Menu
RSS

თაკო სონღულაშვილი: „საჯარო სტრუქტურებს ეფექტური მუშაობისთვის ფხიზელი მოქალაქეები სჭირდება“

ინტერვიუ FACEBOOK-ის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მომხმარებელთან, რომლის პოსტებსაც საჯარო სტრუქტურების რეაგირება მოჰყვა

თაკო სონღულაშვილის ფეისბუქგვერდი ნათელი მაგალითია, რომ დღეს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სოციალურ ქსელში საჯარო პროტესტის გამოხატვა და ადრესატისაგან პასუხის მიღება. სწორედ მის საჯარო პოსტზე რეაგირების შედეგად წამოიწყო დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანიამ (GWP) მასშტაბური პიარაქცია, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლები ვიდეომიმართვებით პასუხობენ მოქალაქეებს. მისივე პოსტმა განაპირობა ის, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე მერიის სამსახურმა ტროტუარი ბოძებით შემოსაზღვრა, რათა მანქანებს საფეხმავლო გზა აღარ გადაეკეტათ უადგილო დაპარკინგებით. გარდა ამისა, თაკო ყოველდღიურად პოსტავს დღის განმავლობაში გადაღებულ სოციალური თემატიკის ფოტოებს, რასაც ბევრმა „მობილური ფოტოგრაფია“ უწოდა. გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და საინტერესო ფეისბუქ პროფილის მქონე თაკო სონღულაშვილთან.
_ თაკო, თბილისის წყალმომარაგების კომპანია (GWP) პირველად სწორედ შენს კომენტარს გამოეხმაურა და აქედან დაიწყო მათი საკმაოდ ვრცელი კამპანია, რომლის ფარგლებშიც რიგითი მოქალაქეების მიერ ,,ფეისბუქში'' დაფიქსირებულ კრიტიკულ შენიშვნებს ვიდეოპასუხებს უძღვნიან. შენი აზრით, რა მიზანი ჰქონდა ამ კამპანიის წამოწყებას და მიაღწიეს თუ არა შედეგს?
_ ამ კამპანიის მიზეზი ძალიან ბევრი მათზე განაწყენებული ადამიანი იყო, მიზანი კი _ მათი კეთილგანწყობის მოპოვება. შემიძლია ვთქვა, ეს გამოუვიდათ, რადგან უამრავმა ადამიანმა გააზიარა ჩემი პოსტის საპასუხოდ გაკეთებული ვიდეო და აღნიშნა, რომ ამის მერე უწყლობას უფრო გაგებით მოეკიდებიან, მაგრამ ვეჭვობ _ არც ისე დიდი ხნით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიარკამპანიამ სასურველი შედეგი უმალ მიიღო, რაც არც ისე ადვილია პიარკამპანიების დროს, წყლის პირველივე დაწყვეტაზე ისევ განრისხდა ერი და ყველას დაავიწყდა, როგორი საყვარლები იყვნენ ამოთხრილ ჭაში ჩამძვრალი კომპანიის წარმომადგენლები წინა კვირას.
_ მიუხედავად იმისა, რომ ვიდეომიმართვებს უმეტესად პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ეს კამპანია ნეგატიურად შეაფასა და მას „გაუმართავი ინფრასტრუქტურითა და გაუთავებელი პრობლემებით გაწამებული ხალხის მოთაფვლის იაფფასიანი მცდელობა“ უწოდა. ხალხთან ინტერაქციის გაძლიერების გარდა, ამ კამპანიამ რაიმე მნიშვნელოვნად შეცვალა?
_ არამგონია, ორი აზრი არსებობდეს იმაზე, რომ ეს ამბავი პოზიტიური იყო და ჩვენში _ ფეისბუკ და წყლის აქტიურ მომხმარებლებში, დადებითი ემოციები გამოიწვია. ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წამითაც კი არ ადუნებენ ყურადღებას. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის, რაც მოხდა, პოზიტიური არ იყო. თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ კამპანია, პარალელურად, „გაუმართავი ინფრასტრუქტურითა და გაუთავებელი პრობლემებით გაწამებული ხალხის მოთაფვლის იაფფასიანი მცდელობაც“ ვერ იქნებოდა. გააჩნია, ვინ რას როგორ აღიქვამს. მნიშვნელოვნად რამე თუ შეცვალა, არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მას შემდეგ ნაკლებად მეშლება ნერვები.
_ შენი ,,ფეისბუქპროფილი'' ალბათ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. რამდენიმე თვის წინ ტროტუარზე პარკირებული მანქანების პრობლემას შეეხე, შენს ქუჩაზე გადაღებული რამდენიმე ფოტოც ატვირთე და საჯაროდ მიმართე მერიის სამსახურს. პასუხად, შენი ქუჩის ბორდიურებზე სპეციალური ბოძები დაამაგრეს, რათა მანქანებს ფეხით მოსიარულეებისთვის ხელი არ შეეშალა. გქონდა ასეთი რეაგირების იმედი, როცა სტატუსს წერდი?
_ არაა გამორიცხული, ჩემი გვერდი, შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურიც იყოს. ვხუმრობ, რა თქმა უნდა... მერწმუნეთ, სოციალური ქსელის ჩემზე მეტად აქტიური მომხმარებლებიც არსებობენ, უბრალოდ, ისინი ისე არ ჩანან, როგორც მე. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ალბათ, როცა რამეს აკეთებ, იმედი ყოველთვის გაქვს. სხვა შემთხვევაში პოზაა, რომელიც ყოველთვის ძალიან აშკარა და არასასიამოვნოა. მე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს კონკრეტული პრობლემა გამოსწორებადი იყო და საჭირო იყო ჩემი, როგორც კონკრეტული ქუჩის რიგითი მაცხოვრებლის, ცოტა მეტი მონდომება და აქტიურობა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს რაიონს კარგი გამგებელი ჰყავდა გიორგი კოპალეიშვილის სახით, რომელიც ყოველთვის იყო მზად, რაიონის მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, ეთანამშრომლა თითოეულ მოსახლესთან. ეს დასაფასებელია.
_ ამ ორი მაგალითის საფუძველზე, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში რიგით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა საჯარო სტრუქტურებს ხმა მიაწვდინონ?
_ ამ ორი მაგალითის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სტრუქტურებს, ეფექტური მუშაობისთვის, ამ ეტაპზე, ფხიზელი მოქალაქეები სჭირდება. ჩვენგან უნდა წამოვიდეს მოთხოვნა იმაზე, რაც არ კეთდება. ამას კი, რეპრესიები და დუმილი კი არა, შედეგი უნდა მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, მუდმივად ამ ხელისუფლების კრიტიკაში ვარ (მიმაჩნია, ნებისმიერი მოქალაქე არსებულ ხელისუფლებას უნდა აკრიტიკებდეს), არ მავიწყდება ხმის ამოღებასთან დაკავშირებით გასული წლების გამოცდილება, რომელიც მსუბუქად რომ ვთქვა, მძიმე გასახსენებელია.
_ მიუხედავად ამ ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯისა, რამდენიმე დღის წინ დადე ფოტო, სადაც ჩანს, რომ ფეხით მოსიარულე ცარიელი ტროტუარის ნაცვლად მაინც შუა გზაზე მიაბიჯებს და ბოძების უმრავლესობა ვანდალიზმს ემსხვერპლა. ვინ უნდა იქცეს ცვლილების სათავედ _ მძღოლი, რომელიც საფეხმავლო გზაზე „აპარკინგებს“, ფეხით მოსიარულე, რომელსაც ურჩევნია შუა გზაზე იმოძრაოს თუ მერიის სამსახური, რომელიც საფეხმავლო გზებს სათანადოდ არ იცავს?
_ მჯერა, რომ დღეს წესრიგის დამყარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური საწყისი, წესების დარღვევაზე დაწესებული დიდი ჯარიმებია, რომ აღარ ისეირნოს ქვეითმა შუა გზაზე და აღარ დააპარკინგოს მძღოლმა მანქანა ტროტუარზე. არის რაღაცები, რაც უნდა ვისწავლოთ, დავიზუთხოთ და პრაქტიკაში მივეჩვიოთ. ღვედის გაკეთებას როგორც მივეჩვიეთ, ზუსტად ისე უნდა მივეჩვიოთ სხვა რაღაცებსაც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის და ზოგადად, ამ ქვეყნისთვის, მომავლისთვის.
_ შენი პოსტების უმრავლესობა იუმორისტულია, სარკასტულიც და ხშირად კრიტიკის შემცველიც. როგორ ფიქრობ, შეუძლია ამ ტიპის „სოციალურ კრიტიკას“ ცვლილების მოტანა _ დამოკიდებულების, მიდგომისა და ზოგადად აზროვნების ცოტათი ან მნიშვნელოვნად შეცვლა, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში?
_ გემოვნებას გააჩნია. ზოგს მიაჩნია, რომ ღრმად გაანალიზებული ,,ნარატივები'' უფრო სერიოზული და ყურადსაღებია.... ა, მე როგორ ვფიქრობ? ალბათ, კი. რატომაც არა?
_ შენი აზრით, რა აღიზიანებთ შენში ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, რომლებიც შენს პოსტებს მალავენ („აჰაიდებენ“)?
_ ჩემს პოსტებს ვინმე ,,აჰაიდებს?'' ღმერთმანი, რა სამწუხაროა! აღიზიანებთ ალბათ ის, რომ ხშირად ვპოსტავ. თუმცა არ მესმის, ჩემი პოსტები როგორ უნდა ,,დააჰაიდოს'' ვინმემ. მოკლედ, ესეც გემოვნების ამბავია.
_ დიდ დროს უთმობ ფოტოგრაფიას. იღებ უცნობი ადამიანების, ადგილების, კედლებზე გაკეთებული წარწერების, შენობების ფოტოებს. ამ საკითხთან დაკავშირებით შენთვის რომ უამრავი ბანალური კითხვა დაუსვამთ, სტატუსებიდან უკვე ვიცი. ერთ ბანალურ კითხვას მეც დაგისვამ _ რას ნიშნავს შენთვის ფოტოგრაფია და ფოტოგრაფობა?
_ ჩემი დამოკიდებულებების გამოხატვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ფორმას. ასევე იმის შენახვასა და დამახსოვრებას, რაც აღარ განმეორდება ან შესაძლოა, ხვალ ან სულაც 1 წუთის მერე აღარც იყოს. ხან სათქმელის გადმოცემას, ხან განწყობის, ხანაც იმის, რომ მე აქ ვიყავი. მე ეს დავინახე და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ და ამით, თუნდაც ჩემთვის სრულიად უცნობები, გახდეთ ჩემი ნაწილი. არ ვიცი, რამდენად სწორად ვაყალიბებ ამ აზრს თუ შეგრძნებას, მაგრამ ასეა. ამაზე ხშირად ვფიქრობ და პასუხს ვეძებ, სწორს და ნამდვილს, რომ როცა შემეკითხებიან, ვუპასუხო ზუსტად, ბევრი ბოდიალის გარეშე, რასაც ახლაც ვაკეთებ.
_ დაუყოვნებლივი გამოხმაურების/რეაგირების იმედი რომ გქონდეს, კიდევ რა თემაზე ისაუბრებდი საკუთარ ფეისბუქ სტატუსში და ვის მიმართავდი?
_ მივმართავდი ხალხს, ყველას, თითოეულ ადამიანს და ვკითხავდი: ,,თქვენ, შემთხვევით, ერთმანეთს ხომ არ ბაძავთ?!''
ბექა ბერულავა

PDF

<<<წინა ნომერი მომდევნო>>>

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში