსირებდი საკუთარ აზრს ბასიანისა და გალერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე (8 ნარკორეალიზატორის დაკავების სპეც-ოპერაცია), გააკრიტიკე როგორც პარლამენტის წინ გამართული აქცია, ასევე კონტრაქციის წევრებიც. სად არის შენთვის ოქროს შუალედი და რა მთავარ შეცდომებს უშვებს ორივე მხარე? 

_ ძალიან მარტივია ამაზე პასუხი. ქვეყანაში ყველაფერზე ერთი აზრი ვერ ექნება საზოგადოებას, თუმცა მართლმადიდებელ ქვეყანაში ყველაფერი ეკლესიიდან უნდა იზომებოდეს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერს შეუძლია არსებობა, მაგრამ ეკლესია თავის ადგილას უნდა იდგეს. ღამის კლუბების, მსუბუქი ნარკოტიკების არსებობა ბუნებრივია, უბრალოდ ძალიან კარგად უნდა კონტროლდებოდეს ეს უკანასკნელი და მისი მიღება მხოლოდ კლუბში უნდა იყოს დასაშვები. 

მთავარი შეცდომა ის არის, რომ ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთს საკუთარი აზრი მოახვიოს თავზე. ქვეყანაში ყველას თავისი ადგილი და საქმე უნდა ჰქონდეს. სტრიპტიზი ხელოვნების დონემდეა აყვანილი და მისი ყურება ძალიან სასიამოვნოა, ოღონდ შესაბამის ადგილებში. მაგალითად, უადგილო იქნება მე რომ სტრიპტიზ-კლუბში შევიდე და ქალები ქართული ცეკვის ილეთებითა და სამოსით შემომეგებონ. ანალოგიურად უადგილო იყო მემორიალზე შესრულებული კლუბური ცეკვა ელექტრონული მუსიკის ფონზე. 

კონტრაქციის მთავარი პრობლემაც საკუთარ თავშია, ის ჭირთ რაც ბიბლიაში წერია _ საკუთარ თვალში დირეს არ აქცევენ ყურადღებას. პოლიცია რომ არ მდგარიყო, აუცილებლად დაიღვრებოდა სისხლი. ოქროს შუალედი არის აზროვნება, ინტელექტი და სწორედ აქ გვიჭირს, სამწუხაროდ. 

_ სტრიმზე ახსენე რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ლოგიკური დისკუსიის დეფიციტი არსებობს იმიტომ, რომ განათლება ორივე მხარეს აკლია. რომ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პირადად შენ რომ შეეშვი ვინმეს, რამდენიმე ისეთ შეკითხვას დასვამდი, რომელზეც ვერავინ გიპასუხებდა _ რა შეკითხვებს გულისხმობდი? 

_ ვკითხავდი _ აქ ყოფნის პარალელურად ალბათ ადევნებთ თვალს სოციალურ ქსელს. უამრავ ადამიანში გამოიწვია თქვენმა მიტინგმა აგრესია. მაინტერესებს, თქვენი აზრით, რატომ მოხდა ეს, თქვენი ოფიციალური მოთხოვნები ხომ ცალსახად პოზიტიურია? 

ვერავინ მეტყოდა, რომ ხალხი დებილია და ჩვენ _ ჭკვიანები. ამ კითხვით მივახვედრებდი, რომ აქცია არაჯანსაღ საზოგადოებას მიჰყავდა და უამრავი ადამიანი ამ საზოგადოებიდან იქცეოდა ძალიან ცუდად, რაც არაერთ ვიდეოში დაფიქსირდა. მათი დამოკიდებულება ხალხის მიმართ ცალსახად პროვოკაციული იყო, მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ აკეთებდნენ იმას, რაც „უსწორდებოდათ“ და სხვების აზრი ფეხებზე ეკიდათ, რაც არ მიმაჩნია სწორად. ასეთ „ინტრიგნულ“ შეკითხვებს დავუსმევდი, რომლის პასუხებშიც თავად გამოააშკარავებდნენ საკუთარ თავს. 

_ არაერთხელ გიხსენებია, რომ იუთუბთან დაკავშირებით ძალიან დიდი და შორსმიმავალი გეგმები გაქვს, შეგიძლია მითხრა ამ დიდი გეგმების თუნდაც ნაწილი, თუ სრულად გამხელა არ გსურს? 

_ გრძელვადიან მიზნებში შედის ის, რომ მოვახერხო ჩემი ჩანაწერებითა და ნაწარმოებით თუნდაც სცენარის შექმნა და ფილმის გადაღება, რასაც დიდი ფინანსები ნამდვილად არ სჭირდება. ეს იქნება იმის ასახვა, რაც ჩვენ გვჭირს და მომავალში შეიძლება გადაგვხდეს, დანახული და აღქმული ფილოსოფიური თვალთახედვიდან. რა თქმა უნდა, უმთავრესი მიზანი იუთუბით არ შემოიფარგლება. მინდა საქართველოში არსებობდეს ადამიანთა კატეგორია, რომელიც ორ უკიდურესად დაშორებულ ადამიანების ჯგუფს ერთმანეთთან დააახლოვებს, დაეხმარება მათ ერთმანეთისთვის ხმის მიწვდენაში. მაქსიმალურად შევეცდები, ამ მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო.

ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში