Menu
RSS

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ყველა ბრალდებას პასუხობს

რა შენდება ატენის სიონის ეზოში, რატომ არ კეთდება რკონის რესტავრაცია, რატომ გამოიყენება შიო არაგვისპირელის სახლმუზეუმი ბოსლად და რა ბედი ელის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართულ ძეგლებს

ატენის სიონზე მიდგმული შენობა, განადგურებული სამთავისი, დანგრევისპირას მისული რკონი, გატეხილი ქვევრები, შიო არაგვისპირელის ბოსლადქცეული მუზეუმი... საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართ უამრავი ბრალდება თუ პრეტენზია დაგროვდა. რა მდგომარეობაშია დღეს ნაციონალური საგანძური? რა მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს ძეგლთა დაცვის სააგენტოს წინააღმდეგ? როგორ დაბრუნდა გელათი ,,იუნესკოს'' ძირითად ნუსხაში და რა მიზეზით ამორიცხეს ბაგრატი ამავე ნუსხიდან? _ სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში ყველა კითხვას პასუხობს და საუბარს ატენის სიონში არსებული ვითარებით იწყებს.
_ ატენის სიონის ისტორია ასეთია _ 70-იან წლებში, გათხრების შედეგად გამოვლინდა რიგი არქეოლოგიური ნაშთები, თუმცა მას შემდეგ ხელი არავის უხლია იმ ტერიტორიისთვის.. 2006 წელს დაიწყო მუშაობა, რათა აღდგენილიყო სამონასტრო ცხოვრება. შემუშავდა რამდენიმე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა დამატებითი ეკლესიის აშენებასაც და ეს სახელმწიფომ დაიწუნა... 2009-ში იწყება არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილი თონე ადასტურებს, რომ იქ იყო სამონასტრო ცხოვრება; მზადდება პროექტი, რომელიც 2009-დან 2016 წლამდე მუდმივ გადამუშავებაშია; ჩართულია არაერთი სპეციალისტი, მიმდინარეობს განხილვა როგორც საპატრიარქოს, ასევე სააგენტოს საბჭოზე და საბოლოოდ, მივიღეთ ისეთი პროექტი, რომელიც არანაირ გავლენას არ ახდენს ატენის სიონზე.
_ კი, მაგრამ გავრცელებული ფოტომასალა საპირისპიროს ადასტურებს.
_ მშენებლობა მიმდინარეობს გალავნის შიგნით. ფოტოები კი სპეციალურად გადაიღეს იმ რაკურსით, რათა წარმოეჩინათ, რომ ხდება კატასტროფა. სალომე ზურაბიშვილის სტატუსს მოვიშველიებ, რომელმაც თავად ნახა ყველაფერი _ სჯობს, საკუთარი თვალით ნახოთ, რომ ატენის სიონს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. უდავოა, არანაირი საფრთხე არ არსებობს და აპელირება, რომ კანონით, ძეგლის ზონაში ყველაფერი დაუშვებელია, მხოლოდ კანონში ჩაუხედაობაა.
_ კანონი როგორ არეგულირებს ამ საკითხს?
_ კანონით, იმგვარი მოქმედებებია აკრძალული, რომელიც ფიზიკურ საფრთხეს ქმნის, აზიანებს ძეგლს ან მის აღქმას აუარესებს... არც ერთი ხდება, არც მეორე და არც მესამე _ ესაა ქვის ერთსართულიანი შენობები, ბანური გადახურვით და მთლიანობაში, არც ერთი კუთხით, არსაიდან არ წაიკითხება. ატენის სიონი ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. მას სჭირდება მოვლა-პატრონობა და როცა ორგანიზმი ცოცხალია, როცა მონასტერი ცხოვრობს, იქ ჯანსაღი, სწორი, ძეგლთა დაცვის ორგანოებთან შეთანხმებული განვითარება ხდება; ატენში მწირი მონასტრული ცხოვრება განვითარდება, რაც არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ძეგლს. აქ ყოველწლიურად ვხარჯავთ სოლიდურ თანხას ქვის კონსერვაციაზე და გამორიცხულია, ერთი ხელით კარგს ვაკეთებდეთ, მეორეთი კი _ ცუდს.
_ სამთავისზე რაღას იტყვით, აქაც ცრუ ფოტომასალა გავრცელდა?
_ ესაა 7-8 წლის წინანდელი ფოტოები, სადაც ასახულია სპეციალური ჩაქუჩით მიმდინარე სამუშაოები... რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ მსგავსი ქმედების, თუმცა მერწმუნეთ, ეს ძეგლის დანგრევას არ ემსახურებოდა: მიმდინარეობდა საძირკვლის გამაგრების სამუშაოები. უბრალოდ, სამთავისსა და ბევრ ძეგლს საბჭოთა კვალი ატყვია, რაც ბეტონში გამოიხატება; არის ადგილები, რომელსაც ფიზიკურად ვერ მოხსნი შიშველი ხელით, არადა საჭიროა, რადგან ბეტონი დახშულობის ხარისხს ზრდის და ქვებს ,,სუნთქვის'' საშუალებას არ აძლევს... მთავარია, სამუშაოები დიდი ხანია დასრულებულია და 7 წლის წინანდელი ფოტოების პერმანენტულად წინა პლანზე წამოწევა გარკვეულ მიზანს ემსახურება.
_ რას გულისხმობთ?
_ ...მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ ფაქტს: გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია მხატვრობიან კედელზე დამონტაჟებული გამათბობელი. ატყდა ამბავი, თითქოს ასე ვექცევით ძეგლებს საქართველოში, არადა ეს ტაძარი ბულგარეთშია. არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც დღე და ღამ იმაზე ფიქრობს, ამ დარგში მოღვაწე ადამიანების დისკრედიტაცია როგორ მოახდინოს. მივუბრუნდები ატენის სიონს: ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც დღეს ჩივის და წინა პლანზე საკუთარ თავს წევს, ე.წ. ჟურნალისტი, მახსოვს, სვანეთის მუზეუმის წინააღმდეგაც გამოდიოდა, აქციას აქციაზე აწყობდა, არადა სვანეთის მუზეუმი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ასეთი ადამიანების კრიტიკას სერიოზულად არ აღვიქვამ. არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, რომელსაც მივიღებთ და თუ ჩვენი ჩართულობაა საჭირო ან გამოსასწორებელი გვაქვს რამე, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვასწოროთ _ ვინც არ მუშაობს, ხარვეზიც არ აქვს.
_ ესაა მიზანმიმართული კამპანია პირადად ნიკა ანთიძის წინააღმდეგ?
_ ვფიქრობ, მხოლოდ ნიკა ანთიძეზე არაა საუბარი. ზოგადად, აქ არავინ მოსწონთ... მახსოვს ჩემი წინამორბედების წინააღმდეგ მიმართული კამპანია... ეს დარგი არის მოდური, ბოდიში ამ სიტყვისთვის და, ვინც მისი კრიტიკითაა დაკავებული, თავი ჰგონია ნაღებში... ბულგარეთის ტაძრისმაგვარი მაგალითი უამრავია, თუმცა როგორც კი ვინმე შეეწინააღმდეგება, მაშინვე იღებენ ამ ფოტოებს. დისკრედიტაციის მუდმივი მცდელობაა ამ ადამიანების არაჯანსაღი დამოკიდებულებით ზოგადად ყველაფრისადმი... სანამ სოციალური ქსელებით რაღაც კამპანიას დაიწყებდნენ, ნებისმიერი ადამიანი დაგვისახელონ, ვისთანაც არ გვქონია კომუნიკაცია ან დაგვიმალავს რაიმე ინფორმაცია... ვაქვეყნებთ ცუდსაც და კარგსაც, ასე რომ, ყველაფერი ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობაა და მეტი არაფერი. ეს კი, ვფიქრობ, არ ამართლებს და ყველა თავის სახეს აჩენს. რაც შეეხება სამთავისს, თამამად ვიტყვი, დღეს ეს ტერიტორია არის გაჯანსაღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
_ ისე საუბრობთ, თითქოს ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და არანაირი გადაცდომა თქვენს მუშაობაში არ არსებობს.
_ გორისა და სამთავისის, ასევე სხვა ეპარქიებთან გარკვეული ხარვეზები არის, მთავარია, არ დავუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. სამთავისში სამუშაოები უნებართვოდ დაიწყო 2006 წელს და პირადად ვიყავი ჩართული, რომ გაგვეჩერებინა; ასე იყო ატენის სიონის შემთხვევაშიც. ვიცი, ტრაქტორითაც იმუშავეს იქ.
_ და ატენში ვეღარ შეუშალეთ ხელი?
_ ხელშეშლა ის იყო, რომ გავაჩერეთ ეს პროცესი და დაიწყო პროექტზე ძირეული, სრულფასოვანი მუშაობა.
_ ბატონო ნიკა, ამბობენ, რკონიც ნადგურდებაო...
_ გეთანხმებით, სერიოზული პრობლემებია... თუმცა არის ძეგლები, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვეხებით.
_ რატომ?
_ ბევრი ძეგლი საჭიროებს სარესტავრაციო სამუშაოებს. ჩვენ ვარჩევთ ისეთებს, რომელიც ხვალ-ზეგ შესაძლოა ნანგრევებად იქცეს. რკონში, საბედნიეროდ, ეს მდგომარეობა არ არის. საქმე ისაა, რომ ვერც ერთი სახელმწიფოს ბიუჯეტი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ჩვენნაირ მდიდარ ქვეყანას ვერ ,,მოერევა'', ამიტომაა მნიშვნელოვანი დაფინანსება. ფონდი ,,ქართუს'' მეშვეობით, ყოველწლიურად, დაახლოებით, 150 ძეგლის რეაბილიტაცია ხდება. შვილებს არ არჩევენ და ამ ფონზე, ჩვენთვისაც რთულია არჩევანის გაკეთება. პრიორიტეტი ისეთი ძეგლებია, სადაც ურთულესი ვითარებაა. რკონში კი, ვიმეორებ _ ეს მდგომარეობა არ არის.
_ თუ არ მიხედეთ, შეიქმნება.
_ არ ვამბობ, რომ ხვალ-ზეგ საფრთხის წინაშე არ დადგება, ამიტომ ეტაპობრივად ვუბრუნდებით ასეთ ძეგლებს. დღეს ვარძიაზე ძალიან დიდი ფინანსური რესურსია მიმართული.
_ ვარძია ტურისტულადაა მიმზიდველი, რაც რკონზე ნაკლებად ითქმის. გამოდის, ,,შვილებს'' პრესტიჟულობის მიხედვით არჩევთ, ბატონო ნიკა.
_ ტურისტულ პოტენციალსაც ექცევა ყურადღება, თუმცა ეროვნული კატეგორია რკონსაც აქვს და ვარძიასაც.
_ ვარძიას, ასე თუ ისე, ყოველთვის ექცეოდა ყურადღება...
_ არა, მერწმუნეთ, 2014 წლამდე იქ საერთოდ არაფერი გაკეთებულა.
როგორც კი სააგენტოს ხელმძღვანელად დავინიშნე, ჩავატარე კონფერენცია _ ,,შOშ ვარძია!'' არსებული ვითარება ვარძიას სრული განადგურების დასაწყისს უქადდა.
ასეთივე მდგომარეობა გვაქვს გარეჯში... მოდით, ამარჩევინეთ _ რკონი თუ გარეჯი?! ორივეს ფიზიკურად ვერ გავწვდებით.
მეტსაც გეტყვით _ საეკლესიო საგანძურის გარდა, უამრავი საერო ძეგლია, რომელიც გადაუდებელ სამუშაოებს საჭიროებს. ნიკო დადიანის სასახლისთვის რომ არ მოგვესწრო, ახლა დანგრეული იქნებოდა.
_ შიო არაგვისპირელის სახლ-მუზეუმი ბოსლად გამოიყენება.
_ ... კი ბატონო, მაგ ლოგიკით, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე ლამისყანაში დაინგრევა, თუ არ ჩავერთეთ... მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტით ამ პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ და მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობის საკითხიც. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლით, მათ ეხება ძეგლების გადარჩენის პროგრამის ხელშეწყობა. უკვე გვაქვს თანხმობა და ვიცით, რომ გარკვეულ თანხებს ითვალისწინებენ ბიუჯეტიდან, უბრალოდ, ჩვენ დავგეგმავთ, ეს თანხები კონკრეტულ რეგიონში, რომელ ძეგლს მოხმარდეს.
ასე რომ, რკონი აუცილებლად მოხვდება სარეაბილიტაციო ნუსხაში, ოღონდ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ეს 2018-ში მოხდება.
პრობლემები აქვს წალენჯიხის ფერისცვალების ეკლესიასაც. მხატვრობაზე თუ არ გადავერთვეთ, მისი დაკარგვის საშიშროებაა; ასევე იყო დერჩი და რომ არ გაგვეკეთებინა, ჩათვალეთ, მთლიანად დავკარგავდით მხატვრობას.
თამამად ვიტყვი _ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა, მაგრამ სპეციალისტებზე დაყრდნობით, ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. გარკვეულ ნაბიჯებსაც ვდგამთ, რათა სახელმწიფო ბიუჯეტს დიდ ტვირთად არ დააწვეს ეს ყველაფერი, შევქმენით კლუბი _ ,,ემეგობრე მემკვიდრეობას''. საწევროს გადახდის შემდეგ, წევრს უმზადდება ბარათი და თავადვე ირჩევს ძეგლს, საითაც უნდა მიიმართოს თანხა; გარდა ამისა, სარგებლობს გარკვეული შეღავათებით ჩვენს მუზეუმებში... გვინდა, საზოგადოებისთვის უფრო ნაცნობი გახდეს ეს ძეგლები. როდესაც კარგი კეთდება, ამაზე ხმას არავინ იღებს, მაგრამ საკმარისია, ფეხი გადაგიბრუნდეს და ეგრევე ამბავი ატყდება; ამიტომ ახლა ვამბობ _ ვისაც გული შესტკივა, შეუძლია გახდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში სახელმწიფოს გვერდით მდგომი. მხოლოდ მაშინ დავიჯერებ მათ გულისტკივილს ნებისმიერ საკითხზე. _ ფიქრობთ, საზოგადოება ოდესმე აიღებს ამ პასუხისმგებლობას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ფრესკებზე სანთლებს ვანთებთ და ქვევრებს ვანადგურებთ?
_ განათლების პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, საზოგადოების თითოეული წევრის ვალია, შვილებს აუხსნას ყველაფერი... ახალგაზრდა თაობაც ხშირად უდიერია და ნახეთ, რაც მოხდა ქვევრის შემთხვევაში... იმ კონკრეტულ ქვევრზე კი არა, აქცენტს დამოკიდებულებაზე ვაკეთებ.
მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულებით ეკიდები ეროვნულ მემკვიდრეობას. მოდურია დღეს სოცქსელებში რაღაცის დაწერა, მაგრამ არ უნდათ, თვითონვე იყვნენ დაინტერესებულნი, ნაგავი არ დაყარონ, ქვევრი არ გატეხონ და სანთელი არ დაანთონ მხატვრობაზე... რამდენს უფიქრია _ ჩემი ერთი სიგარეტი რას დაანაგვიანებსო... ეს ყველაფერი გროვდება და საბოლოოდ ვიღებთ უმძიმეს შედეგს. სამაგიეროდ, მახსოვს, ლამის მთელი სოფელი გამოვიდა ჩვენ საცემრად, როდესაც ურბნისი შეილესა გაჯით. შენდობას ვითხოვ თითოეულთან, თუ ზედმეტს ვამბობ, მაგრამ სწორედ ამ დამოკიდებულებაზე მაქვს საუბარი.
_ ამ შემთხვევაში ხალხს ვერ გაამტყუნებთ, რაღაცები მისაღებია და რაღაცები მიუღებელი. ავიღოთ თუნდაც ბაგრატის ტაძარი, მოგწონთ?
_ არ მომწონს... იმ პერიოდშიც ვმუშაობდი ამ სამსახურში და, რა თქმა უნდა, ჩემი მინუსიცაა, რომ ხმა ვერ ამოვიღე. ორი არგუმენტით ამოირიცხა ბაგრატი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან _ 1. 400-მდე ქვა დარჩა ავთენტური, რომელიც არ გამოიყენეს; 2. ბაგრატმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება. ჩემთვის ამის მოსმენა სამარცხვინო იყო მაშინ, როცა წინა წელს ვამაყობდი, ქართული ანბანი რომ შევიყვანეთ ამ ნუსხაში.
_ როგორც ვიცი, გელათი ,,იუნესკომ'' ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
_ გელათი დააბრუნეს დამოუკიდებელი ძეგლის სტატუსით, ბაგრატის ტაძრის საკითხი კი აღარ განიხილება.
_ სამაგიეროდ ქართულ სუფრას მივანიჭეთ არამატერიალური ძეგლის სტატუსი.
_ ეს ხუმრობის საკითხად იქცა, თუმცა უფრო მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე იმას, რომ ,,იუნესკომ'' ქართული ანბანი არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ეს უნდა ყოფილიყო ზეიმი _ ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც თანადროული სამი ანბანი გვაქვს და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომლის დამწერლობაც ,,იუნესკომ'' ძეგლად აღიარა. ეს მხოლოდ სააგენტოს გამარჯვება არ ყოფილა.
_ დამწერლობა გასაგებია, მაგრამ ბატონო ნიკა, სუფრა რა გასაძეგლებელი იყო?
_ ჩემთვის სუფრის ეტალონად რჩება სცენა ,,დიდოსტატის მარჯვენადან'', როცა მეფე გლახაკებთან ერთად პურობს და ყველა თანასწორია... ქართული სუფრა ფენომენია და ჩვენში ის ჭირისა თუ ლხინის გამოხატულებაა. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, როგორი იყო ქართული სუფრა.
_ ბატონი ნიკა, შეუძლებელია არ გკითხოთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძეგლებზე, რომელსაც ბიზანტიურად ასაღებენ...
_ ეს რთული საკითხია... პირდაპირ ვამბობ _ არანაირი წვდომა არ გვაქვს ამ ძეგლებთან. ერთადერთი, ინტერნეტსივრცეში თუ ვინმე რამეს გაავრცელებს, თორემ ჩვენთან კონტაქტზე არავინ გამოდის და შესაბამისად, არანაირ დაცვაზე არ არის საუბარი.
_ არც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ჩართულნი?
_ არაერთი მცდელობა იყო, ერთობლივი მონიტორინგი ჩაგვეტარებინა, თუმცა ყველაფერი ფიასკოთი სრულდებოდა. მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ ფაქტს _ იყო ინფორმაცია, რომ ბესლეთის ხიდზე არსებული ქართული წარწერა ნადგურდებოდა. ქართველი და უცხოელი ექსპერტები ჩავიდნენ, თუმცა ქართველები არ შეუშვეს, უცხოელებს კი ანახეს არა თამარის, არამედ სულ სხვა ხიდი, სადაც წარწერა საერთოდ არ იყო. ამ დამოკიდებულების ფონზე საერთოდ რა დაცვაზეა საუბარი?
_ და ალბათ ესაა მიზეზი, რომ ,,შავი არქეოლოგია'' ყვავის?
_ ესაა უკონტროლო, შავი ხვრელი და ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფი დიდ ფულს შოულობს ,,შავი არქეოლო-გიით''... თუმცა აქ კიდევ ერთი საფრთხეა _ ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად წაშალონ ქართული კვალი. ილორზე ხახვის გუმბათის დადგმაც ამას ემსახურება და ბედიის მონასტერში ბაგრატის ფრესკის განადგურებაც. მართალია, კიდევ უამრა¬ვი რამით შეიძლება დადასტურდეს, რომ ეს ქართული ძეგლია, თუმცა... როგორც ვიცი, არ დარჩენილა იარაღი, რომლითაც არ უსვრიათ ბედიისთვის.
ასეთივე მდგომარეობაა სამაჩაბლოშიც _ სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი და ერთადერთი რაც შეგვიძლია _ მუდ¬მივად განახლებად ინფორმაციებს ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს.
_ ისინი მაინც თუ ახდენენ რეაგირებას?
_ არანაირი რეაგირება ამ ყველაფერს არ აქვს. ეს საკითხი გადაწყდება, როგორც კი პოლიტიკური დარეგულირება დაიწყება. რომ გითხრათ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა ფარ-ხმალსაც არ ვყრით.
_ მოსახლეობაც არ გაწვდით არანაირ ინფორმაციას?
_ ინფორმაცია მოდის, ოღონდ მეჩხერად... ცოტა დარჩა ისეთი ადამიანი, ვისაც უტყუარი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. ვიცით რომ ამ ძეგლებისადმი დამოკიდებულება კატასტროფულად მძიმეა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ.
თამარ ლომსაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში