Menu
RSS

დავით გარეჯა და ჭიათურის საბაგირო გზები "ევროპა ნოსტრას" პროგრამაში მოხვდა!

ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯი უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ევროპა ნოსტრას'' ,,განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის'' 12 ფინალისტს შორის მოხვდა. კულტურის სამინისტროს განმარტებით, ეს ორგანიზაციის მიერ ჭიათურის საბაგირო ქსელის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის აღიარებაა, რაც უპერეცედენტო ფაქტია საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან დაკავშირებით. მარტის ბოლოს კი გაირკვევა, მოხვდება თუ არა აღნიშნული ორი ობიექტი შვიდეულში. როგორც ,,ვერსიამ'' გაარკვია, ჭიათურის საბაგირო ქსელის ნაწილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ნაწილი კი ,,ჯორჯიან მანგანეზს'' ეკუთვნის.
კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რუსუდან მირზიკაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის დანიშნულება საყოველთაო ყურადღებისა და ძალისხმევის მობილიზებაა შერჩეული ძეგლების გადასარჩენად: ,,დაინტერესებული ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლება და ა.შ თავად წარადგენენ ძეგლებს, რომლებიც კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ დაუძლეველი საფრთხეების გადაჭრა ვერ ხერხდება. შესაბამისად, ფინალისტთა სიაში მოხვედრა დიდი მიღწევაა, განსაკუთრებით ჭიათურის საჰაერო საბაგირო ქსელისთვის, რომელიც დღემდე ნაკლებად ცნობილია მემკვიდრეობის სივრცეში. ყველაზე ძველი საბაგირო აშენებულია 1953 წელს და შეტანილია ძეგლთა ნუსხაში. არის ასევე სხვა ძველი საბაგირო გზები, რომლებსაც კვლევა სჭირდება, საამისოდ კი არ არსებობს საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსი, რადგან ეროვნულ დონეზე ყურადღებამისაქცევი უამრავი სხვა ძეგლია. ,,ევროპა ნოსტრას'' მიერ ამ ძეგლების აღიარება უმნიშვნელოვანესია და, იმედი გვაქვს, ადგილობრივი ხელისუფლება, მფლობელი კომპანია ,,ჯორიან მანგანეზი'' და სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა ობიექტების კვლევითი თუ სარეაბილიტაციო სამუშაოები გააძლიეროს. ასევე ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გააძლიერებენ ყურადღებას და მოვიზიდავთ ახალ პარტნიორებს რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად.''
რუსუდან მირზიკაშვილის განმარტავს, რომ 200 წარდგენილი ძეგლიდან 12 ფინალისტს შორის მოხვედრა კულტურული ძეგლის მნიშვნელობას ადასტურებს. მის რეაბილიტაციაში თავისი როლი აქვს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, მესაკუთრე კომპანიას, ასევე სახელმწიფოს დონორ ორგანიზაციებთან ერთად: ,,სახელმწიფო არ იცილებს პასუხისმგებლობას. ჭიათურის საბაგიროს სარეაბილიტაციოდ გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლება, რეგიონალური განვითარების სამინისტროც იყო ჩართული და შემუშავდა მუნიციპალურ მფლობელობაში მყოფი საბაგიროების პროექტი _ შენდება კიდეც ახალი საბაგირო ქსელი თანამედროვე სტანდარტებით. მემკვიდრეობითი თვალსაზრისით, სჯობდა ძველი საბაგიროების რეაბილიტაცია, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოება რომ პრიორიტეტია, ამას ჩვენც ვიზიარებთ. რაც შეეხება, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძველ საბაგიროებს, რეკომენდაციას გავუწევთ და მაქსიმალურად ვეცდებით, მოხდეს მათი რეაბილიტაცია.''
რაც შეეხება დავით გარეჯს, მიუხედავად იმისა, რომ აქ სახელმწიფო მუდმივად აფინანსებდა არქეოლოგიურ, გაწმენდით, გამაგრებით და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ამ ძეგლის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ არსებული რესურსით პრობლემების სრულად დაძლევა ურთულესია, ამიტომ კულტურის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ,,ევროპა ნოსტრას'' მიერ ამ ძეგლის აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება დაინტერესდება აღნიშნული ობიექტით და გაფართოვდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. დავით გარეჯის პროექტი ,,ევროპა ნოსტრაში'' მაკა დვალიშვილმა წარადგინა, რომელიც განმარტავს, რომ ევროპული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ქსელი ითვალისწინებს ლობირებას საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლებზე და მათი ამ სიაში შეყვანა ევროპის მასშტაბით იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ,,ძეგლებს სჭირდება მოფრთხილება გადარჩენისთვის, შემდეგ კი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს აღიარება თანხების მოძიების პროცესში უმნიშვნელოვანესია არა მარტო სახელმწიფოსთვის, არამედ დონორებისთვის.''
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი, სულხან მახათაძე აღნიშნავს, რომ ჭიათურაში ,,საბაგირო გზების 21 მიმართულებაა, მათგან ოთხზე თანამედროვე ტიპის მშენებლობა მიდის, რაშიც ფრანგულმა კომპანიამ 13 მილიონი ევრო ჩადო. ,,ჯორჯია მანგანეზის'' ბალანსზეა უძველესი და არქიტექტურული თვალსაზრისით უნიკალური საბაგიროები, მათ შორის ,,ევროპა ნოსტრას'' მიერ აღიარებული საბაგიროებიც. მქონდა საუბარი, მოგვეძებნა საერთაშორისო დონორი რეაბილიტაციისთვის, ასევე მუზეუმად გვექცია ის მაღაროც, რომლის მადანიც უკვე ამოიწურა. ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.''
,,ვერსია'' დაუკავშირდა ,,ჯორჯია მანგანეზის'' დირექტორს, ნიკა ჩიქოვანს, რომელმაც განაცხადა: ,,ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვისაც. ძველ საბაგიროებს მუდმივად ვუვლით, ზედამხედველობასაც ვუწევთ და არა მარტო ჩვენს თანამშრომლებს, მოსახლეობასაც ვემსახურებით. რაც ჩვენს საკუთრებაშია, ის საბაგირო აბსოლუტურად უსაფრთხოა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი, ერთის მხრივ, ცოტა მძიმედ ჟღერს, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, რადგან მეტი ყურადღება მიექცევა დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.''
თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში