507 მილიონი ლარის შემოსავალი, გაზრდილი ტვირთბრუნვა და სატრანსპორტო ჰაბი ევროპა-აზიას შორის - წელს რკინიგზის მოდერნიზება იგეგმება

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იან წილს მთავრობა ფლობს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყანამ ევროპა-აზიას შორის სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რისთვისაც რკინიგზის მოდერნიზება და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდაა აუცილებელი, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია. იქიდან გამომდინარე, რომ „საქართველოს რკინიგზას“ აქამდე „საპარტნიორო ფონდი“ ფლობდა, რომელიც თავის მხრივ, სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდია, ეს ცვლილება ფორმალური ხასიათისაა და რეალურად, ბევრი არც არაფერი შეცვლილა. 

ასეა, თუ ისე, „საქართველოს რკინიგზის“ 100%-იანი წილი ახლა უკვე ოფიციალურად საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია. ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი სპეკულაციები თემაზე - ვინაა რკინიგზის ნამდვილი მფლობელი, დასრულდა. ლონდონის საფონდო ბირჟის განცხადება, რომელიც მედიაში, 2023 წლის იანვრის დასაწყისში გავრცელდა, ოფიციალურად, 2022 წლის 23 დეკემბრით თარიღდება. სწორედ ამ განცხადებით შევიტყვეთ, რომ რკინიგზის აქციები საქართველოს მთავრობის საკუთრებაში გადავიდა.

„2012 წლამდე, „საქართველოს რკინიგზას“ მთლიანად „საპარტნიორო ფონდი“ ფლობდა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, მიუხედევად იმისა, რომ კომპანია არაპირდაპირ სახელმწიფო საწარმოდ განიხილებოდა, „საქართველოს რკინიგზას“ არასდროს გამოუყენებია ბიუჯეტის დაფინანსება“, - წერია ლონდონის საფონდი ბირჟის განცხადებაში.

ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმის ფარგლებში, ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული „საქართველოს რკინიგზა“ მთავრობის მფლობელობაში გადავიდოდა, თუმცა თარიღი არ გასაჯაროებულა. ამჟამად, „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფო აქტივი რჩება - „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2011 წელს შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ამ ფონდის მთავარი დანიშნულება, საქართველოში საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით, ინვესტიციების წახალისება უნდა ყოფილიყო.

ახლა, ვნახოთ, რა შემოსავალი აქვს „საქართველოს რკინიგზას“ და გავეცნოთ, როგორია მისი ტვირთბრუნვა. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის ცხრა თვეში, 507 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. კომპანიის შემოსავლის მატება 20%-ით, 11 მილიონ ტონამდე გაზრდილმა ტვირთბრუნვამ განაპირობა.

„საქართველოს რკინიგზა“ ერთ-ერთია იმ სახელმწიფო საწარმოებიდან, რომელთა რეფორმაც 2023 წელს იგეგმება. წლების განმავლობაში, ეს კომპანია ზარალზე მუშაობდა, თუმცა გასული წლის პირველ ნახევარში რეკორდული, 161 მილიონი ლარის მოგება მიიღო.

______________________

______________________

2022 წლის ცხრა თვეში, „საქართველოს რკინიგზამ“ 507 100 000 ლარის შემოსავალი მიიღო და მოგებამ 278 400 000 ლარი შეადგინა.  რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლებს, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, გადაზიდვები წლიურად 20%-ით - 10 900 000 ტონამდე გაიზარდა. სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 99 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავალი 22%-ით გაიზარდა.

________________________

________________________

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, საკონტეინერო გადაზიდვების 2022 წლის ცხრა თვის მაჩვენებელი ასეთია:

 

BTK – 15 915 TEU, წლიური ზრდა - 12%;

ჩინეთიდან - 9 509 TEU, წლიური ზრდა - 23%;

ყაზახეთიდან - 15 822 TEU, წლიური ზრდა - 148%;

შუა დერეფანი - 25 331 TEU, წლიური ზრდა - 79%.

 

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2022 წლის ცხრა თვეში, მაზუთი KAZ-ის გადაზიდვა 627%-ით გაიზარდა, შაქრის - 304%-ით, კარბამიდი Cen. Asia-ს - 303%-ით, ნედლი ნავთობი KAZ-ის - 166%-ით, მეთანოლი AZ-ის - 147%-ით, კარბამიდი AZ-ის კი - 117%-ით.

არადა, 2021 წელი „საქართველოს რკინიგზამ“ ზარალით დაიწყო და პირველ ექვს თვეში, 32 000 000 ლარის ზარალზე გავიდა, თუმცა საბოლოოდ, წელი 52 700 000-ლარიანი მოგებით დაასრულა. 2016 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიამ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი „საპარტნიორო ფონდი“ გახლდათ, წელი ზარალის გარეშე დახურა.

ახლა, თვალი გადავავლოთ „საქართველოს რკინიგზის“ მოგება/ზარალს, წლების მიხედვით:

 

2016 წელი - მოგება 65 100 000 ლარი;

2017 წელი - ზარალი 354 100 000 ლარი;

2018 წელი - ზარალი 716 500 000 ლარი;

2019 წელი - ზარალი 5 500 000 ლარი;

2020 წელი - ზარალი 164 600 000 ლარი;

2021 წელი - მოგება 52 700 000 მლნ ლარი.

 

ფაქტია, რომ „საქართველოს რკინიგზის“ 2022 წლის მოგების მაჩვენებლებს შენარჩუნება და გაზრდა სჭირდება, ამისთვის კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოს რეფორმა/მოდერნიზება გარდაუვალია. იმისთვის, რომ ქვეყანამ სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია შეასრულოს, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურამ და განსაკუთრებით, „საქართველოს რკინიგზამ“ გამართულად უნდა იმუშაოს. გთავაზობთ ამონარიდს ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი, ბოლო გამოსვლიდან, როდესაც მან განვლილი, 2022 წელი შეაჯამა:

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ, დავაანონსე, რომ ანაკლიის პორტი ჩვენი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება, სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთის პორტი გასხვისებულია, ბათუმის პორტი გასხვისებულია, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, რომ გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მთელი ქვეყნები, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ.

ამიტომ, აუცილებელია, რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით, ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებულ ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49%-ზე ჩვენ გვინდა, რომ გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში, გაირკვევა შესაბამისი შედეგიც.

რაც შეეხება „საქართველოს რკინიგზას“, რკინიგზის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვაქვს რეკორდული შემოსავლები და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც რეკორდულია. ჩვენ გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ.

ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულდება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას, 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% დასრულებულია და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება.

ძალიან მოკლედ გეტყვით, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესია,რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ არა მხოლოდ ენერგოჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად, ასევე, დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მხრივ. ამ მიმართულებით, აქტიურად ვმუშაობთ, რადგან საქართველოს შეუძლია და აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი, ციფრული ჰაბი“.

ავტორი: მაკა რუხაძე

გაზეთ "ვერსიის" სხვა მასალები იხილეთ აქ.