Menu
RSS

მიხეილ ჭაბუკაშვილი: „ხარისხის თვალსაზრისით, ქართული ვიკიპედია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველია“

ვიკიპედია არის საიტი, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყენებს სასურველი ინფორმაციის მისაღებად. ეს არის მონაცემთა უზარმაზარი ბაზა, რომელიც 288 ენაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის ქართულზეც. ქართული ვიკიპედია ამჟამად განვითარების ეტაპზეა, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ატვირთოს სტატია, შესაბამისი წყაროების დართვითა და სტანდარტების დაცვით. გთავაზობთ ინტერვიუს ქართული ვიკიპედიის „ბიუროკრატთან“ (სპეციალური რეგალია ვიკიპედიაში, რომელიც აღნიშნავს მთავარი რედაქტორ/კორექტორის პოზიციას), მიხეილ ჭაბუკაშვილთან, რომელსაც ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება და ისეთი სტატიების წაშლა ევალება, რომლებიც საიტის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

_ თავდაპირველად როდის და რატომ „გაერიე“ ქართული ვიკიპედიის შიდა სამზარეულოში? 

_ ვიკიპედიაში 2010 წლის იანვარში მოვხვდი, სრულიად შემთხვევით. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, თანაც ძალიან ხელმოკლე სტუდენტი კახეთიდან, ახმეტის რაიონიდან. რა თქმა უნდა, არც საკუთარი კომპიუტერი მქონდა, ფუფუნების საგანი იყო ჩემთვის. გამიმართლა და იმ დროისათვის პოპულარული მედიაპროექტის, „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფში მოვხვდი. ოფისში თავისთავად, კომპიუტერები იყო და იქ დაიწყო ჩემი და ამ მანქანის პირველი, საფუძვლიანი ურთიერთობა. 

ამ დროს, უნივერსიტეტში გავდიოდი სალექციო კურსს „მსოფლიო ტურიზმისა და რეკრეაციული ზონების გეოგრაფია“. ეს იყო სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. ლექტორს, ქალბატონ ნინო პავლიაშვილს ჰქონდა ერთი ძალიან მკაცრი მოთხოვნა: სემესტრის განმავლობაში უნდა მოგვემზადებინა ათამდე პრეზენტაცია მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ. თითქოს უჩვეულო არაფერია, მაგრამ ქალბატონ ნინოს ერთი განსაკუთრებული პირობა ჰქონდა — მომზადებული ინფორმაცია „ვორდის“ ფაილებშიც უნდა აგვეკრიფა და წლის ბოლოს მისთვის გადაგვეგზავნა. 

სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ მე ვიკიპედიაში მოვხვდი. ყოველთვის მაინტერესებდა ლათინური ამერიკა და შანსი ხელიდან არ გავუშვი, გადავწყვიტე, მომემზადებინა პრეზენტაციები, მაგალითად, გალაპაგოსის კუნძულების, ტიტიკაკას ტბის, ნასკას ხაზების შესახებ. ამ მასალების მომზადებისას, რა თქმა უნდა, ადამიანი, პირველ რიგში, ინტერნეტის საძიებო სისტემას მიმართავ, რომელსაც შემდეგ ვიკიპედიასთან მიყავხარ. სულ ვბრაზობდი, რომ ქართულად არც ერთ მათგანზე ინფორმაცია არ იყო, რაც ძალიან ჩამრჩა გონებაში და რაღაც აზრიც გამიჩნდა. სემესტრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ეს მასალები ლექტორს გადავუგზავნე, ქართულ ვიკიპედიას მივადექი, ოღონდ ამჯერად სულ სხვა მიზნით -მინდოდა, ჩემს მიერ მომზადებული ინფორმაცია განმეთავსებინა, იქნებ ჩემს გარდა, ვინმეს კიდევ დასჭირვებოდა და გამოსდგომოდა. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, დღემდე გრძელდება და ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. 

13 იანვარი იყო, საღამოხანი, როდესაც ვიკიპედიაში ანგარიში გავხსენი; უკვე სრული 8 წლის ვიკიპედიელი ვარ. 

_ მალევე დაინიშნე „ბიუროკრატის“ პოზიციაზე? 

_ ვერავინ გახდება პირდაპირ ვერც „ბიუროკრატი“ და ვერც ადმინისტრატორი. ამისათვის საჭიროა, იყო გამოცდილი ვიკიპედიელი, შეტანილი გქონდეს გარკვეული წვლილი (როგორც წესი, ძალიან დიდი). ბიუროკრატობა ვიკიპედიის ძალიან ფორმალური ტიტულია. პირველ რიგში, ვარ მოხალისე რედაქტორი, შემდეგ ადმინისტრატორი და შემდეგ ბიუროკრატი. იმის გამო, რომ ვიკიპედიაში სტატიების დამუშავებას საკმაოდ აქტიურად შევუდექი და ყველაფერში კარგად გავერკვიე, ზუსტად წელიწადნახევრის თავზე, ვიკი-საზოგადოებამ ამირჩია ადმინისტრატორად. ძალიან გამჭვირვალე პროცესია, მოქმედ აქტიურ რედაქტორთა მიერ ხმის მიცემის საფუძველზე. ადმინისტრატორობა უფრო საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებაა, ვიდრე რაიმე ჯილდო. ადმინისტრატორს შეუძლია წაშალოს ნებისმიერი სტატია, დაბლოკოს ვანდალიზმის ჩამდენი მომხმარებლის IP-მისამართი, დაიცვას ესა თუ ის სტატია რედაქტირებისგან და ა. შ. 

_ როგორც ვიცი, სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ ვიკიპედიაზე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის გადაუმოწმებელი თუ არაზუსტი ინფორმაციის განთავსება, მცდარია, რადგან არსებობს კრიტერიუმები, რომელსაც ვიკიპედიას სტატია უნდა აკმაყოფილებდეს. რა კონკრეტულ კრიტერიუმებზეა საუბარი? 

_ მართალია. ვიკიპედიის მიმართ საქართველოში ძალიან ბევრი სტერეოტიპია. არსებობს მრავალი კრიტერიუმი. ამ მხრივ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა -საქართველოში ბევრმა არ იცის, რეალურად რა არის ვიკიპედია, ჰგონიათ, რომ ის უწესრიგო, ყველანაირი ინფორმაციის საცავია. არა, ვიკიპდია ენციკლოპედიაა და უნდა განთავსდეს მხოლოდ ენციკლოპედიური მასალები. უმთავრესი კი სანდო და გადამოწმებადი, აკადემიური წყაროების არსებობაა. 

თუ თქვენ შეეცდებით ვიკიპედიაში სტატიის შემოტანას წყაროს გარეშე, რამდენიმე წუთში, ადმინისტრაცია მას აუცილებლად წაშლის. ვიკიპედია ასევე არ არის ადგილი ორიგინალური ნაშრომისათვის. ვიკიპედიას ერთ-ერთი ქვაკუთხედია ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, სრული წარმოდგენა შეუქმნას საქმის რეალურ ვითარებაზე. ვიკიპედია არის უნივერსალური ენციკლოპედია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შეიცავს კაცობრიობის ცოდნას გარკვეული განზოგადების დონეზე. 

_ შენი პოზიცია გულისხმობს ინფორმაციის სიზუსტისა და შესაბამისობის გადამოწმებას ვიკიპედიაში. შენს გარდა, რამდენი ადამიანია ამ საქმიანობით დაკავებული და რამდენად მკაცრად ხდება ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი დღეს, ქართულ ვიკიპედიაში? 

_ ის ფაქტი, რომ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედია და მისი რედაქტირება ყველას შეუძლია, აჩენს მრავალ არასწორ შეხედულებას. მაგალითად, ბევრს სჯერა, რომ იქ რჩება ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც დაამატებ. ასე არაა, ყველაფერი კონტროლდება, რა თქმა უნდა, წყაროებსა და ვიკიპედიის პრინციპებზე დაყრდნობით. 

ამჟამად ქართულენოვან ვიკიპედიაში დარეგისტრირებულია 95 000-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მათ უმრავლსობას არ აქვს არანაირი წვლილი. ამ დროისათვის, ვართ 3 ადმინისტრატორი და 30-მდე შემმოწმებელი. რაც შეეხება აქტიურ რედაქტორებს, ვინც ყოველდღიურად რაიმე ახალ კონტენტს ქმნის, ასეთი მაქსიმუმ 7-8 მოხალისეა. 

ქართულ ვიკიპედიას აქვს მცდარი ინფორმაციისგან თავდაცვის მრავალი მექანიზმი. სტატიებში თქვენ მიერ შეტანილი ცვლილება არ გამოქვეყნდება, სანამ მას რომელიმე უფლებამოსილი ვიკიპედიელი არ დაამოწმებს. რედაქტორები ვხედავთ ყველაფერს, ერთი წერტილის ჩამატებას ან ამოკლებასაც კი. შეუსაბამო ცვლილების გაუქმებას კი მხოლოდ „მაუსზე“ ერთი დაჭერა სჭირდება. შეცდომები, რა თქმა უნდა, არის და ამისგან დაცული არც ერთი ენციკლოპედია არაა, ბეჭდური სახისაც კი, ამიტომ ყველა მკითხველს, ვინც ნახავს შეცდომას, მოვუწოდებ, თუ ეს შეუძლია, ჩაასწოროს. სწორედ ესაა ვიკიპდიას ამოსავალი წერტილი. 

_ ამა თუ იმ სფეროში კომპეტენტური ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ქართული ვიკიპედია ზოგჯერ არასწორ ინფორმაციას იძლევა. არიან თუ არა ვიწრო სპეციალიზაციის მქონე ადამიანები ჩართულნი საიტზე არსებული ინფორმაციის რედაქტირებასა და გამდიდრებაში, რათა ამგვარი პრობლემა აღმოიფხვრას? 

_ ზოგადად, ვიკიპედიის მთავარი პრობლემა მოხალისეთა ნაკლებობაა. ეს საქმე არაანაზღაურებადია, არავინ ვიღებთ ხელფასს მუშაობაში. ვხარჯავთ ჩვენს თავისუფალ დროს. მოხალისეობა რატომღაც ბევრს არ სურს, თუმცა ხარისხის თვალსაზრისით, ქართული ვიკიპედია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველია, გაცილებით სჯობს სომხურსა და აზერბაიჯანულს. გვყავს თავის საქმეში პროფესიონალი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი მოხალისე რედაქტორები, მათ შორის ისტორიკოსები, გეოგრაფები, მუსიკათმცოდნეები და ა. შ. 

როგორც აღნიშნეთ, ამა თუ იმ სფეროში კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ ქართული ვიკიპედია ზოგჯერ არასწორ ინფორმაციას იძლევა _ მოვუწოდებ, შემოგვიერთდნენ, გახდნენ ჩვენნაირი მოხალისეები და თავად შემოიტანონ სწორი, სანდო ინფორმაცია, დაამუშაონ არსებული, აღმოფხვრან შეცდომები. ესაა ვიკიპედიას მთავარი პრინციპი. 

_ შენი შეფასებით, როგორია ნდობის ხარისხი და გამოყენების სიხშირე ქართულ ვიკიპედიასთან მიმართებით? 

_ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული ვიკიპედია საქართველოდან მონახულებული საიტების ხუთეულში მოწინავე ადგილზეა. ფიქსირდება თვეში რამდენიმე მილიონი ნახვა. ბევრი არ აღიარებს, მაგრამ ყოველდღიურად იყენებს ვიკიპედიას. მაგალითს მოგიყვანთ, პირადად მე, 11 000-ზე მეტი ახალი სტატია მაქვს ქართულ ვიკიპედიაში შეტანილი და ყოველდღიურად არაერთ საიტზე ვაწყდები ინფორმაციას ჩემი სტატიებიდან, რაც ძალიან სასიამოვნოა. 

_ ვიკიპედია არის თავისუფალი სივრცე, სადაც ყველას შეუძლია მოხალისე რედაქტორად იქცეს, დაწეროს სტატია ნებისმიერი მიმართულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებს არავინ ზღუდავს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღის წინ, გაეროს ქალთა ოფისის დახმარებით მოეწყო აქცია, რომელმაც უნდა დააწინაუროს ქალი რედაქტორების აქტივობა ვიკიპედიაში. შენი აზრით, რა განაპირობებს ამ მიმართულებით ქალების პასიურობას კაცებთან შედარებით და რამდენად არის ეს პრობლემა დაკავშირებული გენდერულ უთანასწორობასთან? 

_ სტატისტიკის შედეგად გაირკვა, რომ ზოგადად, მსოფლიოში, ვიკიპედიას კონტენტის 90% შექმნილია მამაკაცი მოხალისეების მიერ. ზუსტად ანალოგიური ვითარებაა ქართულ ვიკიპედიაში. გყვავს მხოლოდ რამდენიმე ქალი რედაქტორი. მიზეზს ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომღაც ქალებს ნაკლებად უჩნდებათ ვიკიპედიელობის სურვილი. 

პირადად ჩემი აზრით, ამის მიზეზი შესაძლოა, სტერეოტიპებიც იყოს, რომ თითქოს კომპიუტერი და ტექნოლოგიები ქალის საქმე არაა, რაც მცდარი შეხედულებაა. სწორედ ამ ნაპრალის შევსების მცდელობას -ქალი რედაქტორების მოზიდვას -ემსახურებოდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ოფისის პროექტი, რომელიც 8 მარტს მსოფლიოს 50 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჩატარდა. მოწვეული იყო საზოგადოებრივად აქტიური რამდენიმე ქალი, ჟურნალისტები, ბლოგერები, მკვლევარები. ჩავუტარე მცირე ტრენინგი, თუ როგორ იმუშაონ ვიკიპედიაში, როგორ შეიტანონ ახალი სტატიები. ადგილზე შექმნეს რამდენიმე ახალი სტატიაც. იმედი მაქვს, გაუჩნდებათ ვიკიპედიელობის სურვილი და მის გამდიდრებას მომავალშიც გაგრძელებენ. 

_ გეგმავთ თუ არა მომავალში სხვა სახის პროექტსაც, რომელიც მოხალისე რედაქტორების რაოდენობას გაზრდის ან არსებულ რედაქტორებს მეტ მოტივაციას მისცემს? 

_ რა თქმა უნდა. ამას წლებია ვცდილობთ, თუმცა ამაოდ. მოხალისეების მოზიდვა ძალიან რთული საქმეა. არ გვაქვს ხელშეწყობა არც კერძო, არასამთავრობო თუ სახელმწიფო სექტორიდან. 

ხშირად ვატარებთ ტრენინგებს შესაბამის სამიზნე აუდიტორიებთან, სკოლის მოსწავლებთან, სტუდენტებთან, სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან. მაინც მიმაჩნია, რომ ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ და ეს ლოგიკურიცაა -ვიკიპედია მომავლის ენციკლოპედიაა, ამ მიმართულებით, მის იქით ძალიან ვიწრო გზაა. მჯერა, რომ თანდათან ყველა ქართველი ინტერნეტმომხმარებელი გააცნობიერებს, რომ ვიკიპედია ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. წარმოიდგინეთ, ზრუნავ, შენს საზოგადოებას მიაწოდო ყველაზე ძვირფასი _ ცოდნა, თანაც უანგაროდ, უფასოდ. რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი? საკუთარ თავს ვიკიპედიელები ცოდნის შემგროვებლებს ვუწოდებთ. მინდა ვთხოვო თქვენს მკითხველს _ შემოგვიერთდით, თქვენც გახდით ცოდნის შემგროვებელი და ერთად შევქმნათ ყველაზე დიდი ქართულენოვანი ენციკლოპედია.

ბექა ბერულავა

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში