Menu
RSS

დიდი აფერა თუ საბოტაჟი „ჩექინ ჯორჯიას“ წინააღმდეგ!

2017 წლის 30 დეკემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში, ჯაზისა და ბლუზის ლეგენდარული შემსრულებლის, კრის რის კონცერტი უნდა გამართულიყო. ბილეთის ფასი 50-დან 300 ლარამდე მერყეობდა და ,,თიკეთ გე''-ს საშუალებით გაიყიდა კიდეც, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტი არ გაიმართებოდა. ორგანიზატორს, შპს ,,ნიჯ გრუპს'' გაყიდული ბილეთების თანხა ჯერ არ დაუბრუნებია. საინტერესო ისაა, რომ კრის რის ოფიციალურ საიტზე, სადაც მსოფლიოს მასშტაბით, მისი ტურნე და კონცერტების ადგილებია მითითებული, თბილისში, 30 დეკემბრის კონცერტი აღნიშნულიც კი არ ყოფილა! მეტიც, 9 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ოქსფორდში დაგეგმილ კონცერტზე, ლეგენდარული მუსიკოსი მოულოდნელად ცუდად გახდა და ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის გამო, 10 და 12 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ორ სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კრის რის კონცერტები გადაიდო. თუმცა მიუხედავად ამისა, თბილისში, 30 დეკემბრის ე.წ. კონცერტის ბილეთებს მაინც ყიდდნენ, თან ისე, რომ ,,თიკეთ გე''-ს მომხმარებლები საქმის კურსში არ ჩააყენეს!


10 დეკემბერს, თბილისში კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის, კრის ნორმანის კონცერტი უნდა გამართულიყო. ბილეთები ,,თიკეთ გე''-ს საშუალებით გაყიდეს, მაგრამ მოგვიანებით გაარკვიეს, რომ კონცერტი არ ჩატარდებოდა. კრის ნორმანის ჩამოყვანას ონლაინ-სესხების კომპანია ,,იზილოუნ გე'' გეგმავდა, თუმცა უშედეგოდ. ამას მოჰყვა შპს ,,ნიჯ გრუპის'' ორგანიზებული, კრის რის კონცერტი 30 დეკემბერს, მაგრამ ფაქტია, რომ არც ლეგენდარულმა მუსიკოსმა და არც მისმა წარმომადგენლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრის რის ოფიციალურ საიტზე თბილისის კონცერტი მითითებული იქნებოდა.
,,თიკეთ გე'', რომელიც სხვადასხვა კონცერტის ბილეთებს ონლაინ რეჟიმში ყიდის, ამ შემთხვევაში, შუამავალია, ამიტომ გადადებულ თუ ჩაშლილ კონცერტზე პასუხისმგებლობა ღონისძიების ორგანიზატორს ეკისრება. თუმცა ვიდრე ონლაინ-ბილეთების საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლები გაარკვევენ, ვინაა ამა თუ იმ კონცერტის ორგანიზატორი, პასუხს ,,თიკეთ გე''-ს სთხოვენ და სამართლიანადაც! მომხმარებლების უფლებებისა და პირველ რიგში, საკუთარი იმიჯის დასაცავად, სასურველი იქნება, ონლაინ-ბილეთების კომპანიამ ხელშეკრულების პუნქტები გაამკაცროს და ვიდრე ბილეთების გაყიდვას დაიწყებს, ამა თუ იმ ღონისძიების ორგანიზატორებს 100%-იანი გარანტია მოსთხოვოს, რომ კონცერტი არ ჩაიშლება. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ,,თიკეთ გე''-სგან განსხვავებით, სხვადასხვა უცხოური ონლაინ-ბილეთების კომპანიები არ ჩატარებული, ან გადადებული კონცერტის ბილეთების საფასურს მაშინვე უბრუნებენ მომხმარებლებს.
 
,,თიკეთ გე''-მ გაყიდული ბილეთების თანხა არ დააბრუნა და გაღიზიანებული მომხმარებლები ორგანიზატორებთან გადაამისამართა. ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ საქმე დიდ აფერასთან და თაღლითობასთან გვაქვს _ 30 დეკემბერს, კრის რის კონცერტი არ ჩატარდა, მაგრამ 70, 125 და 300-ლარიანი ბილეთები მაინც გაიყიდა, ორგანიზატორებმა წინასაახალწლოდ, დიდი ფული ,,მოხსნეს'', მომხმარებლები კი გადააგდეს!.. ,,ვერსია'' ,,თიკეთ გე''-ს გენერალურ მენეჯერს, მარიამ მორგოშიას დაუკავშირდა:
_ მარიამ, მართალია, ,,თიკეთ გე'' შუამავალი კომპანიაა, მაგრამ გარანტიას რატომ არ სთხოვთ კომპანიას, რომლის ბილეთებსაც ყიდით?
_ ხელშეკრულებაში ყველა პუნქტი გაწერილია, მაგრამ როდესაც კონცერტი მზადდება, დიდი ხარჯებია გასაწევი. კომპანიამ კონცერტის ჩასატარებლად, აპარატურა, სცენა, განათების საშუალებები უნდა იქირაოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც შუამავალ კომპანიას, უფლება არ გვაქვს, ბილეთების თანხა დავიტოვოთ და ორგანიზატორს არ ჩავურიცხოთ.
_ უკაცრავად, მაგრამ ვგიჟდები ,,პინკ ფლოიდზე'' და რიჩარდ რაიტის ხსოვნის პატივსაცემად, გილმორი, მეისონი და უოტერსი კიდევ ერთხელ უნდა შევკრიბო, თქვენ კი ბილეთები გამიყიდეთ... ასე მარტივად დაიჯერებთ ამ ,,ბლეფს'', ბილეთებს გამიყიდით და თანხასაც წინასწარ ჩამირიცხავთ?
_ მესმის, რასაც ამბობთ, მაგრამ ხომ გითხარით, კონცერტის მომზადებას დიდი თანხა სჭირდება, ზოგი მომღერალი წინასწარ ითხოვს ჰონორარს. აქედან გამომდინარე, გაყიდული ბილეთების თანხას ჩვენ, როგორც შუამავალი კომპანია, ვერ დავიტოვებთ, ორგანიზატორს უნდა გადავურიცხოთ ანგარიშზე. თუმცა სამომავლოდ, სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებთან კონსულტაციის შედეგად ვგეგმავთ, რათა საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი გავარკვიოთ და შევამოწმოთ. იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ, ახალბედა ორგანიზატორები უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩაგვაგდებენ არც ჩვენ და არც მომხმარებლებს.
_ ის ხალხი, ვინც კრის რის კონცერტის ბილეთები თქვენს საიტზე შეიძინა, პასუხს თქვენგან ითხოვს!
_ დიახ, ნამდვილად ასეა, ამიტომ ჩვენი კომპანიის ცხელი ხაზი არ ჩერდება. რაც შეეხება თანხას, გარანტიას გაძლევთ, რომ 15 მარტამდე, კრის რის კონცერტზე გაყიდული ბილეთების თანხა მომხმარებლებს დაუბრუნდება! ჩვენი საიტის მომხმარებლების სახელით, მათივე უფლებების დასაცავად, უკვე შევიტანეთ სარჩელი შესაბამის საგამოძიებო უწყებაში, რათა ეს საკითხი შეისწავლონ.
_ 10 დეკემბერს, თბილისში, კრის ნორმანის კონცერტიც უნდა გამართულიყო, ბილეთები ისევ თქვენს საიტზე გაიყიდა, მაგრამ კონცერტი არ ჩატარდა. ამის გამოც მოამზადეთ სარჩელი?
_ არა, რადგან კრის ნორმანის კონცერტის ორგანიზატორმა, შპს ,,იზილოუნ გე''-მ გაყიდული ბილეთების თანხა მომხმარებლებს უკვე დაუბრუნა. შესაბამისად, პრობლემა მოიხსნა. რაც შეეხება კრის რის კონცერტს, მაქსიმალურად ჩავრთეთ ყველა უწყება, რათა ეს საქმე გამოიძიონ და ჩვენი საიტის მომხმარებლების უფლებები დაიცვან.
_ არ დაგიმალავთ და მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე დიდ აფერასთან გვაქვს, რომელშიც ,,თიკეთ გე''-ც გარეულია...
_ არა, ასეთი რამ გამორიცხულია! მესმის, ჩვენი მოხმარებლები გაღიზიანდნენ და გარკვეულწილად, მართლებიც არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენი კომპანიის იმიჯიც შეილახა. ჩვენ რაც შეგვეძლო, მაქსიმალურად გავაკეთეთ, სარჩელიც შევიტანეთ, ახლა საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ველოდებით.

***


30 დეკემბერს, სპორტის სასახლეში, კრის რის კონცერტს შპს ,,ნიჯ გრუპ'' გეგმავდა. საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ეს შპს 2016 წლის 5 ივლისს, 100%-იანი წილით, თურქეთის მოქალაქე იალჩინ უზუნმა დააფუძნა, დირექტორად კი საქართველოს მოქალაქე ნოდარ კაკალაძე დანიშნა. 2016 წლის ნოემბერში, სამეწარმეო რეესტრში ცვლილებები განხორციელდა შპს ,,ნიჯ გრუპში'' წილები ასე გადანაწილდა: იალჩინ უზუნი _ 24%, ნოდარ კაკალაძე _ 76%, შპს-ს დირექტორად ისევ ნოდარ კაკალაძე დარჩა.
როგორ დაიგეგმა კრის რის კონცერტი თბილისში? იცოდნენ თუ არა ორგანიზატორებმა, რომ ლეგენდარული მუსიკოსი 9 დეკემბრის კონცერტზე ცუდად გახდა? აპირებენ თუ არა გაყიდული ბილეთების ფასის დაბრუნებას? ,,ვერსიას'' შპს ,,ნიჯ გრუპის'' დირექტორი, ნოდარ კაკალაძე ესაუბრება:


_ ბატონო ნოდარ, როდის აპირებთ კრის რის არშემდგარ კონცერტზე გაყიდული ბილეთების თანხის დაბრუნებას?
_ ყოველდღე ველოდები, რომ თანხას შპს-ს ანგარიშზე ჩამირიცხავენ. როგორც კი ანგარიშზე დამიჯდება, მაშინვე დავიწყებ დაბრუნებას.
_ საიდან ელოდებით თანხის ჩარიცხვას?
_ სადაც გადავრიცხე, იქიდან.
_ სად გადარიცხეთ, შპს ,,ნიჯ გრუპიც'' შუამავალია და გაყიდული ბილეთების თანხა სხვას გადაურიცხეთ?
_ დიახ და ყველაფერს გულწრფელად მოგიყვებით. 2016 წელს, შპს ,,ნიჯ გრუპ'', 100%-იანი წილით, ჩემმა პარტნიორმა, იალჩინ უზუნმა დააფუძნა. ის მაშინ პირადობის მოწმობით იყო ჩამოსული და ბანკში ანგარიში ვერ გახსნა, ამიტომ 76% გადმომიფორმა, თვითონ ბენეფიციარის სტატუსი მიიღო და ბანკში ანგარიში გავხსენით. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ კომპანიის ანგარიშით ვსარგებლობდი, პატარა ბიზნესი მქონდა, ჩაი, შაქარი და ხახვი შემომქონდა...
_ უკაცრავად, მაგრამ ჩაი, შაქარი და ხახვი რომ შემოგქონდათ, ამიხსენით, ამის შემდეგ კრის რის ჩამოყვანა და მისი კონცერტის გამართვა როგორ გადაწყვიტეთ?!
_ ახლავე აგიხსნით, მოვიდა ჩემი პარტნიორი და მითხრა, რომ კრის რის ჩამოყვანას ვგეგმავო. ვკითხე, როგორ გეგმავ, ვინ ჩამოიყვანს-მეთქი და მიპასუხა, კავშირები მაქვს, ყველაფერს გავაკეთებ, სპეციალისტებსაც ვიცნობ, რომლებმაც ეს საქმე იციან, შენ ხელშეკრულება შემიდგინე და საქმე დავიწყოთო. ხელშეკრულება გავაფორმეთ და ასე დავიწყეთ. ამის შემდეგ, გაყიდული ბილეთების თანხები რომ ირიცხებოდა შპს-ს ანგარიშზე, ეს თანხა მაშინვე გამომქონდა და თურქეთში ვაგზავნიდი. თანხის ნაწილი გადავრიცხე და ამის ქვითარი მაქვს, ნაწილი _ ხელზე მივეცი მის წარმომადგენელს. კონცერტი ვერ შედგა და ვინაიდან შპს ,,ნიჯ გრუპის'' დირექტორი ვარ, პასუხს ყველა ჩემგან ითხოვს. ამას არც უარვყოფ და არც პრეტენზია მაქვს.
_ როდესაც ბილეთების გაყიდვა დაიწყეთ, არ იცოდით, რომ კრის რის ოფიციალურ საიტზე, თბილისის კონცერტის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ არსებობდა? 9 დეკემბერს, ოქსფორდში დაგეგმილ კონცერტზე ადამიანი ცუდად გახდა და 30-ში აქ როგორ ჩამოვიდოდა? ეს დეტალები თავის დროზე რატომ არ გაარკვიეთ?
_ ბილეთების გაყიდვა უფრო ადრე დავიწყეთ, მაგრამ ცუდად რომ გახდა და ვეღარ ჩამოვიდოდა, პრობლემები მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა.
ვიდრე ჩემმა პარტნიორმა არ მითხრა, კრის რი ჩამოგვყავსო, მანამდე მისი სახელი გაგონილიც კი არ მქონდა. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია მასზე და დავიწყე მისი შემოქმედების მოსმენა... 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ, რათა პარტნიორისთვის გადარიცხული თანხა ჯერ ისევ შპს-ს ანგარიშზე დაჯდეს, რომ მერე მომხმარებლებს უკვე შეძენილი ბილეთების თანხები დავუბრუნო.
_ თანხის დაბრუნებას აპირებთ და ამ პასუხისმგებლობას არ გაურბიხართ, ხომ?
_ რა თქმა უნდა, ვაპირებ! საქართველოში ვცხოვრობ, ქართველი ვარ, ოჯახი და შვილები აქ მყავს და აქ უნდა ვიცხოვრო! არ მინდა, ვინმემ იფიქროს, ,,ნიჯ გრუპმა'' ხალხის ფული მიითვისაო...
_ ბოდიში, მაგრამ წინასაახალწლოდ, შესანიშნავი აფერა დაატრიალეთ, საკმაოდ დიდი თანხა ,,მოხსენით'', კრის რი არ ჩამოიყვანეთ და ის ადამიანები, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, გადააგდეთ. პირდაპირ გეუბნებით, ხომ ხვდებით, რა შარში ხართ?
_ ვხვდები, როგორ არა და ყველაფერი კარგად ვიცი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რადგან ,,ნიჯ გრუპს'' არც თანხა დაუტრიალებია და არც ფულები მიუთვისებია, ასეთი რამ არ არსებობს! შპს ,,ნიჯ გრუპი'' და მისი 76%-იანი წილის მფლობელი ნოდარ კაკალაძე, მდიდარი არ არის! თუმცა გიმეორებთ, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემმა პარტნიორმა თანხა დააბრუნოს! თქვენ წარმოიდგინეთ, 9 დეკემბრიდან ვთხოვ პასუხს, იმ დღიდან, როდესაც კრის რი სცენაზე ცუდად გახდა, გარკვევით ვუთხარი, კონცერტი არ ჩატარდება და პასუხს ჩვენ მოგვთხოვენ-თქო. მპირდებიან, რომ თანხას დააბრუნებენ.
_ რომ არ დააბრუნონ, თქვენ რა სამართლებრივი მექანიზმი გაქვთ, რომ თურქ პარტნიორს პასუხი მოსთხოვოთ?
_ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მივმართე და საქმის კურსში ჩავაყენე!
***
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს ,,ნიჯ გრუპიც'' დაზარალებულია, მაგრამ დაზარალებული მომხმარებლები საკუთარი თანხის დაბრუნებას ითხოვენ და სულ არ აინტერესებთ, რომ ,,თიკეთ გე'' შპს ,,ნიჯ გრუპმა'', ხოლო ეს უკანასკნელი თურქმა პარტნიორმა გადააგდო! ერთი რამ ცხადია _ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს! შემოგაქვს ხახვი და ნიორი (კრის რის კონცერტის ორგანიზატორი), ან ონლაინ-სესხებს გასცემ (კრის ნორმანის კონცერტის ორგანიზატორი), ასე გააგრძელე და გჯეროდეს, ამაში ცუდი არაფერია!
საერთოდ, ნებისმიერი შრომა დასაფასებელია, მაგრამ სესხების გაცემას ან პროდუქტების იმპორტ-ექსპორტსა და კონცერტის ორგანიზებას შორის უდიდესი განსხვავებაა!
სამწუხაროდ, დეკემბერში ორი სერიოზული კონცერტი ჩაიშალა _ კრის ნორმანი და კრის რი, საქართველოში არ ჩამოსულან! ვინაიდან ,,თიკეთ გე''-მ და შპს ,,ნიჯ გრუპმა'' საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, სამართალდამცავი სტრუქტურა გაარკვევს, თაღლითობასთან გვაქვს საქმე თუ არა. თუმცა ,,ვერსია'' რამდენიმე სერიოზულ ორგანიზაციას დაუკავშირდა და მათ წარმომადგენლებს მხოლოდ მცირე კომენტარი სთხოვა _ როგორ უნდა დაიცვას თავი სახელმწიფომ ასეთი ტიპის თაღლითებისგან, რომლებიც მომხმარებლებსაც აზიანებენ, საკუთარ კომპანიასაც და ქვეყნის იმიჯსაც!
საქართველოში ტურიზმის განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა, სახელმწიფო პროგრამა ,,ჩეკ ინ ჯორჯიას'' ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებსა და ლეგენდარულ ჯგუფებს იწვევენ. კრის ნორმანისა და კრის რის ჩაშლილი კონცერტები კი ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს... ამიტომ გვინდოდა, საზოგადოებაში კარგად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიების წარმომადგენლებს ის მექანიზმები აეხსნათ, როგორ დავიცვათ ქვეყნის იმიჯი და მომხმარებლები თაღლითებისგან, რა საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს ამ მხრივ, თუმცა ამ თემაზე საუბარი არავინ ისურვა!
ვიდრე ცნობილ ადამიანებს სიტუაციის შეფასება უჭირთ და საჩოთირო, სკანდალურ თემებზე საუბარს გაურბიან, ყოველთვის გამოჩნდებიან შაქრისა და ხახვის შემომტანი შპს-ები, რომლებმაც ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა, ,,ბითლზის'' ან ,,ქვინის'' კონცერტების ბილეთებიც კი შემოგვაპარონ!
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში