Menu
RSS

ჯაბა ლაბაძე _ საზოგადოება მოხალისეობრივი საქმიანობისთვის მზად არაა

მასწავლებლობის გამოცდილება პირველად 90-იან წლებში მიიღო, როცა სკოლები კადრთა დეფიციტის გამო ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა. ამის შემდეგ 13 წელი იმუშავა სოფელ ბეკმისა და ქემფერის სკოლებში, 2010 წლიდან კი სერტიფიცირებული ისტორიის პედაგოგია, რომელიც უკვე 8 წელია სურამის საჯარო სკოლაში ასწავლის. ისტორიის სხვა მასწავლებლებისგან იმით განსხვავდება, რომ საკუთარ მოსწავლეებს ინტერნეტის ყველაზე ტევად ენციკლოპედიასთან, „ვიკიპედიასთან“ ურთიერთობა ასწავლა _ მისი დამსახურებით სურამელი მოსწავლეები ქართული „ვიკიპედიისათვის“ წერენ სტატიებს სხვადასხვა თემაზე და იძიებენ მასალებს, წყაროებს, ბოლოს კი ეს ყველაფერი „ვიკიპედიაში“ შედის, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი, უფასო ინფორმაციის წყაროა. საბოლოო ჯამში, ჯაბა ლაბაძის დამსახურებით, სურამი, რომელშიც დაახლოებით 10 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ქართულენოვანი „ვიკიპედიის“ განვითარებაში უმთავრეს როლს ასრულებს.

_ როგორ გააცანით საკუთარი ინიციატივა (ქართული ვიკიპედიის გამდიდრების შესახებ) თავდაპირველად მოსწავლეებს და როგორი იყო მათი რეაქცია? 

_ რამდენიმე წლის წინ, ჩემს მეექვსეკლასელ მოსწავლეებს დავავალე, მოეძიებინათ კონკრეტული ინფორმაცია ვიკიპედიაში. მათთვის პირველი შეხვედრა ვიკიპედიასთან სწორედ ამ დროს შედგა _ კარგად მახსოვს, როგორ გადმოწერეს მთელი ტექსტი და ის მასალა, რომელიც ჩემი შექმნილი იყო ვიკიპედიაში, როგორ წამიკითხეს თავიდან ბოლომდე სულმოუთქმელად. იგივე რომ არ განმეორებულიყო და მთელი მასალა კვლავ რომ არ გადმოეწერათ, ვასწავლე მოძიებული ინფორმაციის დავალების სახით წარმოდგენა. ამ ამბებიდან ძალიან მალე, მოსწავლეებს შევაპარე ინფორმაცია, რომ ვიკიპედიაში მე თვითონ ვწერდი სტატიებს და რომ ეს ძალიან მარტივი პროცედურაა. საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს უკვე რამდენიმე ახალი რეგისტრირებული მომხმარებელი დამხვდა ვიკიპედიაში და მათ შორის რამდენიმე ჩემი მოსწავლე იყო. ასე მოხდა მათი „ინფიცირება“ ქართულენოვანი ვიკიპედიით. ამის შემდეგ სკოლაში შევქმენი ვიკი-კლუბი და მოსწავლეებს ვასწავლე ვიკი-ტექნოლოგიები. 

_ რამდენად იჩნენენ ენთუზიაზმს ამგვარი დავალებების შესრულების დროს და უდგებიან თუ არა იმაზე მეტი ყურადღებით, ვიდრე ჩვეულებრივი, „არაკლასგარეშე“ დავალებას მიუდგებოდნენ? 

_ ნებისმიერ მოსწავლეს ძალიან უყვარს არასტანდარტული დავალებები, მათ შორის ჩემ მოსწავლეებსაც, მეც ამ „სისუსტეს“ სწორი მიმართულება მივეცი და მოსწავლეებს ჯერ საცდელად, შემდეგ კი გამიზნულად, შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით სტატიების წერა ვთხოვე. მაშინ უკვე მეათეკლასელები იყვნენ ჩემი მოსწავლეები. მეათე კლასის ისტორიის წიგნი კი, მარტივად, რომ ვთქვათ ძალიან უინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის. არადა, წინ მთელი ერთი სასწავლო წელი იყო, რა უნდა გამეკეთებინა? ასეთი რამ მოვიფიქრე: კვირის დასაწყისში განვიხილავდით ორი გაკვეთილის თემას, იქიდან ამოვარჩევდით ენციკლოპედიისათვის აუცილებელ თემებს და მოსწავლეებიც ან ქმნიდნენ, ან განავრცობდნენ უკვე არსებულ სტატიას ვიკიპედიაში. წინასწარ გამზადებული მქონდა შეფასების კრიტერიუმები და ნიშნებსაც ამ კრიტერიუმის მიხედვით ვუწერდი. 

_ არსებობს კონკრეტული თემა, რომელზე მუშაობის პროცესიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენმა მოსწავლეებმა სრულად ამოწურეს და მათი დამსახურებით დღეს ამ თემის გარშემო ისეთი მასალაა ხელმისაწვდომი, რომელიც მანამდე მიუწვდომელი იყო? 

_ დიახ, იყო ასეთი თემები. კერძოდ, ეგვიპტის ფარაონები, დღეს ფარაონებზე არსებული სტატიების დიდი ნაწილი სწორედ ჩემი მოსწავლეების მიერაა დაწერილი. 

_ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ საქართველოში მოხალისეობრივი პრაქტიკის დამკვიდრება საკმაოდ რთულია და საქმიანობის უმთავრეს მოტივაციად ყოველთვის ანაზღაურება განიხილება. ქართული „ვიკიპედიის“ განვითარების დაბალი ტემპიც ალბათ ამით აიხსნება, თუმცა მიუხედავად ამისა, თქვენ შეძელით მოსწავლეებისათვის მიგეცათ მოტივაცია და შეგეყვარებინათ ეს საქმიანობა. როგორ ფიქრობთ, რა გზებით შეიძლება საზოგადოების ჩართვა და წახალისება ამ მიმართულებით? 

_ დიახ, პრაქტიკის დამკვიდრება საკმაოდ რთულია. როდესაც ვიკიპედიის შესახებ ინფორმაციას ვაცნობთ მსმე ნელებს, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებც ჩვენი ანაზღაურებით ინტერესდებიან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვიკიპედია არის მოხალისეობრივი პროექტი და მის შექმნაში ანაზღაურებას არ ვიღებთ. ქართული ვიკიპედიის განვითარების დაბალი ტემპის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. 

ვფიქრობ, უკეთესი იქნება, შეიქმნას სპეციალური სატრენინგო მოდული, რომელიც გამოიცდება სკოლის პედაგოგებში, დავატრენინგებთ მათ და შემდეგ ისინი იქნებიან ვიკიპედიისა და ვიკი-ტექნოლოგიების კონტრიბუტორები თავიანთ მოსწავლეებში, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მოქალაქეობრივ თვითშეგნებამდე მიდის. მიმაჩნია, რომ საზოგადოება მოხალისეობრივი საქმიანობისათვის ჯერ მზად არაა. 

_ შეიძლება ითქვას, სომხეთში გააცნობიერეს ონლაინ ენციკლოპედიის მნიშვნელობა და წამოიწყეს კამპანია „ერთი სომეხი, ერთი სტატია“, თქვენი აზრით, საქართველოში რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყველაფერს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცნობიერების პროცესი უკვე დაწყებულია? 

_ დიახ, ჩვენმა მეზობლებმა კარგად აუღეს ალღო მსგავს პროექტს, სამწუხაროა, მაგრამ სტატისტიკა ასეთია: შვიდი წლის წინ, სომხურ ვიკიპედიაზე ოთხჯერ მეტი სტატია გვქონდა, ახლა კი ორჯერ ნაკლები სტატიაა ქართულ ვიკიპედიაში. სომეხი კოლეგები აქტიურად ზრუნავენ ადგილობრივი ვიკიპედიის განვითარებაზე. ამისათვის ისინი ვიკი-ბანაკებს აწყობენ და სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს ჯერ ასწავლიან და მერე აწერინებენ სტატიებს ვიკიპედიაში. აგერ უკვე მესამე წელიწადია, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ გვეპატიჟებიან მე და ჩემ ოთხ მოსწავლეს მსგავს ვიკი-ბანაკებში მონაწილეობის მისაღებად. ბანაკში ყოფნის პერიოდში მეც და ჩემი მოსწავლეებიც ვამდიდრებთ ქართულ ვიკიპედიას. 

_ თქვენ მაღალმთიანი სოფლების მოსწავლეებსაც ჩაუტარეთ „ვიკი-გაკვეთილები“, რამდენად ძლიერი იყო მათი მხრიდან წამოსული დაინტერესება? 

_ კი, იყო ასეთი შემთხვევა. ერთ-ერთ სომხურ ვიკიბანაკში მაღალმთიანი აჭარიდან, ხულოელი მოსწავლე მყავდა წაყვანილი, რომელმაც დააინტერესა ადგილობრივი ახალგაზრდობა და ასე აღმოვჩნდი ხულოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 

_ ინფორმაციის მოძიებისა და ქართული „ვიკიპედიის“ გამდიდრების გარდა, თქვენი შეფასებით, რა დადებითი შედეგები მოაქვს ვიკი-სტატიებზე მუშაობას მოსწავლეებისათვის? 

_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უდიდესი შედეგის მომტანია ვიკიპედიაში მუშაობა. დავფიქრდეთ, სტატიის დაწერას რა პროცესები უსწრებს წინ? ინფორმაციის მოძიება, თარგმნა, მისთვის საენციკლოპედიო სახის მიცემა, ვიკიპედიაში აკრეფა, შენახვის შემდეგი რედაქტირებები. უამრავი უნარი უმუშავდება მოსწავლეს. 

_ იკვეთება თუ არა მთავარი სირთულეები სამუშაო პროცესში, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური შედეგის მიღწევაში გიშლით ხელს როგორც თქვენ, ასევე თქვენს მოსწავლეებს? 

_ ძირითადი სირთულე ალბათ ქართულენოვანი წყაროების სიმწირე ან უკვე არსებულ წყაროებზე ხელმისაწვდომობის არქონაა. ყველაზე მეტი ხელშემშლელი ფაქტორი კი პროექტისადმი საზოგადოების ნიჰილისტური დამოკიდებულებაა. 

_ მომავალში გეგმავთ სხვა ქალაქების სკოლის მოსწავლეებსაც გააცნოთ თქვენი საქმიანობის მეთოდი მათი ჩართვის იმედით? 

_ ჯერ იმას გეტყვით, რა გამიკეთებია: ხაშურისა და სურამის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გახსნილი მაქვს ვიკი-კლუბები, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ვასწავლი ვიკიპედიაში მუშაობას, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის „ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის“ მოსწავლეებს, წყნეთის საზაფხულო ბანაკის ფარგლებში, შევასწავლე ვიკიპედიის ძირითადი უნარები (სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ მათთან, ერთად ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკვე დავწერეთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ სტატიები ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ვიკიპედიებში _ ჯამში 985 სტატია), თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ვორკ-შოპი ჩავუტარეთ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის პედაგოგებს თბილისიდან, გორიდან, საგარეჯოდან. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციასთან, ვგეგმავთ ვიკი-გაკვეთილების ჩატარებას თბილისში, ასევე ახმეტისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, ზაფხულისთვის იგეგმება წყნეთის ვიკი-ბანაკის ორგანიზება. მზად ვარ მივიღო შემოთავაზება და თავისუფალი დროის ნებისმიერ მონაკვეთში უანგაროდ ჩავატარო ვიკიპედიის გაკვეთილები.

ბექა ბერულავა 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში