Menu
RSS

ინტერვიუ სლენგებისა და ჟარგონების ონლაინლექსიკონის ავტორთან

ქართულ ინტერნეტსივრცეში, რამდენიმე თვის წინ, ახალი ონლაინლექსიკონი გამოჩნდა, რომელმაც ფორმისა და შინაარსის დამსახურებით, მალევე მოიპოვა პოპულარობა. საუბარია „ბიძერზე“, რომელიც ქართული სლენგებისა და ჟარგონების განმარტებითი ინტერნეტ ლექსიკონია, მასში სიტყვების დამატება ყველა მომხმარებელს შეუძლია. აღწერები იუმორისტული სტილისაა და ყველაზე დახვეწილი, ლაკონური და სასაცილო განმარტებები „ბიძერის“ ფეისბუქგვერდზე იპოსტება, რომლებსაც შემდეგ ათასობით ადამიანი ნახულობს, იწონებს და აზიარებს. 

„გლდანის შაურმა _ თბილისის არაოფიციალური სიმბოლო“, _ ეს ბიძერის მიერ გაკეთებული ერთ-ერთი მაგალითია. გთავაზობთ ინტერვიუს ონლაინლექსიკონის იდეის ერთ-ერთ ავტორთან, ლუკა ბუზალაძესთან.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ წარმატებას ელოდით, მაგრამ ასეთ მასშტაბურ გამოხმაურებას _ არა. დღეს ბიძერ. ჯი-ზე ოთხი ათასზე მეტი სიტყვაა. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა „იუზერების“ მსგავსი ჩართულობა? 

_ ამ ჩართულობის რამდენიმე მიზეზი შეიძლება განვიხილოთ. ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებლის ასაკია _ ძირითადად ახალგაზრდები აქტიურობენ. სლენგი მათი ცხოვრებისა და მეტყველების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელმაც ბიძერის სახით ინტერნეტცხოვრებაში თავისი ადგილი იპოვა. ასევე ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ ადგილის შექმნაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. მომხმარებელი თავს არ გრძნობს დამკვირვებლად, არამედ მას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი, თავად აღწეროს სლენგის სამყარო და თან საკმაოდ მარტივად და ხალისიანად. 

_ სლენგებისა და ყოველდღიურად გამოყენებადი სიტყვების დიდი უმრავლესობა უმეტესობისთვის გასაგებია საკუთარი მნიშვნელობით. არის თუ არა ბიძერზე იმდენად იშვიათი სლენგები, რომლებსაც მართლა სჭირდება განმარტება, რადგან სხვა შემთხვევაში ადამიანთა დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ გაიგებს? 

_ ამ ეტაპზე, ლექსიკონში, ძირითადად, ყველასათვის ნაცნობი სიტყვებია _ ორიგინალური განმარტებებით. ჯერ ისევ საწყისი ფაზაა და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ალბათ შემდგომ ეტაპზე ბიძერი შეიძენს „კლასიკური“ ლექსიკონის ფუნქციას. უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, ყოველდღიური მეტყველება ასახოს ბიძერის სლენგის ლექსიკონში. მაშინ გამოჩნდება შედარებით ნაკლები ადამიანისთვის გასაგები და ნაცნობი სიტყვები. 

_ რამდენად წარმატებულია თქვენი პროექტის უცხოური ანალოგები? 

_ საკმაოდ. ჩვენი აზრით, ქართულ პროექტს გამოარჩევს ლექსიკონის შექმნის პროცესის სიხალისე, რაც მნიშნველოვანი ფაქტორია. 

_ აპირებთ თუ არა საიტისა და ფეისბუქგვერდისთვის ახალი ან დამატებითი ფორმების მიცემას სამომავლოდ? 

_ საიტი და ფეისბუქგვერდი აქტუალური რომ იყოს, ამისათვის ყოველთვის სიახლეებია საჭირო. შექმნის დღიდან რამდენიმე ასეთი ახალი ფუნქცია დავამატეთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ მომხმარებლისთვის საინტერესო და სახალისო იყოს ყოველი შემდეგი ეტაპი. 

_ ვიცი, რომ ონლაინმაღაზიის გახსნას აპირებთ. რა უნდა იყოს ის განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც მხოლოდ თქვენს ონლაინპროდუქციას ექნება და გაზრდის მის მიმზიდველობას მომხმარებლებისთვის? 

_ ამ ეტაპზე, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, რადგან გვინდა რომ ეს ყველაფერი თავისი ტემპითა და გარკვეული ექსკლუზიურობით მოხდეს. 

_ როგორც ახალგაზრდას, ბუნებრივია, ხშირი შეხება გაქვს სლენგებთან. როგორ განიხილავ სასაუბრო ენის ამ არაოფიციალურ მიმართულებას _ ენის განვითარების ბუნებრივი პროცესის ნაწილია თუ საფრთხე ოფიციალური ენისთვის, როგორც ეს უფროსი თაობის არაერთ წარმომადგენელს მიაჩნია? 

_ ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველდღიურად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა სიტყვას რა მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოება მოცემულ ეტაპზე. სლენგი ვერ გახდება ენისთვის საფრთხე, რადგან თუ მას ადამიანები იყენებენ, ესე იგი ის ენის ნაწილია. 

_ რომელია შენი საყვარელი სლენგი, რომელიც საქართველოში არსებულ დღევანდელ სიტუაციას საუკეთესოდ შეეფერება? 

_ „პო*უისტი“. 

_ ძალიან ბევრი იუმორისტული ონლაინპროექტი მახსენდება, რომელიც დასაწყისში ასეთივე წარმატებული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში, აქტუალურობა დაკარგა და საბოლოოდ ვეღარც პოპულარობა შეინარჩუნა. შენი აზრით, რამდენად ემუქრება ეს საფრთხე ბიძერ.ჯი-ს? 

_ დასაწყისი და დასასრული ყველაფერს აქვს (იცინის). 

_ რამდენად გაქვს იმედი, რომ ქართული სლენგის მრავალფეროვნება ახლო მომავალში საკუთარ თავს არ ამოწურავს და ახალი მასალა მუდამ გექნებათ? 

_ ქართული ენის ბუნებიდან და მრავალფეროვნებიდან, ასევე ქართველების კრეატიულობიდან გამომდინარე, რესურსს უახლოეს მომავალში ამოწურვა არ ემუქრება. 

_ შენი აზრით, შეიძლება ვთქვათ, რომ სლენგის ენა საქართველოში უფრო განვითარებულია, ვიდრე სხვა ქვეყნებში? 

_ ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ქვეყნის სლენგს ვიცნობ, მაგრამ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა ენის სლენგს აქვს თავისი სპეციფიურობა და ორიგინალობა იმ ქვეყნის ცხოვრების ყოველდღიურობიდან გამომდინარე, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსაც

ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში