Menu
RSS

„მარტივი გზით სიარული ხელოვანი ადამიანისთვის ცოტა მოსაწყენიცკია“

ბილი ბილიხოძე _ ფოტოგრაფის მთავარი მიზანი საინტერესო კადრის შექმნაა

ალბათ არავინ აყენებს ეჭვქვეშ იმ ფაქტს, რომ ფოტოგრაფია საინტერესო პროფესიაა და ფოტოგრაფები საინტერესო ხალხია. საუბარი, რა თქმა უნდა, კარგ ფოტოგრაფებზეა და რუბრიკის დღევანდელი სტუმარიც ერთ-ერთი მათგანი _ დავით ბილიხოძეა, რომელსაც ყველა ბილი ბილიხოძის სახელით იცნობს. მისი სტილი სახასიათოა, გამოკვეთილი, ფოტოები კი მრავალფეროვანი როგორც ხასიათით, ასევე შინაარსითა და ფორმით. გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ ფოტოგრაფ ბილი ბილიხოძესთან.
_ არის ფოტოები, რომლებიც მომენტალურად ხდება პოპულარული და ამ პროცესს ინტერნეტის, კერძოდ კი, სოციალური ქსელის (ჩვენ შემთხვევაში „ფეისბუქის“) განვითარებამ ძალიან შეუწყო ხელი. შენი აზრით, ამგვარი გაპოპულარულება მხოლოდ ფოტოს ხარისხზე, ფოტოგრაფის ოსტატობაზეა დამოკიდებული თუ სხვა ფაქტორებიც არსებობს?
_ 21-ე საუკუნე, თანამედროვე ტექნოლოგიები, სოციალური ქსელები და ზოგადად კაცობრიობის განვითარება საუკეთესო საშუალებებს გვაძლევს ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება-გასაჯაროებისთვის, მარტივ ხერხებს გვთავაზობს, ჩვენი სათქმელი მივიტანოთ საჭირო ადამიანებამდე... გარდა იმისა, რომ კარგი ხარისხი გახდა ძალიან მარტივად მისაღწევი, ასევე დაიხვეწა შეფასების კრიტერიუმები. ასე თუ ისე, საქართველოშიც ნელ-ნელა გახდა შესაძლებელი, კარგისა და ცუდის გარჩევა, რაც ყველა სფეროში აისახება მომხმარებლის მოთხოვნასა და მიმწოდებლის პროდუქციის ხარისხზე. მოკლედ, დღეს კარგი ფოტოგრაფი უფრო ადვილი შესამჩნევია.
_ შენ თუ გადაგიღია „ვირუსულად“ პოპულარული ფოტო და თუ არა, გაქვს ამის გაკეთების ამბიცია?
_ როდესაც ვიღებდი სერიას ჩემი საყვარელი ადამიანის ზურგებით შექმნილი პეიზაჟებისა, არ მქონია ამბიცია, გავირუსებულიყო, თუმცა უცებ აიტაცა არამხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო აღიარებაც კი მოიპოვა.
_ ფოტოგრაფების უმრავლესობას საქართველოში ხშირად უწევს ფინანსურად მომგებიანი, მაგრამ პროფესიულად თითქმის არაფრისმომცემი საქმიანობა (მაგალითად, ქორწილების გადაღება და ა. შ.) მხოლოდ იმიტომ, რომ სტაბილური შემოსავალი ჰქონდეს. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რამდენად განვითარებულია ეს პროფესია ჩვენს ქვეყანაში და აქვთ თუ არა პერსპექტივა დამწყებ ფოტოგრაფებს?
_ არ მიმუშავია ამ სახის კომერციულ დაკვეთებზე (ვიწრო პროფილით ვმუშაობ _ ინტერიერ-ექსტერიერების ფოტოგადაღება და სარეკლამო სფერო), ძნელია შეფასება. ყველა ადამიანს აქვს შანსი დაიწყოს საქმე, რომელიც სიამოვნებას ანიჭებს და ხედავს თავის თავს და განვითარებას... დიდი შრომა სჭირდება ყველა სფეროს და ყველა ადამიანს მიზნის მისაღწევად. მარტივი გზით სიარული ხელოვანი ადამიანისთვის ცოტა მოსაწყენიც კია.
_ რა ტიპის ფოტოების გადაღება იწვევს შენში ყველაზე მეტად პროფესიული კმაყოფილების განცდას და რატომ?
_ კომერციული საქმიანობის გარდა, რომელიც ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მიყვარს პეიზაჟების გადაღება, ამჟამად ახალი გატაცება მაქვს _ საჰაერო გადაღებებიც შეემატა ჩემს შესაძლებლობებს და მეტად გავშალე ფრთები. დიდ სიამოვნებას ვიღებ ბუნების აღბეჭდვით, საინტერესო კონტრასტებით, ფერთა გამების შეხამებით და ა.შ... ყველაზე ნაკლებად მიყვარს ადამიანების გადაღება.
_ ფოტოგრაფს ალბათ მოეთხოვება კიდეც, რომ მისი თვალი „რიგით მოკვდავზე“ უფრო მახვილი იყოს, ხშირ შემთხვევაში ესთეტიკასაც სხვებზე უკეთ აღიქვამთ და აფასებთ. ამიტომ გკითხავ, როგორია შენი (ანუ ფოტოგრაფის) თვალით დანახული თბილისი თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით, რა მოგწონს და რა _ არა?
_ თბილისი ჩემთვის ზედმეტად მოუწესრიგებელი, ქაოტური, ცოტა არაკანონზომიერია, არ მომწონს ბეტონის ჯუნგლებადქცეული დასახლებები, უსახური ფასადები, სიმწვანეების ნაკლებობა ნელ-ნელა უფრო და უფრო ეტყობა და მომავალში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება, რაც საშინლად მოსაწყენს ხდის ჩვენს რეალობას. მიყვარს მისი ისტორიული ნაწილი და თანამედროვე ელემენტებიც ალაგ-ალაგ, თუმცა არა ყველა და ყველგან.
_ როგორ ფიქრობ, გაგიმართლა თუ არა, როგორც ფოტოგრაფს, რომ აქ დაიბადე და არა სხვა ქვეყანაში ან თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი ნამუშევრები გაცილებით საინტერესო იქნებოდა, სხვაგან რომ გეცხოვრა?
_ ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, საქართველოში რომ დავიბადე _ გასაოცარი ბუნება გვაქვს და მუდამ ვიყენებ ხოლმე შანსს, სხვადასხვა კუთხეებში ხშირად ვიმოგზაურო. პატარა ქვეყანას აქვს თავისი დიდი შესაძლებლობები. სადაც არ უნდა დავბადებულიყავი, ვფიქრობ, ყველგან მეყვარებოდა სამშობლო და მეგაპოლისებში მხოლოდ წარმოსახვით რეალობაში ვიცხოვრებდი, სადაც იქნებ უფრო მარტივადაც ვიქნებოდი წარმატებული და სახელოვანი, თუმცა ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ გვინდა ან შეგვიძლია. ასე რომ, აქ ყოფნა ან არყოფნა არ არის მხოლოდ წარმატების წინაპირობა.
_ ხშირად, როცა ლამაზ ფოტოს ვნახავ, ვფიქრობ, ეს სილამაზე ისედაც მოცემულობა იყო და ფოტოგრაფს, აპარატის გაჩხაკუნების გარდა, ბევრი არაფერი გაუკეთებია. დარწმუნებული ვარ, ჩემსავით კიდევ უამრავი, საქმეში ჩაუხედავი ადამიანი აზროვნებს, ამიტომ მათ ნაცვლადაც გკითხავ, რა როლს ასრულებს ან რაში გამოიხატება ფოტოგრაფის პროფესიონალიზმი, კარგი კადრის „დაჭერისას“?
_ როცა გადაღება დავიწყე და გარშემომყოფებმა ჩემი ნამუშევრები შეაფასეს, ხშირად მესმოდა სიტყვა „განსხვავებულია”, „უცხოა“ და ა.შ. ვფიქრობ, ერთი და იგივე ადგილი შეიძლება სხვადასხვა ხელოვანმა სულ სხვადასხვაგვარად გადაიღოს და სხვადასხვა სათქმელი გადმოსცეს. ფოტოგრაფის მთავარი მოვალეობაა, შექმნას საინტერესო კადრი, რაღაც ახალი თქვას, მოირგოს სტილი, მიმდინარეობები გაშალოს, აითვისოს გარესამყარო, უზომოდ საინტერესო მოცემულობა გვაქვს ადამიანებს, რომელიც შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ.
_ უცხოელი მეგობრისთვის საქართველოს გაცნობა მხოლოდ ერთი ფოტოს საშუალებით რომ შეგეძლოს, სად გადაიღებდი და რა იქნებოდა მასზე ასახული?
_ ბევრ უცხოელთან მაქვს კონტაქტი. ვფიქრობ, კარგად ვიცნობ მათ ინტერესებს და მათთვის ეგზოტიკური, ძველი, ისტორიული ადგილის (სვანურ კოშკებს, ხევსურეთს, კლდეებს, ძველისძველ ციხე-გალავნებს, მთებს, კანიონებს, კლდეებს) ფონზე რამე თანამედროვეს (თუნდაც ადამიანს) გადავიღებდი. ჩემი აზრით, მათთვის ნათელი გახდებოდა, რომ ჩვენ საოცარი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ, რომელიც კვლავ ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიოს ცხოვრების რიტმს.

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში