საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია და ქვეყნის ევროპული დანიშნულება - ელექტროენერგიის ჰაბი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი უკვე დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით დაიწყო მუშაობა პროექტზე, რომელიც გულისხმობს კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. გასულ კვირას, ირაკლი ღარიბაშვილის რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ისტორიული შეთანხმებას აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ხელმოწერის ცერემონიას დასწრნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი. პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მიერ მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი მოვლენაა ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევების ფონზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ევროპის ენერგოუსაფრთხოების ასპექტში, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირდაპირ განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად.  

 

რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად: „საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში, უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე. ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან ისევე, როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, გაიზრდება სატრანზიტო ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

„ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. 2020 წლის ივნისში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც დადასტურდა ამ პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. საქართველოს მთავრობამ, 2021 წლის 26 აპრილს, გამოაცხადა კონკურსი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამოცხადდა გამარჯვებული, კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და 18 თვეში დასრულდება. ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგოტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. საქართველო, სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში, კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ, ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონულ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს ვერნერ იოჰანისმა განაცხადა, რომ უმთავრესი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონული თანამშრომლობაა. ვინაიდან უკრაინაში სამხედრო აგრესია მიმდინარეობს, ევროპას სჭირდება უკეთესი თანამშრომლობა და მეტი სოლიდარობა საერთო გამოწვევების დასაძლევად:

„ეს შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით. პირველია წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით; მეორე - ახალი გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, სახელდობრ, შავი ზღვის ელექტრონერგიის წყალქვეშა კაბელი; მესამე - მწვანე ჰიდროენერგიის ერთობლივი პროექტებია, ხოლო მეოთხე - ენერგოეფექტიანობაა. ეს არის ამბიციური შეთანხმება და ცხადჰყოფს, რომ ჩვენ შეგვიძლია, ღირებული წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია, როგორც წყაროების, ისე მიწოდების არხების“.  

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ წიაღისეულისა და რუსული ენერგიისთვის უარი ეთქვათ და გაეძლიერებინათ პარტნიორობა. ევროკავშირმა შეძლო შეემცირებინა რუსული რესურსების გამოყენება:

„განახლებადი ენერგიის მზარდი წვლილის ინტეგრაციისთვის, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ჩართვა და ამისთვის მნიშვნელოვანია რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეს ახალი ელექტროკაბელი. ეს ძალიან ამბიციური პროექტია, რომელიც დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან შემოვა ევროკავშირში, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტოკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ მოგვცემს და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოოდ, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი დაეხმარება ჩვენს მეზობლებს მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, ეს პროექტი დაეხმარება უკრაინას, როგორც წარმოებაში, ისე - ქვეყნის რეკონსტრუქციაში“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების თვალსაზრისით, ქვეყანა აფართოებს თავის გეოგრაფიულ არეალს ევროპის მიმართულებით. მისივე თქმით, ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი პოზიციაა, რადგან ევროპამ უნდა გააძლიეროს საკუთარი ენერგოუსაფრთხოება, აზერბაიჯანმა კი უნდა მოიპოვოს უსაფრთხო ბაზარი გასაღებისთვის. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ძალისხმევითა და ხელშეწყობით, აზერბაიჯანიდან წამოვიდა თანამშრომლობის ინიციატივა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება იქნება იმ გადაუდებელი საჭიროების პასუხი, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კუთხით, მწვანე ენერგიის მიღებას გულისხმობს.

რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გამართულ პლენარულ სესიაზე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის - რუმინეთის პრეზიდენტს, ხოლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გლობალური პროექტის მხარდაჭერისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს:

„ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით, ვადასტურებთ მზადყოფნას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ევროპის გარდა, ყველა მეზობლისადმი გვაქვს ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი  კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ამ პროექტით განახლებადი ენერგიის სექტორი განვითარდება და გაიზრდება სატრანზიტო ვაჭრობის შესაძლებლობები  ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს“.

ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ავტორი-მაკა რუხაძე